№ას-1650-2018 31 იანვარი, 2019 წელი,
. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ნ.ძ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ს.ა.პ.გ.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მიუღებელი ხელფასისა და დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), ნ.ძ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს „ს.ა.პ.გ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, მიუღებელი ხელფასისა და დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურების თაობაზე უარყოფილ იქნა.
2. 2018 წლის 20 ივლისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სენაკის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მისი სარჩელი უარყოფილ იქნა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, თუმცა გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო გაუქმებული ნორმა (სსკ-ის 128.2 მუხლი (ა) ქვეპუნქტი), რის შესახებაც მან 2018 წლის 18 ივლისს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გაცნობის შემდგომ გაიგო.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინებით, მოსარჩელის განცხადება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში, სსსკ-ის, 424-ე მუხლით.
3.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადება უნდა შეტანილიყო გადაწყვეტილების გამომტან, სენაკის რაიონულ სასამართლოში.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების მოთხოვნით. მისი მტკიცებით, სწორედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოა ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
6. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ მოსარჩელის განცხადება დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ დაარღვია განცხადების წარდგენის კანონით დადგენილი განსჯადობის მოთხოვნები.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეიცავს თუ არა წარმოდგენილი განცხადება კანონით დადგენილ აუცილებელ მონაცემებს და არსებობს თუ არა მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა შესაძლოა, მისი განუხილველად დატოვების საფუძველი გახდეს.
8. სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე. კანონის აღნიშნული მოთხოვნა ხაზს უსვამს განცხადების განსჯად სასამართლოში შეტანის პროცესუალურ მნიშვნელობას და განპირობებულია იმითაც, რომ განმცხადებელმა სრულად გაიაზროს, თუ რომელ სასამართლო ინსტანციას მიმართოს განცხადებით და დაასაბუთოს თავისი მოსაზრების მართებულობა.
9. სსსკ-ის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
10. საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისას განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა დამოკიდებულია აღნიშნული განცხადებით წარდგენილ მოთხოვნასა და მის საფუძვლებზე. ზოგადად ამ ტიპის განცხადება მიზნად ისახავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის გაუქმებას ან ბათილად ცნობას კანონმდებლობით ზუსტად დადგენილი წანამძღვრების არსებობის შემთხვევაში. განმცხადებლის მიერ საქმისწარმოების განახლების საფუძვლად ისეთ გარემოებაზე მითითებისას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს კონკრეტულ დავაზე არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებას, მხარემ განცხადება უნდა შეიტანოს სწორედ იმ სასამართლოში, რომლის მიერაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმე არსებითად გადაწყდა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ზემდგომი სასამართლოს განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ. შესაბამისად, ასეთ დროს განცხადება შეიტანება სასამართლო გადაწყვეტილების და არა განჩინების მიმღებ სასამართლო ინსტანციაში, ვინაიდან საქმის არსებითად გადაწყვეტისას და მხარის სასარჩელო განცხადების მიმართ სამართლებრივი შედეგის დადგენისას სასამართლოს დასკვნები ჩამოყალიბდება სწორედ გადაწყვეტილების სახით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ზემოთ მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის მეორე ნაწილზე და დამატებით განმარტავს, რომ ზემდგომი სასამართლო განცხადების განხილვაზე უფლებამოსილია მხოლოდ მაშინ, როდესაც მან თავისივე გადაწყვეტილებით (განჩინებით) შეცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) და სწორედ ზემდგომი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის შესახებ და განმარტავს, რომ მოსარჩელემ საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა მიმართოს სენაკის რაიონულ სასამართლოს, რადგან სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და წარმოადგენს დავაზე სასარჩელო მოთხოვნის მიმართ სამართლებრივი შედეგის დამდგენ არსებით გადაწყვეტილებას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 14 ივლისის განჩინებით კი, საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება არ მიღებულა, არამედ განუხილველად დარჩა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი. ზემდგომი სასამართლო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე უფლებამოსილია მხოლოდ მაშინ, თუ მან თავისი გადაწყვეტილებით შეცვალა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შედეგი. განსახილველ შემთხვევაში კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ქვემდგომი ინსტანციის მიერ მიღებული არსებითი გადაწყვეტილება არ გაუუქმებია და, ამავდროულად, საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადება პრეტენზიას შეიცავს სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების მიმართ (შდრ. სუსგ. საქმე #ას-3111-22-2011, 20.09.2011წ; #ას-824-ბ-3-2013; 19.03.2013წ; #ა-1583-ა-10-2014, 06.06.2014წ; #ას-1324-1262-2014, 06.02.2015წ).
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ძ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი