Facebook Twitter

საქმე №ას-1318-1238-2017 23 თებერვალი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს. ლ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ქ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ა. ქ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ლ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 5 805,73 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე დასაქმებული იყო მოსარჩელის კუთვნილ მაღაზიაში გამყიდველის პოზიციაზე. მას სარეალიზაციოდ ჩაბარებული ჰქონდა 53 843,45 ლარის ღირებულების საქონელი და სისტემატურად ხორციელდებოდა აღწერა. 2016 წლის 11 და 16 სექტემბერს, მორიგი აღწერის ჩატარებისას აღმოჩნდა დანაკლისი _ 5 805,73 ლარი, რომელიც მოპასუხის მიერ იქნა აღებული სალაროდან. იგი ამ ფაქტს ადასტურებს წერილობით და ამ თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მას.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან 2016 წლის 27 მაისიდან, თუმცა, მუშაობის დაწყებისას მაღაზიაში შეტანილი იყო სარეალიზაციო საქონელი არა სარჩელში მითითებული ოდენობით, არამედ, ნაკლები. 53 843,54 ლარის ღირებულების საქონლის არსებობა დადასტურდა პირველი აღწერის ჩატარებისას _ 2016 წლის 17 ივლისს. მეორე აღწერა ჩატარდა 2016 წლის პირველ სექტემბერს, საკმაოდ ხანგრძლივი ანგარიშის შემდგომ, 16 სექტემბერს მოპასუხეს განუცხადეს, რომ დანაკლისი იყო 5 805,73 ლარის ოდენობით, რაც იყო მისი ბრალი და უნდა აენაზღაურებინა, 19 სექტემბერს კი, კარნახით, მუქარითა და სიტყვიერი ზეწოლით დააწერინეს ხელწერილი, სადაც, მართალია, აღნიშნა დანაკლისის ოდენობა, რასაც მოსარჩელე უთუთებდა, თუმცა, მას თანხის აღების ფაქტი არ დაუფიქსირებია, ვინაიდან სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მუშაობის პერიოდში მოპასუხეს მართლაც ჰქონდა შეხება სალაროსთან რა დროსაც იყო შემთხვევები, როდესაც მას მართალაც აუღია პირადი მოხმარების მიზნით 1 ან 2 ლარი, თუმცა უკანვე აბრუნებდა მას, ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს პროდუქციას ატანდა თანხის შემდგომი გადახდის პირობით, რომელსაც საკუთარი ხელფასით ფარავდა იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი დროულად არ აანაზღაურებდა, თუმცა, ამგვარი შემთხვევა არ აღემატებოდა 50 ლარს. მეორე აღწერის დროს, მოპასუხის ცვლაში დარჩენილი იყო გარკვეული აუნაზღაურებელი ვალდებულება, რაც მითითებულია ხელწერილშიც, თუმცა 2016 წლის 19 სექტემბერს, სამუშაოდან წასვლის შემდგომ აღმოჩნდა, რომ დავალიანება შეადგენდა 1- ლარს, რაც არ აუნაზღაურებია მას. მუშაობის პროცესში ბუღალტერიას აწარმოებდა, როგორც გამყიდველი, ისე _ მაღაზია და ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხდებოდა ანგარიშსწორება, ასევე, არსებობდა ე.წ. „თანხის რვეული“, სადაც აღინიშნებოდა დღის განმავლობაში ნავაჭრი თანხის ოდენობა, რომელსაც გადასცემდა მოპასუხე მაღაზიის მენეჯერს და ეს ფაქტი დასტურდებოდა ხელმოწერებით. პირველი აღწერის ჩატარებისას, დანაკლისის ნაცვლად აღმოჩნდა მეტობა _ 272 ლარი, 2016 წლის ივლისში მოპასუხეს შეუწყდა ორსულობა და რამდენიმე დღე სამსახურში ვერ ცხადდებოდა, თუმცა, აღწერისას საღამოს საათებში ცხადდებოდა სამსახურში. პირველი აღწერის ჩატარების შემდგომ, ღამის ცვლაში აიყვანეს დამატებითი გამყიდველი, ამ პერიოდში დაიწყო მაღაზიამ ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციაც და იყო შემთხვევები, როდესაც მალფუჭებადი პროდუქტის გადაყრა მოუწიათ, თუმცა ამ ფაქტის ბუღალტრული აღრიცხვა როგორ ხდებოდა უცნობია. დანაკლისის გამოვლენისას მოპასუხისათვის არ განუმარტავთ ეს იყო ფულადი თუ საქონლის დანაკლისი. მიუხედავად მაღაზიაში სათვალთვალო კამერისა და ელექტრონული საკონტროლო ჩიპების განთავსებისა, მოსარჩელემ მოპასუხეს ვერ წარუდგინა რაიმე ჩანაწერი, მას მხოლოდ ხელწერილი დააწერინეს დანაკლისის არსებობის თაობაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1- ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ _ 5 790,73 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 5 790,73 ლრის ანაზღაურება.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2016 წლის 27 მაისიდან, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან, კერძოდ, მუშაობდა გამყიდველად ხ–ი, ჭ-იას ქ#1--ში მდებარე, მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მაღაზიაში;

1.2.2. 2016 წლის 19 სექტემბერს მოვალის მიერ შედგენილ და ხელმოწერილ იქნა შემდეგი შინაარსის ხელწერილი: „მე ს. ლ. დაბადებული 1990 წლის 22 მაისს, დავიწყე მუშაობა ხ-ის რ-ში ამა წლის 27 მაისს ჭ-იას 1- ნომერში მდებარე მაღაზიაში ინდ.მეწარმე ა. ქ-ესთან, მაღაზიაში ჩავიბარე 53 843,54 გავაკეთეთ აღწერა I-17/08-ში. მქონდა ყველაფერი ზუსტად და ვიყავი მეტობაში 272 ლარით. ჩავატარეთ მეორე აღწერა 1/09-ში და ასევე 16/09-ში კონტროლის მიზნით. გვაქვს დანაკლისი _ 5 805,73 თეთრი. ჩემი, მესაკუთრის და ბუღალტერის ანგარიშები ემთხვევა ერთმანეთს, კასიდან ავიღე თანხა მაგრამ არ მახსოვს რამდენია. შევეცდები ყოველნაირად ჩემგან მიყენებული ზარალი ავუნაზღაურო ინდ.მეწარმეს ა. ქ-ეს“;

1.2.3. შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა, რომ პირველი აღწერის შემდეგ, მაღაზიაში, ღამის ცვლაში სამუშოდ აიყვანეს დამატებითი გამყიდველი და დაიწყეს დამატებით ხილ-ბოსტნეულის შემოტანა. ეს ფაქტობრივი გარემოება უარყო მოსარჩელემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა: „არ ვადასტურებ სხვა პირის მუშაობის ფაქტს“ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 13:1-:51);

1.2.4. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ მას ჩაბარებული ჰქონდა მაღაზიაში არსებული პროდუქცია, რომლის რეალიზაციას თავად ახდენდა და რეალიზაციიდან აღებულ თანხას, სამუშაოს დასრულების შემდეგ, მოსარჩელის უფლებამოსილ წარმომადგენელს (ნათესავს) აბარებდა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, 408-ე მუხლის პირველი ნაწილი და 412-ე მუხლი, რადგანაც არასწორად მიიჩნია დადგენილად კასატორის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, ამ გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, რაც შეეხება ხელწერილს, ის არც ვალის აღიარებას და არც ზიანის ანაზღაურების დადასტურებას არ წარმოადგენს. ამ მტკიცებულების შეფასებისას სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც არ გაითვალისწინა მისი დაწერა რა მდგომარეობაში მოხდა;

1.4.2. სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, საკუთარი ინიციატივით შეცვალა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც მოსარჩელეს არც პირველი და არც სააპელაციო წესით საქმის განხილვისას ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვია, ის მოითხოვდა მხოლოდ სალაროში არსებული დანაკლისის მოპასუხისათვის დაკისრებას;

1.4.3. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია მაღაზიაში სხვა გამყიდველის მუშაობისა და ხილ-ბისტნეულის რეალიზაციის ფაქტი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელზე უარის თქმის საფუძველი გახდა. ამ მხრივ, პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხოლოდ ფაქტზე მითითებით შემოიფარგლა და პრიორიტეტი მიანიჭა მოსარჩელის განმარტებას, როდესაც, როგორც მოსარჩელის, ისე _ მოპასუხის განმარტება თანაბარი ძალის მტკიცებულებაა, ამასთანავე, პალატას უნდა ემსჯელა იმაზე, რომ მალფუჭებადი პროდუქტის ჩამოწერის გამო ხდებოდა დანაკლისი. ის გარემოება, რომ კასატორი ცვლის დასრულების შემდგომ თანხას აბარებდა უფლებამოსილ პირს, გამორიცხავს დანაკლისის არსებობას. 2016 წლის 14 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით მაღაზიის საორგანიზაციო საკითხებს განაგებდნენ ნ. და ა. გ-ები, რომლებსაც ასევე ჰქონდათ შეხება სალაროსთან, შესაბამისად, მოპასუხის ქმედების შედეგად დანაკლისის არსებობას არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მის მიერ დაწერილი ხელწერილი;

1.4.4. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში შეფასების საგანს წარმოადგენდა მუქარა, რომლის პირობებშიც იქნა ხელწერილი შესრულებული, რადგანაც პირველი ინსტანციის სასამართლოს კვლევის საგანი იყო ხელწერილი წარმოადგენდა თუ არა ვალის აღიარებას.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. საკასაციო პრეტენზიებთან დაკავშირებით, პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე მოითხოვდა მატერიალური დანაკლისის დასაქმებულისათვის დაკისრებას. ამგვარი ფაქტობრივი შემადგენლობა სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას და მის დამფუძნებელ ნორმებად განიხილება შრომის კოდექსის 44-ე მუხლი, ასევე, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის მარეგულირებელი სამოქალაქო კოდექსის დანაწესები: 394-ე (1), 408-ე (1) და 412-ე მუხლები. ამ მხრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები, იგი არასწორია და უარყოფს მას. ამ პრეტენზიასთან მიმართებით გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და ის არ არის შეზღუდული მხარის მითითებით (მრავალთა შორის იხ. მაგ: სუსგ Nას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი).

1.5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სადავო ხელწერილი იძულებითაა შესრულებული და დანაკლისი არა მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების, არამედ _ ხილ-ბოსტნეულის ჩამოწერითა და სალაროსთან სხვა პირთა დაშვებითაა განპირობებული. ამ კუთხით პალატა განმარტავს, რომ იძულებით დადებული გარიგების წინაპირობების მტკიცება (სკ-ის 85-ე-89-ე მუხლები) ევალება ფაქტის მიმთითებელ მხარეს _ მოპასუხეს, ისევე, როგორც ზიანის დადგომაში სხვა ფაქტობრივი გარემოებების არსებობისა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). როგორც სააპელაციო პალატამ დაადგინა, მოსარჩელემ უარყო ამ კუთხით მოპასუხის მიერ გაკეთებული განმარტებები, რაც მათ სადავო ფაქტებად (მტკიცებას დაქვემდებარებულ ფაქტებად) მიჩნევას განაპირობებს. ამ თვალსაზრისთ კი, მოპასუხის მიერ წარდგენილია მხოლოდ სამედიცინო კვლევის ამსახველი მასალები, რასაც შეხება სადავო ფაქტებთან არ აქვს.

1.5.3. რაც შეეხება თავად ხელწერილის შეფასებას, მასში აღწერილია რა ფაქტები, თუ რომელი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებას ადასტურებს მხარე, იგი კაუზალური აღიარებაა და გაუქარწყლებლობის პირობებში მოპასუხეს, როგორც ვალდებულ პირს, აკისრებს ზიანის ანაზღაურებას (იხ. სუსგ №ას-383-364-201-, 27 მაისი, 2016 წელი).

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ვალის აღიარების საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი