Facebook Twitter

საქმე №ას-1360-1280-2017 29 იანვარი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „...“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „თ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს-ს (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის _ 30 317,56 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხე არის კრედიტორის აბონენტი, რომელიც წლების მანძილზე სისტემატურად არღვევდა მოხმარებული ელ.ენერგიის ღირებულების დროულად გადახდის ვალდებულებას ან გადახდას ახორციელებდა არასრულად. აღნიშნულის შედეგად მოპასუხეს წარმოეშვა დავალიანება სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 2013 წლის 10 მაისს განხორციელდა მ-ის რაიონის სოფელ ტ-ში მდებარე მოპასუხის ს. დეპარტამენტის ობიექტზე (5-...) სააბონენტო მრიცხველის მონტაჟი, რის შემდეგაც ს. სახელშეკრულებო ურთიერთობებში შევიდა მოსარჩელესთან და ამ დროიდან მოყოლებული ჯეროვნად ახორციელებს მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი ღირებულების გადახდას. ს. მოკლებულია შესაძლებლობას, გაარკვიოს საიდან გამომდინარეობს აღნიშნული დავალიანება, თუ მრიცხველის დადგმის მომენტში იგი არ არსებობდა. მიმდინარე ვალის გრაფაში მითითებული იყო 0.00 ლარის ოდენობის ვალი და შემდგომ დარიცხული დავალიანების გადახდა დადგენილი წესით ხორციელდებოდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 317,56 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მხარეები წარმოადგენენ ელექტროენერგიის მოხმარებისთვის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის მხარეებს. 2013 წლის 10 მაისს განხორციელდა მოპასუხის სააბონენტო მრიცხველის მონტაჟი. მოსარჩელე შესყიდვის საფუძველზე აწვდის მოპასუხეს ელექტროენერგიას;

1.2.2. საქმეში წარმოდგენილი კრედიტორის 2013 წლის 30 სექტემბრის #5------ დარიცხვის აქტის თანახმად, აბონენტის მიერ უმრიცხველოდ მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაუხდელ საფასურს წარმოადგენს 2008 წლის 15 აპრილიდან 2011 წლის 1 აპრილმადე 21 005,37 ლარს; 2011 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 25 ივნისამდე _ 4 191,25 ლარს და 2012 წლის 25 ივნისიდან 2013 წლის 10 მაისამდე _ 3 503,54 ლარს, ჯამში 2008 წლის 15 აპრილდან 2013 წლის 10 მაისამდე უმრიცხველოდ მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელი ხარჯის ოდენობა შეადგენს 28 700,16 ლარს;

1.2.3. აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან ირკვევა, რომ მოპასუხე, მართალია, იხდიდა ელექტროენერგიის საფასურს, მაგრამ არა თვიურად დარიცხული მოხმარების ზუსტი ოდენობით, არამედ _ პერიოდული ზედმეტობით ან პირიქით. ამასთან აბონენტის დავალიანება - 2015 წლის სექტემბერში (09.09.2015 წ. ჩვენება) შეადგენს _ 768.80 ლარს, ხოლო 2015 წლის ოქტომბერში (08.10.2015წ. ჩვენება) _ 848.60 ლარს, მიმდინარე დავალიანების ჯამური სხვაობა სულ 1 617,4 ლარს შეადგენს;

1.2.4. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 2008 წლის 15 აპრილიდან 2013 წლის 10 მაისამდე უმრიცხველოდ მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელი ხარჯის _ 28 700,16 ლარისა და გამრიცხველიანების შემდეგ, 2015 წლის 9 სექტემბრისა და 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაუხდელი დავალიანების _ 30 317,56 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. გასაჩივრებული განჩინებით კასატორს დაეკისრა იმ დავალიანების ანაზღაურება, რომლის არსებობაც არ დგინდება ს-ში დაცული მონაცემებით. ამ მხრივ არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოპასუხე დადგენილი წესითა და ოდენობით არ იხდის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, საპირისპიროს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორია, რომელიც ქვემდგომი სასამართლოების მხრიდაბ არ ყოფილა გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოტანისას;

1.4.2. 2013 წლის 10 მაისს განხორციელდა მ-ის რაიონის სოფელ ტ-ში მდებარე მოპასუხის ს. დეპარტამენტის ობიექტზე (5-...) სააბონენტო მრიცხველის მონტაჟი, რის შემდეგაც ს. სახელშეკრულებო ურთიერთობებში შევიდა მოსარჩელესთან და ამ დროიდან მოყოლებული ჯეროვნად ახორციელებს მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი ღირებულების გადახდას. ს. მოკლებულია შესაძლებლობას, გაარკვიოს საიდან გამომდინარეობს აღნიშნული დავალიანება, თუ მრიცხველის დადგმის მომენტში იგი არ არსებობდა, მიმდინარე ვალის გრაფაში მითითებული იყო 0.00 ლარის ოდენობის ვალი და შემდგომი დარიცხული დავალიანების გადახდა დადგენილი წესით ხორციელდებოდა.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი (სსსკ-ის 102-ე მუხლი) და საქმის მასალების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, მართებულად დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 105-ე მუხლი). საკასაციო პრეტენზიებთან დაკავშირებით პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. მოვალე მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების გადახდისგან თავს იცავს იმით, რომ ს-ში არ მოიპოვება შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მრიცხველის დამონტაჟების შემდეგ ახორციელებს ანგარიშსწორებას, თუმცა საკასაციო საჩივრით სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მრიცხველის დამონტაჟებამდე ის ელექტროენერგიას მოიმარდა, რაც ასახულია კიდეც დავალიანების სახით (ამ შემთხვევაში, თუკი მომსახურების მიღება ხდებოდა სახელშეკრულები ურთიერთობის გარეშე, მოვალე ვალდებულია, მაინც აანაზღაუროს თანხა სამოქალაქო კოდექსის 982-ე და 979-ე მუხლების საფუძველზე). რაც შეეხება მხარის მტკიცებას, რომ აბონენტად რეგისტრაციის შემდგომ მას ვალდებულება არ დაურღვევია, ეს ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, დავალიანების არსებობის ფაქტი სასამართლომ სწორედ კასატორის მიერ შედავებული მტკიცებულების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, ხოლო მას, როგორც ფულადი ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელ მხარეს, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, ევალებოდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მტკიცების ფაქტი.

1.5.2. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად მოიძია/განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები: სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი, ასევე, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების მე-3 მუხლი და სწორად დატოვა უცვლელად სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე