Facebook Twitter

საქმე №ას-90-90-2018 11 მაისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი –შპს „დ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. დ. ბ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ წყლის ჩამოდინებით გამოწვეული ზიანის _ 2 435 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წელს მოსარჩელემ მოპასუხისაგან შეიძინა ქ.ბათუმში, ა-ს ქ#2-ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე 62.60 კვ.მ ბინა, შეძენის შემდეგ გაარემონტა და 2015 წელს გადავიდა საცხოვრებლად. 2015 წლის ოქტომბრის დასაწყისში ზემო სართულის ბინა #134-დან დაიწყო წყლის ჩამოდინება, რამაც დააზიანა უძრავი ქონება. ზიანის აღდგენას სჭირდება 2 435 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მისი კუთვნილი ფართიდან მოსარჩელის ფართში წყლის ჩადინებას და რემონტის დაზიანებას ვერ ადასტურებს კრედიტორი. მოსარჩელის ბინის ზემოთ მოპასუხის გარდა კიდევ ორი პირის უძრავი ქონება მდებარეობს. წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ მოსარჩელის ბინაში რემონტი გააფუჭა უშუალოდ მისი და არა სხვა მესაკუთრეთა ბინებიდან ჩასულმა წყალმა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 2 435 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. ქ.ბათუმში, ა-ის #2-ში, მრავალ სართულიან კორპუსში, მესამე სართულზე მდებარე #130 ბინა ეკუთვნის მოსარჩელეს, ხოლო ამავე კორპუსის მეოთხე სართულზე, მოსარჩელის მეზობლად არსებული #134 ბინა _ მოპასუხეს. მოპასუხის ბინა მოსარჩელის ბინის ზედა სართულზეა განლაგებული, გარდა ამისა, უდავოა, რომ კრედიტორის ბინის რემონტი დაზიანდა ზედა სართულებიდან ჩამონადენი წყლით;

1.2.2. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელი იყო საექსპერტო კვლევის არსებობა და მხოლოდ ამის შემდეგ, სარჩელის წარმატებულობის შესახებ საკითხის გადაწყვეტა (სსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული ექსპერტის ახსნა-განმარტებაში მითითებული პოზიცია მოპასუხის უძრავი ქონების დათვალიერების აუცილებლობის შესახებ, რომლის შესაძლო შედეგების რეგულირება მოცემული იყო სსსკ-ის 169-ე მუხლის ნორმატიულ დანაწესში და რომელიც საბოლოოდ, აისახება მტკიცების ტვირთის ტრასფორმირებაში (სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილი); საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვის დროს სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება, მართლაც გამოწვეული იყო თუ არა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ურავი ქონებიდან ჩამოდინებული წყლის ნაკადის შედეგად და მხოლოდ ამის შემდეგ ემსჯელა მოთხოვნის საფუძვლიანობაზე;

1.2.3. მოცემულ საქმეზე 24.04.2017 წლის განჩინებით დაინიშნა ექსპერტიზა, ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი საკითხები: ა) ქალაქ ბათუმში, ა-ს ქუჩის #2-ში მდებარე კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე #134 ბინა (ს/კ #0-...) განთავსებულია თუ არა იმავე კორპუსში, მე-3 სართულზე მდებარე, მოსარჩელის კუთვნილი #130 ბინის (ს/კ #0--...) ზემოთ; დადებითი პასუხის შემთხვევაში, შედგენილ იქნეს ნახაზი ამ ბინების საზღვრების ურთიერთშესაბამისობის შესახებ, სადაც ვიზუალურად გამოჩნდება თუ რა ნაწილში ემთხვევა ან განსხვავდება ამ ბინების განლაგება (საზღვრები) ერთმანეთს; ბ) ჩამოვიდა თუ არა 2015 წლის სექტემბერში წყალი მოსარჩელის კუთვნილ #130 ბინაში ზემოთ მითითებული #134 ბინიდან; დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა იყო ამის მიზეზი;

1.2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 ივნისის #003506017 დასკვნის თანახმად: „ექსპერტიზის წინაშე დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით 2017 წლის 8 და 12 ივნისს ჩატარებული ობიექტების კვლევებისა და აზომვითი სამუშაოების ჩატარების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ: ა) ქალაქ ბათუმში, ა-ს ქუჩის #2-ში მდებარე კორპუსის მე-4 სარჩულზე მდებარე #134 ბინა განთავსებულია იმავე კორპუსში, ამავე სადარბაზოში (II სადარბაზო) მე-3 სართულზე მდებარე, #130 ბინის უშუალოდ ზემოთ და #134 ბინის საზღვრები მოიცავს სრულად #130 ბინის საზღვრებს. ვინაიდან ვერ იქნა შესაძლებელი #134 ბინაში შესვლა, მისი გამოკვლევა და უშუალოდ აზომვა, ამიტომ არ არის შესაძლებელი ითქვას შიდა ოთახების განლაგებაში არის თუ არა რაიმე ცვლილება შეტანილი; ბ) რაც შეეხება კითხვაზე პასუხს - ჩამოვიდა თუ არა 2015 წლის სექტემბერში წყალი დ. ბ-ას კუთვნილ #130 ბინაში #134 ბინიდან (წარმოდგენილ საქმეში არის 2015 წლის 30 სექტემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის ბ. მ–ის #005829215 დასკვნა და 2015 წლის 12 ოქტომბრის #5005227715 დასკვნა, რომლის დაშვება ასევე ვერ მოხდა #134 ბინაში, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში განმარტებული იყო, რომ წყლის ჩამოსვლა #130 ბინაში ფიქსირდება მის ზემოთ მდებარე მეზობლის გადახურვის ფილიდან, ხოლო უშუალოდ ზუსტი მიზეზის დასადგენად საჭიროა ზედა მეზობლის ოთახში დაშვების უზრუნველყოფა და წყლის მილების გაშიშვლება), ამჟამად ამ საკითზე მსჯელობა არ არის შესაძლებელი, ვინაიდან #130 ბინაში წყლის ჩამოდინება არ ხდება ზედა სართულიდან, თვით ბინაში შესრულებულია საშემკეთებლო-აღდგენითი სამუშაოები, ასევე, ამჟამად 2017 წლის 8 ივნისს ვერ მოხერხდა #134 ბინაში შესვლა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო წყლის ჩასვლის მიზეზის დასადგენად #134 ბინის დათვალიერება, თუმცა რადგანაც ამჟამად დ. ბ-ას კუთვნილ #130 ბინაში წყლის ჩამოდინება არ ხდება, საეჭვოა შესაძლებელი ყოფილიყო წყლის ჩამოსვლის უშუალო მიზეზის დადგენა. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ 2015 წელს წყლის ჩამოსვლის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო, როგორც სადინარი მილების ან მათ შეერთებებში დეფექტები, ასევე წყლის ჩასვლის მიზეზი შესაძლებელია ყოფილიყო დაუკეტავი ონკანიდან ჭარბი წყლის გადმოდინება, იატაკზე დაღვრა და შემდგომში #130 ბინაში წყლის ჩამოდინება“;

1.2.5. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „...ბინაში წყლის ჩამოსვლის გამო, ზიანის აღსადაგენად შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება დღგ-ს და სხვა დანახარჯების გათვალისწინებით შეადგენს 2435,8 ლარს“. ექსპერტმა გამოიკვლია მხოლოდ პირველ უძრავ ქონებაში არსებული ობიექტები იმგვარად, რომ ზემოთა სართულზე მდებარე უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლოა ჩამოედინებოდეს წყალი, ვერ იქნა შესწავლილი და დათვალიერებული, რადგან ამისათვის საჭირო იყო უზრუნველყოფილი დაშვება ზემოთა მეზობლის საცხოვრებელ სახლში, მომხდარიყო წყლის მილების გაშიშვლება და ზუსტი მიზეზების დადგენა. სარჩელის ფაქტობრივი გარემოების მიხედვით ირკვევა, რომ ექსპერტი ვერ შევიდა ზემოთა სართულზე განლაგებულ ბინაში იმ მიზეზით, რომ მეორე უძრავ ქონებაში მცხოვრებმა დამქირავებლებმა ექსპერტი ბინაში არ შეუშვეს;

1.2.6. მოპასუხის შესაგებლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის დაკონკრეტებული დაზიანება განპირობებულია მეორე უძრავი ქონებიდან ჩამოდინებული წყლის ზემოქმედების შედეგად თუ არა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთა სართულზე არის სხვა მესაკუთრეთა უძრავი ქონებაც, მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამ შედავების საპირისპიროდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2017 წლის 20 ივნისის #003506017 დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოპასუხის ბინა მოსარჩელის ბინის თავზეა და ამ უძრავი ქონების საკადასტრო საზღვრები მოიცავს ერთმანეთს, ამასთანავე, მოპასუხემ არ დაუშვა ექსპერტი ბინის დასათვალიერებლად.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ძირითად პრეტენზიას, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ თავი ვერ გაართვა დელიქტური ვალდებულებისათვის საჭირო ელემენტების მტკიცებას, ხოლო სასამართლომ დაარღვია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპი და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს, რომ წყლის ჩამოდინებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხია და მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლია, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროს (მაგ: წყალი) პრაქტიკული რეალიზაციის შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის ადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგბელობას, მიუხედავად მისი ბრალისა, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს ზიანის დადგომის ფაქტი და ის, რომ ეს ზიანი სწორედ მოპასუხის ნაგებობიდან მომდინარეობდა. ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, მისი ოდენობა მხარეთა შორის სადავო არაა, რაც შეეხება ზიანის წყაროს _ მოპასუხის ნაგებობას, ამ ნაწილში ვინაიდან მოსარჩელე ვერ წარადგენდა მტკიცებულებას (საჭიროს იყო მოპასუხის ფართში ექსპერტის დაშვება), ხოლო, მოპასუხემ ხელი შეუშალა ექსპერტს სადავო საკითხის დადგენაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას სწორად გადააკისრა სასამართლომ ზიანის წყაროს საკითხის მტკიცება, რომელსაც მხარემ თავი ვერ გაართვა, სასამართლოს მხრიდან საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნათა კვლევა კი, სრულად შეესაბამება ამავე კოდექსის 172-ე მუხლით დადგენილ სტანდარტს.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მომეტებული საფრთხის წყაროს რეალიზაციით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 22.02.2018წ. #0 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის, 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „დ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „დ-ას“ (ს/კ #2-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 22.02.2018წ. #0 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი