Facebook Twitter

საქმე №ას-1525-1445-2017 23 თებერვალი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ო. ჯ–ი, ქ. ჭ–ი, ე. წ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნისა და მოვალეთა კუთვნილი სხვა ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „ს-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ჯ–ის (შემდგომში _ მსესხებელი ან მოვალე), ქ. ჭ–ისა (შემდგომში _ იპოთეკის საგნის მესაკუთრე) და ე. წ-ის (შემდგომში _ სოლიდარული თავდები, ასევე, ერთად წოდებული, როგორც მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) მიმართ და მოითხოვა, მსესხებლისა და თავდებისათვის კრედიტორის სასარგებლოდ, 32 870,15 ლარის სოლიდარულად დაკისრება, ასევე, დავალიანების ამოღების მიზნით იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევა.

1.2. სარჩელი ემაყრება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლის 22 აპრილს მოსარჩელესა და მსესხებელს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით და იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრის უძრავი ქონება (შემდგომში _ იპოთეკის საგანი), ასევე, 2010 წლის 28 აპრილის გაფორმდა თავდებობა ე.წ-თან. ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 12 ნოემბერს მსესხებელზე გაიცა კრედიტი _ 20 000 ლარი 2 თვის ვადით და სარგებელი განისაზღვრა 21%-ით. სესხი უნდა დაფარულიყო ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად. მსესხებელმა დაარღვია ვალდებულება, რის გამოც, მას ასევე ერიცხება შეთანხმებული პირგასამტეხლო 0,5%-ის ოდენობით. სარჩელის აღძვრის დროისათვის დავალიანება შეადგენს 32 870,15 ლარს, საიდანაც ძირი 11366,56 ლარია, სარგებელი _ 2 302,46 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო _ 19 201,13 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. შესაგებელში განმარტებულია მხოლოდ ის, რომ პირგასამტესხლო და საპროცენტო განაკვეთი არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, ამ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მსესხებელსა და სოლიდარულ თავდებს, კრედიტორის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის _ 11 366,56 ლარის, სარგებლის _ 2 302,46 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 3 840,22 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა გადაწყვეტილების აღსრულება პირველ რიგში იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით, ხოლო, თუკი ამონაგები თანხა არ აღმოჩნდება საკმარისი ვალდებულების შესასრულებლად, სარეალიზაციოდ მიექცა მოვალისა და სოლიდარული თავდების ყველა სხვა ქონება.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2010 წლის 22 აპრილს კრედიტორსა და მსესხებელს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად გაიხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი ლიმიტით 50 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 10 წლით. საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრის ქონება მდებარე ქ.ლ-ში, გ–ის ქ#6--ში (ს/კ #- საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად 2010 წლის 28 აპრილს ასევე გაფორმდა ე. წ--ის სოლიდარული თავდებობა;

1.2.2. საკრედიტო ხაზის ფარგლებში 2015 წლის 12 ნოემბერს მსესხებელზე 2 თვის ვადით გაიცა კრედიტი _ 20 000 ლარი, წლიური 21%-ის დარიცხვის პირობით. მოვალეს სესხი უნდა დაეფარა ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად. მხარეთა შეთანხმება ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს გადაუხდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. პირგასამტეხლოს ოდენობამ ჯამში შეადგინა 19 201.13 ლარი, რომელიც ხუთჯერ შეამცირა პირველი ინსტანციის სასამართლომ და მისი ოდენობა განსაზღვრა 3 829.22 ლარით

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორთა შედავება იმის თაობაზე, რომ ლარის კურსის გაუფასურების გამო, მოვალე გახდა გადახდისუუნარო, რის გამოც უმართებულოა პირგასამტეხლოს დაკისრება, რომელიც ისედაც გაჭირვებაში მყოფ პირს მეტად უუარესებს მდგომარეობას.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. საკასაციო პრეტენზიებთან დაკავშირებით, პალატა დამატებით განმარტავს რომ მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, როგორც პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმების ფაქტი (სკ-ის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ისე _ მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო _ 19 201.13 ლარი მართებულად მიიჩნია დარღვევის შეუსაბამოდ და სწორად შეამცირა 3 840,22 ლარამდე (სკ-ის 420-ე მუხლი). პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ოდენობით თანხა ადეკვატურია, როგორც დარღვევის ვადისა, ისე _ უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს ფუნქციის შენარჩუნებას და არ იწვევს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას, რაც შეეხება კასატორთა პოზიციას, იგი არც თანხის მეტად შემცირების და არც მისი გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს ქმნის, რამეთუ ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილება არც პირგასამტეხლოს დაკისრების მარეგულირებელი ნორმებიდან და არც ზოგადად ვალდებულებითი სამართლის ფუნდამენტური პრინციპებიდან არ გამომდინარეობს.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობის განსაზღვრის საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თოაბაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ე. წ-ის მიერ 12.01.2018წ. #10 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ჯ–ის, ქ. ჭ–ისა და ე. წ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: ო. ჯ–ს (პ/#-...), ქ. ჭ–სა (პ/#-...) და ე. წ-ს (პ/#-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ე. წ-ის მიერ 12.01.2018წ. #10 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი