Facebook Twitter

საქმე №ას-1918-2018 15 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ბ. გ-ე, ი. ი-ე (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის ავტორები)

მოწინააღმდეგე მხარე – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სესხის დაბრუნება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია (სარჩელში), ხელშეკრულებისა და შეთანხმების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ–მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. გ-ისა (შემდგომში – მსესხებელი მოპასუხე) და ი. ი-ის (შემდგომში – მესაკუთრე მოპასუხე) მიმართ სესხის დაბრუნებისა და მოპასუხისათვის 43 384.83 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი ნაწილი – 17 258 აშშ დოლარი, პროცენტი – 16 648.16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო – 9 478.67 აშშ დოლარი) დაკისრების, აგრეთვე, დავალიანების დაფარვის მიზნით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 25 დეკემბერს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელ მოპასუხეს 6 თვით ასესხა 30 260 ლარის ეკვივალენტი 18070 აშშ დოლარი. მხარეებმა ყოველთვიური სარგებელი განსაზღვრეს სესხის 4%-ით, ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო.

3. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთი.

4. 2010 წლის 24 ივნისის წერილობითი შეთანხმებით, მხარეებმა 2009 წლის 24 და 25 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებში შეიტანეს ცვლილება, რომლითაც შეცვალეს სესხის დაფარვისა და იპოთეკის მოქმედების ვადა. სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა 2012 წლის 24 ივნისამდე.

5. 2013 წლის 4 თებერვალს დაიდო წერილობითი შეთანხმება, რომლითაც მსესხებელი მოპასუხის დავალიანება განისაზღვრა ძირი თანხით – 17 258 აშშ დოლარითა და სარგებლით – 11 214.46 აშშ დოლარით. შემდგომი პერიოდისათვის სარგებლის ოდენობა 2%-მდე შემცირდა. მსესხებელმა მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, 2014 წლის 4 აგვისტომდე დაეფარა დავალიანება.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს 2012 წლის 30 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულებისა და 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

7. 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმება, რომლითაც მსესხებელმა მოპასუხემ დავალიანების – 17 258 აშშ დოლარის არსებობა აღიარა, რეალურ ვითარებას არ ასახავდა, ვინაიდან, სხვადასხვა დროს კრედიტორისაგან (მოსარჩელე) მან მხოლოდ 25 828 აშშ დოლარი მიიღო, აქედან 18 070 აშშ დოლარი – 2009 წლის 25 დეკემბერს, ხოლო 7 758 აშშ დოლარი – 2010 წლის სხვადასხვა მონაკვეთში.

8. შესრულების დოკუმენტზე (სალაროს ორდერები) არსებული ხელმოწერა მსესხებელ მოპასუხეს არ ეკუთვნის და ნაწილი თანხა სინამდვილეში მესამე პირს გადაეცა. 2013 წლის 4 თებერვლისათვის მას 25 828 აშშ დოლარი სრულად ჰქონდა გადახდილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 527.92 აშშ დოლარის (ძირი და პროცენტი) და 100 აშშ დოლარის (პირგასამტეხლო) გადახდა, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, 2012 წლის 30 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულება და 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმება ბათილად იქნა ცნობილი, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 17 258 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებელის – 11 214.46 აშშ დოლარის გადახდა, 2013 წლის 4 თებერვლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე ყოველთვიურად პროცენტის სახით 17 258 აშშ დოლარის 1%-ის გადახდა, შეგებებული სარჩელი 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმებისა და 2014 წლის 30 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, 2016 წლის 14 იანვარს სააპელაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილებით დადგინდა მსესხებელი მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრე მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაცია, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებითა და აღნიშნულ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შესახებ 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მსესხებელ მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით 8857,54 აშშ დოლარის, 2013 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 495,5 აშშ დოლარის გადახდა (10%), ასევე, პირგასამტეხლოს სახით 4958 აშშ დოლარის 0.01% ყოველდღიურად 0.49 აშშ დოლარის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე, გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგინდა იძულებითი აღსრულება იპოთეკით დატვირთული მესაკუთრე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (რომლითაც შეგებებული სარჩელის ავტორები ითხოვდნენ 2012 წლის 30 ნოემბრის №919 იპოთეკის ხელშეკრულებისა და 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმების ბათილად ცნობას) გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2009 წლის 25 დეკემბერს მსესხებელ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა კრედიტისა და გირავნობის №25927 ხელშეკრულებები 30 260 ლარზე, რომელიც იმ დროისათვის 18 070 აშშ დოლარს შეადგენდა. სესხი იყო 6-თვიანი 4%-ის დარიცხვით, ასევე, გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 4%-ის ოდენობით.

14. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2009 წლის 24 დეკემბერს მხარეთა შორის, უფრო სწორედ მოსარჩელის წინამორბედ შპს-სა და ფიზიკურ პირს – მესაკუთრე მოპასუხეს შორის გაფორმდა იპოთეკის №62 ხელშეკრულება, რომლითაც მესაკუთრე მოპასუხის ქონებით უზრუნველყოფილ იქნა მსესხებელი მოპასუხის ვალი 14 570 აშშ დოლარის ფარგლებში.

15. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული თანხის მოსარჩელისაგან გატანის შემდგომ მხარეთა (მსესხებელ მოპასუხესა და მოსარჩელეს) შორის ისევ შედგა ხელშეკრულებები (სულ – რვა ხელშეკრულება) უკვე ნასესხებ ოდენობაზე თანხის დამატების შესახებ. თითოეულ ამ ხელშეკრულებას თან ახლავს სალაროს გასავლის ორდერი, რომელთა თანახმადაც 2010 წლის 5 ივლისს მსესხებელმა მოპასუხემ მოსარჩელის წინამორბედ შპს-ს ლომბარდიდან მიიღო 6370 ლარი, 2010 წლის 17 ივლისს – 2366 ლარი, 2010 წლის 21 ივლისს – 5565.56 ლარი, 2010 წლის 10 აგვისტოს – 1274 ლარი, 2010 წლის 4 აგვისტოს – 6916 ლარი, 2010 წლის 7 სექტემბერს – 5490 ლარი, 2010 წელს 7 სექტემბერს – 4806 ლარი, 2010 წელს 7 სექტემბერს – 3530 ლარი.

16. მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ ზემოაღნიშნული თანხები გატანის დროისათვის შეადგენდნენ 3500 აშშ დოლარს, 1300 აშშ დოლარს, 3058 აშშ დოლარს, 3800 აშშ დოლარს, 700 აშშ დოლარს, 3000 აშშ დოლარს, 2700 აშშ დოლარსა და 2000 აშშ დოლარს.

17. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ წარმოდგენილი შესაგებლით მსესხებელმა მოპასუხემ სადავოდ გახადა მისი ხელმოწერები 4 გასავლის ორდერზე. სახელდობრ: 2010 წლის 5 ივლისის, 2010 წლის 4 აგვისტოს, 2010 წლის 7 სექტემბრის და 2010 წლის 4 ნოემბრის ორდერებზე შემდეგი თანხებით: 3500 აშშ დოლარი; 3800 აშშ დოლარი; 3000 აშშ დოლარი და 2000 აშშ დოლარი.

18. შესაგებლით მსესხებელმა მოპასუხემ დაადასტურა დამატებით 7758 აშშ დოლარის, ხოლო უარყო 12300 აშშ დოლარის მოსარჩელისაგან გატანის ფაქტი. სულ მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელისაგან 25 275 აშშ დოლარის, მათ შორის, 2009 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე – 18 070 აშშ დოლარისა და შემდგომ დამატებით – 7758 აშშ დოლარის მიღება.

19. საქმეში წარმოდგენილია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 29 მაისის დასკვნა, რომლის თანახმად ხელმოწერა განხორციელებული სალაროს გასავლის ორდერზე 2010 წლის 4 აგვისტოს გრაფაში – „კლიენტის ხელმოწერა” შესრულებულია არა მსესხებელი მოპასუხის, არამედ სხვა პირის მიერ. ხოლო დასკვნის გაკეთება საკითხზე, რუსულ ენაზე შესრულებული ხელმოწერები 2010 წლის 5 ივლისის, 7 სექტემბრისა და 4 ნოემბრის სალაროს გასავლის ორდერებზე შესრულებულია თუ არა მსესხებელი მოპასუხის მიერ, შეუძლებელია წარმოდგენილ ნიმუშებთან შეუსაბამობის გამო, რადგან გამოსაკვლევი ხელმოწერები რუსულ ენაზეა, ხოლო შესადარებელი ნიმუშები წარმოდგენილია ქართულად.

20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით განსახილველ საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი საკითხები: „1) რა თანხები აქვს გატანილი მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელისაგან 2009 წლის 25 დეკემბრის კრედიტისა და გირავნობის №25927 ხელშეკრულების, ასევე ტ.1. ს.ფ. 21-28-ზე წარმოდგენილი თანხის დამატების შესახებ ხელშეკრულებებისა და ამის შესაბამისად 2010 წლის 5 ივლისის, 2010 წლის 7 სექტემბრის, 2010 წლის 4 ნოემბრისა და 2010 წლის 4 აგვისტოს სალაროს გასავლის ორდერების მიხედვით სულ და ცალ-ცალკე. 2) რა თანხები აქვს გადახდილი მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელისათვის პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან და სალაროს გასავლის ორდერებიდან გამომდინარე სულ და ცალ-ცალკე, მათ შორის რამდენია ძირი, პროცენტი და პირგასამტეხლო; 3) რამდენია მსესხებელი მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე (ძირი, პროცენტი, პირგასამტეხლო) იმის გათვალისწინებით, თუ მივიჩნევთ, რომ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებები დადებული იყო 6 თვის ვადით. 4) რამდენია მსესხებელი მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე (ძირი, პროცენტი, პირგასამტეხლო) თუ მივიჩნევთ, რომ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებები (რომელთა დადების თარიღი ცნობილია) შეწყდა 2013 წლის 13 ნოემბერს; 5) რამდენია მსესხებელი მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე (ძირი, პროცენტი, პირგასამტეხლო) 2010 წლის 5 ივლისის, 7 სექტემბრის, 4 ნოემბრისა და 4 აგვისტოს სალაროს გასავლის ორდერების გათვალისწინებით და მათ გარეშე (ერთიანად და ცალ ცალკე). თუ მივიჩნევთ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 6 თვე; 6) რამდენია მსესხებელი მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე (ძირი, პროცენტი, პირგასამტეხლო) 2010 წლის 5 ივლისის, 7 სექტემბრის, 4 ნოემბრისა და 4 აგვისტოს სალაროს გასავლის ორდერების გათვალისწინებით და მათ გარეშე (ერთიანად და ცალ ცალკე) თუ მივიჩნევთ, რომ ხელშეკრულებები და თანხის დამატების შესახებ შეთანხმებები შეწყდა 2013 წლის 13 ნოემბერს.“

21. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს“ №002528118 დასკვნის თანახმად: პირველ შეკითხვაზე პასუხი შემდეგი შინაარსისაა: მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელის სალაროდან 2009 წლის 25 დეკემბრიდან 2011 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ჯამში გატანილად გაფორმებული აქვს 66 584,81 ლარი, აქედან მხოლოდ 2010 წლის 5 ივლისის, 2010 წლის 4 აგვისტოს, 2010 წლის 7 სექტემბრისა და 2010 წლის 4 ნოემბრის სალაროს გასავლის ორდერების მიხედვით ჯამში გატანილად გაფორმებული აქვს 22 306 ლარი. მეორე კითხვაზე დასკვნა გვპასუხობს: მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელის სალაროში 2010 წლის 27 იანვრიდან 2011 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ჯამში გადახდილად გაფორმებული აქვს სულ 51 397.03 ლარი, აქედან: პროცენტი – 13 886,53 ლარი, ხოლო ძირი - 37 510 ლარი. დასკვნის ავტორმა აღნიშნა, რომ მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კითხვებზე პასუხის გასაცემად, საქმეში წარმოდგენილი არ არის სრულყოფილად საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მასალები, რის გამოც ამ ეტაპზე მსჯელობა ექსპერტიზით შეუძლებელია.“

22. მსესხებელი მოპასუხის შუამდგომლობით პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ორჯერ ჩატარდა ხელწერის ექსპერტიზები 2014 წლის 29 მაისს და 15 დეკემბერს.

23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ექსპერტიზას მსესხებელი მოპასუხის მიერ წარედგინა რუსულ ენაზე შესრულებული ექსპერიმენტული ხელწერის ნიმუშები, თუმცა დასკვნის გაცემა ნიმუშების სიმცირისა და შეუსაბამობის გამო შეუძლებელი გახდა.

24. აღნიშნულით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსესხებლის, როგორც მოპასუხის მიერ განხორციელდა მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მოსარჩელეზე.

25. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მსესხებელმა მოპასუხემ მოსარჩელისაგან სულ გაიტანა 25 275 აშშ დოლარი; მათ შორის, 2009 წლის 25 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე – 18 070 აშშ დოლარი; 2010 წლის 17 ივლისს – 1300 აშშ დოლარი; 2010 წლის 21 ივლისს – 3058 აშშ დოლარი; 2010 წლის 10 აგვისტოს – 700 აშშ დოლარი; 2010 წლის 22 ოქტომბერს – 2700 აშშ დოლარი, სულ – 25 828 აშშ დოლარი.

26. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2010 წლის 24 ივნისს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, მათ შორის, არსებული კრედიტის, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

27. ცვლილებების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის და ვადის გაგრძელების თაობაზე 24 თვით. (ანუ სესხის ვადა ამ შეთანხმებით 2012 წლის 24 ივნისამდე განისაზღვრა). ე.ი. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ცვლილება, ანუ 6-თვიანი საკრედიტო ვადის 24 თვემდე გაზრდა შეეხო მხოლოდ 2009 წლის 25 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით აღებულ თანხებს და არა შემდგომ, დამატებით აღებულ თანხებს.

28. მართალია, აღნიშნული შეთანხმება გარკვეული ბუნდოვანების შემცველია, თუმცა მას განსაზღვრულობას სძენს თანდართული დოკუმენტი, ე.წ. სესხის დაფარვის გრაფიკი, რომელშიც გაწერილია ამ დროისათვის მსესხებელი მოპასუხის მიერ არსებული დავალიანების (როგორც სესხის, ისე პროცენტის სახით გადასახდელი თანხის) გადახდის გრაფიკი 2010 წლის 24 ივლისიდან 2012 წლის 24 ივნისამდე პერიოდში. აღნიშნული გრაფიკის თანახმად, 2010 წლის 24 ივლისისათვის მსესხებელი მოპასუხის მიერ გადასახდელი ძირი თანხა, 2009 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენდა 6635.06 აშშ დოლარს + 10 622.94 აშშ დოლარი = სულ 17 258 აშშ დოლარს, ხოლო პროცენტი – 2959.83 აშშ დოლარს + 6947.71 აშშ დოლარს, ე.ი. სულ – 9907.54 აშშ დოლარს.

29. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება მისი დანართითურთ მსესხებელ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. მის მიერ თანხის დამატების შესახებ ხელშეკრულებით (რომელიც მის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი) და, შესაბამისად, გასავლის ორდერებით მან ძირითად ვალს 4-გზის დაამატა ახალი სესხი. 2010 წლის 17 ივლისს – 1300 აშშ დოლარი; 2010 წლის 21 ივლისს – 3058 აშშ დოლარი; 2010 წლის 10 აგვისტოს – 700 აშს დოლარი, 2010 წლის 22 ოქტომბერს – 2700 აშშ დოლარი.

30. ზემოაღნიშნული თანხის დამატების შესახებ ხელშეკრულებებზე მითითებულია, რომ ძირითად ხელშეკრულებაში მოხდეს ცვლილება და გაცემულ თანხას დაემატოს შესაბამისი თანხები (1300, 3058, 700 და 2700), ხოლო ხელშეკრულების სხვა მუხლები დარჩეს უცვლელად, ანუ დამატებით აღებულ თანხებზე სესხის ვადა არ გაზრდილა, ახალი გრაფიკი არ შედგენილა და იგი კვლავ 6-თვიანი დარჩა; იგივე დარჩა %-იც (4%). შესაბამისად, შემდგომში აღებულ ზემოაღნიშნულ თანხებზე გადასახდელი პროცენტი ცალ-ცალკე 6 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს: 1300*4%*6+3058*4%*6+700*4%*6+2700*4%*6=1861.92 აშშ დოლარს. ე.ი. სულ მოპასუხის ვალი იყო 25 828 აშშ დოლარს + 9907.54 აშშ დოლარი +1861,92 აშშ დოლარი = 37 597.46 აშშ დოლარი.

31. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი, მსესხებელი მოპასუხის სასესხო ანგარიშებიდან და მოსარჩელისათვის მისი მხრიდან შეტანილი თანხის შემოსავლის ორდერების დედნები (17 ცალად).

32. აღნიშნული მტკიცებულებები, როგორც ექსპერტიზის ჩატარებისათვის დამატებითი მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა მოპასუხემ, თუმცა ამონაწერი მსესხებელი მოპასუხეს სასესხო ანგარიშიდან საქმეში პირველ ინსტანციაში იყო წარდგენილი.

33. მითითებული დოკუმენტიდან დგინდება, რომ 2013 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 20 870 აშშ დოლარი, როგორც ძირი, 9628 აშშ დოლარი, როგორც პროცენტი, ხოლო გატანილი აქვს 2009 წლის 25 დეკემბრიდან 38 128 აშშ დოლარი, რაშიც შედის 18 070 აშშ დოლარი, რომელიც მსესხებელმა მოპასუხემ 2009 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებით მიიღო მოსარჩელისაგან და შემდგომ თანხის დამატების ხელშეკრულებებით (სულ 8 ცალი) 2010 წლის 5 ივლისიდან, ვიდრე 2010 წლის 4 ნოემბრამდე გაცემული თანხები.

34. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად არ ჩათვალა 2010 წლის 5 ივლისს, 2010 წლის 4 აგვისტოს, 2010 წლის 7 სექტემბრის და 2010 წლის 4 ნოემბერს მსესხებელი მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან თანხის გატანის ფაქტი (სულ – 12300 აშშ დოლარის ოდენობით) და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ მსესხებელი მოპასუხე მოსარჩელე ორგანიზაციისაგან სესხის სახით გაიტანა არა 38 128 აშშ დოლარი, არამედ 38 128 აშშ დოლარს – 12300 აშშ დოლარი=25828 აშშ დოლარი; ხოლო გადახდილი აქვს, ასევე, 2013 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით გრაფიკითა და გადახდების დამადასტურებელი მტკიცებულებით, რომელიც, ასევე, მოსარჩელემ წარმოადგინა ძირის სახით – 20 870 აშშ დოლარი, პროცენტის სახით – 9628 აშშ დოლარი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 9628 აშშ დოლარი, როგორც პროცენტის სახით გადახდილ დავალიანებას უნდა გამოაკლდეს გრაფიკის შედგენის დროისათვის, ე.ი. 2010 წლის 24 ივნისამდე გადახდილი პროცენტები. ე.ი. 9228 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს 2010 წლის 27 იანვარს გადახდილი 723 აშშ დოლარი; 27 თებერვალს გადახდილი 723 აშშ დოლარი, 8 აპრილს გადახდილი 600 აშშ დოლარი, 4 მაისს გადახდილი 520 აშშ დოლარი, 8 ივნისს გადახდილი 720 აშშ დოლარი, სულ 3286 აშშ დოლარი; შესაბამისად, პროცენტის სახით გადახდილ თანხას – 9628.00აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს 3286 აშშ დოლარი = 6342 აშშ დოლარს. მსესხებელი მოპასუხის დავალიანებას – 37 597.46 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს 27 212 აშშ დოლარი (გადახდილი თანხა, რაც იანგარიშება შემდეგნაირად: მან გადაიხადა 20 870 აშშ დოლარი ძირი თანხა და %-ის სახით 2010 წლის 2 ივლისიდან (ე.ი. შეთანხმების გრაფიკიდან) 1157; 47; 158; 58; 152; 183; 1700; 300; 300; 789; 400; 1100 - სულ 27 212 აშშ დოლარი).

35. მსესხებლის ვალს – 37 597,46 აშშ დოლარს გამოკლებული 27 212 აშშ დოლარი (მის მიერ გადახდილი თანხა) =10385.46 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი დავალიანება იქნება 25 828 აშშ დოლარი - 20870=4958 აშშ დოლარი; ხოლო პროცენტი 10 385,46 – 4958 =5427,46 აშშ დოლარი.

36. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სწორედ წარდგენილ მტკიცებულებებს ემყარება. მოსარჩელემ მსესხებელი მოპასუხისაგან მოითხოვა 43 384.89 აშშ დოლარი, საიდანაც ძირ თანხას 38128 - 20870 =17 258 აშშ დოლარს (მოთხოვნილ 38 128 აშშ დოლარში შედის 12.300 აშშ დოლარი).

37. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 12300 აშშ დოლარი მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელისაგან არ გაუტანია, მისი დავალიანება შეადგენს 17 258 – 12 300 = 4958 აშშ დოლარს, რაც შეეხება პროცენტს, პროცენტის სახით მოსარჩელე მსესხებელი მოპასუხისაგან 26 276.16 აშშ დოლარს ითხოვს, აღიარებს, რომ გადახდილი აქვს 9628 აშშ დოლარი, ხოლო გადასახდელია პროცენტის სახით 16 648.16 აშშ დოლარი.

38. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1527.92 აშშ დოლარი (რაც მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია), შესაბამისად, 10 385.4 დოლარს უნდა გამოაკლდეს 1527.92 აშშ დოლარი = 8857,54 აშშ დოლარს. ე.ი. მსესხებელ მოპასუხეს დამატებით გადასახდელად უნდა დაეკისროს 8857.54 აშშ დოლარი.

39. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, იგი უნდა შემცირდეს. შესაბამისად, მსესხებელ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ძირი თანხის – 4958 აშშ დოლარის 0.01% (ნაცვლად 0.1 პროცენტისა); ე.ი. 0.49 აშშ დოლარი 2013 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ხოლო ზიანი, ასევე, ძირითადი თანხის 4958 აშშ დოლარის წლიური 10%, ე.ი. წლიური 495,8 აშშ დოლარი 2013 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

40. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 403-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პროცენტიდან პროცენტის გადახდა, მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება. ე.ი. მოსარჩელემ ზიანი მხოლოდ ძირითადი თანხის დაუბრუნებლობით განიცადა. თავად მოსარჩელეც მოპასუხისათვის პროცენტებისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას მხოლოდ ძირითადი თანხიდან ითხოვდა და არა პროცენტებიდან.

41. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია.

42. შეგებებული სარჩელის ავტორთა მოთხოვნაა 2012 წლის 30 ნოემბრის №919 იპოთეკის ხელშეკრულებისა და 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმებათა ბათილად ცნობა.

43. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იქედან გამომდინარე, რომ დაუდასტურებელია 2010 წლის 5 ივლისის, 4 აგვისტოს, 7 სექტემბრისა და 4 ნოემბრის ხელშეკრულებებითა და სესხის გაცემის ორდერებით გათვალისწინებული თანხების მსესხებელი მოპასუხის მიერ სესხის სახით გატანა მოსარჩელისაგან, ასევე დადგენილია, რომ მას არ გადაცემია 2012 წლის 30 ნოემბრის №919 ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, შესაბამისად, როგორც №919 ხელშეკრულება, ასევე 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმება არ ასახავს მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობის რეალურ სურათს, რის გამოც ისინი, როგორც კანონდარღვევით მიღებული დოკუმენტები, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

44. მაგალითად, სადავო №919 ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გასაცემი სესხის უზრუნველსაყოფად ხდება იპოთეკის გამოყენება (გასაცემი და არა გაცემული), მაგრამ რა სესხი, რა თანხა იქნა გაცემული ამ ხელშეკლრულების დადების შემდეგ, ანუ 2012 წლის 30 ნოემბრის შემდეგ, სრულიად დაუდასტურებელია.

45. სსკ-ის 623-ე, 624-ე, 286-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე.

46. სსკ-ის 417-418-ე მუხლების მიხედვით, სააპელაიცო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და, გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

47. სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოსათვის თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე, მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა.

48. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, რის გამოც მისი ოდენობა 0.1%-იდან უნდა შემცირდეს 0.01%-მდე.

49. ამასთან, აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ის ზიანი, რაც მოსარჩელემ თანხის დროულად გადაუხდელობით განიცადა.

50. სსკ-ის მე-400, 411-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია სესხის ხელშეკრულებების დადებისა და მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რასაც უნდა მოყვეს შესაბამისი სამართლებრივი შედეგები. უდავოა ისიც, რომ მიუღებელი შემოსავლის დადგენისათვის აუცილებელია იმის დადგენა, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო აღნიშნული ზიანი.

51. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გადასახდელი ფულადი თანხის სხვაგვარად გამოყენების შესაძლებლობას ართმევს მხარეს, შესაბამისად, მიუღებული შემოსავალი წარმოადგენს გადასახდელი თანხის სხვაგვარად გამოყენების შედეგად მისაღებ სარგებელს.

52. ზიანის მიყენების ფაქტისა და ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ფულად ვალდებულებას ეხება. ამგვარი დამოკიდებულება ფულის განსაკუთრებული თვისებებითაა განპირობებული. სახელდობრ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ფულს ყველა შემთხვევაში ანიჭებს სარგებლის მოტანის უნარს, იგი ყოველთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, მას შეუძლია თავის მესაკუთრეს გარკვეული ოდენობის შემოსავალი შესძინოს პროცენტის სახით. ამგვარი ფულადი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისაგან განსხვავებით განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება ფულის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ყოველწლიური 10%-ით ძირითადი თანხის 4958 აშშ დოლარისა, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2013 წლის ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

53. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოგებული მხარის მიმართ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის – 3000 ლარის გადახდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

54. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და დამატებით გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მათი ნაწილობრივ გაუქმება საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

55. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ შეასრულა საკასაციო სასამართლოს მხოლოდ ერთი მითითება, რომ 2010 წლის 5 ივლისის, 4 აგვისტოს, 7 სექტემბრისა და 4 ნოემბრის გათვალისწინებულ მოთხოვნებზე (სულ – 12,300 აშშ დოლარი) უარი უთხრა მოსარჩელის მოთხოვნას მატერიალური და პროცესუალური კანონმდებლობის სრული დაცვით.

56. რაც შეეხება სხვა მითითებების შესრულებას, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი საფუძლიანობის შემოწმება ფაქტობრივად შეუძლებელია.

57. კასატორმა განმარტა, რომ სასარჩელო განცხადებით მსესხებელი მოპასუხე ითხოვდა 17258 აშშ დოლარს ძირითადი თანხის ნაწილში, 16971 აშშ დოლარს პროცენტს და 9 848 აშშ დოლარს პირგასამტეხლოს (სულ – 44 077.53 აშშ დოლარს).

58. სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მსესხებელ მოპასუხეს 12,300 აშშ დოლარი მოსარჩელისაგან არ გაუტანია. ე.ი. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ძირითადი თანხის ნაწილში გამოაკლდა 12,300 აშშ დოლარი, ორ მესამედზე მეტი (71%) და მისი მოთხოვნა ძირითად ნაწილში განისაზღვრა 4958 (17258-12300=4958).

59. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის ნაწილში შეამცირა დაახლოებით 71%-თ (17258-12300=4958), ანალოგიურად განახორციელა მოთხოვნილი სარგებლის შემცირებაც (16971.05-11543,65=5427) და საბოლოოდ ძირი და პროცენტი განსაზღვრა 10385,46 აშშ დოლარით (საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებულ 1527.92 + სააპელაციო სასამართლოს მიერ დამატებული 8857,54 = 10385,46 (4958 – ძირი, 5427 – პროცენტი =10385).

60. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, 2013 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით მსესხებელი მოპასუხის დავალიანება ძირითადი თანხის ნაწილში იყო 4958 აშშ დოლარი, ხოლო გადასახდელი პროცენტი – 5427 აშშ დოლარი.

61. საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ 2013 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით მსესხებელ მოპასუხეს პროცენტის სახით გადახდილი ჰქონდა 9628 აშშ დოლარი, ანუ 4201 აშშ დოლარით მეტი (გადახდილი 9628 - გადასახდელი 5427 =4201). სააპელაციო სასამართლომ სწორედ ამ ზედმეტად გადახდილ პროცენტს (4201 აშშ დოლარს) და მასზე უსაფუძვლოდ დარიცხულ სარგებელს არ მისცა მიმართულება და არ ჩათვალა ძირითადი დავალიანების დაფარვის ნაწილად (საერთო სასამართლოების მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად).

62. ზედმეტად გადახდილი პროცენტის ძირითად დავალიანებად ჩათვლის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ვერ გასცდებოდა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ მსესხებელი მოპასუხისათვის დაკისრებული დავალიანების მოცულობას (1527.92 აშშ დოლარს – ძირისა და პროცენტის სახით).

63. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ მსესხებელი მოპასუხის ვალდებულების წარმოშობის საორიენტაციო თარიღად განსაზღვრა 2013 წლის 13 ნოემბერი, კერძოდ: 2013 წლის მდგომარეობით სესხად რეალურად მიუღებელი 12300 აშშ დოლარი ამორიცხა მსესხებელი მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულებიდან და 2013 წლის შემდეგი მდგომარეობით დარიცხული პროცენტი შესრულების ვალდებულებისაგან ნაწილობრივ გაათავისუფლა, მაგრამ 2013 წლამდე მსესხებელი მოპასუხე არარსებული ვალდებულების (12300 აშშ დოლარი) პროცენტს იხდიდა, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია და შედეგად დაუშვა შეცდომა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა შემცირებამდე არსებული პროცენტის სახით უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის მიმართვის (ძირითად დავალიანებაში ჩათვლა) ნაწილი.

64. გარდა აღნიშნულისა, საქმისათვის მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ 2011 წლის 5 მაისის მდგომარეობით მსესხებელი მოპასუხის დავალიანება ძირითადი თანხის ნაწილში იგივეა (17258 აშშ დოლარი), რაც 2013 წლის 13 ნოემბერს, ხოლო პროცენტი 2011 წლის მაისში – 5132 აშშ დოლარი, 2013 წელს კი 16971 აშშ დოლარია. ზემოაღნიშნულ დროის მონაკვეთში მსესხებელ მოპასუხეს უსაფუძვლოდ ერიცხებოდა 12300 აშშ დოლარის 4% და, ამავდროულად, დამატებით 1500 (1100+400) აშშ დოლარი აქვს შეტანილი მსესხებლის ანგარიშზე.

65. ამდენად, ფაქტობრივი გარემოების შესაბამისი ანალიზის (დაანგარიშების) შემდეგ სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულიად ობიექტურად, კონკრეტულ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება და არ არსებობდა მისი ნაწილობრივ გაუქმების არანაირი საფუძველი.

66. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ცალსახაა, რომ ის არსებითად შემცირდა, მაგრამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (მათი ანალიზითა და შეჯერებით) შესაძლებელი იყო, პირგასამტეხლოს მოცულობა არ გასცდენოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ოდენობას.

67. საქმეზე დადგენილი ფაქტია, რომ მსესხებელი მოპასუხე ითხოვდა უსაფუძვლოდ დამატებით 12300 აშშ დოლარს. თითქმის ყველა ხელშეკრულება (რომელთა ბათილობაც არ მომხდარა პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების მიერ) ბუნდოვანია და მათი შინაარსის გარკვევა პრაქტიკულად შეუძლებელია. მოსარჩელე დომინირებულ მხარეს წარმოადგენს და მისი საქმიანობის ძირითადი და ერთადერთი მიმართულება არის სესხების გაცემა. დადგენილი ფაქტია, რომ ვალუტის კურსი, რომელშიც მოსარჩელე ითხოვს დავალიანებას, თითქმის 60%-ით გამყარდა (გაძვირდა მსესხებელი მოპასუხისათვის). შესაბამისად. გაუგებარია, რატომაა მსესხებელი ვალდებული, გადაუხადოს მოსარჩელეს პირგასამტეხლო, რა ეკონომიკურ კრიზის განიცდის, ერთადერთ თავშესაფარს კარგავს თუ იმ ოდენობის თანხას ითხოვდა, რაც გასცა.

68. საქართველოს საერთო სასამართლოებს არაერთ საქმეზე აქვთ უარი გაცხადებული კრედიტორებისათვის პირგასამტეხლოს მოვალისთვის დაკისრებაზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს კი არაერთ გადაწყვეტილაბაში აქვს მითითებული პირგასამტეხლოს მიზნებზე (ას-144-140-2016, 2016 წლის 19 აპრილის განჩინება; ას-951-2018, 2018 წლის 25 სექტემბერის განჩინება).

69. კანონმდებლობით პირგასამტეხლო არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და, კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.

70. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

71. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

72. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2009 წლის 25 დეკემბერს მსესხებელ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა კრედიტისა და გირავნობის №25927 ხელშეკრულებები 30 260 ლარზე, რომელიც იმ დროისათვის 18 070 აშშ დოლარს შეადგენდა. სესხი იყო 6-თვიანი 4%-ის დარიცხვით, ასევე, გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 4%-ის ოდენობით.

73. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2009 წლის 24 დეკემბერს მხარეთა შორის, უფრო სწორედ მოსარჩელის წინამორბედ შპს-სა და ფიზიკურ პირს – მესაკუთრე მოპასუხეს შორის გაფორმდა იპოთეკის №62 ხელშეკრულება, რომლითაც მესაკუთრე მოპასუხის ქონებით უზრუნველყოფილ იქნა მსესხებელი მოპასუხის ვალი 14 570 აშშ დოლარის ფარგლებში.

74. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული თანხის მოსარჩელისაგან გატანის შემდგომ მხარეთა (მსესხებელ მოპასუხესა და მოსარჩელეს) შორის ისევ შედგა ხელშეკრულებები (სულ – რვა ხელშეკრულება) უკვე ნასესხებ ოდენობაზე თანხის დამატების შესახებ. თითოეულ ამ ხელშეკრულებას თან ახლავს სალაროს გასავლის ორდერი, რომელთა თანახმადაც 2010 წლის 5 ივლისს მსესხებელმა მოპასუხემ მოსარჩელის წინამორბედ შპს-ს ლომბარდიდან მიიღო 6370 ლარი, 2010 წლის 17 ივლისს – 2366 ლარი, 2010 წლის 21 ივლისს – 5565.56 ლარი, 2010 წლის 10 აგვისტოს – 1274 ლარი, 2010 წლის 4 აგვისტოს – 6916 ლარი, 2010 წლის 7 სექტემბერს – 5490 ლარი, 2010 წელს 7 სექტემბერს – 4806 ლარი, 2010 წელს 7 სექტემბერს – 3530 ლარი.

75. მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ ზემოაღნიშნული თანხები გატანის დროისათვის შეადგენდნენ 3500 აშშ დოლარს, 1300 აშშ დოლარს, 3058 აშშ დოლარს, 3800 აშშ დოლარს, 700 აშშ დოლარს, 3000 აშშ დოლარს, 2700 აშშ დოლარსა და 2000 აშშ დოლარს.

76. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ წარმოდგენილი შესაგებლით მსესხებელმა მოპასუხემ სადავოდ გახადა მისი ხელმოწერები 4 გასავლის ორდერზე. სახელდობრ: 2010 წლის 5 ივლისის, 2010 წლის 4 აგვისტოს, 2010 წლის 7 სექტემბრის და 2010 წლის 4 ნოემბრის ორდერებზე შემდეგი თანხებით: 3500 აშშ დოლარი; 3800 აშშ დოლარი; 3000 აშშ დოლარი და 2000 აშშ დოლარი.

77. შესაგებლით მსესხებელმა მოპასუხემ დაადასტურა დამატებით 7758 აშშ დოლარის, ხოლო უარყო 12300 აშშ დოლარის მოსარჩელისაგან გატანის ფაქტი. სულ მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელისაგან 25 275 აშშ დოლარის, მათ შორის, 2009 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე – 18 070 აშშ დოლარისა და შემდგომ დამატებით – 7758 აშშ დოლარის მიღება.

78. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მსესხებელმა მოპასუხემ მოსარჩელისაგან სულ გაიტანა 25 275 აშშ დოლარი; მათ შორის, 2009 წლის 25 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე – 18 070 აშშ დოლარი; 2010 წლის 17 ივლისს – 1300 აშშ დოლარი; 2010 წლის 21 ივლისს – 3058 აშშ დოლარი; 2010 წლის 10 აგვისტოს – 700 აშშ დოლარი; 2010 წლის 22 ოქტომბერს – 2700 აშშ დოლარი, სულ – 25 828 აშშ დოლარი.

79. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2010 წლის 24 ივნისს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, მათ შორის, არსებული კრედიტის, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

80. ცვლილებების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის და ვადის გაგრძელების თაობაზე 24 თვით. (ანუ სესხის ვადა ამ შეთანხმებით 2012 წლის 24 ივნისამდე განისაზღვრა). ე.ი. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ცვლილება, ანუ 6-თვიანი საკრედიტო ვადის 24 თვემდე გაზრდა შეეხო მხოლოდ 2009 წლის 25 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით აღებულ თანხებს და არა შემდგომ, დამატებით აღებულ თანხებს.

81. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მსესხებელმა მოპასუხემ მოსარჩელე ორგანიზაციისაგან სესხის სახით გაიტანა არა 38 128 აშშ დოლარი, არამედ 38 128 აშშ დოლარს - 12300 აშშ დოლარი=25828 აშშ დოლარი; ხოლო გადახდილი აქვს,

82. 20 870 აშშ დოლარი, პროცენტის სახით – 9628 აშშ დოლარი.

83. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 12300 აშშ დოლარი მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელისაგან არ გაუტანია, მისი დავალიანება შეადგენს 17 258 – 12 300 = 4958 აშშ დოლარს, რაც შეეხება პროცენტს, პროცენტის სახით მოსარჩელე მსესხებელი მოპასუხისაგან 26 276.16 აშშ დოლარს ითხოვს, აღიარებს, რომ გადახდილი აქვს 9628 აშშ დოლარი, ხოლო გადასახდელია პროცენტის სახით 16 648.16 აშშ დოლარი.

84. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ მსესხებელი მოპასუხის მიერ პროცენტის სახით ზედმეტად გადახდილი 4201 აშშ დოლარი არასწორად არ ჩათვალა ძირითადი დავალიანების დაფარვის ნაწილად. ასევე, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირებულიყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ოდენობამდე.

85. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

86. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

87. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

88. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

89. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

90. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

91. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

92. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

93. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

94. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

95. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

96. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

97. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

98. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

99. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

100.პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

101.წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

102. განსახილველ შემთხვევაში, არსებოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, კერძოდ, ხელშეკრულებაში არსებობს წერილობითი ჩანაწერი აღნიშნულის თაობაზე, რის გამოც, პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ განაკვეთს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მისი შემცირებისას საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ სწორად იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესაძლებლობა, რა დროსაც, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს.

103.მოცემულ საქმეზე დადგენილია და კასატორმა დასაშვები და დაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ მოპასუხეს გააჩნდათ მოსარჩელის მიმართ დაუფარავი დავალიანება. მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

104.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა უკვე მოახდინა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების უფლების რეალიზება და სააპელაციო პალატის მსჯელობის საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული კასატორი მხარის არგუმენტი პირგასამტეხლოს ოდენობის მეტად შემცირებასთან დაკავშირებით.

105.საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება მხარის ვერც ის მითითება, რომ სააპელაციო პალატას მის მიერ ზედმეტად გადახდილი პროცენტი უნდა ჩათვლილიყო ძირითადი თანხის ანგარიშში.

106. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის სარგებელთან დაკავშირებით შეადგენდა 16 648.16 აშშ დოლარის. აღნიშნული ოდენობიდან მსესხებელ მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა და მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა 1527.92 აშშ დოლარი. ამდენად, სარგებლის ოდენობაზე მსჯელობისას სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ 10 385.4 დოლარს (მსესხებლის ვალს – 37 597,46 აშშ დოლარს გამოკლებული 27 212 აშშ დოლარი (მის მიერ გადახდილი თანხა) =10385.46 აშშ დოლარს) უნდა გამოაკლდეს 1527.92 აშშ დოლარი, რაც 8857,54 აშშ დოლარის ტოლია და აღნიშნული თანხა დააკისრა მსესხებელ მოპასუხეს.

107. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

108. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

109. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

110. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

111. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

112. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით გ-ისა და ბ. გ-ის მიერ 2018 წლის 28 დეკემბრის №- საგადახდო დავალებით გადახდილი 1630 ლარის 70% – 1141 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. გ-ისა და ი. ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ბ. გ-ესა (პირადი №-...) და ი. ი-ეს (პირადი №-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით გ-ისა და ბ. გ-ის მიერ 2018 წლის 28 დეკემბრის №- საგადახდო დავალებით გადახდილი 1630 ლარის 70% – 1141 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი