Facebook Twitter

12 თებერვალი, 2019 წელი,

საქმე №ა-5177-შ-128-2018 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ.ა.

მოწინააღმდეგე მხარეები – ა.კ., ნ.ც.

განჩინება/სააღსრულებო ფურცელი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინება, მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი

დავის საგანი – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ყადაღა დაედო ნ.ტ. ასულ ც–ას ქონებას განცხადებული სასაჩელო მოთხოვნის ფარგლებში 655 400 (ექვსასორმოცდათხუთმეტი ათას ოთხასი) აშშ დოლარის ოდენობით.

2. ზემოაღნიშნული განჩინების საფუძველზე მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 17 ოქტომბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი.

3. დ.ა–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის.

4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო განჩინებისა და სააღსრულებო ფურცლის შესწავლით დგინდებოდა, რომ ზემოთმითითებული განჩინების აღსრულება რუსეთის ტერიტორიაზე არ განხორციელებულა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, დ.ა–ის შუამდგომლობა მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა. ნ.ც–ას აეკრძალა ქ.თბილისი, ...... მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების გასხვისება და სხვა რაიმე სახის ქონებრივი/უფლებრივი დატვირთვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული განჩინებების, ისევე როგორც, ზემოთმითითებული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეებს, ა.კ–ასა და ნ.ც–ას გაეგზავნათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – თბილისი, ...... და 2018 წლის 17 ნოემბერს ჩაჰბარდათ.

8. ნ.ც–ას ადვოკატმა ლ.ჭ–ძემ კანონით დადგენილ ვადაში წერილობითი პოზიცია წარმოადგინა შუამდგომლობაზე, რომელშიც აღნიშნა, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ის განჩინება, რომლის ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, გაუქმდა. ასევე, არ დაკმაყოფილდა დ.ა–ის სარჩელი. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა ასევე იშუამდგომლა დამატებით 20-დღიანი ვადის მიცემა, აღნიშნული გადაწყვეტილებების წარმოსადგენად.

9. 2018 წლის 24 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა მოწინააღმდეგე მხარის რწმუნებულმა, რომელმაც წარმოადგინა ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლისა და 13 ნოემბრის გადაწყვეტილებები. 2018 წლის 27 თებერვლის გადაწვეტილებით, ფულადი ვალდებულების მეუღლეთა საერთო სავალო ვალდებულებად აღიარების შესახებ ნ.ტ.ასულ ც–სა და ა.ს. ძე კ–ას მიმართ დ.ა. ძე ა–ის სასარჩელო მოთხოვნებზე უარი ეთქვა. 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საერთო ქონებაში წილის გამოყოფის, ფულადი სახსრების გადახდევინების შესახებ ნ.ტ. ასულ ც–სა და ა.ს. ძე კ–ას მიმართ დ.ა. ძე ა–ის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ზომები ნ.ტ. ასულ ც–ას ქონებაზე გაცხადებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში 655 400 (ექვსასორმოცდათხუთმეტი ათას ოთასი) აშშ დოლარის ოდენობით ყადაღის დადების სახით.

10. 2019 წლის 18 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მერ 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა, იმ საფუძვლით, რომ აღარ არსებობს (გაუქმდა) განჩინება, რომლის ცნობა-აღსრულებასაც მხარე ითხოვდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ.ც–ას წარმომადგენლის ლ.ჭ–ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ყადაღა დაედო ნ.ტ. ასულ ც–ას ქონებას განცხადებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში 655 400 (ექვსასორმოცდათხუთმეტი ათას ოთხასი) აშშ დოლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული განჩინების საფუძველზე მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 17 ოქტომბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო განჩინებისა და სააღსრულებო ფურცლის შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული განჩინების აღსრულება რუსეთის ტერიტორიაზე არ განხორციელებულა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დ.ა–ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და ამავე წლის 14 ნოემბრის განჩინებით გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული დოკუმენტები გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეებს, მათი მხრიდან წარმოდგენილ იქნა უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული განჩინებები, რომლებიდანაც დგინდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს გაუქმდა. კერძოდ, რუსეთის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ფულადი ვალდებულების მეუღლეთა საერთო სავალო ვალდებულებად აღიარების შესახებ ნ.ტ. ასულ ც–სა და ა.ს. ძე კ–ას მიმართ დ.ა. ძე ა–ის სასარჩელო მოთხოვნებზე უარი ეთქვა. ამავე სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით კი - საერთო ქონებაში წილის გამოყოფის, ფულადი სახსრების გადახდევინების შესახებ ნ.ტ. ასულ ც–სა და ა.ს. ძე კ–ას მიმართ დ.ა. ძე ა–ის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ზომები ნ.ტ. ასულ ც–ას ქონებაზე გაცხადებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში 655 400 (ექვსასორმოცდათხუთმეტი ათას ოთასი) აშშ დოლარის ოდენობით ყადაღის დადების სახით. აღნიშნული გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის მარეგულირებელ ნორმებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდეგში: სსსკ) განსაზღვრავს, რომლის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.

14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს საქართველოს უზენაესი სასამართლო იხილავს. სსსკ-ის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი - საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა აღსრულების შუამდგომლობაზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ეროვნული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით.

15. მითითებული გარემოებების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში აღარ არსებობს ის გადაწყვეტილება, რომლის ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს. ამდენად, დავის საგნის არარსებობის გამო პალატა თვლის რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. ამავე კოდექსის 209-ე მუხლის თანახმად, 272-ე და 275-ე მუხლების შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განსახილველად მომზადების დროს საქმის წარმოება მოსამართლემ შეიძლება შეწყვიტოს ან სარჩელი (განცხადება) განუხილველად დატოვოს, რის შესახებაც მას გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი - საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

16. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობას, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, კერძოდ: სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საჭიროა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის აღსრულებამდე.

17. ზემოაღნიშნულ მსჯელობას ამყარებს სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

18. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნ.ც–ას (პ/ნ ....) აეკრძალა ქ. თბილისი ..........ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების (ს/კ.....) გასხვისება და სხვა რაიმე სახის ქონებრივი/უფლებრივი დატვირთვა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლისა და 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლითა და 272-ე მუხლის ა1 პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ც–ას წარმომადგენლის ლ.ჭ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება დ.ა–ის შუამდგომლობაზე მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, მოწინააღმდეგე მხარეების: ნ.ც–ასა და ა.კ–ას მიმართ;

3. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნ.ც–ას (პ/ნ .....) აეკრძალა ქ. თბილისი ........ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების (ს/კ .....) გასხვისება და სხვა რაიმე სახის ქონებრივი/უფლებრივი დატვირთვა;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი