Facebook Twitter

საქმე №ას-1489-1409-2017 14 მაისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა.“ (მოსარჩელე)

წარმომადგენლები _ ი. კ-ი (დირექტორი), ზ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ. ფ.“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ დ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე, პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება

დავის საგანი – ქირავნობისა (იჯარის) და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, იჯარის ხელშეკრულების კანონირად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ა.“ (შემდგოში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ. ფ.“ (შემდგოში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა ქირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და იჯარის ხელშეკრულების კანონიერად აღიარება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, ასევე, ამავე სასამართლოს 2014 წლის 10 ივისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად. საკასაციო პალატის განჩინების თანახმად, ქვემდგომ სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, არსებობდა თუ არა სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ-ის 233.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი).

5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და შპს „ა.“ სარჩელი დარჩა განუხილევლად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე, პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ შპს „ა.“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს შემოწმების საგანს წარმოადგენს აღაირებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხი. ამ თვალსაზრისით პალატა განმარტავს, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზის შედეგია და, დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაცაა, თუმცა აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას?. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:

ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში;

ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;

გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

1.3. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ ვლინდება მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, გასთვალისწინებელია საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.

1.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ, 10.11.2015, საქმეზე #ას-937-887-2015; იხ. სუსგ-ები # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

1.5. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ქირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, 2005 წლის 1 ივლისს შპს „ა.“ და შპს „რ. მ. კ.“ შორის იმ იჯარის ხელშეკრულების კანონიერად აღიარება, რომლის მოქმედების ვადაც 2015 წლის 1 ივლისს ამოიწურა.

1.6. როგორც საკასაციო სასამართლოს სხდომაზე არაერთხელ დაადასტურა კერძო საჩივრის ავტორმა, სარჩელის აღძვრით მას სურს დაკავებული ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემა, რამდენადაც, მხარის მტკიცებით, 2005 წლის 1 ივლისის ხელშეკრულება ითვალისწინებდა უძრავი ნივთის გამოსყიდვის შესაძლებლობას და გამოსყიდვის ფასი, ქონებით სარგებლობის პერიოდში მას უკვე გადახდილი აქვს. რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ მოვლენებს (შემდგომში მოპასუხის მხრიდან ვადიანი ქირავნობის ხელშეკრულებების გაფორმებას, ასევე, ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების იპოთეკით უზრუნველყოფას), მხარე მას მოპასუხის მხრიდან მომდინარე მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს უკავშირებს და ნების ნაკლის/არარსებობის პირობებში, მომდევნო გარიგებებს სამართლებრივი ძალის არმქონედ მიიჩნევს. ამ განმარტების ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრსით შეფასების საფუძველზე, პალატა ასკვნის, რომ კერძო საჩივრის ავტორი პრეტენზიას აცხადებს საკუთრების უფლებაზე, რაც აღიარებით სარჩელის პირობებში შეუძლებელია მიღწეულ იქნეს. შესაბამისი წინაპირობების გათვალისწინებით, თეორიული თვალსაზრისით აღძრული უნდა იქნეს მიკუთვნებითი სარჩელი, რომლის ფარგლებშიც შეფასების საგნად იქცევა იმ გარიგებათა კანონიერება, რომელთა ბათილად ცნობასაც მხარე მოითხოვს განსახილველი სარჩელით. ამდენად, დასახული მიზნის მიღწევის საშუალებას მიკუთვნებითი სარჩელი წარმოადგენს, სასამართლო კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის იმპერატიული შეზღუდვიდან გამომდინარე, ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას და ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმას, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ აღიარებითი სარჩელი, განსახილველ შემთხვევაში, დაუშვებელია.

1.7. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. (საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. (იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).

1.8. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი. თავის მხრივ, საკასაციო პალატის ზემოხსენებული მოტივაცია სრულად გამორიცხავს კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას, რომ მას აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი აქვს და სააპელაციო სასამართლომ მას არასწორად დაუტოვა განუხილველად სარჩელი.

1.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.10. რაც შეეხება მხარის შუამდგომლობას პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე, პალატა უარყოფს მას და განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში სამოქალაქო საპროცესო კოდექის 53-ე მუხლის გამოყენებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ასეც რომ არ იყოს, განსახილველი დავა დასრულდა შპს „ა.“ წინააღმდეგ, რაც მისი ხსენებული შუამდგომლობის უარყოფის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი