№ას-1853-2018 27 თებერვალი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) –ნ.თ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2018 წლის 29 მარტს ნ.თ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორის მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ 2018 წლის 16 მარტის #ბ66.01180754 ბრძანება; მოსარჩელე აღდგენილ იქნა დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, განაცდურის, თვეში - 4400 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, გათავისუფლების დღიდან, 2018 წლის 19 მარტიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სარჩელი იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდში, ყოველდღიურად, დაყოვნებული ხელფასის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე, უარყოფილ იქნა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის), 365-ე, 369-ე, 2591, 373-ე და 374-ე მუხლებით.
5. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში არსებულ 2018 წლის 6 ივლისის სხდომის ოქმზე (იხ. ს.ფ. 317-325), რომლითაც დასტურდებოდა, რომ აპელანტის წარმომადგენლები გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ, ამდენად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აპელანტისა და მისი წარმომადგენლებისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 - დღიანი ვადის ათვლა 07.08.2018 წელს დაიწყო და 20.08.2018 წელს ამოიწურა. პალატის დასკვნით, ამ დროის შუალედში მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, სასამარლოსათვის განცხადებით მიმართვის გზით ნებისმიერ დროს ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება, თუმცა აპელანტის წარმომადგენელმა იგი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს - 07.08.2018წ. ჩაიბარა, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო, არა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან, არამედ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს.
6. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2018 წლის 21 აგვისტოს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს და მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ჩაიბარა გადაწყვეტილების ასლი, რაც ქმნის საფუძველს იმგვარი ვარაუდისათვის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-ე-30-ე დღის ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამდენად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან.
8. კერძო საჩივრის ავტორის მოწინააღმდეგე მხარემ წერილობითი შესაგებელი წარმოადგინა საკასაციო სასამართლოში. მისი მოსაზრებით, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება, დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მოხელის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება, პროგრამაში ატვირთა და გასაჯაროვება კანონით დადგენილ ვადაში, სასამართლო კანცელარიაში განცხადების შეტანა კი, მხარეს არ ათავისუფლებს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულებისგან და არც იმის დასტურია, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ არის.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით წარადგინა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვით წარდგენილად უნდა ჩაითვალოს, გამომდინარე იქიდან, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების დაგვიანებით ჩაბარება განპირობებული იყო არა მხარის, არამედ სასამართლოს მიზეზით.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, რომელიც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
12. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 26-ე დღეს (იხ. განცხადება, ს.ფ. 352) და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, შესაბამისად, მან შეასრულა სსსკ-ის 2591 მუხლით დაკისრებული ვალდებულება, ასევე, დადგენილია, რომ სასამართლოს კერძო საჩივრის ავტორისათვის 2018 წლის 7 აგვისტომდე დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გადაუცია. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ დებულებაზე, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, გადაცემის მომენტიდან. ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს ბრალი არ მიუძღვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის დაგვიანებით ჩაბარებაში, პალატის მოსაზრებით, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მისთვის გადაწყვეტილების გადაცემის მომდევნო დღიდან - 2018 წლის 8 აგვისტოდან და ამოწურულიყო ამავე წლის 21 აგვისტოს, 24 საათზე.
15. საქმის მასალებით, დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივარი 2018 წლის 21 აგვისტოს წარადგინა (იხ. ს.ფ. 360), შესაბამისად, დაცულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 - დღიანი საპროცესო ვადა.
16. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა უნდა დასწყებოდა არა გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს.
17. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას (იხ. ამ განჩინების პ.8) და განმარტავს შემდეგს: მოსარჩელის მიერ მითითებული საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა, უფლებამოსილი პირის სასამართლოში გამოცხადებისა და წერილობითი განცხადებით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნის შემთხვევაში, ითვალისწინებს სასამართლო ვალდებულებას, ჩააბაროს მას გადაწყვეტილების ასლი ან, თუ იგი მზად არ არის, შეადგინოს შესაბამისი აქტი. შესაბამისად, თუ განცხადება წარდგენილია, ხოლო აქტი არ შედგენილა, ივარაუდება, რომ გადაწყვეტილება მზად არ იყო. მოცემულ შემთხვევაში, დგინდება მოპასუხის წარმომადგენლის მიერ განცხადებით მიმართვა სასამართლოსადმი, სასამართლოსგან კი - გადაწყვეტილების ასლის ჩაუბარებლობა, აგრეთვე - სასამართლოს არ შეუდგენია დასაბუთებული გადაწყვეტილების მოუმზადებლობისა და მხარისათვის ჩაუბარებლობის აქტი შესაბამისი მიზეზის მითითებით, თუმცა არც დასაბუთებული გადაწყვეტილების მზადყოფნისა და არც მხარის მიერ ჩაუბარებლობის შესახებ აქტი არ გაუფორმებია. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ცნობა ვერ ადასტურებს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის, კანონით დადგენილ ვადაში (მოცემულ შემთხვევაში, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 26-ე დღეს) მზად ყოფნას. შესაძლოა, გადაწყვეტილება მისი გამოცხადებიდან 27-ე, 28-ე, 29-ე ან 30-ე დღეს მომზადდა კიდეც, მაგრამ ფაქტია, რომ იგი მხარეს, მოთხოვნის მიუხედავად, ჩაბჰარდა დაგვიანებით, 31-ე დღეს. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მხარე არაა ვალდებული, ყოველდღე იაროს სასამართლოში (კანონით დადგენილ არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად, კერძოდ, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მხარე გამოცხადდება სასამართლოში, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იქნება, თავად სასამართლოა ვალდებული, უზრუნველყოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ეს დასკვნა გამომდინარეობს სსსკ-ის 2591 მუხლის შინაარსიდან, კერძოდ, სასამართლოს ვალდებულებიდან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება და, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცეს მას. ცხადია, საქმეთა სიმრავლით გამოწვეული გადატვირთულობის გამო, შესაძლებელია, სასამართლომ დროულად ვერ მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, თუმცა ამ ობიექტურმა გარემოებამ არ უნდა დააზარალოს მხარე, კერძოდ, მას არ უნდა შეეზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი საპროცესო უფლება, როგორიც გადაწყვეტილების გასაჩივრებაა.
18. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი