№ას-1640-2018 31 იანვარი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელის უფლებამონაცვლე) – მ.ს.
მოწინააღმდეგე მხარე ( მოპასუხე) – გ.მ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობისა და სანოტარო აქტების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რ.თ–ის სარჩელი გ.მ–ისა (შემდეგში - მოპასუხე ან განმცხადებელი) და ნოტარიუს ნ.თ–ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობისა და სანოტარო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე უარყოფილ იქნა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა ბორჯომის რაიონის ...... მდებარე მოპასუხის სახელზე რიცხული 202 კვ.მ საერთო ფართიდან 151.5 კვ.მ-ის მესაკუთრედ; აღნიშნულ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი 2005 წლის 19 დეკემბრის #2-43 სამკვიდრო მოწმობა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის 2006 წლის 19 დეკემბრის #1-462 თანხმობაც.
4. 2014 წლის 3 ნოემბერს მოპასუხემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ იგი სასამართლო სხდომის თაობაზე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ იყო ინფორმირებული.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის გაჩინებით, განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმისწარმოება.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელის უფლებამონაცვლე მ.ს–ამ (შემდეგში - უფლებამონაცვლე ან კერძო საჩივრის ავტორი), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მისამართი, სადაც სასამართლო გზავნილი გაიგზავნა, არ იყო მოპასუხის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო პიროვნება, რომელსაც უწყება ჩაჰბარდა არ წარმოადგენდა მისი ოჯახის წევრს, ვინაიდან იგი მეუღლესთან 1997 წლიდან განქორწინებულია. საქმეში არსებული რწმუნებულებით, მოპასუხე ნოტარიუსთან წარდგენილი პასპორტით უდავოდ ადასტურებს, რომ მისი რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ყოველთვის ის მისამართი იყო, სადაც სასამართლო გზავნილი გაიგზავნა. ვერც ქორწინებაზე და ვერც განქორწინებაზე დოკუმენტის არსებობით, ფაქტი სარწმუნოდ ვერ იქნა აღიარებული, თუ რომელი ადგილი უნდა ჩაითვალოს ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად. პალატამ განქორწინების ყალბი მოწმობა ნამდვილად მიიჩნია.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ არ მოუწვევიათ საქმის განხილვაზე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ცნობილ იქნა მისი უძრავი ქონების მესაკუთრედ.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
10. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება, ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის აუცილებლობა იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე და არ მიეცა მას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა თუ სსსკ-ის მე-4 მუხლით გარანტირებული შეჯიბრობითობის შესაძლებლობა.
11. განსახილველ შემთხვევაში, რაკი უდავოა, რომ მოპასუხისათვის გაგზავნილი სასამართლო გზავნილები (დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, მისი წარმოებაში მიღების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება და სასამართლო უწყება) ჩაიბარა მოპასუხის ყოფილმა სიდედრმა, რაც შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა, წარდგენილი განცხადებით კი, მოპასუხე სასამართლო გზავნილის ჩაბარების კანონიერებას სადავოდ ხდის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები და ამ გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის იმგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ იგი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან მიღებული მოპასუხისა და მისი მეუღლის განქორწინების ცნობის საფუძველზე, მოპასუხე მეუღლესთან განქორწინებულია 1997 წლიდან, რაც გამორიცხავს ყოფილი მეუღლის დედის (ყოფილი სიდედრის) ოჯახის წევრად და მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარებულად მიჩნევის შესაძლებლობას (იხ. ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ აქტი და განქორწინების მოწმობა, ს.ფ. 24-28). აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ს–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი