საქმე #ა-571-შ-19-2019 12 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ბ-ა ქ. ს. გ. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი ფოლადოვი ზოხრაბ ადალათ ოღლის მიმართ, არასრუწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარადაღის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარადაღის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ფ-ვ ზ. ა. ოღლის 2018 წლის 10 ივლისიდან არასრუწლოვანი შვილების: ფ-ი ნ. ზ. ოღლისა (დაბ: ....09.20..წ.) და ფ-ი ა. ზ. ოღლის (დაბ: ...04.20...წ.) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 154-154 აზერბაიჯანული მანათის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბ-ა ქ. ს. გ. და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწვლით ირკვევა, რომ:
ა) მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვაზე, ის მონაწილეობდა სასამართლო სხდომაზე და ნაწილობრივ ცნო სარჩელი;
ბ) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიწყო მისი აღსრულება, თუმცა, სააღსრულებო ფურცელი გამოთხოვილ იქნა კრედიტორის მიერ იმ მოტივით, რომ ალიმენტვალდებული პირი არის საქართველოს მოქალაქე.
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში (შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს ... მოპასუხის ... ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.
წარმოდგენილი მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ზ.ფ-ი ცხოვრობს ქ.ბაქოში, გარადაღის რაიონში, მუშვიგაბადის დასახლებაში, არც გადაწყვეტილება და არც სხვა რომელიმე დოკუმენტი არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ალიმენტვალდებული პირი არის საქართველოს მოქალაქე, აქვს საქართვლოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან ქონება, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში _ „მინსკის კონვენცია“) მე-2 კარითა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის გათვალისწინებით, დაედგინა საქმის განხილვის საერთაშორისო კომპეტენცია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სააღსრულებო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით, რომლის თანახმადაც გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება უცხო ქვეყნის ტერიატორიაზე აღარ მიმდინარეობს, ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორმა სააღსრულებო დოკუმენტი გამოითხოვა იმ მოტივით, რომ ვალდებული პირი არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა, როგორც ითქვა, ეს ფაქტი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია, მიუთითოს საკუთარი მოთხოვნა. ამ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ ბაბაევა ქამალა, მართალია, მოითხოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას, თუმცა, ვინაიდან დავა თანხის (ალიმენტის) დაკისრებას შეეხება, გადაწყვეტილების მხოლოდ ცნობა მხარის მიერ დასახული მიზნის მიღწევის საკმარისი საშუალება ვერ გახდება, ვინაიდან თანხის გადახდის შესახებ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისათვის სავალდებულოა მხარე მოითხოვდეს ასევე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო საკუთარი ინიციატივით ვერ გასცდება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლისა (სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმგვარი სამართალწარმოება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს უფლებადარღვეული პირის რესტიტუციას და არ არის სამართლებრივი ეფექტის მომტანი მხარისათვის, ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკით, ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მიზნებს ეწინააღმდეგება (Apostol v. Georgia; Hornsby v.Greece; IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia; Burdov v. Russia; Hornsby v. Greece).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის (შუამდგომლობის) მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს (შუამდგომლობის ავტორს), რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, ბ-ა ქ. ს. გ. უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ-ა ქ. ს. გ. უარი ეთქვას აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარადაღის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
3. განემარტოს ბ-ა ქ. ს. გ., რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ.ალავიძე