საქმე №ას-1755-2018 22 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ც–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. წ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. თ. ც–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. წ-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 2017 წლის 13 თებერვალს ნოტარიუსის მიერ გაცემულ №-. სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა შემდეგი სახით: 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის განსაზღვროს 55 733.79 აშშ დოლარით, აქედან სესხის ძირითადი თანხაა 55 237 აშშ დოლარი, სარგებელი – 441.56 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 55.23 აშშ დოლარი.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 23 ოქტომბერს მხარეთა შორის ნოტარიუსთან დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ ისესხა 68 260 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 2.2%-ის (1501.72 აშშ დოლარი) დარიცხვითა და გადახდით. სესხი გაიცა 6 თვის ვადით 2016 წლის 23 აპრილამდე. მსესხებელმა სამი თვის პროცენტი 4505.16 აშშ დოლარი წინასწარ გადაიხადა, ხოლო დარჩენილი 3 თვის პროცენტის გადახდა უნდა მომხდარიყო 2016 წლის 23 აპრილს.
3. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ნივთი.
4. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 1.6. და 1.7. მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.3%-ის ოდენობით.
5. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც წლიურად 109,5%-ს შეადგენს შეუსაბამოდ მაღალია, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს 0.01%-მდე.
6. 2016 წლის 6 მაისს მოსარჩელის მეუღლემ მოპასუხეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადაუხადა 15 100 აშშ დოლარი. ამ დროისათვის მოვალეს სესხის გადახდის ვადა 12 დღით დარღვეული ჰქონდა.
7. 2016 წლის 6 მაისის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება შეადგენდა: სესხის ძირ თანხას – 68 260 აშშ დოლარს, სამი თვის სარგებელი – 4505.16 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო – 81.84 აშშ დოლარს (68 260 აშშ დოლარის 0.01%, 12 დღეზე), სულ – 72 847 აშშ დოლარს.
8. ხელშეკრულების თანახმად, გადახდილი 15 100 აშშ დოლარიდან პირველ რიგში უნდა დაფარულიყო 12 დღის პირგასამტეხლო და სამი თვის სარგებელი, სულ – 4587 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 10 513 აშშ დოლარი უნდა გამოკლებოდა სესხის ძირ თანხას, შესაბამისად, დარჩენილი გადაუხდელი სესხის თანხა ამ დროისათვის იყო 57 747 აშშ დოლარი.
9. 2016 წლის 7 მაისიდან სესხის ძირ თანხას 57 747 აშშ დოლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო, 0.01%-ის შემთხვევაში 5.77 აშშ დოლარი.
10. 2016 წლის 20 ივნისს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მხარეებმა შეიტანეს ცვლილება, რომლის თანახმად, სესხის ძირითადი თანხა შემცირდა 2510 აშშ დოლარით. სესხის დაბრუნების ახალ ვადად განისაზღვრა 2016 წლის 23 დეკემბერი. მსესხებლის მიერ წინასწარ იქნა გადახდილი 5 თვის სარგებელი.
11. 2016 წლის 20 ივნისის მდგომარეობით მოსარჩელის დავალიანება შეადგენდა: 58 006.65 აშშ დოლარს, აქედან სესხის ძირი – 57 747 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო – 259.65 აშშ დოლარს (5.77 გადაცილებულ 45 დღეზე). მოვალემ გადაიხადა პირგასამტეხლო 259.65 აშშ დოლარი, 5 თვის სარგებელი – 6352.17 აშშ დოლარი და ძირი თანხიდან – 2510 აშშ დოლარი. ამ დროისათვის გადახდილი დარჩა 9121. 82 აშშ დოლარი. სესხის გადასახდელი ძირი თანხა შეადგენს 55 237 აშშ დოლარს.
12. 2016 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება შეადგენდა: ძირი თანხა – 55 237 აშშ დოლარს, ერთი თვის სარგებელი – 1215.21 აშშ დოლარს, 2016 წლის 24 დეკემბრიდან სესხის ძირ თანხაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო. 2017 წლის 3 თებერვალს მოსარჩელის მეუღლემ გადაიხადა 1000 აშშ დოლარი, რომლითაც დაიფარა პირგასამტეხლო – 226.32 აშშ დოლარი (41 დღის) და სარგებლის ნაწილი – 773.65 აშშ დოლარი. გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 55 237 აშშ დოლარი და სარგებელი – 441.56 აშშ დოლარი.
13. 2017 წლის 13 თებერვალს მოპასუხის განცხადების საფუძველზე ნოტარიუსმა გასცა №-... სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა – 65 750 აშშ დოლარი; სარგებელი – 4341 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო – 2730 აშშ დოლარი, სულ – 72 821 აშშ დოლარი.
14. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში ასახული დავალიანების მოცულობები არ არის შესაბამისობაში რეალურად სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მოცულობებთან.
მოპასუხის პოზიცია:
15. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენდა 9930.4 აშშ დოლარს, რაც თითქმის 4-ჯერ შემცირდა და მოთხოვნილ იქნა 2730 აშშ დოლარი. ამდენად, მოპასუხემ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში მითითებული მსესხებლის დავალიანების მოცულობა შეესაბამება ამ დროისათვის 2015 წლის 23 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანების მოცულობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 623-ე მუხლის ანალიზით ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს – კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული სწორედ ეს პირები არიან. იგივე დანაწესია სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც, რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს – გამსესხებელსა და მსესხებელს გააჩნიათ. მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, როგორც აღინიშნა, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მსესხებელს გადაეცა სასყიდლიანი სესხი.
19. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოვალის მიერ თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, 2017 წლის 13 თებერვალს ნოტარიუსმა კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №-...), რომლის თანახმად, მოვალის – მოსარჩელის ვალდებულება კრედიტორის – მოპასუხის წინაშე 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით განისაზღვრა: 72 821 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, აქედან ძირითადი თანხაა 65 750 აშშ დოლარი, სარგებელი – 4 341 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 2730 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონზე.
20. მოსარჩელე განმარტავს, რომ მის მიერ გადახდილია თანხის ნაწილი, თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თანხის გადახდის დადასტურებისათვის მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება თვითკმარ საფუძველს არ წარმოადგენს. ფულადი ვალდებულების შესრულებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რაც ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში ვლინდება. მართალია, სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა იგი განმარტებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 429-ე მუხლით მოცემულ კონტექსტში. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სსკ-ის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს.
21. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე სამოქალაქო-სამართლებრივ ბრუნვაში უნდა მონაწილეობდეს, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ მხარეები გადახდის წესზე არ შეთანხმებულან ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას შეუძლია კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც, კრედიტორი ვალდებულია გასცეს დასახელებული დოკუმენტი. შესაბამისად, თ. ც–ს უნდა წარმოედგინა უნაღდო ან ნაღდი ანაგარიშწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები), რაც მის მიერ არ განხორცილებულა.
22. ამასთან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ 2016 წლის 20 ივნისის შეთანხმებით მხარეებმა გააგრძელეს 2015 წლის 23 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაბრუნების ვადა 2016 წლის 23 აპრილიდან 8 თვით, ანუ 2016 წლის 24 დეკემბრამდე. მხარეები შეთანხმდნენ 2016 წლის 20 ივნისამდე, ანუ შეთანხმების გაფორმებამდე მოვალის მიერ გადახდილი თანხის გადანაწილებაზე, რაც სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელების საფუძველი გახდა. ამდენად, არ დგინდება მსესხებლის მიერ 9121.82 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. ამასთან, 2016 წლის 20 ივნისის შეთანხმებაში მხარეებმა ცალსახად მიუთითეს, რომ სესხის თანხა შემცირდა 2510 აშშ დოლარით, იყო 68 260 აშშ დოლარი და გახდა 65 750 აშშ დოლარი. აქვე დააფიქსირეს შეთანხმება პროცენტის და გადახდის საბოლოო ვადის შესახებ.
23. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.
24. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
25. ზემოაღნიშნული დასაბუთების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული დასკვნა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
26. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ სანოტარო აქტის აღსასრულებლად, რომლის საფუძველზე დადგენილი ვალდებულების აღსრულება კანონმდებლობის შესაბამისად, დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და არ არის გასული ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა.
27. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია: ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
28. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი დგინდება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციით“. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით განსაზღვრულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი უარს ამბობს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიუსმა მართებულად მიუთითა სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა და არ არსებობს მისი ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი.
30. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან წინამდებარე განჩინებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
31. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩლემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
32. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი დასაბუთებულობის თვალსაზრისით და მისი გაუქმების პროცესუალური საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა გამოყენებული სამართლის ნორმები.
33. გასაჩივრებული განჩინება არაკანონიერია არა მხოლოდ სადავო საკითხის მატერიალურ-სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არამედ იმ კუთხითაც, რომ იგი გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევით, რაც გამოიხატა იმაში, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებსა და მტკიცებულებებს, მცდარი შეფასება მიეცა. შესაბამისად, იგი მიღებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა-შფასების გარეშე, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა.
34. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების ის შემადგენლობა, რომელიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 393-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილით და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით.
35. სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიკვლია და შეაფასა სასარჩელო მოთხოვა და საქმეში წარმოდგენილი მასალები.
36. კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილებით არასწორად მიიჩნია, რომ არ დგინდება მსესხებლის – მოასრჩელის მიერ 9121.82 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, რადგან არ არის წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება.
37. ხელშეკრულებაში, ისევე როგორც მასში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებაში მხარეთა მიერ მითითებულია, რომ თანხის, ამ შემთხვევაში – პროცენტის, გადახდა წინასწარ მოხდა მსესხებლის მიერ. ანუ თავად მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება (როგორც თავდაპირველი, ისე შემდგომი ცვლილების სახით) წარმოადგენს იმის უტყუარ მტკიცებულებას, რომ მსესხებელმა გადაიხადა სადავო თანხა.
38. სასამართლომ გადაწყვეტილებით არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში მითითებული დავალიანების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში შეესაბამება სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის კრედიტორის წინაშე მოვალის დავალიანების რეალურ მოცულობას და, შესაბამისად, არ არსებობს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის საფუძველი.
39. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ოდენობა (მხოლოდ 15100 აშშ დოლარის გადახდის დროის მონაკვეთში) შეამცირა 0.07%-მდე. აღნიშნული ოდენობაც შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრულია და სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემცირებინა 0.01%-მდე.
40. კასატორმა მიიჩნია, რომ 2016 წლის 23 აპრილიდან 20 ივნისამდე მხარეთა შორის ხელშეკრულება არ არსებობდა და არც შემდგომ 2016 წლის 20 ივნისს გაფორმებულ ცვლილების ხელშეკრულებაში არსად არის მითითება მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის 2016 წლიდან გაგრძელების შესახებ.
41. 2016 წლის 6 მაისს მხარეთა შორის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების, მსესხებლის მხრიდან კიდევ პროცენტების გადახდის ნება არ არსებობდა. ეს ნება მხარეებმა გამოხატეს 2016 წლის 20 ივნისს და აქედან დაიწყო მათ შორის ურთიერთობა. სწორედ ამ კონკრეტული ვადიდან უნდა დაიწყოს სესხის თანხაზე პროცენტების დარიცხვა.
42. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ გადასახდელად დააკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის – 1706.58 ლარის გადახდა.
43. კასატორმა მიუთითა სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს წინამდებარე საქმეზე არ წარმოუდგენია შესაბამისი იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება – გადახდის ქვითარი. შესაბამისად, მოსარჩელეს აღნიშნული თანხის გადახდა არ უნდა დაკისრებოდა.
44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
45. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
47. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
48. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, ხოლო კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით არ გაუქარწყლებია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: მოვალის მიერ თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, 2017 წლის 13 თებერვალს ნოტარიუსმა კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №-...), რომლის თანახმად, მოვალის – მოსარჩელის ვალდებულება კრედიტორის – მოპასუხის წინაშე 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით განისაზღვრა: 72 821 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, აქედან ძირითადი თანხაა 65 750 აშშ დოლარი, სარგებელი – 4 341 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 2730 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონზე.
49. 2016 წლის 20 ივნისის შეთანხმებით მხარეებმა გააგრძელეს 2015 წლის 23 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაბრუნების ვადა 2016 წლის 23 აპრილიდან 8 თვით, ანუ 2016 წლის 24 დეკემბრამდე. მხარეები შეთანხმდნენ 2016 წლის 20 ივნისამდე, ანუ შეთანხმების გაფორმებამდე მოვალის მიერ გადახდილი თანხის გადანაწილებაზე, რაც სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელების საფუძველი გახდა. ამდენად, არ დგინდება მსესხებლის მიერ 9121.82 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. ამასთან, 2016 წლის 20 ივნისის შეთანხმებაში მხარეებმა ცალსახად მიუთითეს, რომ სესხის თანხა შემცირდა 2510 აშშ დოლარით, იყო 68 260 აშშ დოლარი და გახდა 65 750 აშშ დოლარი. აქვე დააფიქსირეს შეთანხმება პროცენტის და გადახდის საბოლოო ვადის შესახებ.
50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ფაქტების უარსაყოფად კასატორმა სააპელაციო პალატის მსჯელობას დაუპირისპირა მხოლოდ საკუთარი მოსაზრებანი, რომლებიც სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილ სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს არ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
51. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ: სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე.
52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014, 27.04.2018წ. საქმე №ას-343-343-2018).
53. ამდენად, მოსარჩელემ ვერ წარადგინა სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მტკიცებულება, რის გარეშეც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების პერსპექტივა არ გააჩნია.
54. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
55. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
56. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
57. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
58. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
59. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
60. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
61. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
62. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
63. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
64. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
65. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
66. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
67. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
68. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
69. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
70. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა ვერ დაასაბუთა.
71. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითებას, რომ მოსარჩელეს არასწორად დაეკისრა მოპასუხის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, რადგან მოპასუხეს არ წარმოუდგენია ადვოკატისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
72. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია 2017 წლის 11 დეკემბრის ხელშეკრულება მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე (ტომი 1, ს.ფ 140). სასამართლო სხდომის ოქმებით დგინდება, რომ მოპასუხის ინტერესებს საქმის განხილვისას იცავდა წარმომადგენელი, შესაბამისად, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მართებულად ჩათვალეს დადასტურებულად, რომ მოპასუხემ მიიღო იურიდიული მომსახურება და დააკისრეს მოსარჩელეს შესაბამისი თანხის ანაზღაურება (იხ. აგრეთვე 23.06.2017წ. საქმე№ას-353-331-2017, 28.10.2016წ. საქმე №ას-603-578-2016, 29.06.2015წ., საქმე №ას-330-315-2015).
73. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
74. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
75. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
76. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
77. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
78. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ქ. ტ-ისა და თ. ც–ის მიერ 2018 წლის 5 დეკემბერს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 2288,72 ლარის 70% – 1602,1 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ც–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ თ. ც–ის (პირადი №-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ქ. ტ-ისა და თ. ც–ის მიერ 2018 წლის 5 დეკემბერს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 2288,72 ლარის 70% – 1602,1 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე