Facebook Twitter

№330210118002480444

საქმე №ას-87-2019 7 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „კ.-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დსს „ე.-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა,

ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. დსს „ე.-ამ“ (შემდგომ - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ.-ის“ (შემდგომ - მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრედ ცნობა, მათი გამოთხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, ზიანის ანაზღაურების სახით 1 936 000 ლარისა და ყოველთვიურად 88 000 ლარის ანაზღაურება სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიულია და გასაჩივრების 14 დღიანი ვადის გაგრძელებას არ ითვალისწინებს.

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 2591 მუხლით და დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2018 წლის 22 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხის (აპელანტი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ 2018 წლის 22 ოქტომბრის სასამართლო სხდომას და მათთვის ცნობილი იყო სხდომაზე გამოცხადებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესახებ. (იხ. სხდომის ოქმი ტომი 3, ს.ფ.10-22)

7. საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი რწმუნებულება, რომლითაც მოპასუხის რწმუნებულებს მიენიჭათ სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებამოსილება (ტომი 3, ს.ფ. 3-4).

8. ამავდროულად, მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.

9. აპელანტები სსსკ-ის 2591 მუხლის მეორე ნაწილის სუბიექტებს არ წარმოადგენენ.

10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის, მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2018 წლის 22 ოქტომბერს. საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონით განსაზღვრულ ვადაში მომზადების ფაქტი, ასევე ის გარემოებაც, რომ გასაჩივრების უფლების მქონე პირებს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადმოცემის მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ.

11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, სსსკ-ის 2591 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2018 წლის 21 ნოემბრიდან და ამოიწურა 2018 წლის 5 დეკემბერს. საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 2018 წლის 6 დეკემბერს. საჩივარს არ ერთვის მისი ფოსტით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება. მეტიც, სააპელაციო საჩივრის აღნიშნულ თარიღში სასამართლოში წარდგენის ფაქტს ადასტურებს თვითონ აპელანტის წარმომადგენელი 2018 წლის 7 დეკემბრის განცხადებით საქმეზე N2/16617-18 დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა დადგენილი ვადის დარღვევით (ერთი დღის დაგვიანებით) - 2018 წლის 6 დეკემბერს, რაც წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სადავო განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიყოს მოპასუხისათვის მისი დასაბუთებული ასლის ჩაბარების მომენტიდან - 2018 წლის 22 ნოემბრიდან.

15. მხარემ განმარტა, რომ მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორი ცხოვრობს რაიონში. სააპელაციო საჩივარი შედგენილ იქნა 2018 წლის 4 დეკემბერს, იგი გადაეგზავნა დირექტორს ხელმოსაწერად, თუმცა 5 დეკემბერს იგი დაბრუნდა დაგვიანებით. წარმომადგენლებმა ვერ მოასწრეს სასამართლოსა და ფოსტის სამუშაო საათებში მისი შეტანა.

16. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, მხარეს უფლება ჰქონდა, სააპელაციო საჩივარი შეეტანა გასაჩივრების ვადის ბოლო დღეს 24:00 საათამდე. სასამართლოში 2018 წლის 5 დეკემბერს 18:07 საათზე გამოცხადებულ მოპასუხის წარმომადგენლებს კი განუმარტეს, რომ სამუშაო საათების ამოწურვის გამო კორესპონდენციას ვერ ჩააბარებდა. ამდენად, ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის არსებობას მნიშვნელობა ეკარგება. მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა შემდეგ სამუშაო დღეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

18. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

19. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

20. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.

21. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

22. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუსგ 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014).

23. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა, რაც სადავოდ არ გამხდარა.

24. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტის წარმომადგენელს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის წერილობით არ მიუმართავს. ასევე, დადასტურებულია, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილ ვადაში. შესაბამისად, მისი ჩაბარების მომენტიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, აღნიშნული კი გამორიცხავს მითითებულთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას.

25. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა, რომ სსსკ-ის 2591 მუხლის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 21 ნოემბრიდან და ამოიწურა 2018 წლის 5 დეკემბერს.

26. საქმეში არსებული მასალებით ირკვევა და კერძო საჩივრის ავტორმაც დაადასტურა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 2018 წლის 6 დეკემბერს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.

27. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ მოპასუხის დირექტორის რაიონში ცხოვრების გამო, სასამართლოს სამუშაო საათებში სააპელაციო საჩივრის წარდგენა ვერ მოხერხდა და მხარეს შესაძლებლობა არ მიეცა, სააპელაციო საჩივარი შეეტანა 2018 წლის 5 დეკემბერს 18:00 საათის შემდეგ.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 369-ე მუხლით განსაზღვრული 14-დღიანი ვადა იმპერატიულადაა დადგენილი და ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაშიც კი დაუშვებელია.

29. რაც შეეხება საპროცესო ვადის ბოლო დღის კონკრეტული საათის განსაზღვრას, რომლის განმავლობაშიც მხარე უფლებამოსილია, წარადგინოს საპროცესო დოკუმენტები, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო განეხორციელებინა სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, კერძოდ, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რამ შეუშალა ხელი ამ უფლების გამოყენებაში.

30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე