№ას-1489-2018 . 31 იანვარი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – შპს „მ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „G.r.“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა რ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „მ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა შპს „G.r.“(შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 65 054,11 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ორივე მხარემ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 37 487,53 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით, გასწორდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტში დაშვებული უსწორობა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 35 748,53 ლარის გადახდა დაეკისრა.
5. 2018 წლის 16 მაისს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა.
5.1. მოსარჩელის/განმცხადებლის მითითებით, სარჩელი ორი ნაწილისაგან შედგებოდა, ერთი ეხებოდა დაკისრებულ პირგასამტეხლოს, 36103 ლარს, რომელიც მოპასუხის მიერ გაქვითული იყო შესრულებული სამუშაოებიდან, მეორე ნაწილი კი - შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, 28 861.11 ლარს. ორივე მოთხოვნა ერთმანეთისგან გამომდინარეობდა. სააპელაციო სასამართლომ თანაზომიერ პირგასამტეხლოდ 6399 ლარი მიიჩნია, ხოლო გამოქვითული თანხა, 29 794 ლარი - არათანაზომიერად და 1647,0 ლარამდე შეამცირა, ასევე, არ დააკმაყოფილა რკინაბეტონის რგოლების ღირებულების, 8647,2 ლარის, ანაზღაურების მოთხოვნა. განმცხადებლის მითითებით, მოპასუხისათვის დასაკისრებული თანხა - 48360.01 ლარია, შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების შეტანით, უნდა გასწორდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით, გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ მოსარჩელის განცხადება უარყოფილ იქნა. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 260-ე მუხლით.
6.1. სააპელაციო პალატის დასკვნებით, განცხადება უარყოფილ იქნა, ვინაიდან არ ვლინდებოდა უსწორობის გასწორების საკითხი და შუამდგომლობის ავტორი არსებითად დავობდა. გადაწყვეტილებაში/განჩინებაში კი, დაუშვებელია ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც ცვლის მის შინაარსს.
7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და განცხადების დაკმაყოფილების მოთხოვნით, განცხადების ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 5.1) და მიუთითა, რომ, უსწორობის გასწორების შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მის სხვა ნაწილებთან შესაბამისი იქნებოდა და შინაარსიც არ შეიცვლებოდა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416 მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
10. გასაჩივრებული განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ არსებოდა სსსკ-ის 260-ე მუხლით განსაზღვრული ის წინაპირობები, რომელიც უსწორობის გასწორებას განაპირობებდა.
11. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება, გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
12. აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. მითითებული ნორმის საფუძველზე, დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (შდრ. სუსგ № ას-636-597-2011, 24.06.2011).
13. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ის საკითხი, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაშვებულია თუ არა უსწორობა და სწორად ეთქვა თუ არა მოსარჩელეს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე/მენარდე ითხოვს შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან (1000 000 ლარი) დარჩენილი ნაწილის, 65054 ლარის, ანაზღაურებას შემდეგი დასაბუთებით: 65054 ლარიდან მას მოპასუხემ უსაფუძვლოდ დაუკავა 36193 ლარი, კერძოდ, #17 ხელშეკრულებიდან - 6399 ლარი, ხოლო #30 ხელშეკრულებიდან - 29794 ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ 6399 ლარი (პირგასამტეხლო) სწორად იყო გამოთვლილი, ამიტომ მოპასუხეს ჰქონდა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებაში მისი გაქვითვის უფლება. 29794 ლარი კი, არასწორად იყო დაანგარიშებული, კერძოდ, სწორი დაანგარიშებით პირგასამტეხლო 1647.50 ლარი უნდა ყოფილიყო, ე.ი. 28146.1 ლარი, მოპასუხემ არასწორად დაუკავა მოსარჩელეს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს ეს თნხა - 28146.1 ლარი, მოპასუხისაგან უნდა მიეღო. გარდა ამისა, მოსარჩელეს ეკუთვნოდა ფითხით დამუშავების საზღაური 7602.53 ლარიც, სულ - (28146+7602.53) - 35 748.53 ლარი. ამასთან, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან არ გამომდინარეობს, რომ სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა დანარჩენ (65054-35748.53), 29305.47 ლარის ნაწილში საფუძვლიანად მიიჩნია. შესაბამისად, გაუგებარია, მოსარჩელის მოსაზრება, რომ სასამართლომ მას 12 000 ლარი დააკლო. თუმცა კერძო საჩივრის უარყოფის მთავარი საფუძველი ისაა, რომ არგუმენტები, უსწორობის დასაბუთებისათვის, მოსარჩელეს წამოყენებული ჰქონდა საკასაციო საჩივარშიც, საკასაციო პრეტენზიის სახით, რაც უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა და მისი საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად. აქედან გამომდინარე, იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც არ გაიზიარა საკასაციო სასამართლომ, უსწორობის გასწორება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რევიზია იქნებოდა, რაც დაუშვებელია (საქმისწარმოების განახლება მხოლოდ 421-423-ე მუხლებით).
15. სსსკ-ის 260-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უსწორობის გასწორების ობიექტი არის მხოლოდ მცირე მნიშვნელობის მქონე ტექნიკური ხასიათის იმგვარი უზუსტობები, რომელთა გასწორებაც გავლენას ვერ ახდენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ დავის მატერიალურსამართლებრივ შედეგზე. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი/მოსარჩელე უსწორობის გასწორებას კი არ ითხოვს, არამედ გადაწყვეტილების შეცვლას, რაც, ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, დაუშვებელია.
16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი