საქმე №ას-783-783-2018 13 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე. ჯ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ. გ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ჯ-ას (შემდგომში _ მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი ან მფლობელი) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ #0-..., შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვის, გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემისა და სარჩელის აღძვრიდან (30.11.2016წ.) საქმის განხილვის დასრულებამდე მფლობელისათვის ყოველთვიურად 250 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. მოსარჩელის მეუღლე გარდაიცვალა 2015 წლის 24 დეკემბერს, რომლისგანაც მემკვიდრეობით მიიღო სადავო უძრავი ქონება. სადავო ქონება შეძენილია 2015 წლის 30 მარტს აუქციონზე 69 160 ლარად, თუმცა მესაკუთრე შეძენის დღიდან ვერ სარგებლობს ნივთით, რადგანაც თავდაპირველად მას უკანონოდ ფლობდა ჯ. ჯ-ა, რომლის მიმართაც 2016 წლის მარტში სარჩელი აღძრა მესაკუთრემ ქონების გამოთხოვის მოთხოვნით. ჯ.ჯ-ას გარდაცვალების გამო საქმის წარმოება შეწყდა, თუმცა, ამჯერად ქონებით უკანონო სარგებლობს გარდაცვლილის შვილი _ მოპასუხე, რომელიც მესაკუთრის მრავალი თხოვნა-გაფრთხილების მიუხედავად არ ათავისუფლებს მას, გარდა ამისა, მოსარჩელეს მოპასუხის უკანონო მფლობელობით ადგება ზიანი, რის გამოც, მფლობელს სარჩელის აღძვრიდან საქმის დასრულებამდე უნდა დაეკისროს თვეში 250 აშშ დოლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია:
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული ნივთი ჩაბარდა მესაკუთრეს, ამავე გადაწყვეტილებით 2016 წლის 30 ნოემბრიდან დავის დასრულებამდე მფლობელს, მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად დაეკისრა 250 აშშ დოლარის გადახდა;
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2016 წლის 8 დეკემბერს მოპასუხეს პირადად ჩაბარდა სასამართლოს გზავნილი (სარჩელი და თანდართული მასალები). შესაგებლის წარმოსადგენად მას განსაზღვრული ჰქონდა 10 დღე;
1.2.2. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია;
1.2.3. დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის თანახმად:
ა) შესაგებლის შეუტანლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მფლობელისათვის უცნობი იყო ის სამართლებრივი შედეგები, რაც შეიძლება მოჰყოლოდა მის მიერ საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობას;
ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარე არ იმყოფებოდა ქალაქში და ვერ შეძლო კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღება;
გ) მოსარჩელის მიმართ მფლობელს აქვს გარკვეული ოდენობით დავალიანება და მასთან აწარმოებს მოლაპარაკებას შესაძლო მორიგების თაობაზე.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, უშუალოდ მხარისათვის კორესპონდენციის ჩაბარება მის ინფორმირებულად მიჩნევისა და შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის თანახმად, ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს ამომწურავად განემარტა შესაგებლის წარუდგენლობის შესაძლო შედეგების თაობაზე. ვინაიდან დადგენილ ვადაში შესაგებელი არ იქნა წარდგენილი, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად იხელმძღვანელეს ამავე კოდექსის 2321 მუხლით და სწორად მიიჩნიეს, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები (სარჩელში მითითებული გარემოებები (იხ. აღწერილობითი ნაწილის 1.2. პუნქტი) სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მთხოვნას, ამასთანავე, უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის განსაკუთრებული რეჟიმიდან გამომდინარე, პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში საჯარო რეესტრის ამონაწერის არსებობის საკითხზეც, გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად, შესაგებლის წარუდგენლობის გამო დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის უკანონო მფლობელობის ფაქტი, სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის საფუძველზე, გამართლებულია უსაფუძვლო გამდიდირების გათანაბრების შესახებ სარჩელი). რაც შეეხება მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შემადგენლობის არსებობას. ამ მხრივ რაიმე გონივრულ დასაბუთებას არც საკასაციო საჩივრით არ სთავაზობს მოპასუხე სასამართლოს. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნივთის ვინდიცირების/უსაფუძვლო გამდიდრების გათანაბრებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების წარმოდგენას მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს მიუხედავად იმისა, ეს მტკიცებულებები მხარემ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საპატიო მიზეზით წარაადგინა თუ არა, ხსენებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო მსჯელობის ფარგლებს და ადგენს, რომ შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებები და სხდომათა ოქმებში ასახული განმარტებები. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, მით უფრო გაუმართლებელია იმგვარი მტკიცებულებების განმეორებით წარდგენა, რომლებიც დედნის სახითაა საქმეში დაცული. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატა უბრუნებს მხარეს მის მიერ წარმოდგენილ გასაჩივრებული განჩინების ასლს.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. კასატორის მიერ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 150 ლარი. ვინაიდან ვინდიკაციური მოთხოვნის გარდა წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრება, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის „ე“ ქვეუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უნდა განისაზღვროს დავის საგანის ღირებულება (იხ. სსსკ-ის 40.2 მუხლი) და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი) კასატორს დამატებით უნდა დაეკისროს 120,37 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ჯ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ე. ჯ-ას (პ/#0-...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დამატებით დაეკისროს 120,37 ლარის გადახდა.
3. ე.ჯ-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება _ გასაჩივრებული განჩინების ასლი 6 (ექვსი) ფურცლად (ს.ფ. 142-147).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი