Facebook Twitter

საქმე №ას-142-2019 14 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. ქ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – ი. კ-ა, გ. კ-ე, შპს „F...“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ქ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ი. კ-ას, გ. კ-ისა და შპს „F-ის“ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ქ-ის სარჩელი მოპასუხეების – ი. კ-ას, გ. კ-ისა და შპს „F-ის“ მიმართ თანხის სოლიდარულად დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა. ქ-ის სარჩელი მოპასუხეების – ი. კ-ასა და გ. კ-ის მიმართ თანხის სოლიდარულად დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „F-ს“ მოსარჩელის სასრგებლოდ დაეკისრა 85120 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ა. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა-–- ქ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.

2019 წლის 14 თებერვალს ა. ქ-ის წარმომადგენლებმა თ. ს-ემ და მ. ღ-ამ განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს, მოითხოვეს სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება 2000 ლარამდე და ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 30 დღით, ხოლო 2019 წლის 18 თებერვალს კასატორის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია და ახალი განცხადება, 2019 წლის 14 თებერვლის განცხადებაზე დასართავად.

საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით ა. ქ-ის წარმომადგენლების – თ. ს-ისა და მ. ღ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო კასატორების შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 6 დღით.

2019 წლის 19 თებერვალს ა. ქ-ის წარმომადგენლებმა თ. ს-ემ და მ. ღ-ამ წარმოადგინეს ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, მოითხოვეს სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება და ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის განსაზღვრა 20 დღით.

საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით ა. ქ-ის წარმომადგენლების – თ. ს-ისა და მ. ღ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდეს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით.

აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით კასატორის წარმომადგენელ თ. ს-ეს ჩაბარდა 2019 წლის 22 თებერვალს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენლებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელ თ. ს-ეს, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2019 წლის 22 თებერვალს (იხ. ტ.3, ს..ფ.179). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 23 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 4 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენლებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი