Facebook Twitter

საქმე №ას-429-429-2018 11 მაისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ფ-ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ლ-ძე (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება (თავდაპირველ სარჩელში), ხელშეკრულების მოშლა, თანხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზ. ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ლ-ძის მიმართ ბინის ნასყიდობის ფასიდან, 450 000 აშშ დოლარიდან, გადაუხდელი ნაწილის – 152 450 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის – 22 750 აშშ დოლარის, მიყენებული მატერილური ზიანის, 6 873.40 აშშ დოლარის, 165 ევროსა და 20.43 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ზ. ფ-ის მიმართ 2008 წლის 15 ივლისს გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ გადახდილი ნასყიდობის ფასის – 321 040 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის – 11 000 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით. ზ. ფ-მა არ ცნო შეგებებული სარჩელი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მ. ლ-ეს ზ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 128960 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხე მ. ლ-ძეს ზ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის – 16497 აშშ დოლარის ანაზღაურება, ამავე გადაწყვეტილებით მარინე ლობჟანიძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე მ. ლ-ეს ზ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 128960 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის – 16497 აშშ დოლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ლ-ეს ზ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 16960 აშშ დოლარის გადახდა, მ. ლ-ეს 2009 წლის მარტიდან 2010 წლის 30 დეკემბრამდე დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის – 16960 აშშ დოლარის წლიური 7%-ის – 2020,88 აშშ დოლარის ანაზღაურება ზ. ფ-ის სასარგებლოდ, გაუქმდა გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზ. ფ-ის მოთხოვნა 22000 აშშ დოლარისა და 2009 წლის მარტიდან 2010 წლის 30 დეკემბრამდე მიუღებელი შემოსავლის, 23 490 აშშ დოლარის, წლიური 7%-ის – 2877 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და შეწყდა წარმოება ზ. ფ-ის სარჩელზე ბინის ნასყიდობის ღირებულებიდან მოპასუხის მიერ გადაუხდელი 22000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით- 23490 აშშ დოლარის წლიური 7%-ის 2009 წლის მარტიდან 2010 წლის 30 დეკემბრამდე 2877 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ზ. ფ-ის მიერ სარჩელის ამ ნაწილში მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, განემარტათ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება 2012 წლის 30 მარტს შევიდა კანონიერ ძალაში საკასაციო სასამართლოს მიერ მხარეთა საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის გამო.

6. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ. ფ-მა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

6.1. 2012 წლის 17 დეკემბერს, ზ. ფ-ის განცხადების საფუძველზე, შსს ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ხოლო 2014 წლის 20 ოქტომბერს გამოძიება შეწყდა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ზ. ფ-ის საჩივარი და ძალაში დატოვა პროკურორის დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ. განმცხადებლის განმარტებით, 2017 წლის 18 თებერვალს მან მოინახულა ყოფილი მეზობლები: რ. ყ-ა, მ. ჭ-ე, ქ. ქ-ე და ლ. შ-ა, რომლებმაც აცნობეს გამოძიების მიმდინარეობისას მიცემული ჩვენების შინაარსი, კერძოდ, უშუალოდ მ. ლ-ან იცოდნენ, რომ ამ უკანასკნელმა ბინა ზ. ფ-გან 450 000 აშშ დოლარად შეიძინა. გარდა ამისა, მ. ლ-ეს ქ. ქ-თვის ნათქვამი ჰქონდა, რომ უჭიანურდებოდა 130 000 აშშ დოლარის ზ.ფ-ის გადახდა. განმცხადებელს ამხანაგობა „მ. ...-ის“ თავმჯდომარე ბ. ვ-ამ გადასცა მ. ბ-ისა და ლ. ჯ-ის 1992 წლის 11 თებერვლის თანხმობის წერილები, საიდანაც დასტურდება, რომ საცხოვრებელი სახლის სიმაღლე ზღვარზეა და მისი შემდგომი გაზრდა შეუძლებელია. სასამართლო პროცესზე მ. ლ-ემ განაცხადა, რომ იგი 450 000 აშშ დოლარს მხოლოდ მაშინ გადაიხდიდა, თუკი ზ. ფ-ი დამატებით დაშენების ნებართვას მოიპოვებდა, ლიფტისა და სარდაფის საკითხს მოაწესრიგებდა. ზ.ფ-ს მ.ლ-ის არ მიუცია პირობა, რომ დაშენების ნებართვას მოიპოვებდა, შესაბამისად, განმცხადებელი ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმება სინამდვილეს არ შეესაბამება. რეალურად, 450 000 აშშ დოლარი იყო ბინის ფასი დამატებითი პირობების გარეშე. მით უფრო განმცხადებელი ვერ დაპირდებოდა მ. ლ-ეს ლიფტის გაკეთებას, რომელიც პროექტით გათვალისწინებული არც იყო. 2011 წლის მარტში, პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის დროს ზ.ფ-მა სთხოვა ამხანაგობის თავმჯდომარეს, რომ მისთვის გადაეცა მ. ბ-ისა და ლ. ჯ-ის 1992 წლის 11 თებერვლის თანხმობა, თუმცა, ვერ გადასცა იმ მიზეზით, რომ ამხანაგობის თავმჯდომარემ საცხოვრებელი გამოიცვალა და საბუთები ვეღარ მოიძია. აღნიშნული თანხმობები ზ.ფ-ს გადაეცა მხოლოდ 2017 წლის 19 თებერვალს. მეზობლების: რ. ყ-ას, მ. ჭ-ის, ქ. ქ-ისა და ლ. შ-ას ჩვენებები, რომლებიც ინახება #0... სისხლის სამართლის საქმეში და მ. ბ-ისა და ლ. ჯ-ის 1992 წლის 11 თებერვლის თანხმობა არის ის ახალი მტკიცებულებები, რომლებიც საქმის განხილვის დროს სასამართლოს ხელთ რომ ჰქონოდა, მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები სასამართლო განხილვის დროს არც არსებობდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 6 თებერვლის #13/7880 წერილით დგინდება, რომ გამოძიება ზ.ფ-ის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობდა 2012 წლის 17 დეკემბრიდან 2014 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში, შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებებზე უფრო ადრეც ვერ მიუთითებდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისიწნებს განმცხადებლის/მოწმის უფლებას, გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რის გამოც ზ.ფ-ის, როგორც განმცხადებლისა და მოწმისთვის უცნობი იყო აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების შესახებ. მათი არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის 18 თებერვალს, როდესაც ზ.ფ-მა და მისმა მეუღლემ ძველ მეზობლებს მიაკითხეს, მას შემდეგ, რაც ზ.ფ-მა მიიღო შსს პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს 2017 წლის 14 თებერვლის წერილი. მართალია, მ. ბ-ისა და ლ. ჯ-ის 1992 წლის 11 თებერვლის თანხმობები 1992 წლის შემდეგ არსებობდა, თუმცა მათი მოპოვება საქმის განხილვის დროს ვერ შეძლო ობიექტური მიზეზის გამო, რადგან ამხანაგობა „მ. ...-ის“ თავმჯდომარემ, რომელთანაც ეს თანხმობები ინახებოდა, ისინი ვერ გადასცა. თანხმობა გადაეცა 2017 წლის 19 თებერვალს. მოცემულ საქმეზე მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისისა და 2017 წლის 20 ივნისის განჩინებებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოროს ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილებიდან გამოთხოვილ იქნა #0... სისხლის სამართლის საქმის მასალები.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ზ. ფ-ის განცხადება ამავე სასამართლოს 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. ფ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

8.1. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქმის არსებითად განხილვისას მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნა, რომ საქმისწარმოების განახლება ემყარებოდა ორ დამოუკიდებელ საფუძველს: ა) მოწმეთა ჩვენებებს; ბ) მ. ბ-ისა და ლ. ჯ-ის 1992 წლის 11 თებერვლის წერილობით თანხმობას, რომელთაგან პირველი მტკიცებულება, გამოძიებისას მიცემული განმარტებებიდან გამომდინარე, ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარის უშუალო განმარტებას მ.ლ-ის მიერ სადავო ბინის 450 000 აშშ დოლარად შეძენის შესახებ. გარდა განცხადებაში მითითებული მოწმეებისა, სასამართლოს მიერ გამოთხოვილი სისხლის სამართლის საქმის მასალების განცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მ.ლ-ეს სხვა მეზობლებთანაც ჰქონდა ნათქვამი, რომ ბინა შეიძინა სწორედ 450 000 აშშ დოლარად (დ. მ-ის, მ. ბ-ას, ც. ი-ის, ნ. ე-ას, ნ. ჩ-ის ჩვენებები), რაც შეეხება მეორე მტკიცებულებას _ თანხმობის წერილებს, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ის, რომ ზ.ბ-ის ქ#...-ში მრავალბინიანი სახლის აშენებამდე მიწა ეკუთვნოდა ზ.ფ-ს. 1992 წელს მან ინვესტორებს მისცა თანხმობა 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებისა, სადაც მიწის მესაკუთრე მიიღებდა ერთ ბინას. მშენებლობის დაწყება ჭიანურდებოდა, რადგანაც მეზობელი ქუჩის (ხ. ქ#....) მაცხოვრებლები ეწინააღმდეგებოდნენ მშენებლობას. თანხმობის გამცემი ქალბატონები იყვნენ მხატვრები და არ სურდათ მათი ფანჯრიდან არსებული ხედი დაფარულიყო. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდგომ მათ სახმმართველის თანდასწრებით ხელი მოაწერეს თანხმობის წერილებს, რომლის პირობაც იყო ის, რომ ასაშენებელი სახლის სახურავის ზედა წერტილი მათი ფანჯრის რაფებს არ უნდა ასცდენოდა. სწორედ წერილობითი თანხმობის მიღების შემდგომ, 1992 წელს დაამტკიცა თბილისის მათავარმა არქიტექტორმა მშენებლობის პროექტი. სასამართლო პროცესზე მ. ლ-ემ განაცხადა, რომ შეძენილ ბინაში 450 000 აშშ დოლარს გადაიხდიდა იმ შემთხვევაში, თუკი ზ. ფ-ი მოიპოვებდა დაშენების ნებართვას და მოაწესრიგებდა ლიფტისა და სარდაფის საკითხს. ზემოხსენებული თანხმობის წერილები კი, გამორიცხავს მ.ლ-ის განმარტების გაზიარებას, რომელსაც სააპელაციო პალატამ დააყრდნო მიღებული გადაწყვეტილება.

8.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები. მან ცხრა მოწმის ჩვენება არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ არ იყო უტყუარი მტკიცებულება ბინის ნასყიფობის ფასის განსასაზღვრად. სააპელაციო პალატის შეფასებით, მოწმეთა ჩვენებებს სადავო გარემოება (ბინის ღირებულება) უდავო ფაქტად უნდა ექცია, რაც არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვპუნქტიდან, რადგანაც მოწმის ჩვენება არ არის ამავე კოდექსის 106-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულება. გარდა ამისა, სასამართლოს ამგვარი მსჯელობა ეწინააღმდეგება ამავე ნორმის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებსაც. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია განაახლოს საქმის წარმოება და მტკიცებულების ძალა შეაფასოს საქმის არსებითი განხილვისას. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა ხელწერილი, რომლის თანახმადაც ბინის ღირებულება შეთანხმებული იყო 450 000 აშშ დოლარად; გაზეთ „სიტყვა და საქმეს“ 2008 წლის 21-23 მარტის ნომერი, სადაც 1 კვ.მ ფართის ღირებულება შეფასებული იყო 2 500 აშშ დოლარად; მოწმე ა. მ-ის ჩვენება, რომელიც ადასტურებდა, რომ მან გააცნო მოდავე მხარეები ერთმანეთს და მაშინვე შეთანხმდნენ, რომ ბინის ღირებულება 450 000 აშშ დოლარი იქნებოდა, რომელიც 2009 წლის გაზაფხულამდე სრულად უნდა გადახდილიყო, ჩვენების მიცემამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე მოწმე შეხვდა მ. ლ-ეს, რომელმაც დაადასტურა, რომ გადასახდელი დარჩენილი ჰქონდა 129 000 აშშ დოლარი, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოში მ.ლ-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება; ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც ფასი 338 000 აშშ დოლარით იყო განსაზღვრული. სწორედ ამ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეეფასებინა სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით წარდგენილი ახალი მტკიცებულებები, ისევე, როგორც წერილობითი თანხმობები, რომლებიც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ გაზიარებულ განმარტებას იმის თაობაზე, რომ 450 000 აშშ დოლარს მ.ლ-ე დაშენების უფლების მოპოვების შემთხვევაში გადაიხდიდა. სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ თანხმობის გამცემ პირთა დაკითხვა ზ.ფ-ას უნდა ეშუამდგომლა საქმის არსებითად განხილვისას, რადგანაც მათგან ერთ-ერთი საზღვარგარეთ მცხოვრები პირია, ხოლო, მეორე, როგორც საქმის განხილვისას, ისე _ ამჟამადაც დაავადებულია სკლეროზით. გარდა ამისა, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების გაზიარების შემთხვევაში, მას თანხმობის წერილები დასაშვებ მტკიცებულებებადაც არ უნდა ეცნო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მხარის მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებები იძლევა თუ არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლეს. ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დადგენილია საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. განმცხადებლის მიზანს წარმოადგენს იმ ფაქტის დადასტურება, რომ მან მ. ლ-ეს ბინა არა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ფასად, არამედ _ 450 000 აშშ დოლარად მიჰყიდა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

- საქმეში წარმოდგენილი ზ. ფ-ის მიერ 2008 წლის 8 ივლისის ცალმხრივად შედგენილი ხელწერილის თანახმად, ბინის ღირებულება შეადგენს 450 000 აშშ დოლარს.

- 2008 წლის 15 ივლისის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი განსაზღვრულია 338 000 ლარით, რომელსაც უპირატესი ძალა გააჩნია ცალმხრივად შედგენილ ხელწერილთან შედარებით, ვინაიდან, იგი სანოტარო აქტია.

- 2008 წლის 15 ივლისის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია უფრო გვიან, ვიდრე 2008 წლის 8 ივლისის ხელწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის – 2008 წლის 15 ივლისისათვის მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობაზე – ფასზე.

- სასამართლო სხდომაზე მ. ლ-ის წარმომადგენელს არ უარუყვია მხარეთა მოლაპარაკება 450 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამატებით შესრულდებოდა გარკვეული პირობები უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, კერძოდ, გამყიდველის მიერ დაშენების ნებართვის მოპოვება, ლიფტისა და სარდაფის საკითხის მოწესრიგება, რაც მას არ განუხორციელებია.

- ზ. ფ-ი სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებდა 2008 წლის 15 ივლისის ბინის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული ბინის ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან – 338 000 აშშ დოლარიდან ითხოვდა გადაუხდელი თანხის – 130 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. სარჩელზე დადგენილი ხარვეზის შევსების შემდგომ წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში ზ. ფ-ი გადაუხდელი თანხის გადახდას კვლავ ითხოვდა 2008 წლის 15 ივლისს გაფორმებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოპასუხე მ. ლ-ის მიერ შესაგებელზე წარმოდგენილ იქნა 2008 წლის 8 ივლისის ხელწერილი, ზ. ფ-მა 2011 წლის 31 იანვარს სასამართლოში წარადგინა განცხადება სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე და, ნაცვლად 130 000 აშშ დოლარისა, მოითხოვა 156 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე, შეცვალა სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი და თანხის გადახდა მოითხოვა არა 2008 წლის 15 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინის ღირებულებიდან, არამედ ზ. ფ-ის მიერ ცალმხრივად შედგენილ ხელწერილში მითითებული ბინის საფასურიდან - 450 000 აშშ დოლარიდან.

- მ. ლ-ემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის ვალდებულება, კერძოდ, მ. ლ-ის მიერ ზ. ფ-ის გადახდილია ნასყიდობის ფასის ნაწილი _ 321 040 აშშ დოლარი, საიდანაც 297 550 აშშ დოლარის მიღების ფაქტს აღიარებს ზ. ფ-ი, ხოლო მოპასუხე მ. ლ-ის მიერ სადავო თანხის _ 321 040 აშშ დოლარის, ზ. ფ-ის გადაცემა დასტურდება, როგორც მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებით, ასევე მ. ლ-ის შუამდგომლობით მოწვეული მოწმეთა ჩვენებებითა და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი 2008 წლის 8 ივლისის ხელწერილის სრულყოფილი ქსეროასლით, სადაც დაფიქსირებულია, რომ ზ. ფ-ის მიერ მიღებული თანხა აღემატება მ. ლ-ის მიერ აღიარებულ ზ. ფ-ის გადახდილი თანხების ოდენობას. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე ჩათვალა, რომ ვერ გასცდებოდა რა მ. ლ-ის მოთხოვნას (შეგებებულ სარჩელში მითითებულ თანხას – 321 040 აშშ დოლარს), მიიჩნია, რომ მ. ლ-ემ ზ. ფ-ს გადაუხადა ბინის ნასყიდობის ფასი 321 040 აშშ დოლარი.

2.2. საქმისწარმოების განახლების საფუძვლად ზ. ფ-ი მიიჩნევს, რომ გამოვლინდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას). მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად კი, ასახელებს გამოძიებისას მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებებსა და მეზობელ ქუჩაზე მცხოვრებ პირთა წერილობით თანხმობას.

3. საკასაციო სასამართლომ სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასკვნას იმის თაობაზე, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი (სსსკ-ის LII თავი) არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების კიდევ ერთ შესაძლებლობას, არამედ, იგი საგამონაკლისო წარმოების სახეა, როდესაც მართლმსაჯულების განხორციელებისას შესაძლო დაშვებული ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას. თავის მხრივ, რამდენადაც საქმის წარმოების განახლება ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს პრინციპის რეალიზაციისთვისაა დადგენილი, იმდენადვე ამავე ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს მხოლოდ ისეთ საგამონაკლისო შემთხვევებში, როდესაც მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა მაღალი ალბათობით იმისი დაშვების შესაძლებლობას, რომ არსებობს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები. ამ მხრივ, სააპელაციო პალატამ სწორად მოიშველია ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი: „კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999 VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh, §52). საბოლოოდ გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებს ემსახურება, თუმცა იგი გამართლებულია თუკი დადინდება სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმის წარმოების განახლება არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით“ (იხ. ECHR: „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.).

4. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი და მოწმის ჩვენებებს მისცა არასწორი შეფასება იმ კონტექსტში, რომ მან მოითხოვა უდავო ხასიათის მტკიცებულებების წარდგენა, რაც არის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, 106-ე მუხლი). საკასაციო პაატა ზემოთ განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების საკითხის გადაწყვეტისას, განცხადების განმხილველი სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ახალი მტკიცებულებების იურიდიული სანდოობა, მათი ძალმოსილება და მხოლოდ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდგომ გადაჭრას განცხადების საფუძვლიანობის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, მხარეს სურს სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებით დაადასტუროს დადების დროს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ფასი. როგორც სადავო გარიგების, ისე _ ამჟამად მოქმედი რედაქციის სამოქლაქო კოდექსის 183-ე მუხლი ითვალისწინებს უძრვ ქონებაზე საკუთრების მოსაპოვებლად ორმხრივი წერილობითი ხელშეკრულების არსებობას, რომელიც საქმეში წარმოდგენილი და სანოტარო წესით დადასტურებულია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დადასტურებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ზ. ფ-ის მიერ ცალმხრივად შედგენილი ხელწერილი. ეს უკანასკნელი, მისი ცალმხრივი ბუნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ჩაითვალოს ნასყიდობის ხელშეკრულებად, რაც შეეხება სანოტარო აქტს, თუკი ზ.ფ-ი დაამტკიცებდა, რომ მხარეები შეთანხმდნენ მისგან განსხვავებულ წესებზე ან ცვლილებას შეიტანდნენ მასში, მას ამავე სახის დოკუმენტი უნდა წარედგინა სასამართლოსათვის, რადგანაც, სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით (სსსკ-ის 105-ე მუხლი) კერძო საჩივრის ავტორს რომც დაედასტურებინა ნასყიდობის ფასზე შეთანხმება, სათანადო დოკუმენტის არარსებობის პირობებში, იგი, როგორც უცილოდ ბათილი, ზ.ფ-ს მოთხოვნის უფლებას არ წარმოუშობდა. გარდა ამისა, საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე დართულ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა მოწმის ჩვენებები, რამდენადაც ეს მოწმეები არ წარმოადგენენ გარიგების უშუალო მონაწილეებს, არამედ, გადმოსცემენ ინფორმაციას, რომ მათთვის სადავო გარემოება ცნობილი გახდა ერთ-ერთი მხარის ნაამბობიდან.

5. რაც შეეხება თანხმობის წერილებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატას ეს წერილები არ უნდა მიეღო და შეეფასებინა საქმის წარმოების განახლლების კონტექსტში (სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი). ამ მხრივ, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზ.ფ-ის დავის არსებითად განხილვისას უდავოდ უყო ცნობილი ხელწერილების არსებობა და მას მართლაც შეეძლო ხელწერილების ავტორთა სასამართლოში მოწმედ გამოძახება. მართალია, მისი განმარტებით, ამ პირთაგან, ერთ-ერთი დაავადებულია, ხოლო მეორე _ საზღვარგარეთაა, თუმცა ამ გარემოებათა დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსამართლის გადაწყვეტილებით მხარისაგან დისტანციური ახსნა-განმარტების მიღებას ტელეფონის, ვიდეოსაშუალების ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხვა სასამართლოდან, ადმინისტრაციული ორგანოდან ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით, თუ შესაძლებელია შესაბამისი ორგანოს მიერ პირის იდენტიფიცირება დაკითხვის ადგილას (იხ. სსსკ-ის 127.3 მუხლი), გარდა ამისა, თავად ზ.ფ-ი ადასტურებს კერძო საჩივარში, რომ სწორედ ამ პირთა თანხმობა დაედო საფუძვლად თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ პროექტის დამტკიცებას, ანუ მშენებლობის ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენს მეზობელთა თანხმობა, რომელიც, ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდანაც შეიძლებოდა ყოფილიყო მოპოვებული.

6. მიუხედავად დაშვებული საპროცესო დარღვევისა, ვინაიდან ამას არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ მოჰყოლია შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები (სსსკ-ის 393.3 მუხლი).

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით გასაჩივრებული განჩინებით არსებითად სწორად იქნა შეფასებული საქმის წარმოების განახლების წინაპირობები (სსსკ-ის 105-ე მუხლი) და, ვინაიდან წარდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა საქმისწარმოების განახლების შესაძლებლობას, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სწორად არ დააკმაყოფილა განცხადება, ამ განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთების წინააღმდეგ კი, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული შედავება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი