1 მარტი, 2019 წელი
№ას-277-2019 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – მ.ს–ძე, ა.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სს „კ.ბ.“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბერი განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
- სს „კ.ბ–ის“ (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მ.ს–ძესა (შემდეგში პირველ მოპასუხეს), ა.მ–ძეს (შემდეგში მეორე მოპასუხეს) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6838.80 აშშ დოლარის გადახდა.
- დადგინდა დაკისრებული თანხის გადახდევინება პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე, ქ. ბათუმი, ...... (საკადასტრო კოდი: N ....), იძულებითი რეალიზაციით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალზაციის შემდეგ ამონაგები თანხით სრულად არ დაიფარებოდა ბანკის წინაშე არსებული დავალიანება, დარჩენილ ნაწილში დადგინდა აღსრულების მიქცევა პირველი და მეორე მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებებიდან.
2. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2018 წლის 25 აპრილის განჩინების გაუქმება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
9. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინების ასლი 2019 წლის 23 იანვარს პირადად ჩაიბარა კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა - ა.ა–მა (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 83), რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელწერილით (ს.ფ. 223). შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 24 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 4 თებერვალს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი შეტანილია 2019 წლის 06 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ. 222).
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს მოპასუხეთა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან ეს საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შეტანილი.
13. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, საჩივრის ვადაში შეტანა საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძლეს, ამიტომ ითხოვენ გაშვებული ვადის აღდგენას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის საკითხს აწესრიგებს სსსკ-ის 65-ე მუხლი, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.
14. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, რომელიც საპატიო მიზეზით გაუშვა მხარემ, შეიძლება აღადგინოს სასამართლომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 416-ე მუხლი ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
15. შესაბამისად, შუამდგომლობა ვადის აღდგენის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ს–ძისა და ა.მ–ძის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. მ.ს–ძისა და ა.მ–ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: პაატა ქათამაძე