Facebook Twitter

№ ას-1948-2018 15 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ა. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ტ-ი

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ო. ტ-მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ალისა მიქაელიანის (შემდგომში − „მოპასუხე“ ან „საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ასევე ზიანის − 850 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის საოქმო განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. 2018 წლის 23 აპრილს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მოპასუხისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ზ. ქ. ქუჩა №...., სართული №..., ბინა №... (საკადასტრო კოდი: №01.16.05.027....), განკარგვის აკრძალვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა. მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ზ. ქ. ქუჩა №..., ბინა №..., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №01.16.05.027....., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი.

10. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დაარღვია თანაზომიერების პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა უფლებებისა და ინტერესების დაბალანსებას. ამ პრინციპის შესაბამისად, გაუმართლებლად არ უნდა იქნეს ხელყოფილი მოვალის უფლებები. ქონებაზე გადახდევინების მიქცევა უნდა ხდებოდეს დავალიანების ფარგლებში, დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით. დაუშვებელია გადახდევინების მიქცევა ვალდებულებაზე მრავალჯერ მაღალი ღირებულების მქონე ქონებაზე.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განჩინება.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებაზე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე, 191-ე მუხლებით და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის მთავარი პრინციპი − აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ განმარტა აგრეთვე, რომ სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ, შესაძლოა, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით ისეთი მოქმედება განახორციელოს, რაც, საბოლოოდ, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის №ას-16-354-09 განჩინება); მაგალითად, მოცემულ შემთხვევაში ამგვარ ქმედებას მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება შეიძლება წარმოადგენდეს. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა იყოს განპირობებული იმ ვარაუდით, რომ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

14. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საჩივრის ავტორი მიუთითებდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მისი უფლების არამართლზომიერად შეზღუდვაზე და სასამართლოს მიერ მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დაუცველობაზე, თუმცა საჩივრის ფარგლებში იგი არ აღნიშნავდა გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების ფარგლებში თუ რა სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებას მიიჩნევდა მიზანშეწონილად და, შესაბამისად, იგი არ სარგებლობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესით, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე; სააპელაციო პალატის მითითებით, საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას იმის თაობაზე თუ რატომ არ უნდა იქნას საერთოდ გამოყენებული განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება.

15. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

19. მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერება.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

22. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ასევე ზიანის − 850 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცველი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის საოქმო განჩინებით.

23. დადგენილია, რომ მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის აკრძალვა. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ, რომელიც ერთადერთი უძრავი ნივთის მესაკუთრეა, განაახლა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რაც მისი მხრიდან უძრავი ნივთის გასხვისებას უკავშირდება და რაც დააბრკოლებს მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას (იხ. ტ.3. ს.ფ. 46).

24. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივრის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დაარღვია თანაზომიერების პრინციპი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თუ საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებლად ხელყოფდა მის უფლებას, მოპასუხეს შეეძლო, მის ნაცვლად, სასამართლოსთვის შეეთავაზებინა სხვა საშუალება და მოეთხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა მისთვის მისაღები უზრუნველყოფის ღონისძიებით, რომელიც, ერთი მხრივ, მისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების რეალურ ბერკეტებს შეუქმნიდა, მაგალითად, უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლება, თანხის დეპოზიტზე განთავსება და ა.შ. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საჩივრის ავტორს არ მიუთითებია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება და არც რაიმე დოკუმენტი წარუდგენია სასამართლოსთვის, რომელიც დაადასტურებდა საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებულ თანხასთან აღნიშნული ქონების ღირებულების შეუსაბამობას.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობაა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და აღნიშნული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის საოქმო განჩინება, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით, რაც კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნას.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებისა და მოპასუხის საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე