Facebook Twitter

№ას-1645-2018 31 იანვარი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის რაიონული განყოფილება

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ჯ.ტ.

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის განყოფილებამ (შემდგომში - მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა ჯ.ტ–ის (შემდგომში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნით.

2. ლენტეხის მაგისტრი სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწვეტილება და სარჩელი დარჩა განუხილველად.

5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განსახილველად, სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 24 სექტემბერს, 16:00 სთ-ზე.

5.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე, აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობის თაობაზე. შუამდგომლობას დაეთანხმა მოპასუხეც.

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 372-ე, 831-ე, მე-3 მუხლებით.

7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

8. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააგენტოს წარმომადგენელს სარჩელის გამოხმობის ან მასზე უარის თქმის უფლებამოსილება მინდობილობით არ ჰქონდა მინიჭებული, შესაბამისად, შუამდგომლობა არალეგიტიმური იყო და სასამართლოს განჩინებაც, ამ საფუძვლით სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, კანონსაწინააღმდეგოა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი, უცვლელად დარჩეს.

11. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით, მოსარჩელის/აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწვეტილება და სარჩელი დარჩა განუხილველად. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააგენტოს წარმომადგენელს სარჩელის გამოხმობის ან მასზე უარის თქმის უფლებამოსილება მინდობილობით არ ჰქონდა მინჭებული, ამიტომ, უსაფუძვლო იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

12. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისთვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. ამავე კოდექსის 275.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ, წინამდებარე განჩინების მეხუთე პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს: სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამ ნორმით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი ორიენტირებულია უფლების მქონე სუბიექტის თავისუფალ ნებაზე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური თუ საპროცესო უფლებები.

14. ამავე კანონის 831-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე, სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას, დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის გამოხმობის თაობაზე, შუამდგომლობას მოპასუხეც დაეთანხმა.

15. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ისაა, რომ სააგენტოს წარმომადგენელს სარჩელის გამოხმობის ან მასზე უარის თქმის უფლებამოსილება მინდობილობით არ ჰქონდა მინიჭებული, აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ წარმომადგენლის უფლებამოსილებას ფარგლებს ადგენს სსსკ-ის 98-ე მუხლი, რომლის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. ამდენად, მინდობილობა წარმოადგენს სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს მას ორგანიზაციის/სააგენტოს სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა ზემოაღნიშნული ნორმაში ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებებისა. რაც იმას ნიშნავს, რომ მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენელს შეუძლია შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, რაც არ არის მითითებული სსკ-ის 98-ე მუხლში და რომელთა შესრულება შეუძლია თვითონ მარწმუნებელს. მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში, სარჩელის გამოხმობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ დათქმას კი, ზემოაღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს. ამასთან, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, ხოლო სარჩელის გამოხმობის მნიშვნელობა ისაა, რომ მისი გამოხმობისას, სასამართლო დატოვებს მას განუხილველად და მხარეს მომავალში, სასარჩელო ხანდაზმულობის დაცვით, კიდევ შეეძლება იმავე სარჩელით სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის ეს მსჯელობა უსაფუძლოა.

16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის რაიონული განყოფილების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი