Facebook Twitter

საქმე №ას-1647-2018 3 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ ზ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ზ. მ-მ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ ზ-ის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სამუშაოზე, ა(ა)იპ ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდის განმავლობაში (გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე) მისაღები გასამრჯელოს (ხელფასის) ანაზღაურება ყოველთვიურად 620 ლარის (კუთვნილი გადასახადების გარეშე) ოდენობით.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე აპელანტი გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო უწყებით, რაც ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს − ნ. კ-ს. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და არც გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის.

7. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა უარი განაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ასევე საქმის განხილვის გადადებაზე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ იყო საფუძვლიანი, უნდა დაკმაყოფილებულიყო და სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებაზე უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

9.1. აპელანტის წარმომადგენელი 2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 14:45 საათზე, გამოცხადდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (საქმის განხილვა დანიშნული იყო 2018 წლის 12 სექტემბერს, 15:00 საათზე). სასამართლოს შენობის პირველი სართულის ფოიეში იყო ხალხმრავლობა. იგი, დაახლოებით 14:50 საათზე, სასამართლოს კანცელარიასთან განთავსებული შიდა ტელეფონით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა, რომ გამოცხადდა სასამართლოში, როგორც აპელანტის წარმომადგენელი. აპელანტის წარმომადგენელმა მოსამართლის თანაშემწისგან შეიტყო, რომ მოსამართლე სხვა პროცესზე იმყოფებოდა, რომლის დამთავრების შემდეგ გამოიძახებდნენ მას. აღნიშნულის შემდეგ მან სასამართლოს შენობის ფოიეში საუბარი განაგრძო თავის კოლეგა ადვოკატთან, ჯ. გ-სთან, მათ სხვა პირებიც შეუერთდნენ (პოლიტიკური პარტიის ლიდერები კ. კ. და გ. წ., სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი მ. წ–ი), ისინი ერთად იდგნენ ფოიეს ცენტრში, მთავარ შესასვლელ კართან ახლოს, სადაც განთავსებულია მანდატურების მაგიდა. აპელანტის წარმომადგენელი სასამართლოს შენობის ფოიედან არ გასულა, თუმცა აპელანტი მხარე არავის მიუხმია. მას შემდეგ, რაც აპელანტის წარმომადგენელმა შეიტყო, რომ პროცესი ჩატარდა და სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველი, დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, ასევე განცხადება ჩააბარა კანცელარიაში;

9.2. 2018 წლის 13 სექტემბერს აპელანტის წარმომადგენელმა მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მოითხოვა სასამართლოს შენობის პირველი სართულის ფოიეში განთავსებული ვიდეო კამერების ჩანაწერის ასლი (2018 წლის 12 სექტემბრის 14:45 საათიდან − 15:30 საათამდე), რომლის გადაღების არეშიც იმყოფებოდა იგი სასამართლოში მისვლიდან/წასვლამდე, რის შესახებაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის №478-2/10 მიმართვით ეთქვა უარი;

9.3. 2018 წლის 28 სექტემბერს ხსენებულ გარემოებებთან დაკავშირებით ჯ. გ-მ შეადგინა ახსნა-განმარტება, რომელიც დამოწმებულია სანოტარო წესით. აღნიშნული ადასტურებს, რომ აპელანტის წარმომადგენელი ბ. ყ–ი ნამდვილად გამოცხადდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმეზე დასასწრებად, რის შესახებაც დროულად შეატყობინა მოსამართლის თანაშემწეს.

10. კერძო საჩივრის ავტორმა მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, იშუამდგომლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან სასამართლოს შენობის პირველი სართულის ფოიეში განთავსებული ვიდეო კამერის ჩანაწერის (2018 წლის 12 სექტემბრის 14:45 საათიდან − 15:30 საათამდე) ასლის გამოთხოვასთან დაკავშირებით.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

15. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

18. იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

19. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

20. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

21. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ აპელანტს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე.

22. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს, რომ აპელანტის წარმომადგენელი 2018 წლის 12 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დროულად გამოცხადდა, აღნიშნულის შესახებ აცნობა მოსამართლის თანაშემწეს, რის შემდეგაც იცდიდა სასამართლოს შენობის პირველ სართულზე, თუმცა პროცესზე დასასწრებად აპელანტი მხარე არავის მიუხმია.

23. კერძო საჩივრის ავტორს თავისი პოზიციის დასასაბუთებლად წარმოდგენილი აქვს ჯ. გ-ს სანოტარო წესით დამოწმებული ახსნა-განმარტება, რომელიც თანხვედრაშია კერძო საჩივრის ავტორის განმარტებასთან (იხ. ტ.1. ს.ფ. 295-298).

24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაზე, რომელშიც აგრეთვე მითითებულია, რომ ბ. ყ–ი (აპელანტის წარმომადგენელი) სააპელაციო სასამართლოს შენობაში იმყოფებოდა როგორც სააპელაციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე, ასევე სხდომის დასრულების შემდეგაც (იხ. ტ.1. ს.ფ. 312-313).

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე მხარეთა მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი.

26. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების ანალიზისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სასამართლოს სხდომაზე აპელანტის ობიექტური მიზეზით გამოუცხადებლობის პრეზუმფცია.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება) წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს. თუმცა ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, არ უნდა დადგეს ისეთი მხარის მიმართ, რომლის მიერაც საპროცესო მოვალეობების შეუსრულებლობა განპირობებულია ობიექტური საფუძვლით.

28. მოცემულ შემთხვევაში ასეთი ობიექტური გარემოების არსებობის ვარაუდის გათვალისწინებით, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარისა და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობის განხილვის ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

29. შუამდგომლობის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს განპირობებული იყო თუ არა 2018 წლის 12 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა რაიმე ობიექტური მიზეზით. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველგვარი ეჭვი მხარის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. სუსგ №ას-672-638-2015, 2015 წლის 14 აგვისტო; №ას-490-464-2014, 2014 წლის 8 ივლისი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა(ა)იპ ზ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ა(ა)იპ ზ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის, ზ. მ-სა და მისი წარმომადგენლის, მ. ჩ-ის შუამდგომლობის განხილვის ეტაპიდან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე