საქმე №ას-1774-2018 7 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. დ. მ–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ–ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, ცვლილება შევიდეს სამკვიდრო მოწმობაში და მოპასუხე ცნობილი იქნას მამის – ნიკოლოზ მ–ის (შემდგომ – მამკვიდრებელი) სამკვიდრო ქონებაზე დედასთან – მოპასუხესთან ერთად თანაბარი უფლებით, მოსარჩელე დარეგისტრირდეს სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1998 წლის 13 მაისს. მას დარჩა სამკვიდრო სადავო ქონება. მოსარჩელემ შეიტყო, რომ მოპასუხემ მიიღო სამკვიდრო ქონება სანოტარო წესით, ისე რომ დამალა სხვა მემკვიდრეთა არსებობა. ვინაიდან იგი დედასთან ერთად არის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელიც ფლობს და განკარგავს სამკვიდრო ქონებას, მოსარჩელესაც გააჩნია შესაბამისი წილის მიღების უფლებაც.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო 2006 წლის 13 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობის თაობაზე და სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხეს ნოტარიუსისათვის მემკვიდრეთა არსებობა არ დაუმალავს. მათ უარი განაცხადეს მემკვიდრეობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა იმგვარად, რომ ცვლილება იქნა შეტანილი სამკვიდრო მოწმობაში და, ნაცვლად ½ წილისა, მოპასუხე ცნობილი იქნა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე დედასთან - მოპასუხესთან ერთად ¼ წილის უფლებით, ამგვარი ცვლილება იქნა შეტანილი მოპასუხის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და იგი ცნობილ იქნა სამკვიდრო ქონების ¾ ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, საბოლოოდ მოსარჩელე დარეგისტრირდა სადავო ქონების ¼-ის მესაკუთრედ, მოპასუხე კი - ¾ წილის მესაკუთრედ შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე და მამკვიდრებელი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1963 წლის 23 თებერვლიდან. მათ ჰყავდათ სამი შვილი, მათ შორის მოსარჩელე. 1981 წელს, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლეებმა შეიძინეს სადავო უძრავი ქონება.
7. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1998 წლის 13 მაისს.
8. ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო გაიხსნა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების 1/2 წილზე.
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის 13 ოქტომბერს ნოტარიუსმა გამოსცა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N2-815), რომლის მიხედვითაც მოპასუხემ, როგორც მამკვიდრებლის მეუღლემ და პირველი რიგის მემკვიდრემ მიიღო სადავო უძრავი ქონება, ხოლო 2012 წლის 25 ოქტომბერს აღრიცხა თავისი საკუთრების უფლება მასზე.
10. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში მისი სამკვიდრო ქონების ფლობას ერთობლივად შეუდგნენ გარდაცვლილის მეუღლე - მოპასუხე და შვილი - მოსარჩელე. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე თავად მოპასუხე მხარემ არაერთხელ განმარტა, რომ მას და მის შვილს - მოსარჩელეს არასდროს უცხოვრიათ ცალ-ცალკე. მამის გარდაცვალებიდან და გარდაცვალების შემდეგაც ერთად ცხოვრობდნენ სოფელში. 2004 წლიდან კი ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში. 2004 წლამდე სამკვიდრო ქონება დაკეტილი ჰქონდათ, სოფლის სახლის გაყიდვის შემდეგ კი, ქუთაისის სახლში განაგრძეს ცხოვრება.
11. აღნიშნული სწორედ იმის დასტურია, რომ მოდავე მხარეები შეთანხმებით ერთობლივად წყვეტდნენ სამკვიდრო ქონების მფლობელობის და სარგებლობის საკითხებს.
12. შესაბამისად, დადგენილია მოსარჩელის მხრიდან მამის სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტი მოპასუხესთან ერთად.
13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე დავა სამართლებრივი თვალსაზრისით მემკვიდრეობითი სამართლის ნორმებით უნდა მოწესრიგდეს.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1151-ე და 1339-ე მუხლების თანახმად, 1981 წელს მამკვიდრებლის მიერ შეძენილი უძრავი ქონება მეუღლეთა - მამკვიდრებლისა და მოსარჩელის ერთად ცხოვრებისა და რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონებაა, რის გამოც მოპასუხე ამ ქონების თანამესაკუთრეა. აღნიშნულიდან გამომდინარე მამკვიდრებლის გარდაცვალების შედეგად სამკვიდრო გაიხსნა სადავო უძრავი ქონების 1/2 წილზე.
15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1319-ე, 1330-ე, 1328-ე, 1306-1307-ე, 1421-ე მუხლებით და განმარტავს, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება ნიშნავს მის მიერ ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რაც მიუთითებს მემკვიდრის ნებაზე, დაეუფლოს სამკვიდროს, აღნიშნული გამოიხატება სამკვიდრო ქონების მოვლაში, შენახვასა და ზრუნვაში. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც სამკვიდროს მიღებაზე მემკვიდრის ნებას გამოხატავს.
16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის სამკვიდრო ქონებას. სამკვიდრო მასას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის 1/2 წილი, რომელსაც მხარეები დაეუფლნენ ფაქტობრივი ფლობით. მამკვიდრებელს ანდერძი არ დაუტოვებია. შესაბამისად, მოსარჩელეს ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული სამკვიდროდან უნდა მიეკუთვნოს სადავო უძრავი ქონების ¼ წილი და შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს მოპასუხის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობასა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
18. კასატორმა მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 131-ე მუხლით გათვალისწინებულ მხარის აღიარებად უნდა შეფასდეს მოსარჩელის განმარტება სადავო სახლში საცხოვრებლად 2004 წელს გადასვლის შესახებ. მანამდე იგი ცხოვრობდა რაიონში და სამკვიდრო ქონებასთან შეხება არ ჰქონია. დედამ სამკვიდრო სახლში საცხოვრებლად გადაიყვანა მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. ამდენად, მოსარჩელეს სადავო სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია. ასევე უდავოა, რომ მას სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს.
19. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ შეაფასა ადგილობრივი თვითმმართველობის მართვის ტერიტორიული ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო სახლში ცხოვრობდნენ მამკვიდრებელი და მოპასუხე.
20. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მოპასუხის მხრიდან იმ ფაქტის აღიარება, რომ მხარეებს ცალცალკე არასდროს უცხოვრიათ. მეტიც, მოპასუხე ყოველთვის თავად წყვეტდა კუთვნილი ქონების ბედს.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე და მამკვიდრებელი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1963 წლის 23 თებერვლიდან. მათ ჰყავდათ სამი შვილი, მათ შორის, - მოსარჩელე. 1981 წელს, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლეებმა შეიძინეს სადავო უძრავი ქონება.
24. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1998 წლის 13 მაისს.
25. ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო გაიხსნა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების 1/2 წილზე.
26. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის 13 ოქტომბერს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N2-815), რომლის მიხედვითაც მოპასუხემ, როგორც მამკვიდრებლის მეუღლემ და პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო სადავო უძრავი ქონება, ხოლო 2012 წლის 25 ოქტომბერს აღრიცხა თავისი საკუთრების უფლება მასზე.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
29. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით მხარემ სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს სსკ-ის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან (სსკ-ის 1433-ე მუხლი), მაგრამ, როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია, თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში (სსკ-ის 1424-ე მუხლი) შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება. სამკვიდროს მიღების წესი დადგენილია სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის მიხედვითაც მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (სუსგ საქმე №ას-283-268-2017, 07.07.2017წ, 22.11.2018წ. საქმე №ას-960-2018).
31. ასევე, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (სუსგ №ას-281-266-2017, 19.05.2017, №ას-572- 543-2014, 19.03.2015; №ას-555-526-2014, 10.10.2014, 15.05.2018, საქმე №ას-263-263-2018).
32. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, ხოლო კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია იმ ფაქტის გასაქარწყლებლად, რომ მხარეები, როგორც ერთი ოჯახის წევრები, კერძოდ, დედა-შვილი, მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და აღნიშნული მომენტიდანაც ცხოვრობდნენ ერთად. მხოლოდ კასატორის განმარტება ვერ უარყოფს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლების მიერ დადგენილ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას თავად მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მოპასუხესა და მის შვილს (იგულიხმობა მოსარჩელე) არასდროს უცხოვრიათ ცალ-ცალკე. მამის გარდაცვალებიდან და გარდაცვალების შემდეგაც ერთად ცხოვრობდნენ სოფელში. 2004 წლიდან კი ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში. 2004 წლამდე სამკვიდრო ქონება დაკეტილი ჰქონდათ, სოფლის სახლის გაყიდვის შემდეგ კი, ქუთაისის სახლში განაგრძეს ცხოვრება.
33. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მხარეები შეთანხმებულად მოქმედებდნენ სამკვიდრო ქონებით სარგებლობასთან მიმართებით, რაც ადასტურებს მოსარჩელის ნებას, მიეღო მემკვიდრეობა მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება.
34. რაც შეეხება კასატორის აპელირებას ადგილობრივი თვითმმართველობის მართვის ტერიტორიული ორგანოს ცნობაზე, ის ფაქტი, რომ სადავო სახლში ცხოვრობდნენ მამკვიდრებელი და მოპასუხე არ გამორიცხავს სააპელაციო პალატის მსჯელობის საფუძვლიანობას მოსარჩელის მიერ სადავო სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ, ვინაიდან ნივთის ფაქტობრივად დაუფლება არ მოიაზრებს იმას, რომ მოსარჩელე უთუოდ უნდა აღრიცხულიყო სადავო სახლში მცხოვრებ პირად, როგორც მანამდე მისი მშობლები იყვნენ იქ ფიქსირებული. სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით პირი გამოხატავს ნებას, განახორციელოს კანონით მისთვის მინიჭებული მემკვიდრეობის უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ განახორციელა კიდეც. (იხ. წინამდებარე განჩინების პ.16).
35. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
36. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
38. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შ. ს-ის მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ნ. მ–ს (პირადი №-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შ. ს-ის მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე