საქმე №ას-1531-1451-2017 15 თებერვალი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის (კერძო საჩივრის) ავტორები – ე. ღ-ე (განმცხადებელი), ნ., ნ. და გ. მ-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ.“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ შპს „გ.“, გ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განჩინებით დამტკიცდა მორიგება მოსარჩელე სს „ს.ბ.“ და მოპასუხეებს: შპს „გ.“, ნ., გ., გ. და ნ. მ-ებს შორის საქმეზე: სს „ს. ბ.“ სარჩელის გამო, შპს „გ.“, ნატალია, გ., გ. და ნ. მ-ების მიმართ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე. ამავე განჩინებაზე კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2. რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს ე. ღ-ემ, ნ. და ნ. მ-ებმა და მოითხოვეს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა. ამავე განცხადებით მოთხოვნილ იქნა სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით განმცხადებლებს უარი ეთქვათ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, რაც საჩივრით იქნა განმცხადებლების მხრიდან გასაჩივრებული.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაგზავნილ იქნა ზემდგომ სასამართლოში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით ე. ღ-ის, ნ., ნ. და გ. მ-ების საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისისა და 23 ივნისის განჩინებები და საჩივრის ავტორთა მოთხოვნა თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განჩინების აღსრულების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა, შეჩერდა თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მარტისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამავე განჩინებით განმცხადებლებს დაევალათ სს „ს. ბ.“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება სამი დღის ვადაში განჩინების ჩაბარების დღიდან, ასევე განემარტათ საჩივრის ავტორებს, რომ უზრუნველყოფის გარანტიის გამოუყენებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას აღსრულების შეჩერების გაუქმების თაობაზე.
6. ხსენებული განჩინება მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლებს დადგენილ ვადაში არ წარუდგენიათ დავალებული უზრუნველყოფის გარანტია, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინება.
8. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს ე. ღ-ემ, ნ., ნ. და გ. მ-ებმა და აღნიშნეს შემდეგი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინების მიღების შემდეგ გამოვლინდა ახალი გარემოება, კერძოდ, სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში 2017 წლის 5 ივნისს მოვალის მხრიდან განხორციელდა ვალდებულების ნაწილობრივ დაფარვა, გადახდილ იქნა 69 266.60 ლარი და დღეის მდგომარეობით კრედიტორის მიმართ არსებული და კერძო აღმასრულებლის საზღაურთან ერთად დარჩენილი თანხა შეადგენს 119 507.62 აშშ დოლარს. ამგვარად, თავდაპირველი დავალიანება _ 205 549.91 აშშ დოლარი შემცირდა 119 507.62 აშშ დოლარამდე. სწორედ ამ საფუძვლით არ იქნა შეტანილი სადეპოზიტო ანგარიშზე 10 000 აშშ დოლარი. ამავე დროს, ვინაიდან შეიცვალა ვალდებულების ოდენობა, შეიცვალა ის გარემოებაც, რის გამოც მიღებულ იქნა განჩინება სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსების თაობაზე. ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში კი, ხელახლა უნდა მოხდეს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა დარჩენილი ვალდებულების ოდენობის გათვალისწინებით და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება ხომ არ ნიშნავს მოვალის მიერ შესაბამისი გარანტიების უკვე წარდგენას, რადგან ვალდებულების მთლიანი ოდენობის, დარჩენილი ვალდებულების ოდენობის პროპორციასთან მიმართებაში ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფი უძრავი ნივთები თავისი ღირებულებით ბევრად აჭარბებს დარჩენილი ვალდებულების ოდენობას. ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, ხომ არ არის შესაძლებელი აღსრულების შეჩერება სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანის დავალდებულების გარეშე უზრუნველსაყოფი ნივთებით უკვე არსებული გარანტიების სისრულის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინების ბათილად ცნობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ან/და მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების შეცვლა შემდეგნაირად: აღსრულების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსების დავალდებულების გარეშე; აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზანშეუწონლად მიჩნევის შემთხვევაში აღსრულების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსების დავალება იმ ოდენობით, რაც შეესაბამება დარჩენილ ვალდებულებას _ 119 507.62 აშშ დოლარს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინების გაუქმება.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ღ-ის, ნ., ნ. და გ. მ-ების (კერძო) საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი შინაარსობრივად არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე-1991 მუხლებით განსაზღვრული საპროცესო დოკუმენტი, არამედ კერძო საჩივარია. ამ დასკვნამდე პალატა მივიდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით: უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული მორიგების განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და დაქვემდებარებულია იძულებით აღსრულებას. კანონიერ ძალაში შესული განჩინების წინააღმდეგ წარდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც მხარე მოითხოვს მის ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას. საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი (სსსკ-ის LII თავი) არ წარმოადგენს სასარჩელო წარმოებას, არამედ, იგი საპროცესო სამართლით გათვალისწინებული საგამონაკლისო წარმოების სახეა, რომელიც კანონით პირდაპირ და ამომწურავად განსაზღვრული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში (სსსკ-ის 422-ე-423-ე მუხლები) დასაშვებად მიიჩნევს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმებას. ამ ტიპის სამართალწარმოების საგამონაკლისო ბუნებიდან გამომდინარე, მისი მომწესრიგებელი ნორმები ფართო განმარტებას არ ექვემდებარება. ამავდროულად უნდა განიმარტოს ისიც, რომ მსგავსად სარჩელისა, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორს შესაძლოა გააჩნდეს დასაბუთებული ინტერესი იმისა, რომ მისი მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყოს, რაც განმცხადებლის ინტერესების დაცვას და სამართლებრივი სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარეობს ის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წესებისაგან განსხვავებით უფრო სპეციალურ დანაწესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავი: 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს. მოხმობილ ნორმას გააჩნია ორმაგი ფუნქცია: როგორც ზემოთ ითქვა, იგი ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მხარის ინტერესების დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს გადაწყვეტილების აღსრულების წესს (თავად ნორმის დასახელებაა გადაწყვეტილების აღსრულება). საგულისხმოა, რომ 432-ე მუხლი არ შეიცავს მითითებას გასაჩივრების რაიმე წესთან მიმართებით, თუმცა, ამ შემთხვევაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ როგორც გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ განჩინება, ისე _ მასზე უარი თუ აღსრულების შეჩერების გაუქმება ექვემდებარება ზემდგომ სასამართლოში ერთჯერადად კერძო საჩივრით და არა საჩივრით გასაჩივრებას.
1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმების კანონიერება. ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დასტურდება შემდეგი:
1.3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა რა განმცხადებელთა მოთხოვნა, შეჩერდა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამავე განჩინებით განმცხადებლებს დაეკისრათ მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის მიზნით სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსება. საკასაციო პალატა, გარდა ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობისა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების ერთ-ერთ წინაპირობად კანონმდებელი მოითხოვს საქმის წარმოების განახლების მომთხოვნი პირის მიერ გარანტიის წარდგენას. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა ემსახურება მხარეთა თანასწორობის პრინციის დაცვას და მიზნად ისახავს სამართლიანი ბალანსის დადგენას კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს შორის. გარანტიის კონკრეტულ სახეს საქმის წარმოების განახლების მარეგულირებელი ნორმები არ ადგენენ, შესაბამისად, დასაშვებია ამ საკითხის მომწესრიგებელი ზოგადი ხასიათის ნორმების გამოყენება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან დანაწესს შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.
1.3.2. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით დააკმაყოფილა რა საქმის წარმოების განახლების ინიციატორის შუამდგომლობა და შეაჩერა გადაწყვეტილების აღსრულება, მან მხარეს დაავალა უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა, რაც არ განხორციელებულა და სწორედ ეს გარემოება დაედო საფუძვლად მიღებული დროებითი ღონისძიების გაუქმებას. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტს, რომ მდგომარეობის შეცვლის (ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების გამო აღსასრულებელი თანხის ოდენობა შემცირდა) გამო უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობა საპატიო, ობიექტური ფაქტორით იყო განპირობებული და აღნიშნავს, რომ მიუხედავად გარკვეული თანხის გადახდისა, განმცხადებლებს, რომელთა ინტერესებშიც შედიოდა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, არ წარუდგენიათ თუნდაც შემცირებული მოთხოვნის პროპორციული თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების დამადასტურებელი მტკიცებულება.
1.4. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინების დასაბუთებას, რომ შეზღუდვის ინიციატორი მხარის მხრიდან უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის გამო, არსებობდა აღსრულების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმების წინაპირობა. ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ კი, კერძო საჩივრის ავტორებს არ წარუდგენიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული შედავება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ღ-ის, ნ., ნ. და გ. მ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი