საქმე №ას-1823-2018 14 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ა. მ-ი, ბ. მ-ი, ნ. მ-ი, ს. მ-ა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“ (მოსარჩელე)
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ე. მ-ა, თ.- მ-ი, ა. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „მ-მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-ის, ბ. მ-ის, ნ. მ-ისა და ს. მ-ას (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად მოპასუხის მხარეს ჩართულ იქნენ ე. მ-ა, თ. მ-ი და ა. მ-ი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ა. მ-ს, ბ. მ-ს, ნ. მ-ს და ს. მ-ას დაევალათ, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორების მიერ ხარვეზი შევსებულ იქნა ნაწილობრივ, კერძოდ, კასატორების წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა არ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით ა. მ-ს, ბ. მ-ს, ნ. მ-ს და ს. მ-ას დაევალათ, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით ა. მ-ს, ბ. მ-ს, ნ. მ-ს და ს. მ-ას დაევალათ, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.
ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა კასატორების წარმომადგენელს ა. ა-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება რომ, გზავნილი 2019 წლის 26 იანვარს ჩაბარდა პირადად ა. ა-ს (იხ. ტ. 2 , ს.ფ. 72).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2019 წლის 27 იანვარს და ამოიწურა 2019 წლის 31 იანვარს. ამ დროის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 4 თებერვალს კასატორების წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი. წარმოდგენილ დოკუმენტზე დართული კონვერტით დასტურდება, რომ გზავნილი საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2019 წლის 1 თებერვალს (იხ. ტ. 2 ს.ფ. 82), ანუ კასატორებისათვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. მ-ის, ბ. მ-ის, ნ. მ-ის და ს. მ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. ა. მ-ს (პ/ნ 2-...), ბ. მ-ს (2-...), ნ. მ-ს (პ/ნ 2-...) და ს. მ-ას (პ/ნ 2-...) დაუბრუნდეთ ა. ა-ის (პ/ნ 2-...) მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური