Facebook Twitter

№ას-1477-2018 31 იანვარი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ნ.დ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ.პ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა

ა რ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2016 წლის 10 მარტს თ.პ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, განმცხადებელი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ნ.დ–ძის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან საჩივრის ავტორი) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით, 20 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მოძრავი ქონების მიმართ ყადაღის/აკრძალვის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა განპირობებულია იმ საშიშროებით, რომ მოპასუხე აპირებს უძრავი ქონების გასხვისებას, ქონების რეალიზაციის შემთხვევაში კი, ფაქტობრივად წაერთმევა შესაძლებლობა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის, მოპასუხის საკუთრებაში საკმარისი ქონების არარსებობის გამო, აღასრულოს გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული დუშეთის რაიონში, ..... მდებარე 523 კვ.მ ფართობისა (საკადასტრო კოდით №...) და 700 კვ.მ ფართობის, (საკადასტრო კოდით №....) მიწის ნაკვეთების გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვა.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 271-ე მუხლზე, ასევე, ამავე კოდექსის 191-ე მუხლზე და განმარტა, რომ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ინდივიდუალურად, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი უთითებდა ისეთ გარემოებაზე, რომელიც ასაბუთებდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საჭიროებას, ვინაიდან, არსებობდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების საშიშროება. ამასთან, მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული და ადეკვატურია.

7. დასახელებული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორის მტკიცებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს განჩინება, უსაფუძვლოა, რადგან იგი ქონების გასხვისებას არ აპირებს. სადავო ქონების საბაზრო ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა. ამასთან, იგი ქონების გაქირავებასაც ვერ ახერხებს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით, საჩივარი უარყოფილ იქნა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მოგვარების ფარგლებშია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (შდრ. სუსგ # ას -69-63-2015, 19.03.2015წ; #ას-1249-2018, 30.11.2018წ)

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სარჩელის პერსპექტიულობას და იმ გარემოებას, რამდენად მოსალოდნელია მოპასუხის მხრიდან შესაძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების განკარგვა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის ქონების გასხვისების აკრძალვის აუცილებლობა გამოწვეული იყო იმ საშიშროებით, რომ თუ მოპასუხე გაასხვისებდა ქონებას, ეს გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების პირობებშიც იკვეთება სარჩელის პერსპექტიულობა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 271-ე და 191-ე მუხლებით და მართებულად უზრუნველყო გადაწყვეტილების აღსრულება.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება მართლაც უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვან კონსტიტუციურ უფლებას, კერძოდ, საკუთრების უფლებას. უძრავი ქონების გასხვისებისა და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვის დაწესება, წარმოადგენს კანონმდებლის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო ამგვარი ჩარევა (შეზღუდვის) უნდა გამართლდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ყადაღის/აკრძალვის დაწესებით, კანონმდებელმა აუცილებელ საჭიროებად მიიჩნია მოსარჩელის მატერიალურ უფლებათა რეალური განხორციელების უზრუნველყოფა სასამართლო პროცესის დასრულებამდე, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სასამართლო გადაწყვეტილებათა ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების საჯარო ინტერესის დაცვის მიზანს ემსახურება. ეს კი, უდავოდ მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობას უწყობს ხელს, შესაბამისად, უძრავი ქონების გასხვისების/სანივთო უფლებით დატვირთვის აკრძალვის დაწესება, ამგვარი მიზნის ლეგიტიმურია.

13. საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს მოვალის საკუთრებას (იხ. ამონაწერი, საჯარო რეესტიდან ს.ფ. 258-261) ასეთ ვითარებაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გამართლებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად მოპასუხის ქონებაზე აკრძალვის დაწესება და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

14. საკასაციო პალატა ზოგადად იზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ადეკვატური უნდა იყოს, რაც, ქონებრივი დავის პირობებში, სწორედ საბაზრო ფასის შესაბამისად განიხილება, თუმცა, პალატა მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნისა და გამოყენებული ზომის თანაზომიერების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა, რომელსაც ამ თვალსაზრისით საკმარისი/სარწმუნო მტკიცებულებები არ წარუდგენია. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ ვერ ახერხებს ქონების გაქირავებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით, მას ქონების გაქირავების შესაძლებლობა არ შეზღუდვია, შესაბამისად, ეს მსჯელობაც უსაფუძვლოა.

15. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, სსსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, მოპასუხის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.დ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი