საქმე №ას-938-878-2017 23 ოქტომბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.დ. (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - გ.გ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობა, ყადაღისგან გათავისუფლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.გ–ძის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) სახელზეა რეგისტრირებული 1998 წელს გამოშვებული შავი „ჰიუნდაი ტაიბურონი“ სანომრე ნიშნით „….“ (შემდეგში: ავტომანქანა ან სატრანსპორტო საშუალება; იხ. საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა, ტ. 1, ს/ფ 15-16).
2. სატრანსპორტო საშუალებას 2013 წლის 14 მარტიდან თბილისის სააღსრულებო ბიუროს ყადაღა ადევს. ავტომანქანაზე უფლებრივი შეზღუდვა თბილისის და მცხეთა-მთიანეთის განყოფილების მიერაა აღრიცხული. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ელექტრონული ბაზის მონაცემებით ირიცხება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და ყადაღა (იხ. საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა, ტ. 1, ს/ფ 15-16).
3. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი და მესაკუთრე თ.დ–ია (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე; იხ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ტ. 1, ს/ფ 95). მოსარჩელემ ავტომანქანა 2006 წლის მაისში მეორე მოპასუხისაგან შეიძინა და მას შემდეგ მის მფლობელობაშია.
4. სარჩელის საფუძვლები
4.1. მესაკუთრემ 2016 წლის 23 მარტს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობისა და ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
4.2. მოსარჩელემ ამ განჩინების 1-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნა, რომ მას ავტომანქანასთან ერთად საბუთები და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა გადაეცა. მაშინ, როცა მოსარჩელემ სატრანსპორტო საშუალების გაფორმება გადაწყვიტა, აღმოჩნდა, რომ ავტომანქანაზე რეგისტრირებული იყო ყადაღა. ამჟამად ავტომანქანა, მართალია, მოსარჩელის მფლობელობაშია, მაგრამ არსებული შეზღუდვების გამო მის რეგისტრაციას ვერ ახდენს.
5. მოპასუხის შესაგებელი
5.1. პირველმა მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
5.2. მეორე მოპასუხეს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია და სასამართლო სხდომაზეც არ გამოცხადებულა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ავტომანქანის მესაკუთრედ იქნა ცნობილი, სატრანსპორტო საშუალება კი, მეორე მოპასუხის ვალდებულების გამო თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გამოყენებული უფლებრივი შეზღუდვისგან, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის და ყადაღისგან გათავისუფლდა.
6.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 32-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 158-ე, 186-ე, 477-ე მუხლებით, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სატრანსპორტო კანონი) მე-91 მუხლით, დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-3 პუნქტებში დასახელებული გარემოებები და განმარტა, რომ სატრანსპორტო კანონის მე-91 მუხლი მიღებული იქნა 2009 წლის 17 ივლისს და ის არ შეიცავს რაიმე მითითებას მისი მოქმედების გავრცელების თაობაზე მის მიღებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს ავტომობილზე საკუთრების უფლება 2007 წელს წარმოეშვა, შესაბამისად, მითითებული მუხლის დანაწესი მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის წარმოშობილ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება.
7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
8.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სსკ-ის 158.1–ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მართებულად დაუშვა ნივთის მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის არსებობა, რომელიც მტკიცებას არ ექვემდებარება და მისი გაქარწყლება იმ მხარის (მოცემულ შემთხვევაში - მოპასუხის) ვალდებულებაა, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს თავად ეს ვარაუდი.
8.4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მეორე მოპასუხეს, როგორც სადავო ავტომანქანის მესაკუთრეს, ამ მოძრავი ნივთის, ზეპირი გარიგების საფუძველზე, მოსარჩელეზე გასხვისების უფლება ჰქონდა. გარიგების დადების (ნასყიდობის) ფაქტი მეორე მოპასუხის მიერ შედავებული არ არის. ამასთან, სადავო არ არის გარემოება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა მოსარჩელის მფლობელობაშია. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობაში შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა, ნამდვილი უფლების საფუძველზე, შემძენის პირდაპირ მფლობელობაში ნივთის გადაცემის ფაქტობრივი გარემოება, რაც სსკ-ის 186-ე მუხლის შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის საკმარისი წინაპირობაა.
8.5. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომანქანა კვლავ მეორე მოპასუხის სახელზე ირიცხება, მას 2008 წლის გარიგების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მისი სარეგისტრაციო მოწმობის მესაკუთრისათვის გადაცემის შემდეგ, ამ ნივთზე საკუთრების უფლება აღარ გააჩნია.
8.6. სპეციალური კანონის 32-ე, მე-40 მუხლების თანახმად სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დაყადაღებულ სატრანსპორტო საშუალებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება არსებობს და იგი წარმოიშვა უფრო ადრე (2006 წ.), ვიდრე საგადასახადო ვალდებულება (2013 წ.), რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. აპელანტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინება, მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, საკასაციო წესით გაასაჩივრა.
9.2. კასატორმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 2006 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლზე, ამავე კანონის მოქმედი რედაქციის 59-ე მუხლზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის #150 ბრძანების მე-10, მე-11 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეძენის დროს და შემდგომ პერიოდშიც, საქართველოს კანონმდებლობა ავტომობილებზე საკუთრების უფლების, შესაბამის ორგანოში, სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებდა, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია.
9.3. კასატორი უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილ განმარტებას არ ეთანხმება, რომლის მიხედვით უგულებელყოფილია ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაციის შინაარსობრივი დატვირთვა, როგორც საკუთრების წარმოშობის შესახებ აქტი და სპეციალური კანონის მოქმედება მხოლოდ საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება, რაც კასატორს გაუმართლებლად მიაჩნია.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
13. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
14. ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ მესაკუთრის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაციის მნიშვნელობის მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კონტექსტში განხილვა დაუშვებელია.
15. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტომანქანას მოსარჩელე (მესაკუთრე) ფლობს, თუმცა, მას ავტომანქანის დარეგისტრირების შესაძლებლობა არ ეძლევა, რადგან სატრანსპორტო საშუალებაზე, მეორე მოპასუხის ვალდებულების გამო, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და ყადაღაა რეგისტრირებული (იხ. ამ განჩინების 1-3 პუნქტები).
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს საქმეში არსებული გარემოებები დადგენილად და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს დავის გადაწყვეტისათვის საკვანძო საკითხს, თუ როგორ დგინდება მოძრავ ნივთზე მესაკუთრის ვინაობა.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რასაც სააპელაციო სასამართლოც დაეთანხმა, რომ სსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად მოძრავი ნივთის მფლობელი მის მესაკუთრედ ივარაუდება. „sakasacio palata ganmartavs, rom satransporto saSualebis registracia ar warmoadgens samoqalaqo-samarTlebriv aqts. am valdebulebis ganxorcieleba warmoadgens mxolod erTerT aucielebel pirobas sagzao moZraobis usafrTxoebis uzrunvelyofisaTvis da ara avtosatransporto saSualebaze sakuTrebis uflebis warmoSobisaTvis. sakasacio palata ganmartavs, rom kanoni ar adgens specialur formas avtomanqanis SeZenasTan an sxva gvari masze mflobelobis gadacemisaTvis. avtosatransporto saSualeba aris moZravi nivTi da amdenad masze unda gavrceldes moZrav nivTebis SeZenisaTvis dadgenili wesebi“ (იხ. სუსგ ას-241-572-07, 17.10.2007 წ.).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-187-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ რადგანაც ავტომობილის შემძენისათვის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის დროისათვის გამსხვისებლის ვალდებულების გამო ნასყიდობის საგანზე არ იყო რეგისტრირებული უფლებრივი შეზღუდვა, ავტომობილი, სსკ-ის 489-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებრივი ნაკლის არმქონედ განიხილებოდა (შდრ. სუსგ-ებები: №ას-914-954-2011, 27 ოქტომბერი, 2011წ; №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი, 2014 წ.)
19. საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი, რომელიც მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს ადგენს, სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების შეძენისათვის სავალდებულოდ არ მიიჩნევს ამ მოძრავი ნივთების შემძენთა რეგისტრაციას სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (იხ. სუსგ-ები: #ას-914-954-2011, 27.10.2011წ; #ას-1363-1381-2011, 31.01.2012წ; #ას-971-912-2012, 26.07.2012წ;#ას-33-32-2014, 24.03.2014წ; #ას-658-625-2014, 05.12.2014წ; #ას-1189-1119-2015, 23.03.2016წ.).
20. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელეს არ გაუვლია სავალდებულო რეგისტრაცია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სადავო ავტომანქანაზე საკუთრება არ შეუძენია. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი (სსკ-ის 186.1-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მეორე მოპასუხემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცა ნივთი მოსარჩელეს (შემძენს), რაც მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძველია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე, როგორც სადავო ავტომანქანის მესაკუთრე, სპეციალური კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილია სადავო ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლება მოითხოვოს.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური კანონის 32-ე მუხლით დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცვის გარანტია. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (შდრ. სუსგ-ებები: №ას-262-253-2012, 25 ივნისი, 2012 წელი; №ას-305-293-2012, 7 მაისი, 2012 წელი; №ას-1522-1529-2011, 29 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-1777-1755-2011, 4 ივნისი, 2012 წელი; №ას-1101-1050-2014, 6 თებერვალი, 2015 წელი).
22. საკასაციო სასამართლო ამ განჩინების 8.3-8.6 ქვეპუნქტებში ასახულ ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობას იზიარებს და დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოთ მოხმობილი ნორმების საფუძველზე და იმ გარემოების გამო, რომ სატრანსპორტო საშუალება მოსარჩელის საკუთრებაშია, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ ავტომანქანაზე შეზღუდვა მეორე მოპასუხის ვალდებულების გამო, მაშინ განხორციელდა, როცა ავტომანქანა მეორე მოპასუხის საკუთრებაში აღარ იყო.
23. მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, რის გამოც საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და არსებითად განხილვის შემთხვევაშიც, თუნდაც საკასაციო სასამართლოს მიერ ქვემდგომ სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში, განსახილველ დავაზე სამართლებრივი სურათი ვერ შეიცვლება, რადგან საკითხი უკავშირდება მოძრავ ნივთზე - ავტომანქანაზე საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს.
24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო დამაჯერებელი და სამართლებრივად წონადი არგუმენტების წარდგენა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაში. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დასაბუთებული პრეტენზია, საკასაციო განაცხადის სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებად ცნობისათვის, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
25. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე