Facebook Twitter

საქმე №ას-789-738-2017 19 თებერვალი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ო–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სადაზღვევო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ. ო–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან დამზღვევი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ს (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მზღვეველი) მიმართ 6 650 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 22 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაიცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის სერტიფიკატი, რომლის შესაბამისად დაზღვეულ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომობილი „მერსედეს ბენც ე 2--“. 2015 წლის 14 მაისიდან, აღნიშნული ავტომანქანა იჯარის ხელშეკრულებით გადაეცა შპს „თ.“ (შემდგომში _ მოიჯარე), რაც ცნობილი იყო სადაზღვევო კომპანიისთვის. მოიჯარემ აღნიშნული ავტომანქანა მიაქირავა გ. მ–ისს (შემდგომში _ დამქირავებელი), რომელმაც ნაწილებად დაშალა და მოახდინა მისი რეალიზაცია. 2015 წლის 10 ივნისს გ. მ–ისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. მოსარჩელემ მიმართა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო კომპანიას თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც 2015 წლის 1 ივლისს წერილობით ეთქვა უარი. უარის საფუძვლად მითითებულია სადაზღვევო ხელშეკრულების 3.3 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც ანაზღაურებას არ ექვემდებარება დაზღვეული ავტოტრანსპორტის გატაცება ან ფიზიკური დაზიანება გამოწვეული დამზღვევის ან დაინტერესებული მესამე მხარის თაღლითური ქმედებით, რაც არასწორია, ვინაიდან უდავოა, რომ მზღვეველს თაღლითობა არ ჩაუდენია, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დაინტერესებულ მესამე პირში იგულისხმება ის, ვინც სადაზღვევო შემთხვევის შედეგად სარგებელს მიიღებდა. ცალსახაა ისიც, რომ პირი, რომელმაც თაღლითობა ჩაიდინა და ზიანი მიაყენა დამზღვევს, სადაზღვევო შემთხვევის დადგომასთან მიმართებით დაინტერესებულ პირად ვერ ჩაითვლება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების შესაბამისად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება დაზღვეული ავტოტრანსპორტის გატაცება ან ფიზიკური დაზიანება გამოწვეული დამზღვევის ან დაინტერესებული მესამე მხარის თაღლითური ქმედებით. ამასთან, ხელშეკრულების საერთო გამონაკლისების თანახმად, ასევე ანაზღაურებას არ ექვემდებარება ზარალი გამოწვეული უფლებამოსილი მძღოლის განზრახ ქმედებით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამზღვევმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა, მზღვეველს დამზღვევის სასარგებლოდ დაეკისრა 6 650 აშშ დოლარი გადახდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:

წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, კერძოდ, არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:

1.1.1. 2015 წლის 22 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, დაიდო ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დაზღვეულ იქნა დამზღვევის კუთვნილი ავტომანქანა, მარკა, მოდელი _ „მერსედეს ბენც ე 2--“;

1.1.2. ხელშეკრულების 1.10. პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევა სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული შემთხვევაა, რომლის შედეგად გამოწვეული ზარალიც ექვემდებარება ანაზღაურებას მზღვეველის მიერ. მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევისას სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს დაზღვევის პერიოდში, დაზღვეული ავტოტრანსპორტის მართვის შედეგად მესამე პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობისათვის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანი, ხოლო მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევისას სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს დაზღვევის პერიოდში, დაზღვეული ავტოტრანსპორტის მართვის შედეგად გამოწვეული უბედური შემთხვევა, რომელსაც შედეგად მოყვება მძღოლისა ან მგზავრის სხეულის დაზიანება, გარდაცვალება; ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, კი, ანაზღაურებას არ ექვემდებარება დაზღვეული ავტოტრანსპორტის გატაცება ან ფიზიკური დაზიანება გამოწვეული დამზღვევის ან დაინტერესებული მესამე მხარის თაღლითური ქმედებით;

1.1.3. დამზღვევის სახელზე გაცემული ავტოტრანსპორტის დაზღვევის სერტიფიკატის თანახმად, სადაზღვევო თანხა შეადგენს 7 000 აშშ დოლარს, ხოლო, ავტომანქანის მიზნობრიობაში მითითებულია - ავტომანქანის გაქირავება და პირადი სარგებლობით მისი გამოყენება;

1.1.4. 2015 წლის 14 მაისს, დამზღვევსა და მოიჯარეს შორის გაფორმდა ავტომობილის გადაცემის პირობით იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მეიჯარემ (დამზღვევმა) გადასცა მოიჯარეს დროებით სარგებლობისა და ექსპლუატაციისათვის, ასევე უფლება, გადასცეს მესამე პირს - მარკა, მოდელი „მერსედეს ბენც ე 2--“. მოიჯარემ იკისრა ვალდებულება გადაუხადოს მეიჯარეს საიჯარო ქირა და იჯარის ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნოს მას ავტომობილი. მოიჯარემ მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა მიაქირავა გ. მ–ისს, რომელმაც ნაწილებად დაშალა და მოახდინა მისი რეალიზაცია;

1.1.5. 2015 წლის 1 ივლისის წერილით სს „ს-მ“ მოსარჩელეს აცნობა, რომ ვინაიდან მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა: „დაზღვეული ავტოტრანსპორტის გატაცება ან ფიზიკური დაზიანება გამოწვეული დამზღვევის ან დაინტერესებული მესამე მხარის თაღლითური ქმედებით, ასევე, ნებისმიერი სახის ზიანი ან დაზიანება რომელიც გამოწვეული იქნება უფლებამოსილი მძღოლის განზრახ ქმედებით“, უარს აცხადებდა დამდგარი ზარალის ანაღაურებაზე;

1.1.6. საქართველოს შსს-ს 2015 წლის 11 ივნისის ცნობის თანახმად, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ი. სამმართველოს მე-11 განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე გ. მ–ისის მიმართ. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დამქირავებელი თაღლითური გზით დაეუფლა დამზღვევის კუთვნილ ავტომანქანას. გ.–ისს წარედგინა ბრალდება 2015 წლის 10 ივნისს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

1.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 თებერვლის განაჩენით, დამქირავებელი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.

1.2. საკასაციო განაცხადის მოცულობა და კასატორის პრეტენზიები (საკასაციო განხილვის ფარგლები):

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების კვლევის საგანი იქნება და შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება შემოწმდება მოვალის შემდეგი პრეტენზიების ფარგლებში:

1.2.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობები: სადაზღვევო ანაზღაურების შემთვევები, განსაკუთრებული პირობების 2.15. პუნქტი, ხელშეკრულების მე-4 და მე-5 გვერდებზე გაწერილი 3.3. პუნქტები (ის, თუ რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას) და არ გაითვალისწინა, რომ თაღლითობა სადაზღვევო ხელშეკრულების პირველი სექციის თანახმად, არ წარმოადგენდა დაზღვევის საგანს. მზღვეველს უსაფუძვლოდ დაეკისრა დაუზღვეველი რისკის ანაზღაურება, რადგანაც „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობები არ დამდგარა, გარდა ამისა, მხედველობაში არ იქნა მიღებული ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის დებულება. ამ გარემოებათა გაუთვალისწინებლად დარღვეულია „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი. ხელშეკრულების 2.15 პუქნტის შინაარსიდან გამომდინარე, განსახილველი შემთხვევა შეესაბამებოდა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, ანუ, მანქანის გაქირავების გამო, დაზღვევის ხელშეკრულება უნდა განხილულიყო დამქირავებლის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებად და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 პუნქტების თანახმად, დამზღვევის უფლებები და მოვალეობები გადაეცა დამქირავებელს, შესაბამისად, სასამართლოს ხელშეკრულების 2.15 პუნქტის ანალიზისას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 836-ე, 837-ე და 838-ე მუხლებით, რადგანაც, დაზღვევის საგნის იჯარით გადაცემისთანავე დამზღვევმა საკუთარი უფლებები და მოვალეობები გადასცა მოიჯარეს;

1.2.2. გარდა ამისა, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ანაზღაურების წინაპირობები: ხელშეკრულების იმ დებულებების თანახმად, რომლითაც განსაზღვრულია, თუ რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, გამორიცხულია მზღვეველის ვალდებულება, აანაზღაუროს უფლებამოსილი მძღოლის განზრახ თაღლითური ქმედებით გამოწვეული ზიანი;

1.2.3. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ დაზღვევის საგანი გაქირავების მიზნით გადასცა მოიჯარეს, ხოლო ამ უკანასკნელმა დამქირავებელს (ზიანის მიმყენებელს), ანუ დამქირავებელმა სრულიად კანონიერად მოიპოვა უფლება ავტომობილის დროებით ფლობა-სარგებლობაზე და გახდა უფლებამოსილი მძღოლი. ასეთ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების 1.2. მუხლის მე-7 აბზაცით, ასევე, 3.2. მუხლით (ხელშეკრულების მე-4 გვ.) უფლებამოსილი მძღოლის განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო გამორიცხული იყო ანაზღაურების მზღვეველისათვის დაკისრება.

1.3. საკასაციო პალატის შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. საკასაციო პრეტენზიათა ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების შედეგად სასამართლო მიდის დაკვნამდე, რომ კასატორი ვალდებულების არარსებობას ძირითადად ორ გარემოებას უკავშირებს: ა) მომხდარი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რისკს; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე ნივთის დამქირავებლისათვის გადაცემა ამ უკანასკნელს ხელშეკრულების სუბიექტად აქცევს და მოთხოვნის უფლებაც მასზე გადადის, რადგანაც მან თავად გამოიწვია სადავო შემთხვევის დადგომა, მზღვეველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.

1.3.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტებს და განმარტავს, რომ დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის ძირითად დებულებებს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ბუნებრივია, სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის ფარგლებში დაზღვევის ხელშეკრულების, ისევე, როგორც ვალდებულებითი სამართლის მომწესრიგებელი იმპერატიული დანაწესების გათვალისწინებით ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილი არიან, ორმხრივი შეთანხმების პირობებში ხელშეკრულებით მოაწესრიგონ კანონის დისპოზიციური ნორმებით შემოთავაზებული პირობები. ამასთანავე, ნიშანდობლივია ის საკითხი, რომ წერილობით ფორმულირებული ნება, როდესაც სადავოა მისი შინაარსი და არ დგინდება შეთანხმების ერთმნიშვნელოვანი არსი, სასამართლოს მხრიდან ექვემდებარება განმარტებას. ასეთ დროს სასამართლო იყენებს განმარტების ლოგიკურ მეთოდს და მთლიანი ხელშეკრულების ტექსტიდან ადგენს მხარეთა ნამდვილ ნებას, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლისა.

1.3.3. საქმეში წარმოდგენილი დაზღვევის ხელშეკრულების პირველი მუხლის (ტერმინთა განმარტება) 1.2. პუნქტის თანახმად, დამზღვევად (პოლისის მფლობელად) მოიაზრება სადაზღვევო პოლისში მითთებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დებს სადაზღვევო ხელშეკრულებას მზღვეველთან და იხდის სადაზღვევო პრემიას; 1.3. პუნქტის თანახმად, დაზღვეულად განიხილება სადაზღვევო პოლისში მითითებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დავა. დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყოს დაზღვეული; 1.5. პუნქტით მხარეებმა შეათანხმეს, რომ მოსარგებლე არის პირი, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უფლებამოსილია, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება. ავტოტრანსპორტის დაზღვევის სექციისათვის მოსარგებლე პირი მითითებული უნდა იყოს სადაზღვევო პოლისში. ამავე მუხლის 1.9. პუნქტით განსაზღვრულია, რომ სადაზღვევო განაცხადი არის მზღვეველის მიერ შედგენილი კითხვარი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დასაზღვევი ავტოტრანსპორტის, უფლებამოსილი მძღოლებისა და სხვა მზღვეველისათვის საინტერესო გარემოებების შესახებ, რომელიც მას საშუალებას აძლევს, შეაფასოს რისკი, გამოითვალოს სადაზღვევო პრემიის ოდენობა და შეადგინოს დაზღვევის პირობები, ხოლო 1.18. პუნქტში უფლებამოსილი მძღოლი განმარტებულია, როგორც სადაზღვევო პოლისში მითითებული პირი/პირები, რომელიც უფლებამოსილია, მართოს დაზღვეული ავტოტრანსპორტი და რომლის ასაკიც აღემატება 21 წელს (თუ პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). მოცემულ შემთხვევაში, დამზღვევის მხრიდან დაზღვევის საგანზე მფლობელობის უფლების ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემის ფაქტი ცნობილი იყო მზღვეველისათვის, თუმცა, ზემოხსენებული წესების საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილი ავტოტრანსპორტის დაზღვევის სერტიფიკატში, როგორც დაზღვეულად/დამზღვევად, ისე _ მოსარგებლედ მითითებულია მოსარჩელე, ხოლო უფლებამოსილ მძღოლად _ „ულიმიტოდ, 21 წლიდან, მინიმუმ 1 წ. მართვის გამოცდილებით“. ამ თვალსაზრისით საინტერესოა კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 2.15. პუნქტის დათქმა, რომლის თანახმადაც დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების იჯარით გადაცემის, გაქირავების ან გასხვისების შემთხვევაში დამზღვევის უფლებები და მოვალეობები გადადის მეიჯარეზე, დამქირავებელზე ან შემძენზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მზღვეველს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სადაზღვევო პოლისი ითვლება ძალადაკარგულად და მზღვეველი თავისუფლდება ზარალის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. იმ გარემოების დასადგენად, მოცემული დებულების თანახმად გადავიდა თუ არა დაზღვევის საგნის მფლობელზე უფლებები და მოვალეობები, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოხმობილი დებულება უნდა შეფასდეს საქმეში წარმოდგენილ მზღვეველის 2015 წლის 1 ივლისის წერილთან, ასევე, ზემოხსენებულ დაზღვევის პოლისთან მჭიდრო კავშირში, კერძოდ, მართალია, ზოგადი წესით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მფლობელობის უფლების განკარგვის შემთხვევაში დამზღვევის უფლებებს განკარგავდა მართლზომიერი მფლობელი და თუკი მფლობელობის უფლების გადაცემის თაობაზე დაუყოვნებლივ არ ეცნობებოდა დამზღვევს, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას იგი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებოდა, თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, დაზღვევის პოლისში თავად მზღვეველს არ დაუსახელებია კონკრეტული პირი, უფრო მეტიც, დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი მზღვეველმა არა ინფორმირების წესების დარღვევის ან რაიმე სხვა საფუძვლის არსებობის გამო განაცხადა, არამედ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მზღვეველის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება (ხელშეკრულების 3.3. პუნქტი, რასაც ამყარებს კიდევაც მოპასუხე საკასაციო საჩივარს). ისეთ პირობებში, როდესაც სადაზღვევო პოლისი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას უფლებამოსილი პირის/მოსარგებლის ცვლილების თაობაზე, არამედ მასში უფლებამოსილ მძღოლად მიჩნეულია ნებისმიერი პირი, შესაძლოა, მხარეთა შეთანხმება დაკვალიფიცირდეს სამოქალაქო კოდექსის 836-ე მუხლით გათვალისწინებულ ურთიერთობად (დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი სახელით სხვა პირის სასარგებლოდ. ამ პირის დასახელება სავალდებულო არ არის), რომლის ფარგლებშიც დამზღვევი წარმოადგენს მოთხოვნის უფლების მქონე პირს, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 838-ე მუხლისა (შეად: სკ-ის 838 (1) და 837 (2) მუხლები: მესამე პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ დაზღვევის მოწმობის მქონე პირს).

1.3.4. რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, დამქირავებელი (ზიანის მიმყენებელი) წარმოადგენდა თუ არა უფლებამოსილ მძღოლს, პალატა ამ მხრივ ყურადღებას გაამახვილებს ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.1.4, 1.1.6 და 1.1.7 პუნქტებზე და განმარატავს, რომ დამქირავებელი ვერ იქნება განხილული ხელშეკრულების იმ სუბიექტად, რომელმაც გარიგების საფუძველზე მოიპოვა უფლებები. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებს ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული მესამე პირის ან უფლებამოსილი მძღოლის საკითხთან დაკავშირებით და ვინაიდან, როგორც გამოძიებით, ისე _ სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით დადგენილია, რომ დამქირავებელი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვის ქონებას, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ეს პირი მიჩნეულ იქნას სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარედ, შესაბამისად, მის მიმართ არ დგინდება იმგვარი წინაპირობების არსებობა, რომელიც ხელშეკრულების ზემოხსენებული დებულების შესაბამისად მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავდა, ასეთ ვითარებაში, სახეზე გვყავს დამზღვევი და მოიჯარე. სწორედ ეს უკანასკნელი შეიძლება იქნას განხლული დაინტერესებულ მესამე მხარედ (ხელშეკრულების პირველი და მე-2 სექციის მე-3 მუხლების 3.3. ქვეპუნქტების კონტექსტში). უდავოა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოიჯარეს არ ჩაუდენია, შესაბამისად, ხელშეკრულების 3.3. პუნქტებზე მზღვეველის აპელირება სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

1.3.5. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში ყურადღებას იმ გარემოებაზეც გაამახვილებს, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი წარმოადგენს თუ არა ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებას. ამ მხრივ კასატორი, გარდა იმისა, რომ დამდგარ შედეგს უფლებამოსილი პირის ქმედებას უკავშირებს (რაზეც ზემოთ იმსჯელა სასამართლომ და არ იქნა გაზიარებული), მიიჩნევს, რომ თაღლითობით მიყენებული ზიანი სადაზღვევო რისკს არ წარმოადგენდა და იშველიებს სადაზღვევო ხელშეკრულების პირველი სექციის შინაარსს, სადაც კონკრეტულად არის შეთანხმებული ანაზღაურებას დაქვემდებარებული რისკები. სასამართლო მოიხმობს ხელშეკრულების პირველი სექციის პირველი მუხლის 1.1. პუნქტს („პოლისის ამ სექციის დაზღვევის ობიექტის: დაზღვევის პერიოდში დაზღვეული ავტოტრანსპორტის დაკარგვა, ფიზიკური დაზიანება ან განადგურება, რომელიც გამოწვეული იქნება: მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით“) და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გამოირიცხა ზიანის მიმყენებლის სახელშეკრულებო სუბიექტუნარიანობა, იგი სწორედ შეთანხმებული სადაზღვევო რისკის ჩამონათვალით გათვალისწინებული მესამე პირია, რომელმაც, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა. ამ თვალსაზრისით უნდა განიმარტოს ისიც, რომ სადაზღვევო რისკის საკითხის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები თავად ის გარემოება, რომ მესამე პირი ზიანის მიყენებისას მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ და ანაზღაურების ვალდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, ქმედების იურიდიული კვალიფიკაცია (სისხლისსამართლებრივი) პირდაპირ იქნებოდა თუ არა მოხსენიებული სადაზღვევო რისკის ჩამონათვალში.

1.3.6. საბოლოდ, საკასაციო პალატის დასკვნით, დადგა რა სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა, დამზღვევი უფლებამოსილი იყო, სამოქალაქო კოდექსის 799-ე (1) და 838-ე (1) მუხლების შესაბამისად, მზღვეველისათვის წაეყენებინა მოთხოვნა, ხოლო მზღვეველს, ამავე კოდექსის 820-ე-821-ე მუხლების შესაბამისად ეკისრებოდა ანაზღაურების ვალდებულება.

1.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების სამართლებრივი დასაბუთება:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია და მის წინააღმდეგ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული შედავება არ ყოფილა წარმოდგენილი კასატორის მხრიდან. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. სასამართლო ხარჯები:

რადგანაც წინამდებარე განჩინებით კასატორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მის მიერ გაღებული პროცესის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები, ხოლო, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს-ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი