Facebook Twitter

№ას-1492-1412-2017 28 თებერვალი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – დ.პ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ხ.ს–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქალაქ თბილისში, ...... მდებარე #32 ბინა, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით №...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), 2016 წლის 27 ივნისიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე, ხ.ს–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებას წარმოადგენს (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ. 1. ს.ფ. 16-17, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

2. 2016 წლის 31 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა დ.პ–ის (შემდეგში - მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მტკიცებით, იგი უძრავი ქონების მესაკუთრეა, მოპასუხე სადავო ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება, განაგრძობს ნივთის უკანონოდ ფლობას და არ ათავისუფლებს მას.

3. მოსარჩელემ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით გაუგზავნა სარჩელი და თანდართული მასალების ასლები, რომლებიც 2016 წლის 6 სექტემბერს პირადად ჩაჰბარდა. მოპასუხეს სასამართლოში უნდა წარედგინა შესაგებელი, სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. მითითებულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 29 სექტემბერის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

4.1. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალების ასლები გაუგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ -ის) 70-ე-78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით; აღნიშნული გზავნილი 2016 წლის 6 სექტემბერს პირადად ჩაჰბარდა მოპასუხეს. მოპასუხეს შესაგებელი უნდა წარედგინა სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. მითითებულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

4.2. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 2321 მუხლზე (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას) და აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის, არსებობდა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელი დაკმაყოფილების წინაპირობა.

4.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 170-ე, და 172-ე მუხლების საფუძვლებიდან, შესაბამისად, სარჩელში ჩამოყალიბებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას.

5. მოპასუხემ საჩივარი (იხ. ს.ფ. 30-34) წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

5.1. საჩივრის ავტორის მითითებით, სადავო ქონების გამოსყიდვისა და დავის მორიგებით დასრულების თაობაზე მოსარჩელესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, სწორედ მისი რჩევის შედეგად არ წარადგინა შესაგებელი. მისი მტკიცებით, თუ შესაგებელს არ წარადგენდა, მოსარჩელე სარჩელს უკან გაიტანდა და გარკვეული თანხის გადახდის შემდგომ უძრავი ქონებაც, კვლავ მის სახელზე აღირიცხებოდა, მოსარჩელემ იგი შეცდომაში შეიყვანა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით (იხ. ს.ფ. 75-79, ტ.1) , მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე უარყოფილ იქნა. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

7.1. სასამართლომ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ტყუილ დაპირებებს, საჩივრის ავტორს ეკისრებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება.

7. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება და დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების, განჩინებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

7.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლოში შესაგებლის ვადაში წარუდგენლობის მიზეზი გახდა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიმართ განხორციელებული ზეწოლა, თითქოსდა შეთანხმდების (მორიგების) მიზნით. საბოლოოდ კი, მორიგება ვერ შედგა. ემოციურ ფონზე განუვითარდა ჰიპერტონიული კრიზი და გულის შეტევა, რის გამოც საჩივრის განხილვაზეც ვერ შეძლო გამოცხადება. სასამართლომ კი, არ გამოიკვლია და არასწორად შეაფასა რეალური ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, შესაგებლის წარდგენის ვადის დარღვევის რეალური მიზეზი, არ დაჰკითხა მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ ნამდვილად მიმდინარეობდა მოლაპარაკება მორიგებაზე.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

8.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ წერილობითი შესაგებლის წარსადგენად მოპასუხეს განსაზღვრული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ ზემოაღნიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის. პალატამ აპელანტის მითითება, რომ მის მიმათ ადგილი ჰქონდა ზეწოლასა და ტყუილ დაპირებებს არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ იმ პირობებში როდესაც მოპასუხეს განემარტა კონკრეტული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის არახელსაყრელი შედეგები და იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხე, მორიგების თაობაზე მოსარჩელესთან მოლაპარაკებას იურისტის დახმარებით აწარმოებდა, გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში, შესაგებლის წარუდგენლობის შედეგებიც.

9. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა 2016 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ 2017 წლის 20 თებერვლის განჩინება, მათი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 7.1).

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.

14. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

15. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე იყო ყველა კანონისმიერი წინაპირობა, კერძოდ, სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. თავის მხრივ, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ასევე ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონში და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი: ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ 241-ე მუხლი) საპატიო მიზეზის კონტექსტში სასამართლომ ასევე სწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც არ იძლეოდა სსსკ-ის 215.3 მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს, გარდა ამისა, მოსარჩელის უფლება ნივთზე, დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერით (სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მაგალითად, დავა უძრავ ნივთზე უფლებას შეეხება, ან საქმეში წარმოდგენილია პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებები, სამართლებრივი მართლწესრიგი მოითხოვს, რომ ეს მტკიცებულებები შეფასდეს სასამართლოს მხრიდან, რაც, მოცემულ შემთხვევაში, დაცულია). ამ განჩინების აღწერილობითი ნაწილის 1.2 პუნქტში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი ფაქტები იურიდიულად ამართლებენ ვინდიკაციურ სარჩელს 172-ე მუხლის საფუძველზე. კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სსკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები), მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ამ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს და, შესაბამისად, ისინი დამტკიცებულად ითვლება.

16. აქედან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

17. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნივთის ვინდიცირების საკითხზე, ასევე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (შდრ. სუსგ №ას-729-682-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე და 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.პ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ დ.პ–ს (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.მ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 28.12.2017) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი