Facebook Twitter

საქმე №ას-986-918-2017 23 თებერვალი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ე.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ო–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ე-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ო–ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის _ 2 258 აშშ დოლარის, სარგებლის _ 756,42 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს _ 784,74 აშშ დოლარისა და სესხის გაცემის საკომისიოს _ 170 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემაყრება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 4 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, 2014 წლის 4 დეკემბერს დაიდო სესხის გადაცემის ხელშეკრულება. მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის 5% სარგებლის სახით, ხოლო ძირ თანხას 2 500 აშშ დოლარი შეადგენდა. მოპასუხემ დაარღვია სესხის გადახდის ვალდებულება, თანხის ნებაყოფლობით გადახდის მიზნით, კრედიტორმა უარი თქვა გირავნობაზე და მოვალე გაფრთხილდა წერილობით, თუმცა, მას ვალდებულება არ შეუსრულებია.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი, მან სადავოდ გახადა, როგორც სესხად გადაცემული, ისე _ მოთხოვნილი თანხის ოდენობა. შესაგებლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით გაუქმდა გირავნობა და გირავნობის საგანი დაუბრუნდა მოვალეს, თუმცა, ისინი ასევე შეთანხმდნენ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე და ამ საფუძვლით არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

3.2. ამავე სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივარი, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორმა და მოითხოვა მათი გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 იანვრის განჩინებით წინამდებარე საქმეზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2016 წლის 22 თებერვალს 11:00 საათზე დაინიშნა. 2016 წლის 5 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენელ ა. ბ–ს სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობა 2016 წლის 22 თებერვალს, 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე. მასვე კანონით დადგენილი წესით განემარტა სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ;

1.2.2. 2016 წლის 22 თებერვალს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე (წარმომადგენელი). მოპასუხემ, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო, იშუამდგომლა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 22 თებერვალს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც კრედიტორს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

1.2.3. როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის შესწავლით დასტურდება, მხარე მის გაუქმებას მოითხოვს საპატიო მიზეზის არსებობით, საპატიო მიზეზად კი, იგი მიიჩნევდა შემდეგს: სარჩელი სასამართლოში წარადგინა ა. ბ–მა, რომელმაც მიმდინარე წლის იანვრიდან შეიცვალა პოზიცია და, ნაცვლად „ს-სა“ საქმიანობას აგრძელებს შსს „მ-ის“ პოზიციაზე. პოზიციის შეცვლამდე ა. ბ–მა ყველა სასამართლო დავა გადააბარა ნათია ვარსიმაშვილს, თუმცა, საქმეთა სიმრავლის გამო, როგორც ჩანს, გამორჩა, ეცნობებინა მ. ო–ის საქმეზე ჩანიშნული სხდომის შესახებ. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ ა. ბ–ის სახელზე განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობა, რომელიც აპელანტის მხრიდან კანონით დადგენილი წესით არ გაუქმებულა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო პალატამ მოსარჩელეს, როგორც იურიდიულ პირს გადაჭარბებული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც არ არის სამართლიანი მიდგომა, სასამართლო ვალდებულია ყოველთვის დაიცვას მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა;

1.4.2. სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ ა.ბ–ის სახელზე უვადოდ გაცემულ მინდობილობაზე. ეს მინდობილობა არის გენერალური და, გარდა წინამდებარე დავაზე წარმომადგენლობისა, სხვა უფლებამოსილებებსაც ანიჭებს მას. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის დამფუძნებელი წევრები, რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენდა მინდობილობის გაცემა-გაუქმება, არ იმყოფებოდნენ საქართველოში, მისი სასწრაფოდ გაუქმება ვერ მოხერხდა;

1.4.3. სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა, თუმცა, არასწორად განმარტა კანონი, ასევე, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და მხედველობაში არ მიიღო ის, რომ გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, ეს გარემოება მხარისაგან დამოუკიდებლად შეუძლებელს ხდიდა პროცესზე გამოცხადებას, რამეთუ იურიდიული პირის წარმომადგენელი ისეთივე ადამიანია, როგორიც მოწინააღმდეგე მხარე და შეიძლება ჰქონდეს ცხოვრებაში გარკვეული შეფერხებები, რთული პერიოდი. სწორედ ამ მოვლენამ განაპირობა კომპანიის წინა წარმომადგენლის სამსახურებრივი პოზიციის ცვლილება. ამასთანავე, ახალმა წარმომადგენელმა ვერ მოასწრო საქმეთა დროული გადაბარება და წინამდებარე პროცესის თაობაზე მას შემდეგ შეიტყო, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი იყო. კომპანია, ბუნებრივია, ვერ გაითვალისწინებს ფიზიკური პირის მოსალოდნელ საფრთხეს, ცხოვრებისეულ ტრაგედიას, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაიცვას პირის ინტერესები, მით უფრო იმ პოზიციაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ მოწინააღმდეგე მხარე ისარგებლებს ამ მომენტით და მიაღწევს მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სასამართლო სხდომის გადასადებად არ არის აუცილებელი დაუძლეველი ძალის არსებობა, არამედ, საკმარისია „სხვა მოვლენის“ არსებობაც, რასაც შეეძლო მხარის გამოცხადებისათვის ხელის შეშლა, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს დისპოზიციურობის პრინციპის დაცვა და მისცეს მხარეს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, უფრო მეტიც, როდესაც არსებობს მხარის აშკარა ნება, მონაწილეობა მიიღოს პროცესში და მას გამოცხადებაში ხელს უშლის გარემოებები, რომელიც, შესაძლებელია, საკუთარი უნებური შეცდომა იყოს, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტა-- დაუშვებელია. კომპანიის ინტერესს დავის მიმართ ადასტურებს ის გარემოება, რომ მსესხებელს მიეცა თანხა და მის დასაბრუნებლად ჰქონდა გარკვეული ხელშეწყობაც, ამ უკანასკნელმა კი, არასათანადოდ გამოიყენა ნდობა, ისარგებლა მხარის გამოუცხადებლობით და თავიდან აირიდა ვალდებულების შესრულება. ამ მხრივ სასამართლომ უნდა შეაფასოს მოვალის არაკეთილსინდისიერი ქმედებებიც.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება, შინაარსობრივად სრულად ჰარმონიზებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროკონვენციის მე-6 მუხლით გამყარებულ სამართლიანი სასამართლოს პრინციპთან, რომელთა კერძო რეალიზაცია სხვადასხვა სამართლებრივ აქტებში, მათ შორის საპროცესო კანონმდებლობაშია რეგლამენტირებული, სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებს წარმოადგენს რა შეჯიბრებითობა, დისპოზიციურობა და საქმის მხარეთა თა--სწორობის საწყისზე განხილვა (სსსკ-ის მე-3-მე-5 მუხლები), ამ საპროცესო წესების გარკვეული შეზღუდვა ასევეა დაშვებული. იმისათვის, რომ შეზღუდვა იქნას გამოყენებული და ეს შეზღუდვა წარმოადგენდეს პროპორციულს, სავალდებულოა, არსებობდეს შესაბამისი ლეგიტიმური საფუძველი. ამგვარ ლეგიტიმურ საფუძველს კი, ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე-242-ე მუხლები (დაუსწრებელი გადაწყვეტილება). განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 229-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საქმის მასალებით დგინდება და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სასამართლოს სხდომის თაობაზე ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ამასთანავე, მოპასუხემ იშუამდგომლა რა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, სასამართლო ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა კანონის იმპერატიული მოთხოვნა.

1.5.2. ნიშანდობლივია თავად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წესები: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მოხმობილი ნორმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობად მიიჩნევს შემდეგს: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები; ე) არსებობს საპატიო მიზეზი. მოხმობილთაგან პირველი ოთხი საფუძვლის არსებობა არც საქმის მასალებით დასტურდება და არც მხარეს მიუთითებია, რაც შეეხება საპატიო მიზეზს, პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებას და არც საკასაციო საჩივარში მიუთითებია მხარეს რაიმე ისეთი მყარი არგუმენტი, რომლის შეფასებაც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას, რომ სახეზე იყო სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა. რაც შეეხება მხარის პოზიციას საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თაობაზე, პალატა მას არ იზიარებს, რადგანაც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები მხარემ ვერ დაადასტურა, ამასთანავე, ვერ მიუთითებს კონკრეტულად რომელ გადაწყვეტილებაში განმარტა უზენაესმა სასამართლომ, რომ მხოლოდ მხარის ინტერესი დავის მიმართ, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება სხდომაზე, გამორიცხავს მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის/მისი კანონიერების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თა--ხმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 14.07.2017წ. #1-... სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარისა და მის მიერვე 04.08.2017წ. #1-... საგადახდო დავალებით გადახდილი 165 ლარის, სულ _ 465 ლარის 70% _ 325,5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ე-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ე-ს“ (ს/კ #-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 14.07.2017წ. #1-.... სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარისა და მის მიერვე 04.08.2017წ. #1-... საგადახდო დავალებით გადახდილი 165 ლარის, სულ _ 465 ლარის 70% _ 325,5 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი