საქმე №ას-663-663-2018 13 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. გ-ი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ზ-ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (თავდაპირველ სარჩელში), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების საკუთრებაში დაბრუნება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა:
1.1. რ. ზ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული სამორჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მფლობელი) მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული #01.... უძრავი ქონების (შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვის მოთხოვნით.
1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ, სადავო უძრავი ქონების თაობაზე 2014 წლის 2 დეკემბერს დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და შეგებებული მოსარჩელისათვის ნივთის საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელი არ ცნო, ასევე არ დაეთანხმა შეგებებულ სარჩელს ქონების მესაკუთრეც.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო, შეგებებული მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 22 დეკემბრის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი. ამ უკანასკნელმა, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-17 დღეს მიმართა სასამართლოს თხოვნით, ჩაებარებინა გადაწყვეტილება. მოცემულ საქმეზე ისე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომ აპელანტისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ფაქტი არ იყო ცნობილი. როდესაც მხარე მიმართავს სასამართლოს განცხადებით და მოითხოვს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას, მისი მომზადებისას, სასამართლო ვალდებულია, შეატყობინოს მხარეს. მოპასუხე ტელეფონით არაერთხელ დაუკავშირდა სასამართლოს თუმცა, თანაშემწის დაუდევრობის გამო, მან დაკარგა გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დაცვის კანონიერება. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. სასამართლომ ამომწურავად განმარტა მისი ჩაბარებისა და გასაჩივრების საპროცესო წესები;
1.2.2. სასამართლოს ხსენებულ სხდომას ესწრებოდა აპელანტის უფლებამოსილი წარმომადგენელი (იხ. საქმეში წარმოდგენილი მიდნობილობა);
1.2.3. საქმის მასალების თანახმად, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მხარის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მიმართა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-17 დღეს _ 2018 წლის 8 იანვარს, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად კი, მან გადაწყვეტილება ჩაიბარა 2018 წლის 7 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი (მართალია, მასზე დართულ საფოსტო კონვერტს არ გააჩნია რაიმე იდენტიფიკატორი) შედგენილი და ხელმოწერილია 2018 წლის 9 მარტს და ამავე დღესაა რეგისტრირებული სააპელაციო სასამართლოში;
1.2.4. უდავოა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე 2018 წლის 22 იანვარია, ხოლო ამ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან 14-დღიანი ვადა (ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე ემთხვეოდა დასვენების დღეს) ამოიწურა 2018 წლის 5 თებერვალს (სსსკ-ის 61.2 მუხლი).
1.3. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
1.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისამ გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. პალატა დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-17 დღეს სასამართლოსათვის მიმართვა არ წარმოადგენს მოპასუხის მხარიდან საპროცესო ვალდებულების შესრულებას, ამასთანავე, არც ერთი საპროცესო ნორმა არ ავალდებულებს სასამართლოს მხარეს დამატებით აცნობოს გადაწყვეტილების მომზადების თარიღი, გარდა ამისა, საკასაციო პალატა შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების მიზნით ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 19 თებერვალს მოწინააღმდეგე მხარემ ჩაიაბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მოწმობს სასამართლოს მხრიდან მის დროულად მომზადების ფაქტს.
1.5. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.3.-.1.2.3. პუნქტებში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებას, აპელანტის მხრიდან საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე მუხლების, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე მისი განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. კერძო საჩივარი კი, არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი