საქმე №ას-156-2019 15 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ჯ. ჩ–ი (განმცხადებელი)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
განმცხადებლის მოთხოვნა:
1. ჯ. ჩ–მა (შემდგომ – განმცხადებელი) განცხადებით მიმართა სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის, კერძოდ, მის მიერ ფაქტობრივი ფლობით აწ გარდაცვლილი მამის – დ. ჩ–ისა და ბაბუის – ჯ. ჩ–ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტის დადგენის შესახებ.
განცხადების საფუძვლები:
2. განმცხადებლის განმარტებით, მისი ბაბუა გარდაიცვალა 1944 წელს, ხოლო მამა – 1995 წლის 5 მარტს. თითოეული მათგანის გარდაცვალების შედეგად გაიხსნა სამკვიდრო, რომელიც ძირითადად შედგებოდა საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთებისაგან. მათი გარდაცვალების შემდეგ ეს ქონება გადავიდა განმცხადებლის მფლობელობაში და მან ფაქტობრივად მიიღო სამკვიდრო, რაც დადასტურებულია ხელვაჩაურის სახელმწიფო არქივის მიერ გაცემული ცნობებით. განმცხადებელი ფლობს აწ გარდაცვლილი მამისა და ბაბუას სამკვიდრო ქონებას და უძრავი ქონების ნაწილზე მისი საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრშიც. მხარე ასევე დაეუფლა მამის წითელი ვარსკვლავის ორდენს და აღნიშნული ორდენის წიგნაკს.
3. განმცხადებლის მითითებით, მას სამკვიდროს მიღების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს, თუმცა მის მიერ აღნიშნული ქონების დაუფლების ფაქტს მოწმეების დაადასტურებენ. მხარის მოთხოვნის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს სამკვიდროში შემავალი უძრავი ნივთის საკუთარ სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრებად აღრიცხვაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ განმცხადებელმა ფაქტობრივ მფლობელობაში და სარგებლობაში მიიღო 1995 წლის 5 მარტს გარდაცვლილი მამის სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით, ხოლო ბაბუის სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენაზე მხარეს ეთქვა უარი, რაც ამ უკანასკენლმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებლის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგომ – სსსკ) 372-ე მუხლის, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 369-ე და 2591 მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სრულყოფილად არ შეიცავს გასაჩივრების წესის განმარტებას, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა თავად განმცხადებელი და მას სრულყოფილად განემარტა გასაჩივრების წესი, მათ შორის, მისი ვალდებულებაც, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოცხადების შესახებ, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონის მიერ დადგენილი დანაწესი, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
8. შესაბამისად, რადგან განმცხადებლი ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების, იგი (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, განმცხადებელს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების ასლის მისაღებად ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის უნდა მიემართა არაუგვიანეს 2018 წლის 15 მარტისა.
9. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განმცხადებელმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2018 წლის 18 ივნისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ასეთ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 16 მარტიდან და ამოიწურა 2018 წლის 29 მარტის 24:00 საათზე.
11. საქმის მასალებით ირკვევა, რომ განმცხადებელმა სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა 2018 წლის 28 ივნისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
12. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ განმცხადებელი არ არის სსსკ-ი 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელსაც სასამართლოს ინიციატივით ეგზავნება გადაწყვეტილების ასლი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ იგი საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის მეშვეობით და შეეძლო შესაბამისი იურიდიული კონსულტაციის მიღებაც.
13. სსსკ-ის 60-ე მუხლის მეორე ნაწილის, 59-ე და 63-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება. მისი განმარტებით, სასამართლოში გამოცხადება და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ შეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
18. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
19. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.
20. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
21. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
22. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ განმცხადებელს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა და ესწრებოდა კიდეც მის გამოცხადებას.
23. თავდაპირველად განმცხადებელმა გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართა 2018 წლის 18 ივნისს, რა დროსაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ჩაიბარა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის ასლიც დაურთო ამავე წლის 28 ივნისს წარდგენილ სააპელაციო საჩივარს.
24. განსახილველი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეების პერიოდში მზად არ იყო. აღნიშნულს მოწმობს განმცხადებლის 2018 წლის 4 ოქტომბრის განცხადება დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის გადაცემის შესახებ (ს.ფ 115). საქალაქო სასამართლომ მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება და სასამართლო სხდომის ოქმები გაუგზავნა მხოლოდ 2018 წლის 9 ოქტომბერს, რაც ადრესატმა იმავე დღეს მიიღო (ს.ფ 118).
25. საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სსსკ-ის 2591 მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. ამავე კოდექსის 257-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად. აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც სასამართლო, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღესვე ვერ შეძლებს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას. თუ, მოთხოვნის მიუხედავად, გადაწყვეტილება მხარეს ვერ ჩაბარდა, საკასაციო სასამართლოს აზრით, განსახილველ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ ქვემდგომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჰქონდა მზად სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვადის ათვლა ამ შემთხვევაში არა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან უნდა დაიწყოს, არამედ გადაწყვეტილების რეალურად ჩაბარებიდან (იხ. სუსგ 25.02.2016წ. საქმე №ას-129-125-2016).
26. ამდენად, მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად კანონით დადგენილ ვადაში რომც მიემართა, იგი ვერ შეძლებდა სასურველი საპროცესო დოკუმენტის ჩაბარებას, რადგან დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოს აღნიშნულ დროს მზად არ ჰქონდა. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს განმცხადებლის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან – 2018 წლის 9 ოქტომბრიდან. ამ დროს კი სააპელაციო საჩივარი მხარეს უკვე შეტანილი ჰქონდა და საპროცესო ვადის დარღვევის მოტივით მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ჩ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე