Facebook Twitter

საქმე №ა-3811-ბ-9-2018 31 იანვარი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ მ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ტ. ე-ის სავარაუდო უფლებამონაცვლე მ. გ-ე, გ. ბ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება; განცხადების უზრუნველყოფა

დავის საგანი _ ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ. ე-ის, შპს „კ.“ და მ. მ-ას მიმართ 1996 წლის 15 ნოემბერს შპს „კ.“ და ტ. ე-ეს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2. ტ. ე-ემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი შპს ,,კ.“ და ტ. ე-ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 1996 წლის 15 ნოემბერს შპს ,,კ.“ და ტ. ე-ეს შორის დადებული ხელშეკრულება. ამავე გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი მ. მ-ას მიმართ არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ე-ემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ტ. ე-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მეორე და მეოთხე პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-ის სარჩელი შპს „კ.“ და ტ. ე-ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ _ 100 კვ.მ ფართის მქონე #20 ბინის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი 1996 წლის 15 ნოემბერს შპს „კ.“ და ტ. ე-ეს შორის დადებული ხელშეკრულება.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ე-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით ტ. ე-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. გ-ემ, რომლითაც მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის მოთხოვნა ძირითადად ემყარება შემდეგ ფაქტებს:

8.1. 1999 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, განმცხადებელმა შეიძინა გ. ბ-ის სარჩელით სადავოდ გამხდარი ბინა, შემძენმა შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება, თუმცა, ბინა არ გადასცემია. 2005 წლის 28 ოქტომბერს მ.გურგენიძეს წერილობით განემარტა, რომ ის ცნობილ იქნა დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმეზე. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, 2018 წლის 16 აპრილს დაადგინა ტ. ე-ესა და სამშენებლო კომპანია „კ.“ შორის 1996 წლის 15 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების სიყალბე, რომელიც წინამდებარე საქმოქალაქო საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა. 2018 წლის 5 აპრილს განმცხადებელი ცნობილ იქნა დაზარებულად. სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 16 აპრილის დადგენილებით მ.გურგენიძემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მის კუთვნილ ბინაზე 2012 წლის 17 იანვარს განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა, რაზეც უარი იმ მოტივით ეთქვა, რომ არსებობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილება. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მ.გ-ე მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი საპროცესო უფლებები: საკასაციო სასამართლომ უარი განაცხადა რა სადავო ქონების განკარგვის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო სამოქალაქო კოდექსის 485-ე მუხლი. განმცხადებელი, როგორც მხარე, არ ყოფილა მიწვეული საქმის განხილვაზე, ამასთანავე, დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია.

8.2. გარდა ზემოხსენებულისა, განმცხადებელმა მოითხოვა საქმის წარმოების განახლების თაობაზე საკუთარი განცხადების უზრუნველყოფის მიზნით სადავო უძრავ ქონებაზე (ს/კ #01....) ყადაღის დადება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო მ. გ-ის განცხადებას, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე, არ უნდა დაკმაყოფილდეს მ.გ-ის მოთხოვნა განცხადების უზრუნველყოფის მიზნით სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. დასახელებული ნორმა ადგენს საქმის საგამონაკლისო წარმოების იმ წინაპირობას, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ურთიერთობა პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ პირის უფლებაზე, რომელიც საქმეში არ იყო ჩაბმული და არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაცვის შესაძლებლობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, განსახილველი ნორმა ადგენს საქმის წარმოების განახლების ფორმალურ წინაპირობებს, თუმცა, არსებობს თუ არა ხსენებული საფუძვლით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები, საკითხის არსებითი შესწავლა-გადაწყვეტის გზით უნდა დადგინდეს. განცხადებით მოთხოვნილი საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე საკითხზე:

1.1. საქმის მასალებისა და განცხადებაში მოყვანილი გარემოებების ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შესწავლის შედეგად უდავოდ დასტურდება მ.გ-ის ნამდვილი ინსტერესი დავის საგნის მიმართ, ამასთანავე ის, როგორც მხარე, მართლაც არ ყოფილა მოწვეული საქმის განხილვაზე, თუმცა, ნიშანდობლივია თავად იმ სარჩელის პროცესუალური მხარე, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაა შეფასებული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ბ-ე მოითხოვდა 1996 წლის 15 ნოემბერს შპს „კ.“ და ტ. ე-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, იმგვარად, რომ მას ქონების მიკუთვნება, რომლის განკარგვის თაობაზეც ეს ხელშეკრულება იყო დადებული, არ მოუთხოვია. შეიძლება ითქვას, რომ პროცესუალური თვალსაზრისით წარმოდგენილი სარჩელი იყო აღიარებითი და საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით მოხდა ხელშეკრულების ნამდვილობის აღიარება, კერძოდ, გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოდავე მხარეთაგან სადავო ნივთი პირველად რომელს გადაეცა მფლობელობაში და სამოქალაქო კოდექსის 485-ე მუხლის საფუძველზე უარი განაცხადა ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივია, საკასაციო სასამართლო არ გასცდენია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და არ უმსჯელია სადავო ქონების მიკუთვნების საკითხზე. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება წარმოადგენს ტ.ე-ის ქონების მფლობელობაში გადაცემის ფაქტის კონსტატაციას და მას რაიმე გავლენა არ მოუხდენია საკუთრების უფლებაზე.

1.2. საკასაცო სასამართლო მოიშველიებს ბოლო დროს დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას აღიარებითი სარჩელების დასაშვებობის თაობაზე და განმარტავს, რომ ამ ტიპის სარჩელი სამართლებრივი ეფექტის მომტანი მოდავე სუბიექტის უფლების დარღვევამდე, თუმცა, მისი დარღვევის სიცხადის პირობებშია და არა უფლების დარღვევის შემდგომ. სწორედ ამიტომ მოიხსენიება ამგვარი სარჩელები უფლებადამდგენად. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუკი პირს შეუძლია აღძრას სხვა ტიპის, მაგ: მიკუთვნებითი სარჩელი.[1]

2. უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ საკუთრების, როგორც კონსტიტუციით, ისე _ საერთაშორისო სამართლის აქტებით (მაგ: ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი) აღიარებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუკი განმცხადებელი სამოქალაქო საქმის განხილვისას დაადასტურებს, რომ მის მიერ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია და მან მართლაც მოიპოვა საკუთრების უფლება დავის საგანზე, ვერც საკასაციო პალატის სადავო გადაწყვეტილება და ვერც საჯარო რეესტრში ამ გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია ვერ გახდება დამაბრკოლებელი ნივთზე უფლების გადაცემის შესახებ ახალი სარჩელისა, რადგანაც, როგორც ითქვა, საკასაციო პალატას 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით ქონებაზე საკუთრების უფლება არ განუსაზღვრავს, ხოლო აღიარებითი სარჩელის უარყოფის შესახებ გადაწყვეტილება სწორად გახდა თუ არა მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი, განსახილველი დავის ფარგლებს სცდება.

3. პალატა აქვე გაამახვილებს ყურადღებას განმცხადებლის იმ არგუმენტზე, რომლის თანახმადაც საქმის წარმოების განახლება მათ შორის იმ საფუძვლით უნდა მოხდეს, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეს გარემოება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველია, თუკი განმცხადებელი დაადასტურებს ამავე ნორმის მე-2 ნაწილის წინაპირობის არსებობას, თუმცა, ამ საკითხის დეტალურ კვლევას პალატა აღარ შეუდგება, ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე.

4. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე განჩინებით პასუხი უნდა გაეცეს ასევე მოწინააღმდეგე მხარის საკითხს: საქმის წარმოების განახლების შესახებ მ.გ-ის განცხადების დასაშვებად ცნობის შემდგომ საკასაციო სასამართლომ დადგენილი წესით სცადა განცხადებისა და თანდართული მასალების ტ.ე-ის ჩაბარება, საბოლოოდ, სამოქალაქო საპროცესო კოსდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, შესაძლებელი გახდა ადრესატის მოძიება და გაირკვა, რომ იგი გარდაიცვალა 2018 წლის 15 სექტემბერს.[2] მართალია, მისმა პოტენციურმა პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ _ მეუღლემ[3] (რომელიც ცხოვრობს მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაში)[4] არ ჩაიბარა სასამართლოს გზავნილი, რაც, ფორმალური თვალსაზრისით, საქმის წარმოების შეჩერების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობას წარმოადგენდა უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუმცა, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიზნებიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილების ზემოხსენებული საფუძველი, საკასაციო პალატამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნია განცხადების შესწავლა გარდაცვლილი პირის სავარაუდო უფლებამონაცვლის მიმართ.

5. რაც შეეხება მარიამ გურგენიძის მოთხოვნას საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების უზრუნველყოფის თაობაზე, პალატა მას უსაფუძვლოდ მიიჩნევს რამდენიმე გარემოების გამო:

5.1. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვისას პირის უფლებადამცავ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 432-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო ტ.ენდელაძის სახელზე, შესაბამისად, ხსენებული ნორმა, თეორიული თვალსაზრისით, ვერ მოახდენდა მ.გურგენიძის უფლების დაცვას. ამ საფუძვლიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის შეფასება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის ფარგლებში. დასახელებული ნორმის წინაპირობები კი, შემდეგია: განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა; ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით უნდა იკვეთებოდეს მოთხოვნის წარმატებულობა. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით უძრავ ქონებაზე (ს/კ #01....) დასტურდება, რომ ნივთი გარდაცვლილი პირის სახელზეა რეგისტრირებული, ამასთანავე, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ არც სამკვიდროს მიღების კანონისმიერი ვადაა გასული და არც რომელიმე მემკვიდრეს აქვს მიღებული სამკვიდრო,[5] შესაბამისად, განმცხადებლის ვარაუდი, რომ შესაძლებელია ქონება გასხვისდეს, ხოლო გადაწყვეტილების შემდგომი აღსრულება შეუძლებელი გახდეს, გაუმართლებელია, უფრო მეტიც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მარიამ გურგენიძის განცხადება პროცესუალური თვალსაზრისით იყო რა უსაფუძვლო, მისი მტკიცების გაზიარება განცხადების უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის კონტექსტშიც დაუშვებელია, რაც ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 372-ე, 399-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. მ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე

[1] პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. სუსგ-ებები: #ას-664-635-2016 [დიდი პალატა], 02.03.2017წ. #ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; #ას-937-887-2015, 10.11.2015; #ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; #ას-773-730-2015, 08.09.205წ.; #ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; #ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ.

[2] იხ. გარდაცვალების მოწმობა

[3] იხ. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლი.

[4] იხ. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი.

[5] იხ. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი