Facebook Twitter
საქმე №ას-400-380-2011 23 მარტი, 2012 წელი

№ ას-825-791-2016 18 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს „გ." (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ქ-ა (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შპს „გ." საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით შპს „გ." საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „გ.“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2018 წლის 2 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „გ.“ წარმომადგენელმა გ. ფ-ამ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ განმარტების საგანი იყო საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არსებული ჩანაწერი - „გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს“. განმცხადებლის მითითებით, საკასაციო სასამართლოს უნდა განემარტა აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობდა თუ არა საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებისას მის განხილვას სააპელაციო სასამართლოს იმავე შემადგენლობის მიერ, თუ საქმე უნდა განეხილა სხვა შემადგენლობას.

ზემოთაღნიშნული განცხადების საფუძველზე 2018 წლის 9 ოქტომბერს საქმე Nას-825-791-2016 (კასატორი - შპს „გ.“, მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ქ-ა) გამოთხოვილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოდან.

2018 წლის 6 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „გ.“ წარმომადგენელმა გ. ფ-ამ და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე უკვე განხილულია, რის გამოც აღარ აქვს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე წარმოდგენილი განცხადების განხილვის ინტერესი და იშუამდგომლა აღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გამოთხოვილი საქმე Nას-825-791-2016 (კასატორი - შპს „გ.“, მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ქ-ა) საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2019 წლის 15 თებერვალს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ.“ წარმომადგენელის გ. ფ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „გ.“ წარმომადგენლმა გ. ფ-ამ 2018 წლის 6 ნოემბერს წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე შემოტანილი განცხადების განუხილველად დატოვება.

როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს განცხადება წარმოებაში და განიხილოს იგი. ამდენად, შპს „გ.“ წარმომადგენლის გ. ფ-ას განცხადება უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, 284-ე-285-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „გ.“ წარმომადგენლის გ. ფ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე