საქმე №ას-1634-2018 28 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ქ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში − „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ქ-ს (შემდგომში − „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის სახით 2 125 ლარისა და პირგასამტეხლოს, 2018 წლის 23 მარტამდე 1169,75 ლარის ოდენობითა და 2018 წლის 24 მარტიდან საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,05 ლარის ოდენობით, გადახდის დაკისრება.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა 2220,55 ლარი, საიდანაც საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენს 2125 ლარს და პირგასამტეხლოა 95,55 ლარი. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 2018 წლის 23 მარტამდე პირგასამტეხლოს 1074,2 ლარის და 2018 წლის 24 მარტიდან ყოველდღიურად 1,05 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 2018 წლის 23 მარტამდე პირგასამტეხლოს 1074,2 ლარის და 2018 წლის 24 მარტიდან ყოველდღიურად 1,05 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრებული იყო სრულად. ვინაიდან აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენდა ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრება 2018 წლის 24 მარტიდან, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშებულიყო 2 წლის განმავლობაში გადასახდელი ოდენობით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი იყო 1840,7 (1074,2 + 1,05 X 365 X 2) ლარი, რაც 2000 ლარზე ნაკლები იყო. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი და უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
8. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
8.1. სარჩელის ფასი განისაზღვრა 4444,45 ლარით (2125 ლარს [საიჯარო ქირა] + 1169,75 ლარი [2018 წლის 23 მარტამდე დარიცხული პირგასამტეხლო] + 365 X 3 X 1,05=1149,75 ლარი [2018 წლის 24 მარტიდან დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაანგარიშდა 3 წლის განმავლობაში გადასახდელი ქირის 0,1%-ის ოდენობით, რაც თითოეულ დღეზე შეადგენს 1,05 ლარს];
8.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირა − 2125 ლარისა და პირგასამტეხლო 95,55 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნა 2018 წლის 24 მარტიდან საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე პირგასამტეხლოს (1,05 ლარი) დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ფასია 2223,9 ლარი (4444,45-2125-95,55=2223,9), რაც აღემატება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრული დავის საგნის ღირებულებას.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
12. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს კანონით დადგენილ ოდენობასთან სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების შეუსაბამობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.
13. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2220,55 ლარი, საიდანაც საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენს 2125 ლარს და პირგასამტეხლოა 95,55 ლარი. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 2018 წლის 23 მარტამდე პირგასამტეხლოს 1074,2 ლარის და 2018 წლის 24 მარტიდან ყოველდღიურად 1,05 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 1. ს.ფ. 90-94).
14. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 1. ს.ფ. 97-108).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 2018 წლის 23 მარტამდე პირგასამტეხლოს 1074,2 ლარისა და 2018 წლის 24 მარტიდან ყოველდღიურად 1,05 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება სწორედ ამ თანხების მიხედვით უნდა დაანგარიშდეს.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. ამავე მუხლის ამავე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
17. მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საჩივრით, რომელშიც ჩამოყალიბებულია აპელანტის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და კანონით. კანონი კი ქონებრივი დავის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისთვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს.
18. განსახილველ შემთხვევაში სადავოა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განსაზღვრულიყო 2018 წლის 24 მარტიდან ყოველდღიურად 1,05 ლარის დაკისრების ნაწილში დავის საგნის ღირებულება.
19. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და მიზანშეწონილად მიიჩნია დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშებულიყო 2 წლის განმავლობაში გადასახდელი ოდენობით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 1840,7 (1074,2 + 1,05 X 365 X 2) ლარი იყო.
20. აღნიშნულ შეფასებას არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორი და მიუთითებს, რომ მოსარჩელემ სარჩელის ფასის განსაზღვრისას 2018 წლის 24 მარტიდან დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა, ამავე ნორმის საფუძველზე, 3 წლის განმავლობაში გადასახდელი ქირის 0,1%-ის ოდენობით დაიანგარიშა, რაც თითოეულ დღეზე შეადგენს 1,05 ლარს (365 X 3 X 1,05=1149,75 ლარი). შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ფასი 2223,9 ლარი იყო.
21. ამრიგად, 2018 წლის 24 მარტიდან დასაკისრებელი პირგასამტეხლოს 3 წლის განმავლობაში გადასახდელი ოდენობით დაანგარიშების შემთხვევაში, განსხვავებით 2 წლის პერიოდში გადასახდელი ოდენობით დაანგარიშებისგან, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს (1074,2 ლარს + 1149,75 [365 X 3 X 1,05] ლარი = 2223,95 ლარს). შესაბამისად, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ბედი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა პერიოდის განმავლობაში დაინგარიშებდა სასამართლო პირგასამტეხლოს ყოველდღიურად გადასახდელ თანხას.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს რა პერიოდის განმავლობაში უნდა დაანგარიშდეს ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელზე გასაცემი ან გადასახდელი თანხები (არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში), თუმცა სასამართლო თავისი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას იმ გზით არ უნდა წავიდეს, რაც, საბოლოოდ, მხარისათვის სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას გამოიწვევს.
23. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა გამოთვალა 2 წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, რის გამოც, დავის ღირებულება აღმოჩნდა 2 000 ლარზე ნაკლები და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. შედეგად, მხარეს წაერთვა სასამართლო გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში პირველად გასაჩივრების უფლება, რასაც საკასაციო პალატა, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლო აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და პირგასამტეხლოს ოდენობის 3 წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით გამოთვლის შემთხვევაში თავიდან იქნებოდა აცილებული მხარისათვის უარყოფითი შედეგი, გაუმართლებლად მიიჩნევს.
24. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელებზე დავის საგნის ფასის სამი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში) გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით განსაზღვრა საგამონაკლისო შემთხვევას არ წარმოადგენს (იხ. სუსგ-ები №ას-1372-1292-2017, 26 იანვარი, 2018 წელი; №ას-498-472-2015, 30 ოქტომბერი, 2015 წელი).
25. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, 2018 წლის 24 მარტიდან დასაკისრებელი პირგასამტეხლო 3 წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით დაანგარიშდეს.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება და საქმე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე