Facebook Twitter

საქმე №ას-1433-2018 12 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – გ. ა-ე, ი. ჯ-ე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. ა-ემ და ი. ჯ-ემ (შემდგომში − „მოსარჩელეები“, „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომში − „მოპასუხე“) მიმართ პროცენტისა და პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნოტარიუს ა. ჯ-ის მიერ 2014 წლის 7 მაისს №1-... გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და პირგასამტეხლო განისაზღვრა 10 000 (ათი ათასი) ლარით. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტებს დაევალათ განჩინების მათთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში, CD დისკის სახით. აპელანტებს განემარტათ, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდნენ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

7. სააპელაციო პალატამ საქმეში წარდგენილი სასამართლოს გზავნილით გამოარკვია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტების წარმომადგენელს, მ. ა–ს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, ს. გ-ეს 2018 წლის 1 ივნისს.

8. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის განჩინების შესაბამისად, აპელანტებს ხარვეზის შევსებისათვის ვადა 2018 წლის 8 ივნისის 24:00 საათამდე ჰქონდათ, თუმცა მათ ხარვეზი არ შეუვსიათ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტებმა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 5 დღით გაგრძელება.

10. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

10.1. მოსარჩელეებს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ ხარვეზის დადგენის შესახებ 2018 წლის 4 მაისის განჩინება;

10.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაგზავნილია მოსარჩელეთა ყოფილი წარმომადგენლის, მ. ა–ის მისამართზე, ქ. ბათუმი, ტ-ის ქ. №-ში და ჩაიბარა ვინმე ს. გ-ემ;

10.3. მ. ა–თან მოსარჩელეებს გაწყვეტილი აქვთ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, შესაბამისად, იგი აღარ არის მათი წარმომადგენელი;

10.4. მ. ა–ი რომც ყოფილიყო მოსარჩელეთა წარმომადგენელი, ს. გ-ეზე გზავნილის ჩაბარებით არ დასტურდება, რომ განჩინება მ. ა–ს ჩაბარდა, რადგან ეს უკანასკნელი ექვსი თვეა ზემოხსენებულ მისამართზე აღარ მუშაობს. მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო განჩინების თაობაზე, აცნობებდა მოსარჩელეეებს.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში, CD დისკის სახით. ამასთან, აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 199-202).

15. დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტების წარმომადგენელს, მ. ა–ს, რომლის უფლებამოსილება დასტურდებოდა საქმის მასალებში არსებული განუსაზღვრელი ვადით გაცემული რწმუნებულებებით (იხ. ტ. 1. ს. ფ. 28-30; 31-33), გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, ს. გ-ეს 2018 წლის 1 ივნისს (იხ. ტ. 1. ს. ფ. 205-206). დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2018 წლის 8 ივნისს, ხოლო აპელანტებს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებიათ და არც შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას, რომ აპელანტებს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ ხარვეზის დადგენის შესახებ 2018 წლის 4 მაისის განჩინება, რადგან მ. ა–თან გაწყვეტილი აქვთ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება და იგი მათი წარმომადგენელი აღარ არის.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტებს რწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სასამართლოსათვის არც ერთ ეტაპზე არ მიუმართავთ და არც საქმის მასალებში მოიპოვება აპელანტების მიერ მ. ა–ის სახელზე განუსაზღვრელი ვადით გაცემული რწმუნებულებების გაუქმების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა აპელანტების უფლებამოსილ წარმომადგენელს.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

19. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორების მითითება იმის თაობაზე, რომ მათ კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ ხარვეზის დადგენის შესახებ 2018 წლის 4 მაისის განჩინება.

20. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორების ვერც იმ შედავებას გაიზიარებს, რომ ს. გ-ეზე გზავნილის ჩაბარებით არ დგინდება განჩინების მ. ა–ისთვის ჩაბარების ფაქტი, რადგან ეს უკანასკნელი ექვსი თვეა მისამართზე − ქ. ბათუმი, ტ-ის ქ. №-..., აღარ მუშაობს.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თუნდაც დასტურდებოდეს მისამართის ცვლილება, აღნიშნული მაინც ვერ გახდებოდა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. სააპელაციო საჩივარში, რომელსაც ხელს აწერენ აპელანტები, აპელანტების წარმომადგენლად მითითებულია მ. ა–ი, ამ უკანასკნელის მისამართად კი − ქ. ბათუმი, ტ-ის ქ. №-..., რომელზეც გაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო საჩივარში აპელანტების წარმომადგენლის მისამართი წერილობით იყო მითითებული, მხარეს ჰქონდა ვალდებულება ამ მისამართის ცვლილების შესახებ ეცნობებინა სასამართლოსთვის. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მხარემ აღნიშნული ვალდებულება შეასრულა. ამდენად, იგი თავად არის პასუხიმგებელი იმ უარყოფით შედეგებზე, რაც მის მიერ საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევითაა განპირობებული.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ს. გ-ემ, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა (მდივანმა) ჩაიბარა სასამართლოს გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, არსებობს პრეზუმფცია, რომ განჩინება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კერძო საჩივრის ავტორებმა ვერ წარმოადგინეს იმ პრეზუმფციის გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ გზავნილის მიმღები, ს. გ-ე არ იყო განჩინების მიღებაზე უფლებამოსილი პირი.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან აპელანტებმა, რომელთაც კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორეს ხარვეზი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ა-ისა და ი. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე