საქმე №ას-1270-1192-2015 4 მაისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – თ. კ–ის უფლებამონაცვლეები: თ. ზ–ი, ლ. გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – 2011 წლის 19 სექტემბერს გაცემული თანხმობის ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. თ. კ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, უფლებამონაცვლეები: თ. ზ–ი და ლ. გ–ი, იხ. 09.06.2017წ. განჩინება) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. კ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 19 სექტემბერს მის მიერ გაცემული თანხმობის ბათილად ცნობა, 2012 წლის 20 მარტის სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა და სამკვიდროს (ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, თ-ის ქ#...--ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილიდან 1/4 ნაწილის, ანუ მთელი ქონების 1/8 ნაწილი, ასევე, ნივთის 1/2 ნაწილის) მესაკუთრედ აღრიცხვა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა მოსარჩელის მეუღლე _ ვ. კ–ი (შემდგომში _ მამკვიდრებელი). 2012 წლის 20 მარტის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოპასუხემ საკუთრებაში მიიღო სადავო უძრავი ქონება. მთლიანი ქონების საკუთრებაში მიღების საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ 2011 წლის 19 სექტემბერს გაცემული თანხმობა, რომელიც არ შეესაბამება მოსარჩელის ნებას, კერძოდ, თანხმობის გაცემის დროისათვის იგი დაავადებული იყო ე.წ სკლეროზით და არ შეეძლო, შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა, გარდა ამისა, კიდევაც, რომ გაეცნობიერებინა თანხმობის არსი, თანხმობა არ შეიძლება ჩაითვალოს მთლიან ქონებაზე გაცემულად, რადგანაც სამკვიდრო მასას არ წარმოადგენს მთლიანი ქონების 1/2 ნაწილი, რომელიც მოსარჩელის საკუთრებაა (მოსარჩელემ და მამკვიდრებელმა იქორწინეს 1968 წლის 28 მაისს, ხოლო სადავო უძრავი ქონება შეიძინეს ქორწინების შემდგომ _ თანაცხოვრების პერიოდში, რის გამოც ქონება წარმოადგენს თანასაკუთრებას. ამონაწერში ნათლად ჩანს, რომ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს 1998 წლის 30 აპრილის #2 დადგენილება (გაცემული დაბა ბაკურიანის საკრებულოს მიერ) და 1987 წლის 11 მარტს დამოწმებული ბორჯომის ტექბიუროს მიერ გაცემული პასპორტი). ქონების დარჩენილ 1/2-ს, რომელიც არის სამკვიდრო, უნდა გამოეყოს 1/4 ნაწილი, ანუ მთლიანი ქონების 1/8 (მთლიანობაში 1/2+1/8=5/8 ნაწილი). მოსარჩელეს ქმედუუნარობის გამო დანიშნული ჰყავს მეურვე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ მან მამის გარდაცვალებიდან სამ თვეში მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების თხოვნით, ასევე წარუდგინა მამკვიდრებლის ყველა პირველი რიგის მემკვიდრის წერილობითი თანხმობა, რომ სამკვიდრო აღრიცხულიყო მოპასუხის საკუთრებად (მამკვიდრებელს დარჩა პირველი რიგის ოთხი მემკვიდრე: მეუღლე _ მოსარჩელე და შვილები: მოპასუხე, თ.ზ–ი და ლ. გ–ი). მემკვიდრეთა მიერ თანხმობის გაცემა განპირობებული იყო მათი შეთანხმებით, რომ თ.ზ–სა და ლ.გ–ს მიეცემოდათ ქ.თბილისში მდებარე უძრავი ქონება, ხოლო მოპასუხეს _ დაბა ბაკურიანში. გარდა ამისა, მოსარჩელე არ არის ფსიქიკურად დაავადებული, იგი ფლობს სადავო ქონებას, უძღვება მეურნეობას და არ გააჩნია ჯანმრთელობის პრობლემები, რაც შეეხება მის მიერ წარმოდგენილ დასკვნას ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ, ეს კვლევა არ არის ობიექტური და არ ასახავს რეალობას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, თ-ის ქ#4--ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #6-...) 1/2-ის მესაკუთრედ, 2011 წლის 19 სექტემბერს გაცემული თანხმობის გაუქმებისა და მამკვიდრებლის დანაშთი ქონების 1/2-ის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო ქონების 1/2-ის თანამესაკუთრედ ცნობაზე.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინაარმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პრეტენზიათა ფარგლებში პალატის მსჯელობის საგანი იქნება იმის გარკვევა არის თუ არა მოსარჩელე უძრავი ქონების თანამესაკუთრე. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მართალია, მხარის მოთხოვნა მიმართულია სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისკენ, ხოლო სარჩელის საგანს ასევე წარმოადგენს მოსარჩელის მიერ გაცემული თანხმობის ბათილად ცნობა და სამკვიდროდან წილის მიკუთვნებაც, თუმცა, ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, რის გამოც, იგი შესულია კანონიერ ძალაში (იხ. სსსკ-ის 264.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი: პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული) და ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგი კვლავ განხილვის საგნად ვეღარ იქცევა (იხ. სსსკ-ის 266-ე მუხლი: გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი).
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. თ. ბ–ი (ქორწინების შემდგომ _ კ–ი) და ვ. კ–ი დაქორწინდნენ 1968 წლის 28 მაისს;
1.2.2. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2011 წლის 17 აგვისტოს და დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე _ მოსარჩელე, შვილები: მოპასუხე, თ. ზ–ი და ლ. გ–ი;
1.2.3. 2012 წლის 15 მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრირებულ საკუთრებას წარმოადგენდა ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, თ-ის ქ#4--ში მდებარე უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა: ობიექტი #1 (საცხოვრებელი), #2 (არასაცხოვრებელი) და ბენზინგასამართი სადგური), რომელზეც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტებია: 1. დადგენილება #2 (დამოწმების თარიღი: 30.04.1998წ. დაბა ბაკურიანის საკრებულო); 2. სახელმწიფო კომისიის აქტი „მშენებლობით დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ“ (დამოწმების თარიღი: 20.02.2005წ.); 3. ტექნიკური პასპორტი (დამოწმების თარიღი: 11.03.1987წ. ბორჯომის ტექბიურო). სახელმწიფო კომისიის 2005 წლის 20 თებერვლის აქტის („მშენებლობით დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება-ჩაბარების შესახებ“) თანახმად, ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ბენზინგასამართი სადგური (ს/კ #64.30.03.013);
1.2.4. ბენზინგასამართი სადგური მამკვიდრებელმა თავის სიცოცხლეში გაასხვისა მოპასუხეზე და დაბა ბაკურიანში, თ-ის ქ#4--ში მდებარე 55 კვ.მ უძრავი ქონება (მიწის ფართი: 212 კვ.მ), 2010 წლის 16 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრებად (ს/კ #64.30.03.013);
1.2.5. მამკვიდრებლის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და მოპასუხემ, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო გარდაცვლილის სახელზე რეგისტრირებული მთელი უძრავი ქონება (ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, თ-ის ქ#4--ში მდებარე უძრავი ნივთი, მახასიათებლები: ზონა _ ბორჯომი 64; სექტორი _ დაბა ბაკურიანი 30; კვარტალი _ 0-- ნაკვეთი _ 3--; სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი: 1245,00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი:6-.... შენობა-ნაგებობა: ობიექტი #1 (საცხოვრებელი), ობიექტი #2 (არასაცხოვრებელი). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 2012 წლის 20 მარტს დამოწმებული #1... სამკვიდრო მოწმობა).
1.3. საკასაციო განხილვის ფარგლები (საკასაციო საჩივრის საფუძვლები):
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის მიზნებისათვის კანონდარღვევად განიხილება სასამართლოს მიერ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის არასწორი მოძიება ან მისი არასწორი გამოყენება ან/და განმარტება. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. თავის მხრივ, განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს ის დასკვნაც, რომ საკასაციო საჩივრის წარმატებას თავად კასატორის მიერ ზემოხსენებულ საფუძვლებზე მითითება და ამ გზით საკასაციო შედავებათა დასაბუთება განაპირობებს. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ დგინდება სადავო უძრავი ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებობის ფაქტი, კერძოდ, არ დასტურდება ის გარემოება, რომ მამკვიდრებლის სახელზე რეგიტრირებული ქონება მათი თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი. ამ თვალსაზრისით მხარე აცხადებს, რომ სასამართლომ დაარღვია მტკიცებულებათა შეფასების ფარგლები და იმსჯელა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც საქმეში არ არის წარმოდგენილი. მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტები, რომლებიც გააქარწყლებდა სადავო ქონების მეუღლეთა მიერ ერთობლივად შეძენის ფაქტს. აღნიშნულის შედეგად დარღვეულია შეჯიბრებითობის პრინციპი. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო მხოლოდ ვარაუდი, რომ შესაძლოა ქონება არ ყოფილიყო მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი. საკასაციო საჩივარში პრეტენზიაა გამოთქმული ასევე მტკიცებულებათა არასწორ შეფასებაზე, კერძოდ, სააპელაციო პალატამ უფლების დამდგენი დოკუმენტები ისე მიიჩნია მხოლოდ ბენზინგასამართი სადგურის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებლად, რომ ყურადღება არ გაუმახვილებია საჯარო რეესტრში უფლების დამდგენად მითითებული დოკუმენტების თარიღზე, რომლებიც უდავოდ მოწმობს იმას, რომ ქონება მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, თუმცა, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას ეს ფაქტიც უარყო და მას მოპასუხის სასარგებლოდ დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
1.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს (გარდა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების თაობაზე გამოთქმული პრეტენზიისა) კასატორის პოზიციას გადაწყვეტილების უსწორობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ გამოიკვეთა მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 393.3 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
1.4.1. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, წარმოეშვა თუ არა მოსარჩელეს თანასაკუთრების უფლება დავის საგანზე და ქონების 1/2 ნაწილი შეადგენს თუ არა სამკვიდრო მასას. ამ კონტექსტში სააპელაციო სასამართლომ სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. განსახილველი ნორმის აღწერილობითი ნაწილი იძლევა იმ წინაპირობების ჩამონათვალს, რომელთა დადასტურებაც ერთ-ერთი მეუღლისათვის ქონებაზე თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია, კერძოდ, მოთხოვნის წარმატებას განაპირობებს, თუკი დადგინდება, რომ მეუღლეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში (იხ. სკ-ის 1106-ე, 1151-ე მუხლები) და ქონება შეძენილია სწორედ ამ მოვლენის დადგომის შემდგომ, ამასთან, კანონი არსებით მნიშვნელობას არ ანიჭებს იმ ფაქტს ეს ქონება შეძენილია მხოლოდ ერთი მეუღლის თუ მათი ერთობლივი სახსრებით. იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება, რომ ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, მაშინ თანასაკუთრებაში წილთა თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე (იხ. სკ-ის 173.1 და 954-ე მუხლები), ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, სამკვირო მხოლოდ ქონების 1/2 ნაწილზე გაიხსნება (სკ-ის 1339-ე მუხლის თანახმად, ცოცხლად დარჩენილი მეუღლის მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ქონების იმ ნაწილს, რომელიც მას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ეკუთვნის);
1.4.2. მსგავსი კატეგორიის დავისას ყურადღება უნდა გამახვილდეს მტკიცების სტანდარტზეც: როგორც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმიდან, ისე _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება ეკისრება ფაქტის მიმთითებელ მხარეს _ მოსარჩელეს და მოპასუხეს მხოლოდ მას შემდგომ წარმოეშობა ამ ფაქტების გაქარწყლების ვალდებულება, რაც მოსარჩელე გაართმევს თავს საკუთარ პროცესუალურ ვალდებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო არ მიიღებს მოსარჩელის პოზიციის გამაქარწყლებელ მოპასუხის განმარტებას/მტკიცებას და იმ საფუძვლით, რომ ფაქტის მიმთითებელმა მხარემ ვერ გაართვა თავი მტკიცებას, უარყოფს სარჩელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ემყარება რა შეჯიბრებითობის პრინციპს, სასამართლოს მხრიდან მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის არასწორად განაწილება სწორედ ხსენებული ფუნდამენტური პრინციპის დარღვევად განიხილება, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საკმარისი საფუძველია;
1.4.3. ამ გადაწყვეტილების 1.2.1., 1.2.3. პუნქტებში მითთებული ფაქტების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, თითქოს სადავო უძრავი ქონება (ს/კ #6-...) მეუღლეთა ქორწინების პერიოდშია შეძენილი და შესაბამისად მოსარჩელის თანასაკუთრებას წარმოადგენს. ხსენებულ დასკვნას სასამართლომ საფუძვლად დაუდო ვარაუდი, რომ 1978 წელს დამოწმებული პასპორტი არ არის საკმარისი სადავო გარემოების დასადასტურებლად, რადგანაც იგი ამ დოკუმენტის შედგენის დროისათვის არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას ადასტურებს და არა ქონების შეძენას ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა საერთო სახსრებით, გარდა ამისა, არ შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სადავო ნივთი მამკვიდრებელს არ მიუღია მემკვიდრეობით ან არ შეუძენია ქორწინებამდე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ხსენებული პოზიცია არ გამომდინარეობს უფლების დამდგენი დოკუმენტის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით (ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად) შეფასებიდან, ამასთანავე, ეწინააღმდეგება შეჯიბრებითობის პრინციპს, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც დგინდება რომ ტექნიკური პასპორტი მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების შემდეგაა შედგენილი და დავის საგანზე მეუღლეთა უფლების წარმომშობი რაიმე დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება, ეს გარემოება სავსებით საკმარისი საფუძველია იმ პრეზუმფციის დაშვებისათვის, რომ ქონებაზე ვრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრების სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით გათვალისწინებული რეჟიმი. პრეზუმირებული ფაქტის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მისი გაქარწყლება ეკისრება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაცაა ეს ფაქტობრივი გარემოება მიმართული. მოცემულ შემთხვევაში არც ქვემდგომ სასამართლოებს დაუდგენიათ და არც კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია საქმეში მისი მხრიდან იმგვარი მტკიცებულების წარდგენის თაობაზე, რომელიც ხსენებულ ვარაუდს გააქარწყლებდა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმათა უხეში დარღვევით, რომლის წინააღმდეგაც დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიაა წარმოდგენილი;
1.4.4. სასამართლო უარყოფს მხარის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მას, როგორც ბაჟისაგან გათავისუფლებულ პირს, მოგებული მხარის სასარგებლოდ არ უნდა დაკისრებოდა პროცესის ხარჯის გადახდა და განმარტავს, რომ თუკი გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩებოდა ძალაში, უცვლელად იქნებოდა დატოვებული პროცესის ხარჯების საკითხიც, რამდენადაც, როგორც „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლი, ისე _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი პირს ათავისუფლების ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან, ხოლო, იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მხარეთა შორის ანგარიშსწორება კანონიერია და ეს გარემოება ვერ გახდება მართლმსაჯულების აქტის გაუქმების საფუძველი (პროცესის ხარჯების განაწილების საკითხე ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო).
1.5. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
1.5.1. ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა: იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ სათანადო მტკიცებულების წარდგენით ვერ გააქარწყლა მამკვიდრებლისა და მოსარჩელის მიერ დავის საგნის რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეძენის ფაქტი, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის საფუძველზე პალატა მოსარჩელეს მიიჩნევს უძრავი ქონების 1/2-ის თანამესაკუთრედ, რომელიც, ამავე კოდექსის 1339-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენდა ვ. კ–ის დანაშთ სამკვიდროს. ეს გარემოება კი, თავისთავად გამორიცხავს მოპასუხის მიერ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ამ ოდენობით უძრავი ქონების საკუთრებაში მიღებას.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
2.1. 2016 წლის 13 იანვარს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კასატორმა და მოითხოვა მტკიცებულებათა საქმისათვის დართვა. პალატა არ იზიარებს ხსენებულ შუამდგომლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104.1 მუხლის შესაბამისად (სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ), მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს მათ წარმომდგენს, რამდენადაც ამავე კოდექსის 407.1 მუხლიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები), საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება, მიიღოს და შეაფასოს ახალ მტკიცებულებები, არამედ, იგი შემოიფარგლება საქმეში არსებული დოკუმენტებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებით, ამდენად, პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს შუამდგომლობის გაზიარების საფუძველი, რის გამოც, კასატორის უფლებამონაცვლეებს: თ. ზ–სა და ლ. გ-ს უნდა დაუბრუნდეთ 13.01.2016წ. #ა-103-16 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 3 (სამი) ფურცლად.
3. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეუნქტის თანახმად, კასატორი ბიუჯეტის მიმართ ანგარიშწორებისაგან გათავისუფლებულია. წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი მატერიალურ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა შორის ხარრჯების განაწილების საფუძველი (სსსკ-ის 53-ე მუხლი), რაც შეეხება ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) და ყურადღებას ამახვილებს საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენლ აუდიტორულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, სადავო უძრავი ქონების 1/2 შეფასებულია 38 000 ლარად. ვინაიდან ზემოხსენებული საფუძვლით სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადაუხდელია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებული თანხის 3% და 5% _ 3 040 ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გ. კ–ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 104-ე, 407-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ. კ–ის უფლებამონაცვლეების: თ. ზ–ისა და ლ. გ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი.
3. თ. კ–ის უფლებამონაცვლეების: თ. ზ–ისა და ლ. გ–ის სარჩელი ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, თ-ის ქ#4--ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
4. აწ გარდაცვლილი თ. კ–ი ცნობილ იქნას ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, თ-ის ქ#4--ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის 1/2-ის თანამესაკუთრედ.
5. კასატორების შუამდგომლობა მტკიცებულებების საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
6. თ. კ–ის უფლებამონაცვლეებს: თ. ზ–სა და ლ. გ–ს დაუბრუნდეთ 13.01.2016წ. #ა-103-16 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 3 (სამი) ფურცლად.
7. გ. კ–ს (პ/#0-...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) სასარგებლოდ დაეკისროს 3 040 ლარის გადახდა.
8. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი