საქმე №ას-315-315-2018 18 ივნისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „თ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ო-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ. ო-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელესა და შპს „ს-ის“ უფლებამონაცვლე მოპასუხეს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის უვადო სამართალურთიერთობად აღიარება, დამსაქმებლის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, დამსაქმებლის მთავარ სპეციალისტად მოსარჩელის აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (2016 წლის 11 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1 500 ლარი (დასაბეგრი), ასევე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანებული თანხის 0,07%-ის გადახდა).
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე 2003 წლიდან მუშაობდა შპს „თ-აში“, ბუღალტრის, შემდგომ _ ინჟინრის თანამდებობაზე, 2010-2011 წლებში, შესყიდვებისა და მომარაგების განყოფილების სპეციალისტად. ქ.თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის #31.20.1452 დადგენილებით „თ-ის“ ბაზაზე, სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შეიქმნა შპს „ს-ი“, სადაც 1 თებერვლიდან დასაქმებული დაინიშნა შესყიდვების განყოფილების წამყვან სპეციალისტად, ხოლო 2015 წლის 1 ივლისიდან გადაყვანილ იქნა იმავე განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ქ.თბილისის მთავრობის 2016 წლის 4 მაისის #17.06.401 განკარგულებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული რამოდენიმე საწარმო, მათ შორის, შპს „ს-ი“ შეერწყა შპს „თ-ს“, რის შემდგომაც მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება განახლდებოდა 6-თვიანი ვადით, უწყვეტად. დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1 100 ლარს, ხოლო, ახალი საშტატო განრიგით მთავარი სპეციალისტის ხელფასს შეადგენდა 1 500 ლარი. ბოლო ხელშეკრულება მხარებს შორის გაფორმდა 2016 წლის 1 მაისიდან 11 მაისამდე. 11 მაისს დამსაქმებელმა შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების ვადის გასვლის მოტივით, რაც არასწორია, რადგანაც მხარეებს შორის არსებობდა უვადო სამართლებრივი ურთიერთობა, მოსარჩელე ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა შპს „ს-ში“ უწყვეტად, შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის გასვლა ვერ იქნება მიჩნეული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერ საფუძვლად.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა მოთხოვნას და განმარტა, რომ 2003 წლიდან 2011 წლამდე მოსარჩელე დასაქმებულ იყო შპს „თ-აში”, ხოლო, 2011 წლის 1 თებერვლიდან _ შპს „ს-ში“ შესყიდვების განყოფილების წამყვან სპეციალისტად, 2015 წლის 1 ივლისიდან გადაყვანილ იქნა იმავე განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. შპს „ს-ის“ დირექტორის 2016 წლის 3 მაისის #458-ე ბრძანებით ვადიანი შრომითი ურთიერთობის ფარგლებში 2016 წლის 11 მაისამდე დანიშნულ იქნა შესყიდვების განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დასაქმებულთან სახელშეკრულებო ურთიერთობა აღარ განახლებულა. მოსარჩელემ 2016 წლის 3 ივნისის განცხადებით მიმართა კომპანიას და მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთება, რომელიც ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2016 წლის 6 ივნისს და განემარტა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი წარმოადგენდა, შესაბამისად, არ არსებობს გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ბრძანების ბათილობის საფუძველი. ვინაიდან სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა, როგორც მეორადი, წარმოადგენს უკანონოდ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობის თანმდევ შედეგს, ძირითადი მოთხოვნის უსაფუძვლობიდან გამომდინარე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მეორადი მოთხოვნის კანონიერებაზე მსჯელობა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიარებული იქნა მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა უვადო შრომით სამართალურთიერთობად, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოსარჩელის მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მოსარჩელე აღდგენილ იქნეს მოპასუხე კომპანიის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, დამსაქმებელს 2016 წლის 11 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის _ თვეში 1 500 ლარის (დასაბეგრი), ასევე, დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იძულებითი განაცდურის დაყოვნების ყოველი დღისათვის დავალიანებული თანხის 0,07%-ის დაკისრების ნაწილში და მოსარჩელის ხსენებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მხარეთა შორის დადებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულება (2003 წლიდან 2011 წლის 1 თებერვლამდე მოსარჩელე დასაქმებული იყო შპს „თ-აში“, ხოლო 2011 წლის 1 თებერვლიდან უწყვეტად მსახურობდა შპს „ს-ში“, 2015 წლის 1 სექტემბრიდან მოსარჩელე შპს „ს-ის“ მთავარ სპეციალისტად მუშაობდა შესყიდვების განყოფილებაში. ბოლო შრომითი ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 1 მაისს და მოქმედებდა 11 მაისამდე. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე კვლავ განწესებულია შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „ს-ის“, შპს „უ-ის“, შპს „თ-ისა“ და შპს „თ-ის“ რეორგანიზაციის (შერწყმა(მიერთება)) დასრულების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 4 მაისის #17.06.401 განკარგულების საფუძველზე, პირველი სამი კომპანიის შპს „თ-თან“ შერწყმის გზით რეორგანიზაცია დასრულდა 2016 წლის 16 მაისს, შესაბამისად, მოპასუხე წარმოადგენს შერწყმამდე არსებული სამართალსუბიექტის უფლებამონაცვლეს, თანახმად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 144 მუხლის მე-4 პუნქტისა);
1.2.2. 2016 წლის 11 მაისს, მას შემდეგ, რაც გავიდა ბოლო შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა, დამსაქმებლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გაგრძელებულიყო შრომითი ურთიერთობა მოსარჩელესთან, რის თაობაზეც მას 2016 წლის 3 ივნისის გაეგზავნა წერილი. აპელანტი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მის გაგრძელებაზე უარს განხორციელებულ რეორგანიზაციას უკავშირებს, მაგრამ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
1.2.3. შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის გამო დასაქმებულმა ვერ მიიღო შრომის ანაზღაურება. დამსაქმებლის 2015 წლის 30 ოქტომბრის საშტატო განრიგის თანახმად, შესყიდვების სამსახურში არსებობდა 2 მთავარი სპეციალისტის ვაკანსია და შრომის ანაზღაურება შეადგენს 1 500 ლარს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 4 მაისის #17.06.401 განკარგულებით კი (რომლითაც დასრულდა კომპანიების შერწყმა), მოწონებულ იქნა დამსაქმებლის სტრუქტურა და დასაქმებულთა სახელფასო განაკვეთები. განკარგულების დანართად, წარმოდგენილი საშტატო განრიგის შესაბამისად, მოპასუხე დაწესებულებაში უკვე არსებობს შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის 3 და არა 2 ვაკანსია და შრომის ანაზღაურება შეადგენს 1 500 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მოტივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ მოსარჩელის დასაქმება 2016 წლის 14 ივნისიდან სს „ს-ის“ ელექტრომომარაგების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკურ განყოფილებაში ინჟინრის თანამდებობაზე ვერ მოახდენს გავლენას დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების სრულად მიცემაზე;
1.2.4. დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნებული ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს _ 0,07%-ის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ მიმდინარე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, როდესაც დასაქმებული და დამსაქმებელი ერთმანეთთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ (მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ ვადას).
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. პალატა უარყოფს კასატორის შედავებებს, რომლებიც ძირითადად შრომითი ურთიერთობის ვადის, ასევე, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგებს შეეხება და მიიჩნევს, რომ ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.1. პუნქტში მითითებული ფაქტების გათვალისწინებით ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად იხელმძღვანელეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 144 მუხლის მე-4 პუნქტითა და შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 ნაწილით. ვინაიდან უვადო შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლა), სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე სწორად გააბათილა დამსაქმებლის ცალმხრივი ნება და შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სწორად აღადგინა დასაქმებული გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე. რაც შეეხება განაცდურს, ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით და მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 22.03.2018წ. #594309 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის, 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „თ-ს“ (ს/კ #2-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 22.03.2018წ. #594309 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი