Facebook Twitter

საქმე №ას-196-196-2018 18 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ნ. და ი. ბ-ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს მ-ოს“ უფლებამონაცვლე სს „კ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სესხის ძირი თანხის 1 500 აშშ დოლარით შემცირება, ასევე, სესხის სარგებლის, სიცოცხლის დაზღვევის, საკომისიოსა და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს მ-ომ“ (უფლებამონაცვლე სს „კ-ი“ შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და ი. ბ-ების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები ან მოვალეები, ნ.ბ-ი ასევე წოდებული, როგორც მსესხებელი, ხოლო ი.ბ-ი _ სოლიდარული თავდები) მიმართ, მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 8 879,19 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 29 ნოემბერს მოსარჩელესა და მსესხებელს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა10 000 აშშ დოლარი 21 თვის ვადით. ყოველთვიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 2,55%-ს. გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს დაერიცხებოდა ჯარიმა ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო, გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებული იყო მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო, აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნეოდა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად (მოსარჩელე კომპანიის მსესხებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს „ს-იში“). ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა მსესხებლისათვის სესხისა ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავდა გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით. 2014 წლის 22 ნოემბერს ი.ბ-თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია, თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი გაფრთხილების შემდგომ. 2015 წლის 5 სექტემბრის შემდგეგ, სესხის გადაუხდელობამ და ხელშეკრულების პირობების დარღვევამ მიიღო სისტემატური და უწყვეტი ხასიათი. დავალიანება შეადგენს 8 991,69 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხა 6500 აშშ დოლარია, სარგებელი _ 1 184,09 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა _ 150 აშშ დოლარი, საკომისიო _ 24,5 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო _ 1 020,6 აშშ დოლარი.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ მსესხებელი თანხას იხდიდა გრაფიკით და სესხი სრულად აქვს დაფარული. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი. მსესხებლის განმარტებით, ვინაიდან მან 10 000 აშშ დოლარი ისესხა და დაფარული აქვს 5 000 აშშ დოლარი, დავალიანების ოდენობა შეადგენს 5 000 აშშ დოლარს, რაც უნდა დაეკისროს მას, მაგრამ ვაუჩერში მითითებული კურსით ლარებში. მოპასუხეებმა ასევე მიუთითეს, რომ მოსარჩელე მსესხებელს დაპირდა დამატებითი სესხის გაცემას, მაგრამ დაპირება არ შეასრულა, რის გამოც მათ საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო არ უნდა დაეკისროთ, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს დასკვნით პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია, ის უნდა შემცირდეს 0,01%-მდე. მოპასუხეთა მოსაზრებით, უსაფუძვლოა ასევე მოთხოვნა დაზღვევის თანხის დაკისრების შესახებაც.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალეებს კრედიტორის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის - 6 500 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის - 1 184,09 აშშ დოლარის, სიცოცხლის დაზღვევის - 150 აშშ დოლარის, საკომისიოს - 24,5 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოვალეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კრედიტორის სასარგებლოდ 5 000 აშშ დოლარის დაკისრება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დამაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სესხის ძირი თანხის 1 500 აშშ დოლარით შემცირება, ასევე, სესხის სარგებლის, სიცოცხლის დაზღვევის, საკომისიოსა და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2014 წლის 29 ნოემბერს მოსარჩელესა და მსესხებელს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 10 000 აშშ დოლარი 21 თვის ვადით. ყოველთვიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 2,55%-ით. გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა ჯარიმა ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა მსესხებლისათვის სესხისა ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავდა გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით. ხელშეკრულებაში განისაზღვრა სესხის გაცემის მიზანი _ უკვე არსებული სესხის დაფარვა. ახალი სესხით ავტომატურად გადაიფარა ძველი სესხი, რის შემდეგაც დარჩენილი თანხა - 6 135,21 აშშ დოლარი გაიცა მსესხებელზე ორ ნაწილად შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში;

1.2.2. აღებული სესხის უზრუნველსაყოფად 2014 წლის 22 ნოემბერს მეორე მოპასუხესთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი გაფრთხილების შემდგომ;

1.2.3. აპელანტები რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ მხოლოდ დაკისრებული ძირითადი ვალის _ 6 500 ლარის ფარგლებიდან 1 500 ლარის ნაწილში და ამტკიცებენ, რომ მათ სესხის დაპირების ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 500 ლარი წინსწრებად აქვთ გადახდილი, ხოლო 5 000 ლარის დაკისრების ნაწილში ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას. საქმის მასალების თანახმად, ირკვევა, რომ მოვალე უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2015 წლის 5 სექტემბრის შემდგომ. სესხის გადაუხდელობის გამო, მსესხებელსა და თავდებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები ვადაგადაცილებული თანხების გადახდის თაობაზე. მოპასუხე მხარე 1 500 ლარის ძირი თანხიდან დაკისრების არამართებულობას აფუძნებს საქმეში წარმოდგენილ 2015 წლის 16 სექტემბრით განმცხადებლის მიერ ხელმოწერილ წერილზე, სადაც მსესხებელი გამსესხებლის ხელმძღვანელ პირს ატყობინებს მას და ორგანიზაციის ფილიალის თანამშრომლებს შორის სესხის შეპირების ზეპირი გარიგების თაობაზე იმ მიმართებით, რომ ორი შენატანის შემდეგ უკანვე მისცემდნენ 2 500 აშშ დოლარის სესხს. მსესხებელი აღნიშნავს, რომ მან მესამე პირისგან ისესხა 2 300 აშშ დოლარი და შეიტანა ორგანიზაციის სახელზე, თუმცა დარჩა მოტყუებული. სესხის წერილობით დაპირების ხელშეკრულება მოპასუხეს სასამართლოში არ წარუდგენია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს სესხის დაპირების, ვალდებულების მოცულობის შემცირებისა და მათი გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სესხის დაპირების ხელშეკრულებასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 628-ე მუხლითა და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1. მუხლის დებულებებით. იმ პირობებში, როდესაც ფაქტის მიმთითებელმა მხარემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ვერ წარადგინა სესხის დაპირების წერლობითი ხელშეკრულება, პალატამ მართებულად უარყო მოვალეთა ხსენებული პოზიცია, რაც შეეხება თავად სესხის, სარგებლის, დაზღვევისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მხრივ ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილება დასაბუთებულია: უდავოა, რომ მოვალემ გადააცილა შესრულების ვადას (სკ-ის მე-400 მუხლი), შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნა გამართლებულია სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 623-ე, 625-ე, 627-ე, 799-ე, 844-ე, 891-ე და 895-ე მუხლების თანახმად. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორები ვერ ამტკიცებენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვლის, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ ნ. ბ-ის მიერ 26.03.2018წ. #16414342 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 393 ლარის, 70% _ 257,1 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. და ი. ბ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: ნ. ბ-სა (პ/#2-...) და ი. ბ-ს (პ/#2-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ნ. ბ-ის მიერ 26.03.2018წ. #16414342 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 393 ლარის 70% _ 257,1 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი