საქმე №ას-377-377-2018 31 მაისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ნ. მ-ე (მოპასუხე), რ. მ-ე, ნ. მ-ე, თ. წ-ე (მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, სარჩელის დაკმაყოფილებისა და პროცესის ხარჯების დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, ასევე, მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სს „ს-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ისა (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მფლობელი) და დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირების: რ. მ-ის, ნ. მ-ისა და თ. წ-ის (იხ. 17.05.2017წ. საოქმო განჩინება; შემდგომში _ მესამე პირები ან მფლობელები) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ქ.ქ-ში, ა. გ-ის #502-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #-... შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვის მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 12 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე სადავო ქონება მოსარჩელემ შეიძინა აუქციონზე და 2013 წლის 26 ნოემბრიდან ირიცხება მესაკუთრედ, საკუთრების უფლების წარმოშობიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, უძრავი ნივთი მოპასუხის მფლობელობაშია, რის შედეგადაც ფინანსური ზარალი ადგება მესაკუთრეს.
2. მოპასუხის/მესამე პირების პოზიცია:
2.1. მარტივი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა მოთხოვნას და განმარტა, რომ სადავო სახლი წარმოადგენს მისთვის მშობლიურს, ის წინაპრების დანატოვარია და მოპასუხე მასში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. უძრავი ქონება იპოთეკის უფლებით იყო დატვირთული და აუქციონზე შეიძინა მოსარჩელემ, თუმცა, არც მფლობელს და არც მისი ოჯახის წევრებს წერილობითი გაფრთხილება არ ჩაბარებიათ ქონების გამოთავისუფლების თაობაზე, ასევე, უცნობია, სცადა თუ არა მესაკუთრემ ქონების პოლიციის ძალით დაბრუნება;
2.2. ამავე საფუძვლებზე მითითებით სარჩელი არ ცნეს მესამე პირებმაც.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხემ და მესამე პირებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დამაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი, ასევე, სარჩელის დაკმაყოფილებისა და პროცესის ხარჯების დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, ასევე, მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ მესამე პირების პრეტენზიის ნაწლში იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, ხოლო მოპასუხის პრეტენზიის ნაწილში _ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვავს საკასაციო საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ სუბიექტთა წრეს და ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. დასახელებული ნორმის არსი წარმოადგენს არა პირის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას, არამედ ორიენტირებულია იმ პირის/პირთა უფლებების დაცვაზე (გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება), რომელთა მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება, ანუ გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანი ნაწილით _ სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი უფლებები და/ან მოვალეობები. მესამე პირთა საკასაციო პრეტენზიები ძირითადად მიმართულია იმისკენ, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია მათი უფლებები (ისე დაადგინა მესამე პირთა მიმართ ფაქტობრივი გარემოებები, რომ აპელანტები პირველი ინსტანციის წესით მხოლოდ დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად იყვნენ ჩაბმული საქმეში). საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მესამე პირთა პრეტენზიებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მათი სააპელაციო საჩივრის განსახილველად არასწორად მიღების თაობაზე, თუმცა, მიიჩნევს, რომ აღნიშნული საპროცესო დარღვევა არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3 მუხლით განსაზღვრულ საფუძველს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მხარეს უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ იმ მხარის უფლების დაცვა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილება. მესამე პირის ცნებასთან მიმართებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე და 89-ე მუხლებზე, რომლებიც ერთმანეთისაგან განარჩევს დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებს და მოთხოვნის უფლების არმქონე მესამე პირებს. საკასაციო სასამართლო განსახილველ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირი პრაქტიკულად გაიგივებულია მოსარჩელესთან, რამეთუ ის თავად აცხადებს პრეტენზიას დავის საგანზე და გააჩნია დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლება, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, პირველი ინსტანციის/სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი უფლებების წინააღმდეგაც იყოს მიმართული და სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე ეძლევა მას გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების შესაძლებლობა (შეად. სსსკ-ის 364-ე და 391.1 მუხლები), რაც შეეხება მოთხოვნის უფლების არმქონე მესამე პირებს, მათი პროცესში მონაწილეობა განპირობებულია არა გადაწყვეტილების სუბიექტუნარიანობით, არამედ მიღებული გადაწყვეტილების შედეგების შესაძლო სამომავლო სუბიექტუნარიანობით. ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა ორიენტირებულია რა უფლებადარღვეული პირის უფლებრივ რესტიტუციაზე, არაერთხელ წამოჭრილა საკითხი, როდესაც მხარე ფორმალური თვალსაზრისით დავაში უფლების არმქონე პირადაა ჩაბმული, თუმცა, გადაწყვეტილება შეეხება მის უფლებრივ მდგომარეობასაც, ასეთ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყოველთვის ამოწმებს უფლების დარღვევის ნამდვილობას და, მიუხედავად პირის სტატუსისა, თუკი გადაწყვეტილება მის ინტერესებს შეეხება, განსახილველად იღებს საჩივარს (პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. სუსგ-ებები: №ას-705-1078-06, 22 ნოემბერი, 2006 წელი; №ას-253-578-09, 28 მარტი, 2009 წელი; №ას-364-715-07, 16 ივლისი, 2007 წელი; 210-200-2016, 22 აპრილი, 2016 წელი). ამგვარი შემთხვევა, როგორც უკვე აღინიშნა სახეზე არ გვაქვს. გარდა ამისა, უპირობოდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა გამოსახლება არ დადგენილა, შესაბამისად, მათ არც სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლება წარმოშობიათ, ეს ფაქტები იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ არ არსებობდა მესამე პირთა სააპელაციო საჩივრის მიღების წინაპირობები, თუმცა, სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მის მიერ მიღებული საპროცესო აქტი (სსსკ-ის 284.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით) არ წარმოადგენს აღსრულებაუნარიანს (სსსკ-ის 267-ე მუხლის თანახმად, აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ზალაში შესული გადაწყვეტილება). შესაბამისად, ამ განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლების მქონედ ვერ იქნებიან მიჩნეული მესამე პირები, რაც მათი პრეტენზიის ნაწილში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (თანახმად სსსკ-ის 187-ე, 372-ე, 391.1, 399-ე მუხლებისა).
2. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
2.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
2.2.1. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს;
2.2.2. უძრავ ნივთს ფლობს მოპასუხე;
2.2.3. მოპასუხეს არ გააჩნია ნივთის ფლობის უფლება.
2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
2.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მართლზომიერი ფლობის ფაქტი, მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტი კი, კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორის უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად, რადგანაც ქონების თავდაპირველი განკარგვის შედეგად მან დაკარგა ნივთთან სამართლებრივი კავშირი, რის გამოც უკანონოდ ფლობს მას. პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის ფაქტს.
2.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნივთის ვინდიცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
2.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
3. კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება:
3.1. კასატორი სადავოდ ხდის ქ-ის სარეგისტრაციო სამსახურიდან სადავო მისამართზე რეგისტრირებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაზე უარის შესახებ განჩინებას. პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.2 მუხლის ფარგლებში აფასებს რა ამ შუამდგომლობას, გაურკვეველი რჩება მხარის პოზიცია, როდესაც ქონების მფლობელთა ვინაობა სადავო არაა, რა ფაქტის მტკიცების მიზნით სურს მხარეს ხსენებული მტკიცებულების გამოთხოვა, გარდა ამისა, შუამდგომლობა არ შეიცავს ფორმალურ მითითებასაც კი, თუ რა ნეგატიური გავლენა მოახდინა ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობამ მხარის უფლებებზე (სსსკ-ის 393.3 მუხლი);
3.2. რაც შეეხება მფლობელის მოთხოვნას საკასაციო სასამართლოს მიერ ზემოხსენებული მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.1 მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს არ აქვს ახალი მტკიცებულებების კვლევის პროცესუალური შესაძლებლობა, რაც ამავე კოდექსის 104.1 მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობის უარყოფის საფუძველია.
4. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ვ. ლ-იას მიერ 05.04.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 391-ე, 401-ე, 404-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. მ-ის, ნ. მ-ისა და თ. წ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის, ასევე, მათ გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. კასატორ ნ. მ-ეს (პ/#6-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ვ. ლ-იას მიერ 05.04.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე