ბს-1395-970(კს-05) 21 დეკემბერი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
ნ. ქადაგიძე
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 24 სექტემბერს რ. ბ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ აჭარის ა/რ მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ სარჩელი აღძრა და აჭარის ა/რ მთავრობის 2004წ. 9 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 8 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ქ. ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექცია ჩაება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 10 თებერვლის გაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ მთავრობის 2004წ. 9 აგვისტოს ¹93 ბრძანება რ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში; ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს დაევალა რ. ბ-ის ბრძანების გამოცემამდე დაკავებული თანამდებობის მსგავს ან იმავე ფუნქციების შესასრულებლად საშტატო განრიგით გათვალისწინებულ სხვა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა; მოპასუხეს რ. ბ-ის სასარგებლოდ განთავისუფლების დღიდან იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივნისის განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟი არ იყო გადახდილი, და მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აგვისტოს განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვა ითხოვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 სექტემბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად უზენაეს სასამართლოში გადაიგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საოლქო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებებს და თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აგვისტოსა და 5 სექტემბრის განჩინებები და საქმის წარმოება განახლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 368-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების მოთხოვნებს, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟი არ იყო გადახდილი, რის გამოც აპელანტს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, მან კი ხარვეზი არ შეავსო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად, ვინაიდან ადმინისტრციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსითაა განსაზღვრული საერთო სასამართლოებში ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესები. ამავე კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით შრომითი უფლებები სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს მიკუთვნება. კერძოდ, კონსტიტუციის 30-ე და 32-ე მუხლები (ადამიანის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები) ადგენს, რომ შრომა თავისუფალია და სახელმწიფო იცავს მოქ.ეთა შრომით უფლებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ მოქ.ეს დასაქმებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ევროპის სოციალური ქარტია (ძალაში შევიდა 1965წ. 26 თებერვალს) აღიარებს ადამიანის უფლებას, გამოკვებოს თავისი თავი შრომით, რომელსაც ირჩევს საკუთარი ნებით; ყოველ მშრომელს უფლება აქვს ჰქონდეს სამართლიანი სამუშაო; ყოველ მშრომელს უფლება აქვს მიიღოს სამართლიანი გასამრჯელო (ქარტის მეორე ნაწილი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები). ადამიანთათვის შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობების შექმნას აღიარებენ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მონაწილე ქვეყნები, მათ შორის საქართველოც.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომის უფლება უდავოდ წარმოადგენს ადამიანის სოციალურ უფლებას და მასთან დაკავშირებული სადავო საკითხები სასამართლოთა მიერ განხილულ უნდა იქნას სახელმწიფო ბაჟის გარეშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აგვისტოსა და 5 სექტემბრის განჩინებები და საქმის წარმოება განახლდეს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.