Facebook Twitter

საქმე №ას-1185-2018 28 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კასატორი – ი.–ი (თავდაპირველი სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ჩ–ი (თავდაპირველი მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ზ. ჩ–ის სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი. ჩ–მა (შემდგომ – თავდაპირველი მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ჩ–ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

მოპასუხის (მოსარჩელის) პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და დამოუკიდებელი სარჩელი აღძრა სასამართლოში თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და სადავო უძრავი ქონების მისსაკუთრებაში დაბრუნების თაობაზე.

3. მოპასუხემ მიუთითა, რომ თავდაპირველი მოსარჩელე მისი შვილია, რომელსაც მან აჩუქა სადავო უძრავი ნივთი, თუმცა დასაჩუქრებული იჩენს მის მიმართ უმადურობას, სარჩელი და სხვადასხვა საჩივარი შეიტანა მამის წინააღმდეგ, რითაც აყენებს შეურაცხყოფას.

4. ორივე სარჩელი გაერთიანდა ერთიან წარმოებად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაშ გადაეცა თავდაპირველ მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხეს უარი ეთქვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველ სარჩელს ეთქვა უარი, მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2013 წლის 11 სექტემბერს დადებული სადავო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონება დაუბრუნდა მოპასუხეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, გამოვლინდა თუ არა თავდაპირველი მოსარჩელის მხრიდან მამის მიმართ მძიმე შეურაცხყოფისა და დიდი უმადურობის ფაქტი, რაც შესაძლოა, დაედოს საფუძვლად მხარეთა შორის 2013 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 524-ე მუხლის საფუძველზე, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება, მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“ ამ შემთხვევაში, გამჩუქებელიც შეიძლება მოიაზრებოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი სარგებლობა ჩუქების ხელშეკრულების მხარეთა მიერ წინასწარაა შეთანხმებული.

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათის გათვალისწინებით, ქონების გამჩუქებელს იმგვარი უფლებები გააჩნია, რაც ვერ ექნება, მაგალითად, ნივთის გამყიდველს, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ გულისხმობს დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუ იგი თავის უფლებებს კეთილსინდისიერად და მართლზომიერად ახორციელებს. სწორედ ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. თავად გამჩუქებელმა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია, დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არათანაზომიერი შეზღუდვა გამჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით.

10. სსკ-ის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქების გაუქმების შესაძლებლობას კანონი განსაკუთრებული გარემოებების არსებობას უკავშირებს, როგორიც არის: 1) დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა და/ან 2) მჩუქებლის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა. აღნიშნული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი, ანუ აშკარა უმადურობის გამოჩენის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია, განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და მანვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს. თავისთავად „დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად. სსკ-ის 529-ე მუხლის თანახმად, მჩუქებლისაგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ, დასაჩუქრებულს აკისრებს ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხს მჩუქებლის ქცევის გათვალისწინებით და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უმადურობა და მიყენებული შეურაცხყოფა ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს, მითითებული ნორმით გათვალისწინებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, ობიექტურად, შეიძლება თუ არა, უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული, მით უფრო, რომ სსკ-ის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.

12. სააპელაციო სასამართლომ განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი დასაჩუქრებულის მიმართ გამოხატავს პატივისცემას და კეთილგანწყობას. მის მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვის მიზნით, საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას. თუმცა ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივი მოწესრიგება ცხადყოფს, რომ ჩუქების ხელშეკრულებიდან გასვლა მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. მსგავს შემთხვევას წარმოადგენს საჩუქრის გამოთხოვა დასაჩუქრებულის მიერ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა ან დიდი უმადურობის გამოჩენის ვითარება მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

13. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უმადურობა არ არის იურიდიული ტერმინი და იგი შეფასებითი კატეგორიისაა. ზოგადად უმადურია ის, ვინც ვისიმე მადლს, სიკეთეს არ აფასებს, ვინც ვისიმე (რისამე) მადლიერი არ არის, უკმაყოფილოა. ზოგადი ხასიათის უმადურობა არ ქმნის ჩუქების გამოთხოვების საფუძველს. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს, როგორადაც, კანონის თანახმად, მიჩნეულია „მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასებით, უმადურობა არის დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. ქონების ჩუქებით გადაცემა, პირდაპირ კავშირშია ზნეობრივ-მორალურ საკითხებთან. ამიტომაც ჩუქება ზნეობრივი საკითხია.

14. სააპელაციო სასამართლომ განუმარტა მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

15. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თავდაპირელი მოსარჩელის მხრიდან საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვა ვერ იქნება განხილული უმადურობის გამოვლინებად, თუმცა საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით, კერძოდ, თავდაპირვე მოსარჩელესთან ფსიქოლოგის მიერ განხორციელებული გასაუბრების დასკვნით დგინდება, რომ მას აღენიშნება ემოციური ტრავმატიზების ნიშნები, აღნიშნულს ამყარებს საქმეზე დართული სარჩელებისა თუ საგამოძიებო ორგანოებისადმი წარდგენილი განცხადებების ასლები და თავად მის მიერ სასამართლო სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებებიც, საიდანაც ჩანს, რომ თავდაპირველი მოსარჩელე მისი ასაკისათვის შეუფერებელი არგუმენტებით უპირისპირდება მამას მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის განხორციელებისას იგი იყო არასრულწლოვანი და მასზე მზრუნველობა ჰქონდა აღებული ბებიას, რის გამოც, ფსიქოლოგის დასკვნით, შეინიშნებოდა ამ უკანასკნელის გავლენა არასრულწლოვანზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და ჩათვალა, რომ თავდაპირველი მოსარჩელის მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად ადგილი აქვს მამისადმი შეურაცხყოფის და აგრესიის გამოვლინებას, რაც გამოიხატება მამისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნაში, მამასთან ცხოვრებაზე უარის თქმაში, მამასთან ურთიერთობის უარყოფის გამო, მსგავს ფაქტებზე საგამოძიებო ორგანოების ჩართვაში და მამის მიმართ დაუსრულებელ ჩივილებში, აგრეთვე, სასამართლო სხდომებზე მამის მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ მიმართვებში.

16. სააპელაციო პალატის შეფასებით, დასაბუთებელია აპელანტის პრეტენზია, რომ სადავო უძრავი ნივთის გაჩუქებით მოპასუხე (მჩუქებელი) მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და საარსებო წყარო მოესპო.

17. სსსკ-ის 105-ე მუხლის მიხედვით, კანონმდებელი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.

18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 530-ე მუხლის მიზნებისათვის, ქონების გაჩუქების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების გასხვისებით გამჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, თუ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი, უხეშად რომ ითქვას, ქუჩაში რჩება, მას ხელშეკრულების გაუქმება შეუძლია მოითხოვოს სსკ-ის 530-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

19. მოცემულ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება გამჩუქებელს უქმნის მძიმე მდგომარეობას და უსპობს ერთაერთი საცხოვრებელის გამოყენების შესაძლებლობას.

20. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ გამჩუქებელი არ მუშაობს, არ გააჩნია შემოსავლის წყარო, ხოლო გაჩუქებული უძრავი ქონება, რომელშიც იგი მოცემული მდგომარეობით ცხოვრობს და რომლის მისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაც თავდაპირველი სარჩელით შედავებულია მისი შვილის, დასაჩუქრებულის მიერ, წარმოადგენს მოპასუხის ერთადერთ საცხოვრებელს. ამასთან, დადგენილია ისიც, რომ მოპასუხის მიერ არაერთგზის იქნა შეთავაზებული შვილისთვის მასთან საცხოვრებლად გადასვლა, თუმცა ეს უკანასკნელი არ იღებს მამის შეთავაზებას და განაგრძობს ცხოვრებას ბებიასთან ერთად, ნაქირავებ ბინაში. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, არსებობს გაჩუქებული ნივთი, დასაჩუქრებული მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, ვინაიდან იგი მოცემული ეტაპისთვის უკვე არის სრულწლოვანი და თავისი გადაწყვეტილებითა და სურვილით, აგრძელებს ცხოვრებას ბებიასთან ერთად, ხოლო ჩუქების შემდეგ მან დაკარგა სამსახური და აღარ გააჩნია შემოსავალი, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც თავდაპირველი მოსარჩელე აპირებს მამის სადავო უძრავი ქონებიდან გამოსახლებას, გამჩუქებელი აღმოჩნდება მძიმე მდგომარეობაში, ვინაიდან, მას არ გააჩნია საცხოვრებელი ბინა და ასევე, უმუშევრობის გამო საყოფაცხოვრებო პირობებს ვერ შეიქმნის.

21. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რაც მოწინააღმდეგე მხარემ ვერ გააქარწყლა. ასეთ პირობებში თავდაპირველი მოსარჩელის ვინდიკაური სარჩელის დაკმაყოფილების სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები არ არსებობს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

22. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თავდაპირველმა მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

23. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 381-ე მუხლი, ვინაიდან თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა სსკ-ის 529-ე მუხლს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა ამავე კოდექსის 530-ე მუხლი.

24. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქმეზე პრეიუდიცილად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, რომლებიც ადასტურებს, რომ მოპასუხე არ ზრუნავდა შვილზე, არ უქმნიდა მას სათანადო გარემოს ნორმალური აღზრდისათვის, არ უხდიდა ალიმენტს და არ აძლევს შესაძლებლობას, თავისუფლად ისარგებლოს კუთვნილი სადავო ქონებით. ამავდროულად, სასამართლომ არასწორად შეაფასა კასატორის ქმედება, როგორც მამისადმი შეურაცხყოფა.

25. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. საკასაციო სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა ზეპირი მოსმენით და რამდენიმე სხდომა ჩაატარა მხარეთა მორიგების მიზნით.

27. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა მიაღწიეს მორიგებას, წარუდგინეს სასამართლოს მორიგების პირობები და იშუამდგომლეს მათი დამტკიცების შესახებ შემდეგი სახით:

1.1. წინამდებარე მორიგების მიზანია უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, დ., ვ–ის მ-ა ი-ის ქ. #- (ს/კ 8-), ი. ჩ–სა და ზ. ჩ–ს შორის გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად (მიწისა და მშენებარე სახლის გაყოფა ტოლ ნაწილებად), აღნიშნული ფაქტიური გაყოფილი საკუთრების აღრიცხვა საჯარო რეესტრში თითოეულის სასარგებლოდ ცალ-ცალკე და ამით უძრავი ნივთის გაყოფა თანაბრად მხარეებს შორის.

1.2. სადავო უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთზე), მდებარე ქ. თბილისი, დ., ვ–ის მ-ა ი-ის ქ. #- (ს/კ 8-), აღირიცხოს ზ. ჩ–ის საკუთრების უფლება ½ ნაწილზე, ხოლო ი. ჩ–ის სახელზე საკუთრების უფლება ½ ნაწილზე.

1.3. მორიგების აქტის 1.2 პუნქტში აღნიშნული საჯარო რეესტში რეგისტრირებული წილების შესაბამისად, მოხდეს მიწის ნაკვეთის ნატურით გამიჯვნა.

1.4. ი. ჩ–ი იღებს ვალდებულებას:

1.4.1. რომ მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს, მასალას, საბუთს, რომელიც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან მორიგების დამტკიცებიდან ერთ თვეში გადასცემს ზ. ჩ–ს;

1.4.2. რომ ზ. ჩ–ს მორიგების დამტკიცებიდან ერთ თვეში მისცემს იმ სახის რწმუნებულებას (მინდობილობას), რომ ზ. ჩ–მა შეძლოს უძრავი ქონების – წინამდებარე მორიგების აქტის 1.1 პუნქტში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ მშენებარე სახლის ზ. ჩ–ის კუთვნილი ½ წილის ექსპლუატაციაში მიღება კანონით დადგენილი წესით და დარეგისტრირება ზ. ჩ–ის სახელზე საჯარო რეესტრში;

1.4.3. ხელს შეუწყობს ზ. ჩ–ს, რომ მოხდეს უძრავი ქონების ნატურით რეალურად გაყოფა და აღრიცხვა ცალ-ცალკე მხარეებს შორის;

1.4.4. თვითონ გაიღებს ფინანსურ სახსრებს მისი კუთვნილი სახლისა და ეზოს შესაბამისად მოწყობაში (გზა, გაზი, წყალი, ელექტროობა და სხვა);

1.4.5. საჯარო რეესტრში მშენებარე სახლის მისი კუთვნილი წილის ექსპლუატაციაში მიღებისა და დარეგისტრირებისათვის საჭირო აზომვით ნახაზს გააკეთებს და საჯარო რეესტრში წარადგენს მას შემდეგ, რაც ზ. ჩ–ი განახორცილებელს მშენებარე საცხოვრებელი სახლის ორივე სართულზე ღიობის გარეშე კედლის აშენებას, რომელიც ორ ტოლ ნაწილად გაყოფს სახლის პირველ და მეორე სართულებს;

1.5. ზ. ჩ–ი იღებს ვალდებულებას:

1.5.1. მორიგების აქტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა საცხოვრებელ სახლში ორივე სართულზე ააშენოს ღიობის გარეშე კედლები იმგვარად, რომ სახლის ორივე სართულის ფართობები გაიყოს ორ ტოლ ნაწილად;

1.5.2. თვითონ გაიღებს ფინანსურ სახსრებს მისი კუთვნილი სახლისა და ეზოს შესაბამისად მოწყობაში (გზა, გაზი, წყალი, ელექტროობა და სხვა);

1.5.3. საჯარო რეესტრში მისი კუთვნილი წილის ექსპლუატაციაში მიღებისა და დარეგისტრირებისათვის საჭირო აზომვით ნახაზს გააკეთებს და საჯარო რეესტრში წარადგენს მას შემდეგ, რაც ზ. ჩ–ი განახორციელებს მშენებარე საცხოვრებელი სახლის ორივე სართულზე ღიობის გარეშე კედლის აშენებას, რომელიც ორ ტოლ ნაწილად გაყოფს სახლის პირველ და მეორე სართულებს;

1.5.4. მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთ თვეში, ი. ჩ–ს მისცემს შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალურად ისარგებლოს მშენებარე სახლით და არ შეუშლის ხელს სახლით მისი კუთვნილი წილით სარგებლობაში;

1.5.5. რომ ი. ჩ–ს მორიგების დამტკიცებიდან ერთ თვეში მისცემს იმ სახის რწმუნებულებას (მინდობილობას), რომ ი. ჩ–მა შეძლოს უძრავი ქონების – წინამდებარე მორიგების აქტის 1.1 პუნქტში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ მშენებარე სახლის ი. ჩ–ის კუთვნილი ½ წილის ექსპლუატაციაში მიღება კანონით დადგენილი წესით და დარეგისტრირება ი. ჩ–ის სახელზე საჯარო რეესტრში;

1.6. მხარეები წინასწარ აცხადებენ თანხმობას, რომ ზ. ჩ–მა და ი. ჩ–მა მოახდინონ თავიანთი წილის (1/2) შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირება, ასევე, ხელს შეუწყობენ ერთმანეთს ამ მიზნის მისაღწევად კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო ქმედების განხორციელებაში.

1.7. წინამდებარე მორიგების აქტის 1.2 პუნქტში მითითებული მიწის ნაკვეთის ორ თანაბარ ნაწილად ნატურით გაყოფამდე და თითოეული მხარის მიერ თავის სახელზე ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაციამდე აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაყიდვა, გაჩუქება, იპოთეკით დატვირთვა ან სხვა სახით უფლებრივად დატვირთვა აკრძალულია; აღნიშნული შეზღუდვა აისახება საჯარო რეესტრში; აღნიშნული შეზღუდვა გაუქმდება ნატურით გამიჯნული სადავო მიწის ნაკვეთის მხარეებზე თავიანთი წილების (1/2) ინდივიდუალურ საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე.

1.8. წინამდებარე მორიგების აქტის 1.5.1 პუნქტით განსაზღვრული ზ. ჩ–ის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება ი. ჩ–ის სასარგებლოდ 2000 ლარის ანაზღაურება 1 (ერთი) თვის ვადაში.

1.8.1. წინამდებარე მორიგების აქტის 1.5.1 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში ი. ჩ–ი უფლებამოსილია, თვითონ განახორციელოს აღნიშნული სამუშაოები.

1.8.2. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, რომ ხელს არ შეუშლიან ერთმანეთს წინამდებარე მორიგების აქტის 1.5.1 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებაში.

1.9. მხარეები უარს აცხადებენ ერთმანეთის მიმართ არსებულ ყველანაირ დავაზე და არ გააჩნიათ სხვა პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

28. საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

29. სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის მნიშვნელოვანი დისპოზიციურობის პრინციპი, რაც უმთავრესად ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას. მათ შორისაა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, მხარეებმა დავის შეწყვეტის მიზნით, მიაღწიონ შეთანხმებას გარკვეულ პირობებზე (მორიგდნენ), რომელიც ორმხრივ მავალდებულებელია და სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას.

30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც მათ სხდომაზეც დაადასტურეს, ამავდროულად, მორიგების აქტის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს.

31. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეებისათვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

32. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 373-ე მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, მე-3 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

1.10. წინამდებარე მორიგების მიზანია უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, დ., ვ–ის მ-ა ი-ის ქ. #- (ს/კ 8-), ი. ჩ–სა და ზ. ჩ–ს შორის გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად (მიწისა და მშენებარე სახლის გაყოფა ტოლ ნაწილებად), აღნიშნული ფაქტიური გაყოფილი საკუთრების აღრიცხვა საჯარო რეესტრში თითოეულის სასარგებლოდ ცალ-ცალკე და ამით უძრავი ნივთის გაყოფა თანაბრად მხარეებს შორის.

1.11. სადავო უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთზე), მდებარე ქ. თბილისი, დ., ვ–ის მ-ა ი-ს ქ. #- (ს/კ 8-), აღირიცხოს ზ. ჩ–ის საკუთრების უფლება ½ ნაწილზე, ხოლო ი. ჩ–ის სახელზე საკუთრების უფლება ½ ნაწილზე.

1.12. მორიგების აქტის 1.2 პუნქტში აღნიშნული საჯარო რეესტში რეგისტრირებული წილების შესაბამისად, მოხდეს მიწის ნაკვეთის ნატურით გამიჯვნა.

1.13. ი. ჩ–ი იღებს ვალდებულებას:

1.13.1. რომ მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს, მასალას, საბუთს, რომელიც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან მორიგების დამტკიცებიდან ერთ თვეში გადასცემს ზ. ჩ–ს;

1.13.2. რომ ზ. ჩ–ს მორიგების დამტკიცებიდან ერთ თვეში მისცემს იმ სახის რწმუნებულებას (მინდობილობას), რომ ზ. ჩ–მა შეძლოს უძრავი ქონების – წინამდებარე მორიგების აქტის 1.1 პუნქტში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ მშენებარე სახლის ზ. ჩ–ის კუთვნილი ½ წილის ექსპლუატაციაში მიღება კანონით დადგენილი წესით და დარეგისტრირება ზ. ჩ–ის სახელზე საჯარო რეესტრში;

1.13.3. ხელს შეუწყობს ზ. ჩ–ს, რომ მოხდეს უძრავი ქონების ნატურით რეალურად გაყოფა და აღრიცხვა ცალ-ცალკე მხარეებს შორის;

1.13.4. თვითონ გაიღებს ფინანსურ სახსრებს მისი კუთვნილი სახლისა და ეზოს შესაბამისად მოწყობაში (გზა, გაზი, წყალი, ელექტროობა და სხვა);

1.13.5. საჯარო რეესტრში მშენებარე სახლის მისი კუთვნილი წილის ექსპლუატაციაში მიღებისა და დარეგისტრირებისათვის საჭირო აზომვით ნახაზს გააკეთებს და საჯარო რეესტრში წარადგენს მას შემდეგ, რაც ზ. ჩ–ი განახორცილებელს მშენებარე საცხოვრებელი სახლის ორივე სართულზე ღიობის გარეშე კედლის აშენებას, რომელიც ორ ტოლ ნაწილად გაყოფს სახლის პირველ და მეორე სართულებს;

1.14. ზ. ჩ–ი იღებს ვალდებულებას:

1.14.1. მორიგების აქტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა საცხოვრებელ სახლში ორივე სართულზე ააშენოს ღიობის გარეშე კედლები იმგვარად, რომ სახლის ორივე სართულის ფართობები გაიყოს ორ ტოლ ნაწილად;

1.14.2. თვითონ გაიღებს ფინანსურ სახსრებს მისი კუთვნილი სახლისა და ეზოს შესაბამისად მოწყობაში (გზა, გაზი, წყალი, ელექტროობა და სხვა);

1.14.3. საჯარო რეესტრში მისი კუთვნილი წილის ექსპლუატაციაში მიღებისა და დარეგისტრირებისათვის საჭირო აზომვით ნახაზს გააკეთებს და საჯარო რეესტრში წარადგენს მას შემდეგ, რაც ზ. ჩ–ი განახორციელებს მშენებარე საცხოვრებელი სახლის ორივე სართულზე ღიობის გარეშე კედლის აშენებას, რომელიც ორ ტოლ ნაწილად გაყოფს სახლის პირველ და მეორე სართულებს;

1.14.4. მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთ თვეში, ი. ჩ–ს მისცემს შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალურად ისარგებლოს მშენებარე სახლით და არ შეუშლის ხელს სახლით მისი კუთვნილი წილით სარგებლობაში;

1.14.5. რომ ი. ჩ–ს მორიგების დამტკიცებიდან ერთ თვეში მისცემს იმ სახის რწმუნებულებას (მინდობილობას), რომ ი. ჩ–მა შეძლოს უძრავი ქონების – წინამდებარე მორიგების აქტის 1.1 პუნქტში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ მშენებარე სახლის ი. ჩ–ის კუთვნილი ½ წილის ექსპლუატაციაში მიღება კანონით დადგენილი წესით და დარეგისტრირება ი. ჩ–ის სახელზე საჯარო რეესტრში;

1.15. მხარეები წინასწარ აცხადებენ თანხმობას, რომ ზ. ჩ–მა და ი. ჩ–მა მოახდინონ თავიანთი წილის (1/2) შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირება, ასევე, ხელს შეუწყობენ ერთმანეთს ამ მიზნის მისაღწევად კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო ქმედების განხორციელებაში.

1.16. წინამდებარე მორიგების აქტის 1.2 პუნქტში მითითებული მიწის ნაკვეთის ორ თანაბარ ნაწილად ნატურით გაყოფამდე და თითოეული მხარის მიერ თავის სახელზე ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაციამდე აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაყიდვა, გაჩუქება, იპოთეკით დატვირთვა ან სხვა სახით უფლებრივად დატვირთვა აკრძალულია; აღნიშნული შეზღუდვა აისახება საჯარო რეესტრში; აღნიშნული შეზღუდვა გაუქმდება ნატურით გამიჯნული სადავო მიწის ნაკვეთის მხარეებზე თავიანთი წილების (1/2) ინდივიდუალურ საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე.

1.17. წინამდებარე მორიგების აქტის 1.5.1 პუნქტით განსაზღვრული ზ. ჩ–ის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება ი. ჩ–ის სასარგებლოდ 2000 ლარის ანაზღაურება 1 (ერთი) თვის ვადაში.

1.17.1. წინამდებარე მორიგების აქტის 1.5.1 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში ი. ჩ–ი უფლებამოსილია, თვითონ განახორციელოს აღნიშნული სამუშაოები.

1.17.2. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, რომ ხელს არ შეუშლიან ერთმანეთს წინამდებარე მორიგების აქტის 1.5.1 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებაში.

1.18. მხარეები უარს აცხადებენ ერთმანეთის მიმართ არსებულ ყველანაირ დავაზე და არ გააჩნიათ სხვა პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ.

2. მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება.

3. განემარტოს მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი