Facebook Twitter

საქმე №ას-6-6-2018 23 თებერვალი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ვ. მ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) მიმართ და მოითხოვა ნოტარიუს თ. ე-ის მიერ 2014 წლის 13 მაისს გაცემულ #1... სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის შემდეგი სახით განსაზღვრა: ა) გადახდილად ჩაითვალოს 2013 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებული 6 თვის სარგებელი _ 3 000 აშშ დოლარი; ბ) ძირითადი თანხის გადახდაში ჩაითვალოს 8 500 აშშ დოლარი, გამოაკლდეს ეს თანხა სესხის ძირს და მისი დარჩენილი ოდენობა განისაზღვროს 4 000 აშშ დოლარით; გ) 2013 წლის 19 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0.3% შემცირდეს 0.01%-მდე და 7 თვისა და 24 დღის პირგასამტეხლო განისაზღვროს 262 აშშ დოლარით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 19 მარტს ნოტარიუს თ. ე-ის სანოტარო ბიუროში გაფორმდა სესხისა და იპოთეკის #1... ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხისაგან ექვსი თვის ვადით ისესხა 12 500 აშშ დოლარი ყოველთვიური სარგებლის _ 4%-ის გადახდის პირობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.3%-ის ოდენობით. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2013 წლის 19 სექტემბერს. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ #02.....). ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მსესხებელს სრულად აქვს გადახდილი საპროცენტო სარგებელი თვეში 500 აშშ დოლარი (6 თვე _ 3 000 აშშ დოლარი). ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხდა მოსარჩელის მიერ სესხის დაფარვა, მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ თანხის ეტაპობრივად დაფარვაზე. აღნიშნული შეთანხმების შემდეგ კრედიტორი გაემგზავრა საზღვარგარეთ და ნოტარიუსთან გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილება თანხების მიღების შესახებ გადაანდო თავის დას. 2015 წლის 15 აგვისტოს მოვალემ კრედიტორს დის მეშვეობით გადაუხადა 5 000 აშშ დოლარი, 2015 წლის 30 დეკემბერს _ 3 500 აშშ დოლარი და ამ გადახდების თაობაზე შედგა შესაბამისი ხელწერილები. ამდენად, მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, სესხის ძირი თანხიდან _ 12 500 აშშ დოლარიდან მოპასუხეს მიღებული აქვს 8 500 აშშ დოლარი. 2014 წლის 13 მაისს კრედიტორმა მიმართა ნოტარიუსს, აიღო სააღსრულებო ფურცელი და წარადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სესხის ძირ თანხას შეადგენს 12 500 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელს _ 2 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს კი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.3%, რამაც შეადგინა 7 თვისა და 24 დღის განმავლობაში 7 875 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცელი გაცემულია კაბალური პირობებით, უკანონოდაა დაანგარიშებული დავალიანების თანხა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეს ექვსი თვის სარგებელი სრულად არ ქონდა გადახდილი. მან გადაიხადა ორი თვის პროცენტი _ 1 000 აშშ დოლარი, დარჩენილი ოთხი თვის სარგებლი _ 2 000 აშშ დოლარი დაემატა ძირ თანხას და მოთხოვნამ შეადგინა 14 500 აშშ დოლარი. ამ თანხას დაემატა პირგასამტეხლოც, რომლის ოდენობამაც ხელშეკრულების ვადის გასვლიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე შეადგინა 7 875 აშშ დოლარი და საბოლოოდ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა 22 375 აშშ დოლარი. რაც შეეხება ზეპირ შეთანხმებას ვალის ნაწილ-ნაწილ დაფარვის შესახებ, იგი არ შეესაბამება სიმართლეს, მხარეთა შორის მსგავსი შეთანხმება არ მომხდარა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნოტარიუს თ. ე-ის მიერ 2014 წლის 13 მაისს გაცემულ #1... სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება - სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირი თანხის ოდენობა - 12 500 აშშ დოლარი შემცირდა 8 500 აშშ დოლარით და გადასახდელი ძირი თანხა განისაზღვრა 4 000 აშშ დოლარით. მოსარჩელის მოთხოვნა სარგებლის _ 2 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გადასახდელი პროცენტის ოდენობად დარჩა 2 000 აშშ დოლარი. ამავე გადაწყვეტილებით ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0,3% შემცირდა 0,05%-მდე და სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ოდენობა (შვიდი თვის) ნაცვლად 7 875 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1 312,50 აშშ დოლარით.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2013 წლის 19 სექტემბერს მხარეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ სესხის სახით მიიღო 12 500 აშშ დოლარი, ექვსი თვის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა სარგებელი, თვეში 4%-ის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 19 დეკემბერი. ამავე ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლისა და სხვა პირთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ #02....);

1.2.2. მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოპასუხემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და 2014 წლის 13 მაისს აიღო სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც ნოტარიუსმა დაადგინა იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 28 ოქტომბრის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალესა და მესაკუთრეებს მიეცათ შვიდი დღე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხისა და სააღსრულებო საფასურის გადახდისთვის;

1.2.3. მოსარჩელემ კრედიტორს (მ. გ-ის მეშვეობით) სესხის ძირი თანხის დაფარვის მიზნით გადაუხადა 8 500 აშშ დოლარი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა აპელანტის მითითება სარგებლის გადახდის ნაწილში, ასევე ის, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. კრედიტორს სრულად აქვს მიღებული სარგებლის თანხა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლომ გაიზიარა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ 8 500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, შესაბამისად, სასამართლოს უნდა გასჩენოდა ვარაუდი, რომ სარგებელიც გადახდილი იყო. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მოვალე მიიჩნევს, რომ იგი გადასახდელი თანხის 0,01%-ით უნდა განისაზღვროს.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. საკასაციო პრეტენზიებთან დაკავშირებით, პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. მოცემული დავის საგანს წარმოადგენს სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაში ცვლილების შეტანა, მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს მოვალე, რომელსაც სურს, დაამტკიცოს ნაწილობრივ შესრულების გზით ვალდებულების შეწყვეტის ფაქტი (სკ-ის 427-ე მუხლი). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის მოვალისათვის დაკისრების მოთხოვნის მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი, რომლის ფარგლებშიც მოვალეს წარმოეშობა ხელშეკრულების საგნის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, არის ფულადი თანხა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი ყოველთვის ეკისრება მოვალეს. ამ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება რაიმე პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ განხორციელებული შესრულება წარმოადგენდა პროცენტის დაფარვას.

1.5.2. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილებით (იხ. ტ.I, ს.ფ. 25-26), რომლებიც სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდგომ კრედიტორის სასარგებლოდ განხორციელებულ შესრულებაზე მიუთითებენ, არაფერია აღნიშნული თანხის დანიშნულებაზე, თუმცა, ეს გარემოება, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პრეზუმფციის დაშვების საფუძველი ვერ გახდება (აღნიშნული ნორმა იცავს მოვალის ინტერესს, ხოლო შესაბამისი დოკუმენტის გამართულად შედგენის რისკს მთლიანად კრედიტორის მხარეზე ტოვებს. შესაბამისად, კრედიტორმა მსგავსი დოკუმენტის შედგენისას წინდახედულობის ზომებს უნდა მიმართოს და ზუსტად ასახოს ის ვალდებულებები რომელთა შესრულებაც მან მიიღო), რადგანაც სარჩელში მოვალე თავად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კრედიტორის სასარგებლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ განხორციელებული შესრულება წარმოადგენდა ძირის დაფარვას (იხ. ტ.I, ს.ფ. 31), ამ შემთხვევაში საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლით (მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები) და განმარტავს, რომ ნორმით გათვალისწინებული მოწესრიგება დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია, ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების შესრულების რიგითობისათვის კანონით გათვალისწინებული მოწესრიგებისაგან განსხვავებული წესის დადგენა. მხარეთა უფლება, შეთანხმდნენ ვალდებულებათა შესრულების რიგითობაზე, ვრცელდება მხოლოდ სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, თუმცა, სადავოობისას ამგვარი შეთანხმების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ფაქტის მიმთითებელ მხარეს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

1.5.3. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის კონტექსტში პირგასამტეხლოს ოდენობა _ 0,3% იმგვარად შემცირდა 0,05%-მდე, რომ იგი ადეკვატურია, როგორც დარღვევის ვადისა, ისე _ უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს ფუნქციის შენარჩუნებას და არ იწვევს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ფულადი ვალდებულების შესრულების, ასევე, შესრულების რიგითობისა თუ პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობის განსაზღვრის საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი