Facebook Twitter

საქმე №ას-1473-1393-2017 26 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – შპს „ა. ფ.“, ა. რ. კ.“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. ჯ.“, შპს „კ. კ.“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და განცხადების სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – უფლებამონაცვლის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ა. ფ.“ სარჩელი შპს „ა. ჯ.“ მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 483 929 ევროსა და 114 932,50 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, შპს „ა. ფ.“ სარჩელი არჩილ ვეკუას მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 58 647 ევროს დაკისრების თაობაზე, ასევე, შპს „ა. ჯ.“ და ა. ვ-ას მიმართ მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე, არ დაკმაყოფილდა არჩილ ვეკუას შეგებებული სარჩელი შპს „ა. ფ-ის“ 123 324 ლარის დაკისრების შესახებ;

2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა. ფ.“;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა. ფ.“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ა. ფ.“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და შპს „ა. ფ.“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ა. ჯ.“, შპს „ა. ფ.“ სასარგებლოდ, დაეკისრა 410 210 ლარისა და 200 200 ევროს გადახდა, ასევე, გამოთხოვილ იქნა შპს „ა. ჯ.“ მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთები და დაუბრუნდა კანონიერ მესაკუთრეს _ შპს „ა. ფ.“;

4. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2015 წლის 6 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შპს „ა. ჯ.“ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

5. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ა. ფ.“ და ა. რ. კ-ის წარმომადგენლმა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაში დასახელებული მოვალისა და კრედიტორის უფლებამონაცვლეების დადგენა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა;

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე 2015 წლის 13 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცლებზე შეწყდა სააღსრულებო წარმოება და ხსენებულ გადაწყვეტილებაზე გაიცა ორი ახალი სააღსრულებო ფურცელი: ა) სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორ შპს „ა. ფ.“ უფლებამონაცვლედ 120 000 ევროს მოთხოვნის ნაწილში მიეთითა ა. რ. კ-ი, ხოლო მოვალედ - შპს „ა. ჯ.“ და ბ) სააღსრულებო ფურცელი, სადაც 410 210 ლარის, 80 200 ევროსა და 5 000 ლარის მოთხოვნის ნაწილში კრედიტორად მიეთითა შპს „ა. ფ.“, ხოლო მოვალედ _ შპს „ა. ჯ.“, მოვალე შპს „ა. ჯ.“ უფლებამონაცვლედ შპს „კ. კ.“ მითითების მოთხოვნის ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდა;

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა განმცხადებელმა, მოთხოვა მისი ნაწილობრივ (მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) გაუქმება და უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე განცხადების სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის მასალებს, შეისწავლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „ა. ფ.“ და ა. რ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით კი, დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის ის დასკვნები, რომლებიც შეეხება მოვალის უფლებამონაცვლის დადგენაზე უარს. ამ თვალსაზრისით კი, საქმის მასალებით დადგენილია საკითხის გადაჭრისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება) აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობას წარმოადგენს 410 210 ლარი; 200 200 ევრო; 42 000 ლარის ღირებულების მოძრავი ქონება; 50 000 ლარი;

2.2. მოთხოვნის კრედიტორს წარმოადგენს შპს „ა. ფ.“, ხოლო მოვალეს _ შპს „ა. ჯ.“;

2.3. კრედიტორი უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ განცხადებით მოითხოვს:

ა) 120 000 ევროს მოთხოვნის ნაწილში კრედიტორ შპს „ა. ფ.“ უფლებამონაცვლედ ა. რ. კ-ის მიჩნევას, ხოლო, მოვალე შპს „ა. ჯ.“ უფლებამონაცვლედ _ შპს „კ. კ.“ და ამ ნაწილში ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემას;

ბ) 410 210 ლარის, 80 200 ევროსა და 5 000 ლარის მოთხოვნის ნაწილში კრედიტორად კვლავ შპს „ა. ფ.“ მიჩნევას, ხოლო მოვალედ, ნაცვლად შპს „ა. ჯ.“ _ შპს „კ. კ.“ და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემას;

2.3.1. უფლებამონაცვლეობის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიკუთვნებული 120 000 ევროს მოთხოვნის უფლება, 2015 წლის 24 თებერვლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე „ა. ფ.“ გადასცა ალი რ. კ-ს, თავის მხრივ, სხვა სამოქალაქო საქმეზე ალი რ. კ-ის მიმართ 251 000 ლარისა და 62 750 ლარის მოთხოვნის უფლება შპს „ა. ჯ.“ დაუთმო შპს „კ. კ.“ 2015 წლის 2 მარტის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით. განმცხადებლის მოსაზრებით, რადგანაც შპს „ა. ფ.“ უფრო ადრე დაუთმო მოთხოვნა ა. რ. კ-ს, ვიდრე შპს „ა. ჯ.“ შპს „კ. კ.“, ა. რ. კ-ს გააჩნდა შპს „ა. ჯ.“ მიმართ 120 000 ევროს მოთხოვნის უფლება და სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნის ახალ მფლობელს ამ ოდენობით თანხის მოთხოვნის უფლება გააჩნდა შპს „კ. კ.“ მიმართ.

3 საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, ა. რ. კ-სა და შპს „ა. ფ.“ შორის 2015 წლის 24 თებერვალს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წინამდებარე საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, შპს „ა. ჯ.“ შპს „ა. ფ.“ სასარგებლოდ დაკისრებული 120 000 ევროს მოთხოვნის ნაწილში ალი რიზა კიზილდაგზე გადავიდა ის კრედიტორული მოთხოვნის უფლება, რაც მოთხოვნის დამთმობს გააჩნდა ხელშეკრულების გაფორმებისას, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, 120 000 ევროს მოთხოვნის ნაწილში კრედიტორის უფლებამონაცვლედ მოთხოვნის ახალი მფლობელის დაშვება და მის სასარგებლოდ ამ ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაცემა („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი) იურიდიულად გამართლებულია, ისევე, როგორც მოთხოვნის დარჩენილ ნაწილში კრედიტორად შპს „ა. ფ.“ მიჩნევა და ამ ნაწილში, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის გაცემა;

4. რაც შეეხება მოვალის უფლებამონაცვლის დადგენის საკითხს, ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება ასევე კანონიერია და საკასაციო პალატა იზიარებს ამ განჩინებაში ასახულ სამართლებრივ დასაბუთებას. თავის მხრივ, კერძო საჩივრის ავტორები განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობას არ ეთანხმებიან შემდეგი საფუძვლებით:

4.1. სააპელაციო პალატამ უფლებამონაცვლეობაზე უარი არასწორად განაცხადა იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ვალის გადაკისრების შეთანხმება. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 199-ე, 204-ე მუხლები და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი;

4.2. სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ სხვა სამოქალაქო საქმეში, სადაც იგივე მხარეები მონაწილეობდნენ, 2015 წლის 24 თებერვალს შპს „ა. ფ.“ და ა. რ. კ-ს შორის შედგა შეთანხმება შპს „ა. ჯ.“ მიმართ 120 000 ევროს მოთხოვნის დათმობის თაობაზე. ამ ხელშეკრულებით, ფიზიკურმა პირმა ა. რ. კ-მა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით (სხვა სამოქალაქო საქმეზე) წარმოშობილი მოთხოვნა შპს „ა. ჯ.“ მიმართ (26 257,5 ლარზე) დაუთმო შპს „ა. ფ.“, ამავე საქმეზე შპს „ა. ჯ.“ და შპს „კ. კ.“ შორის 2015 წლის 2 მარტს შედგა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ა. ჯ.“ შპს „კ. კ.“ სრულად დაუთმო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების (სხვა სამოქალაქო საქმეზე) საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნა, ორივე ხელშეკრულება გაფორმებულია საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე და სადავო არაა, რომ ქრონოლოგიურად ჯერ შპს „ა. ფ.“ დადო გარიგება, ხოლო, შემდგომ _ შპს „ა. ჯ.“. შპს „ა. ჯ.“ მიერ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების გაფორმების სავარაუდო მიზეზს, მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, მოთხოვნათა გაქვითვა შესაძლოა წარმოადგენდეს. შპს „ა. ფ.“ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება შპს „ა. ჯ.“ მიმართ ვერ უზრუნველყო, რადგანაც აღსრულების ეტაპზე დადგინდა, რომ მოვალეს არავითარი ქონება არ გააჩნდა. შპს „ა. ჯ.“ მიმართ შპს „კ. კ.“ უფლებამონაცვლეობა ნათელია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის განჩინებით, ზემოხსენებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ა. ჯ.“ უფლებამონაცვლედ მიჩნეულია შპს „კ. კ.“, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, 120 000 ევროს მოთხოვნის ნაწილში მოვალის უფლებამონაცვლედ უნდა მიეჩნია შპს „კ. კ.. სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის შესაბამისად, 2015 წლის 2 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ა. ჯ.“ ადგილი სამართლებრივ ურთიერთობაში დაიკავა შპს „კ. კ.“;

4.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლით, თუმცა არასწორად განმარტა, რომ შესაგებელში, თითქოს არ იგულისხმება შეგებებული მოთხოვნა, რადგანაც მოთხოვნის დათმობა არ გულისხმობს ვალის გადაკისრებას. ამ შემთხვევაში, არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები, რადგანაც ამ საფუძვლით მხარეს მოთხოვნა არ წარუდგენია, არამედ 120 000 ევროს ნაწილში მოვალის უფლებამონაცვლის დაშვება ემყარება ამავე კოდექსის 198-ე, 199-ე და 201-ე მუხლებს. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე ახალი კრედიტორი ძველის ადგილს იკავებს არა მხოლოდ მოთხოვნის, არამედ, ყველა ვალდებულების ნაწილში და ამ გზით არ შეიძლება, გაუარესდეს მოვალის მდგომარეობა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოვალეს უფლება აქვს, ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რომელიც მოთხოვნის დათმობის დროისათვის გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ. მსგავს რეგულაციას ადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ _ გერმანიის სამოქალაქო კოდექსიც. აშკარაა, რომ ა. რ. კ-ს შპს „ა. ჯ.“ მიმართ 2015 წლის 24 თებერვლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე გაუჩნდა 120 000 ევროს მოთხოვნის უფლება და ამ დროისათვის შპს „ა. ჯ.“ ა. რ. კ-ის მიმართ ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაცემული შპს „კ. კ.“ მოთხოვნა, შესაბამისად, ა. რ. კ-ს გააჩნია შპს „ა. ჯ-ის“ მოთხოვნის გაქვითვის შესაგებლის წარდგენის უფლება (რომელიც სხვა სამოქალაქო საქმეზეა დადგენილი), სხვა შემთხვევაში ა. რ. კ-ი და შპს „ა. ფ.“ აღმოჩნდებიან დაზარალებულები, რადგანაც ვერ შეძლებენ შპს „ა. ჯ.“ მიმართ გადაწყვეტილების აღსრულებას. წინამდებარე დავაში უფლებამონაცვლის დადგენა გამართლებულია, როგორც ქართული ეკონომიკის სტაბილურობით, ისე _ საპროცესო ეკონომიის პრინციპით, რაზეც მეტყველებს თავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი.

5. საკასაციო პალატა სრულად უარყოფს კერძო საჩივარში შემოთავაზებულ უფლებამონაცვლეობის იმგვარ რეგულაციას, რომელიც კანონის განმარტების ყოველგვარ შესაძლებლობას სცდება და აღნიშნავს, რომ უფლებამონცვლეობის დაშვების საპროცესო საფუძველს, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი წარმოადგენს, რომელიც მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც გამოიყენება, თუმცა, თავად უფლებამონაცვლეობას მეტარიალურ-სამართლებრივი წინაპირობა უნდა ედოს საფუძვლად. საკასაციო პალატა მოვალის უფლებამონაცვლედ დაშვების თაობაზე, რაღა თქმა უნდა ითვალისწინებს კრედიტორის ინტერესს, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობისკენაა მიმართული და მხედველობაში იღებს იმ ფაქტსაც, რომ ეროვნული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების სახელმწიფოს მიერ აღუსრულებლობის ან აღსრულების გაჭიანურების გამო, არაერთი საჩივარია განხილული სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. გადაწყვეტილებებში ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, რომელიც კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 (§1) მუხლის გაგებით (იხ. Hornsby c. Grèce, 19 mars 1997, §40, Recueil 1997-II; აპოსტილი საქართველოს წინააღმდეგ, №40765/02, §37, 28 ნოემბერი, 2006 წელი). სასამართლოს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა იმას, რომ სასამართლოს საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩენილიყო ერთი მხარის საზიანოდ. გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება შეიძლება გამართლებულ იქნას მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით, მაგრამ ზიანს არ უნდა აყენებდეს მე-6 მუხლით დაცული უფლების არსს (იხ. დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ, №8252/08, §43, 12 ივნისი, 2012 წელი; შპს „ამატ.ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, №2507/03, §47, 27 სექტემბერი, 2005 წელი; შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, №28537/02, §42, 27 დეკემბერი, 2005 წელი). მოსარჩელე მხარის ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას, აღასრულონ შიდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება (იხ. Mutishev and Others v. Bulgaria, №18967/03, §129, 3 December 2009). თუ ადმინისტრაციული ორგანოები უარს აცხადებენ, ვერ ახერხებენ, ან კიდევ აჭიანურებენ ამ ვალდებულების შესრულებას, მოსარჩელე მხარისთვის სამართალწარმოების პროცესში მე-6 მუხლით მინიჭებულ გარანტიას აზრი ეკარგება (იხ. Antonetto v. Italy, №15918/89, §28, 20 July 2000). ვინაიდან აღსრულება სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილია (იხ. Bourdov v. Russie, №59498/00, §34, CEDH 2002-III), პირის უფლება სასამართლო განხილვაზე, „სამოქალაქო უფლებათა და ვალდებულებათა“ განსაზღვრისათვის პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების ხელმისაწვდომობოსთან ერთად (იხ. Kreuz v. Pologne (no 1), №28249/95, §§ 53 et 54, CEDH, 2001-VI), თანაბრად იცავს ამ პირის უფლებას სააღსრულებო წარმოებათა ხელმისაწვდომობაზეც (იხ.mutatis mutandis, Manoilescu et Dobrescu v. Roumanie et Russie (déc.), №60861/00, CEDH 2005-VI), ანუ უფლებას ამგვარი პროცედურის დაწყებაზე, თუმცა, ნიშანდობლივია, აღინიშნოს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ადგენს ასევე კრედიტორის ინტერესების დამცავ ისეთ მექნიზმებს, რომლებიც მიმართულია გადაწყვეტილების აღსრულების გართულებისა თუ აღუსრულებლობისაგან თავის დაცვისკენ (იხ. სსსკ-ის 191-ე და 271-ე მუხლები), შესაბმისად, მხარეს ეძლევა სრული შესაძლებლობა, სათანადო დასაბუთებითა და გონივრულ ეჭვზე მითითებით მოითხოვოს სასამართლო განხილვის სამომავლო შედეგის უზრუნველყოფა.

6. განსახილველ საკითხს თუ მივუბრუნდებით, უნდა აღინიშნოს ის, რომ წინამდებარე საქმიდან, ისევე, როგორც სასამართლოს წარმოებაში არსებული მეორე სამოქალაქო საქმიდან გამომდინარე, მხარეები წარმოადგენენ ურთიერთ კრედიტორებსა და ურთიერთ მოვალეებს. მათ შორის გაფორმებული ცესიის ხელშეკრულებები სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლით მოწესრიგებული კლასიკური მოთხოვნის დათმობის გარიგებებია, რომელსაც ამავე კოდექსის 203-ე მუხლით მოწესრიგებულ ვალის გადაკისრებასთან საერთო არაფერი აქვს, შესაბამისად, ცესიის ხელშეკრულების პირობებში სანაცვლო ვალდებულების წარმოშობას კანონი არ ითვალისწინებს. საქმეში წარმოდგენილია სხვა სამოქალაქო საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2015 წლის 6 აპრილს მიღებული განჩინების ასლი, რომლითაც სადავო ხელშეკრულებების საფუძვლზე დაშვებულია უფლებამონაცვლეობა მხოლოდ კრედიტორული მოთხოვნების ნაწილში და მოვალეებად კვლავ იგივე პირები არიან დატოვებული. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-2 პუნქტით მხარეებს განემარტათ კიდევაც საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საკასაციო განხილვისას დაშვებულ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხზეც და აღნიშნა, რომ: „საკასაციო პალატას მომართა შპს „ა. ჯ.“ წარმომადგენელმა და განცხადებას დაურთო 2015 წლის 2 მარტის ხელშეკრულება მოთხოვნათა დათმობის თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ა. ჯ.“ შპს „კ. კ.“, მის მიმართ არსებული დავალიანების სანაცვლოდ, დაუთმო წინამდებარე დავაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. რ. კ-ის დაკისრებული თანხის მოთხოვნის უფლება, რის გამოც შპს „კ. კ.“ ამ მოთხოვნის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობაში ჩაანაცვლა შპს „ა. ჯ.“. სასამართლოს ასევე მომართა შუამდგომლობით ა. რ. კ-მა და მოითხოვა მის უფლებამონაცვლედ საქმეში შპს „ა. ფ.“ დაშვება. შუამდგომლობის საფუძვლიანობა დასაბუთებულია 2015 წლის 24 თებერვლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით, რომლის თანახმადაც ა. რ. კ-ის მიმართ, ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ა. ფ.“ გააჩნდა დავალიანება; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „ა. ჯ.“ შპს „ა. ფ.“ სასარგებლოდ ეკისრებოდა 410 210 ლარის, 5 000 ლარისა და 200 200 ევროს გადახდა. წინამდებარე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ.“ ა. რ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 26 257,5 ევროს გადახდა. შპს „ა. ფ.“ ა. რ. კი-ს დაუთმო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ შპს „ა. ჯ-ის“ დაკისრებული თანხა და 120 000 ევროს ნაწილში, მათ შორის არსებული სასესხო ურთიერთობა შეწყდა, ხოლო კასატორმა შპს „ა. ფ.“ დაუთმო წინამდებარე დავის ფარგლებში მოგებული თანხის მოთხოვნის უფლება. როგორც ერთ, ისე - მეორე შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით განსაზღვრული საპროცესო უფლებამონაცვლეობის დაშვების საფუძველი და 2015 წლის 6 აპრილისა და 16 სექტემბრის განჩინებებით განცხადებები დაკმაყოფილდა, თუმცა საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ ორივე პირის უფლებამონაცვლეობის საფუძველი მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის დათმობის ურთიერთობაა იმგვარად, რომ სახეზე არ გვაქვს ამავე კოდექსის 203-ე მუხლით განსაზღვრული ვალის გადაკისრება, შესაბამისად, საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინებებით დაშვებული უფლებამონაცვლეობა მხოლოდ კრედიტორულ მოთხოვნებს შეეხება და ურთიერთსარჩელებზე მოპასუხეებად კვლავ შპს „ა. ჯ.“ და ა. რ. კ-ი რჩებიან“;

7. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას ცესიის რიგითობისა და მოთხოვნის გაქვითვის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის გაქვითვის უფლება, სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლიდან გამომდინარე, გააჩნია ახალ მოვალეს ვალის გადაკისრებისას და არა მოთხოვნის დათმობისას, ამასთანავე, მოთხოვნის გაქვითვის გზით ვალდებულების შეწყვტის იმგვარ შესაძლებლობას, როგორც ეს კერძო საჩივარშია ასახული, არც სამოქალაქო კოდექსის 442-ე-447-ე მუხლები ითვალისწინებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ა. რ. კ-ს შპს „ა. ჯ. მიმართ“ მოთხოვნის გაქვითვა შეეძლო ცალმხრივი ნების გამოვლენით მანამ, ვიდრე მოთხოვნას დათმობდა კრედიტორი, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვალდებულების ძველმა სუბიექტებმა ეს უფლება ერთმანეთის მიმართ დაკარგეს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ორმხრივი ვალდებულების პირობებში მოთხოვნის დათმობა უნივერსალური უფლებამონაცვლეობის საფუძველს არც კი წარმოადგენს (როდესაც უფლებები და მოვალებები ერთდროულად გადადის ახალ სუბიექტზე).

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში ქვემდგომი სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა. ფ.“ და ა. რ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე