Facebook Twitter

საქმე №ას-1948-2018 6 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ტ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ო. ტ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის საოქმო განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განჩინება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ა. მ-ს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 167,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით ა. მ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით.

სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორმა მომართა უზენაეს სასამართლოს განცხადებით და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით ა. მ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 167,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში კასატორმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელება. შუამდგომლობაში კასატორი აღნიშნავს, რომ არის მძიმე სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაში, ჰყავს მოხუცი დედა, რომელიც სარგებლობს სოციალური პაკეტით და ვერ მოახერხა ხარვეზის შევსება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კასატორს სასამართლოსათვის არ წამოუდგენია შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა ობიექტური გარემოებების არსებობისას. კასატორმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, უნდა დაადასტუროს თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია შეავსოს ხარვეზი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

განსახილველ შემთხვევაში კასატორი შუამდგომლობს საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ისე, რომ მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მისი ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ერთხელ უკვე იმსჯელა კასატორის შუამდგომლობაზე საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით დააკმაყოფილა იგი და კასატორს გაუგრძელა საპროცესო ვადა ხარვეზის შევსებისათვის. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ, თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდებოდა, საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად და დარჩებოდა განუხილველი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა.

ამრიგად, სასამართლო თვლის, რომ შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური