Facebook Twitter

საქმე №ას-121-2019 7 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ ,,საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია“ (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა–ი, ქ. ქ–ი, ლ. ზ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ა–მა, ქ. ქ–მა და ლ. ზ–მა (შემდგომ - მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა(ა)იპ „საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის“ (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 1000 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხე ორგანიზაციასთან გააფორმეს ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების მისაღებად, რისთვისაც მათ გადაუხადეს მოპასუხეს თითოეულმა 1000 ლარი.

3. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და არც გადახილი თანხა მოსარჩელეს არ დაუბრუნა.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებს იურიდიული მომსახურება გაუწია, რის გამოც თანხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულისათვის 900 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით დაინიშნა სასამართლო სხდომა 2018 წლის 11 ოქტომბერს, 12:00 საათზე.

8. 2018 წლის 11 ოქტომბერს, 12:00 საათზე გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი და ორი მოსარჩელე. სასამართლო სხდომა გადაიდო 2018 წლის 8 ნოემბერს, 12:30 საათზე, თუმცა არც აღნიშნულ დროს აპელანტი საქმის განხილვას არ დასწრებია.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 216-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 2018 წლის 8 ნოემბრის სხდომის თაობაზე აპელანტის წარმომადგენელს უწყება პირადად ჩაბარდა 2018 წლის 26 ოქტომბერს, კანონის მოთხოვნათა დაცვით.

10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2018 წლის 8 ნოემბერს, 12:30 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა.

11. მოსარჩელეებმა მოითხოვეს, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. შუამდგომლობის განხილვის მომენტში საქმის გამხილველი შემადგენლობისათვის აპელანტის გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის არსებობა ცნობილი ყოფილა.

12. სსსკ-ის 387-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შეუძლია ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით სააპელაციო საჩივარი დატოვოს განუხილველად, რასაც უკავშირდება 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

13. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი შეიძლება დატოვოს განუხილველად, თუ: 1. არ გამოცხადდება აპელანტი (მისი წარმომადგენელი); 2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; 3. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები.

14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რადგან 2011 წლის 8 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით და მისი გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის უცნობია, უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

16. კერძო საჩივრის ავტორმა - მოპასუხე ორგანიზაციის პრეზიდენტმა დაადასტურა სასამართლო უწყების მის მიერ პირადად მიღების ფაქტი და განმარტა, რომ პროცესზე უნდა გამოცხადებულიყო დაწესებულების სხვა წარმომადგენელი. მისი გამოუცხადებლობით კი ზარალი მიადგა უშუალოდ კერძო საჩივრის ავტორს, რადგან მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

17. მხარემ აღნიშნა, რომ 2018 წლის 29 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება, რადგან ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში. ამჟამად ამ საქმეზე წარმოება დაწყებულია ვაკე-საბურთალოს სამმართველოს N6 განყოფილებაში სარჩელის ბოლო აბზაცში ხელმოწერების ნამდვილობის დასადგენად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

19. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, სააპელაციო პალატაში საქმის განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

20. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

21. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

22. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

23. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს.

24. ამდენად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის უნდა დადგინდეს ყველა წინაპირობის არსებობა, კერძოდ: 1. აპელანტი სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით; 2. მხარის გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნა არასაპატიოდ; 3. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

25. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორმა დაადასტურა, რომ მას საქმის განხილვის შესახებ ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულის მიუხედავად, დანიშნულ დროს პროცესზე აპელანტის წარმომადგენელი არ გამოცხადდა და არც საკუთარი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობა.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

27. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

28. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

29. წარმოდგენილ კერძო საჩივრში მოპასუხე ორგანიზაციის პრეზიდენტი აღნიშნავს (იხ.წინამდებარე განჩინების პ.16), რომ მოპასუხე დაწესებულების თანამშრომელს დავალებული ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადება, თუმცა არ უთითებს არც ერთ გარემოებას, რასაც შეეძლო ხელი შეშალა აპელანტი მხარისათვის მონაწილეობა მიეღო სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვაში, აგრეთვე მას სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არასაკმარისია გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის. (შდრ. სუსგ №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018.)

30. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მის მიერ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის წარდგენაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის მიმართვა არ ათავისუფლებდა და ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა აპელანტის ვალდებულებაზე, გამოცხადებულიყო საქმის განხილვაზე. შესაბამისად, ვერც აღნიშნული არგუმენტი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

31. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ ,,საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე