Facebook Twitter

საქმე №ას-523-489-2017 22 ივნისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ-ა (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხეები: მ. კ-ო, მ. ბ–ი, ბმა „ი-ი“, თავმჯდომარე მ. ი-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ა. მ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ–ის, მ. კ-ოს, მ. ბ–ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი-ის“ თავმჯდომარე მ. ი-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, ნ.ბ–ი ასევე წოდებული, როგორც აპელანტი ან კასატორი, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა _ ამხანაგობა) მიმართ და მოითხოვა ამხანაგობის 2008 წლის 10 ივლისის #2 კრების ოქმის, ნ. ბ–სა და მ. კ-ოს შორის 2008 წლის 8 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ამხანაგობის 2012 წლის 6 ივნისის #17 კრების ოქმის ბათილად ცნობა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე რეგისტრირებულია ქ.თბილისში, ა–ის ქ#23-ში, თუმცა, ამ მისამართზე მდებარე ბინით ვერ სარგებლობს მისი ავარიულობის გამო, მას ასევე ეკუთვნის სარდაფი, თუმცა საკუთრების ობიექტს არ აქვს ნუმერაცია, რადგან იტალიური ტიპის საცხოვრებელს წარმოადგენს. სარდაფი მდებარეობს თ. კ-ის ბინის ქვეშ და მოსარჩელის გარდა ეკუთვნის ვეკუების ოჯახსაც. 2014 წლის ნოემბერში მოსარჩელემ გადაწყვიტა სარდაფზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა, საჯარო რეესტრის განმარტებით, მიუხედავად ნასყიდობის ხელშეკრულებაში საკუთრების ობიექტად ასევე 10 კვ.მ სარდაფის მითითებისა, ვინაიდან იგი თანასაკუთრების ობიექტს წარმოადგენს, საჭიროა ამხანაგობის გადაწყვეტილება და აზომვითი ნახაზი. აზომვითი ნახაზის მომზადებისას აღმოჩნდა, რომ სარდაფის ჩასასვლელი იყო გადაღობილი და ედო ბოქლომი, ამხანაგობის თავმჯდომარის განმარტებით, სადავო სარდაფს ფლობს ნ.ბ–ი, კერძოდ 2012 წლის 6 ივნისის #17 ოქმის საფუძველზე მას გადაეცა 25 კვ.მ სარდაფი, რომელიც მოიცავს მოსარჩელის 10 კვ.მ ფართსაც. ოქმი შედგენილია მ.ბ–ის მიერ, რომელიც იმ დროისათვის ამხანაგობის წევრი არ იყო და არც თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების უფლება ჰქონია მინიჭებული, შესაბამისად, ეს კრების გადაწყვეტილება ბათილია. 2008 წლის 10 ივლისის #2 ოქმით მ.კ-ოს გადასცემია სადავო სარდაფი. ამხანაგობის კრებას ესწრებოდა 12 წევრი მაშინ, როდესაც ამხანაგობა 40 წევრისაგან შედგება. მ.კ-ო თ.კ-ის დის შვილია, რომელმაც ქონება მემკვიდრეობით მიიღო და გაურკვეველია, რატომ გადაეცა მას სარდაფი, გარდა ამისა, 2008 წლის 8 სექტემბერს მ.კ-ოს 18,36 კვ.მ სარდაფი მიუყიდია ნ.ბ–ისათვის, შესაბამისად, ნასყიდობა არაუფლებამოსილი პირის მიერაა გაფორმებული, გარდა ამისა, შემძენი არ არის კეთილსინდისიერი.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. ნ. ბ–მა სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით, მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას გამოიწვევდა, ამასთანავე, სარჩელს არ ერთვის ამხანაგობის გადაწყვეტილებათა ბათილობის დამადასტურებელი დოკუმენტები (არ დგინდება, რომ ამხანაგობის კრება არ ჩატარებულა, ამასთანავე, მ.ბ-ს მინიჭებული ჰქონდა ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილება);

2.2. მ. კ-ოს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია;

2.3. მ. ბ–მა სარჩელი ცნო. მისი განმარტებით კრების თავმჯდომარედ არის მითითებული ოქმებში, მაგრამ არც ერთი კრება არ ჩატარებულა, საერთოდ მოწვეულიც არ ყოფილა, თ. კ-ის ბინა თვითონ შეიძინა, რომელსაც სარდაფი არასოდეს ჰქონია, კრების ოქმები ნ. ბ–მა შეადგინა და მანვე მოაწერინა ხელი მეზობლებს

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 2008 წლის 10 ივლისის #2 კრების ოქმი, ნ. ბ–სა და მ. კ-ოს შორის 2008 წლის 8 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ამხანაგობის 2012 წლის 6 ივნისის #17 კრების ოქმი.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ბ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ხოლო, ა. მ-ას სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი. ვიდრე პალატა საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, ყურადღებას საკასაციო სამართალწარმოების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილებს:

1.1.1. საკასაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით, კერძოდ: სასამართლო უპირველესად ამოწმებს, ხომ არ ვლინდება გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება კასატორის პრეტენზიების დასაბუთებულობა, ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში.

1.1.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ისე _ მისი უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მათი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

1.2. საკასაციო პალატა მიუბრუნდება განსახილველ საკითხს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის კვლევას შეეხება. უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და, დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:

ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში;

ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;

გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

1.2.1. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.

1.2.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი რამ სასამართლომ გადაწყვეტილებით აღიაროს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ-ები # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; #ას-937-887-2015, 10.11.2015; #ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.205წ.; #ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; #ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

1.3. განსახილველ შემთხვევაში, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სურს, საკუთრებაში მიიღოს სადავო მისამართზე მდაბარე 10 კვ.მ სარდაფი, რომელიც არსებული მდგომარეობით სხვა პირის საკუთრებადაა რეგისტრირებული და იგი არ ეთანხმება ამ რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს. უდავოა, რომ უძრავი ნივთი, რომელზე პრეტენზიასაც მხარე აცხადებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ობიექტს წარმოადგენდა. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კნონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალური საკუთრების საგნის ცნებას (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ)) და ამავე ნორმის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. მართალია, კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სარდაფის ამხანაგობის წევრის საკუთრებაში გადაცემის საკითხის გადაწყვეტა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების კომპეტენციას განეკუთვნება, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც ქონება ამ წესით უკვე განკარგულია და მხარე ამ განკარგვას სწორედ იმ საფუძვლით არ ედავება, რომ რეგისტრირებულ მესაკუთრესთან შედარებით საკუთრების უკეთესი უფლება გააჩნია, მან სასამართლოს არა რეგისტრირებული საკუთრების დამდგენი დოკუმენტების ბათილად ცნობის, არამედ სადავო ქონების მიკუთვნების მოთხოვნით უნდა მიმართოს, რომლის მტკიცების საგანს და არა სასარჩელო მოთხოვნას შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეულ დოკუმენტთა ნამდვილობა. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის საშუალებას მიკუთვნებითი სარჩელი წარმოადგენს, თავის მხრივ, სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის იმპერატიული შეზღუდვიდან გამომდინარე, ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას და ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმას, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ აღიარებითი სარჩელი, განსახილველ შემთხვევაში, დაუშვებელია.

1.4. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. (საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).

1.5. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და, მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც ვლინდება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

2. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების დასაბუთება:

2.1. აღიარებითი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 24 მარტის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ნ. ბ–ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას _ სარდაფს, მდებარე ქ.თბილისში, ა–ის ქ#23-ში (ს/კ #0-...);

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით ა.მ-ას სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მისი უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებაც.

3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

საკასაციო სასამართლოს დაზუსტებული საკასაციო საჩივრით მომართა კასატორმა და წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე კანონმდებელი კრძალავს მტკიცებულებათა მიღების შესაძლებლობას, მიუხედავად მათი წარდგენის საპატიოობისა, ვინაიდან ამ ინსტანციის სასამართლოში შესაბამისი წინაპირობების გათვალისწინებით, მოწმდება საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული განმარტებების შეფასების კანონიერება, ამდენად, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, მიიღოს დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები, რომელთაც, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უბრუნებს მხარეს.

4. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 187-ე, 1991, 372-ე, 399-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება და ა. მ-ას სარჩელი ნ. ბ–ის, მ. კ-ოს, მ. ბ–ისა და ბმა „ი-ის“ (თავმჯდომარე მ. ი-ე) მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი----ის“ 2008 წლის 10 ივლისის #2 და 2012 წლის 6 ივნისის #17 კრების ოქმების, ასევე, ნ. ბ–სა და მ. კ-ოს შორის 2008 წლის 8 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ნ. ბ–ის (პ/#0-...) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას _ სარდაფს, მდებარე ქ.თბილისში, ა–ის ქ#23-ში (ს/კ # 0-...).

4. კასატორს დაუბრუნდეს დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 8 (რვა) ფურცლად.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე