Facebook Twitter

№ას-1812-2018 27 თებერვალი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – ნ.ხ., ნ.შ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ე.მ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.თ.ბ–მა (შემდეგში - პირველი მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე), ე.მ–მა (შემდეგში - მეორე მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ა.მ–მა (შემდეგში - მესამე მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე), სარჩელი აღძრეს ნ.ბ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე), ნ.ბ–ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე), რ.რ–ის (შემდეგში - მესამე მოპასუხე), ნ.შ–ის (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ჟ.შ–ის (შემდეგში - მეხუთე მოპასუხე), ნ.ხ–ის (შემდეგში - მეექვსე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ხ.ხ–ის (შემდეგში - მეშვიდე მოპასუხე), ა.ჭ–ის (შემდეგში - მერვე მოპასუხე), დ.მ–ძის (შემდეგში - მეცხრე მოპასუხე), დ.მ–ძის (შემდეგში - მეათე მოპასუხე), გ.ტ–ისა (შემდეგში - მეთერთმეტე მოპასუხე), და ლ.კ–ძის (შემდეგში - მეთორმეტე მოპასუხე) მიმართ ქალაქ თბილისში, ..... (შემდეგში - სადავო ქონება) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გადაეცათ მოსარჩელეებს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მეოთხე და მეექვსე მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით, მეოთხე და მეექვსე მოპასუხეების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ, დაევალათ, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 160 ლარის, გადახდის დამადასტურებელი საბუთის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით, აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. განჩინება კანონით დადგენილი წესით მეოთხე და მეექვსე მოპასუხეებს/აპელანტებს ჩაჰბარდათ პირადად - 2018 წლის 10 ოქტომბერს.

4.2. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 11 ოქტომბერს დაიწყო და იმავე წლის 22 ოქტომბერს დასრულდა (21 ოქტომბერი იყო კვირა). აღნიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსთვის.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე და 368.5-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მეოთხე და მეექვსე მოპასუხეებმა/აპელანტებმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაშვება გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მეოთხე მოპასუხის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, აღნიშნული მძიმე ვითარების გამო მეექვსე მოპასუხემ ვერ შეძლო მისი მარტო დატოვება, რის გამოც ვერ მოახერხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 - დღიან ვადაში ხარვეზის აღმოფხვრა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, საკასაციო სასამართლომ საპატიოდ უნდა მიიჩნიოს ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გაშვება, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა მეოთხე მოპასუხის ავადმყოფობით იყო განპირობებული, ანუ მოპასუხეები მოითხოვენ სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის აღდგენას.

9. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.

10. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

11. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის საპატიო მიზეზად მოპასუხეები მიუთითებენ ავადმყოფობაზე, რაც, სსსკ-ის 215.3 მუხლის მიხედვით, საპატიო მიზეზად მიიჩნევა, მაგრამ საკასაციო პალატის მოსაზრებით, სსსკ-ის 102.1 და 103.1 მუხლები მოპასუხეებს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინონ მათ მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს უნდა წარმოედგინათ მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მათ მიერ საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში, რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კერძო საჩივრის ავტორების მიერ მითითებულ გარემოებას, საქმეში წარმოდგენილი არაა, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხეთათვის ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი და, აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს იმ უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა (იხ. სუსგ-ები: # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ხ–ისა და ნ.შ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი