საქმე №ას-139-2019 15 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ნ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ქ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ქ-მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ-ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 25 000 ლარის დაბრუნებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველწლიურად 4375 ლარის გადახდის შესახებ 2014 წლის დეკემბრიდან საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებამდე ლარის ანაზღაურების.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 25 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნისა და მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს უნდა შეექმნა, დაენერგა და მოსარჩელისათვის სარგებლობის უფლებით გადაეცა კომპიუტერული პროგრამის ერთი ეგზემპლარი. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა კომპიუტერული პროგრამით სარგებლობის შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 50 000 ლარს დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, სს ,,ქართულ კრედიტმა“ ავანსის სახით 2014 წლის 8 დეკემბერს გადაიხადა 25 000 ლარი.
3. შემუშავებული მოდულები ვერ მუშაობდა გამართულად, მხარეთა შორის გაიმართა არაერთი შეხვედრა და ტრენინგი, რა დროსაც დეტალურად განიხილებოდა პროგრამის ხარვეზები. მოპასუხეს არაერთხელ მიეცა დამატებითი ვადა, რათა მოეხდინა ფუნქციურად გამართული კომპიუტერული პროგრამისათვის საბოლოო სახის მიცემა.
4. 2016 წლის 6 სექტემბრის ელექტრონული წერილით ვალდებულების შესრულების საბოლოოდ ვადა განესაზღვრათ 2016 წლის 17 სექტემბრამდე. აღნიშნული დამატებითი ვადაც უშედეგო აღმოჩნდა. მოპასუხემ, ისე როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ასევე, დამატებით ვადაშიც ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების 1.2. პუნქტში მითითებული მოდულთაგან შემდეგი მოდულების: „პროდუქტების შექმნის“, „სესხის გაფორმების“, „სესხების მართვის“, „სესხების ადმინისტრირების“, „რეპორტინგის“ და „სალაროს“ იმდაგვარად შექმნა და დანერგვა, რომ პროგრამას მოეხდინა მონაცემების სწორად ასახვა, შენახვა და დამუშავება, ხოლო მოდულების: „განვადების“, „სქორინგის“, „ფულის მოძრაობის“, „ბუღალტერიის“ და „მოზიდული თანხების ადმინისტრირების“ შექმნა.
5. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2016 წლის 22 სექტემბრის ელექტრონული წერილით მოპასუხემ აცნობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ და მოითხოვა ავანსად გადახდილი 25 000 ლარის უკან დაბრუნება.
6. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით. რადგან მოპასუხემ ვალდებულება ჯეროვნად, დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა, მოსარჩელის მიერ თანხა გადახდილ იქნა ვალდებულების გარეშე, რაც წარმოადგენს ფაქტობრივად დადგენილ ქონებრივ დანაკლისს. აღნიშნულ პერიოდში, 2014 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე ეროვნული ვალუტით შეადგენს 17,5 პროცენტს. მოსარჩელეს რომ ავანსად გადახდილი 25 000 ლარი თავისი საქმიანობისათვის გამოეყენებინა, იგი მიიღებდა სარგებელს წლიურად 4 375 ლარის ოდენობით.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო რიგი გარემოებებით, კერძოდ, მოსარჩელემ მოპასუხეს პროგრამის შესაქმნელად არ მიაწოდა ფუნქციონალების ზუსტი ჩამონათვალი და პირობები, ხშირად ხდებოდა უკვე შექმნილი მოდულის გარდაქმნა, ან მასში ფუნქციონალის ჩამატება, რასაც ლოგიკურია სჭირდებოდა დრო. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეს მზა პროგრამა შემკვეთისათვის უნდა გადაეცა 2015 წლის 1 მაისამდე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ თარიღის დადგომის შემდეგაც კი მოსარჩელის მხრიდან თავის განსაზღვრულ ფუნქციონალებში ხდებოდა ცვლილება/დამატების გაკეთება. ამდენად, თუ მხარემ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ეტაპებზეც ვერ მიაწოდა მოპასუხეს შესასრულებელი სამუშაოს ზუსტი პირობები, მაშინ როგორ შეიძლებოდა დათქმულ ვადაში მომხდარიყო პროგრამის შექმნა.
8. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტი არ წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას მოსარჩელე ამყარებს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევაზე, რომელსაც ადგილი არ აქვს, ვინაიდან მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულა. ამასთან, მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 25 000 ლარი მიკროსაფინანსო პროგრამის შექმნის მიზნით, შესაბამისად, მის ინტერესს წარმოადგენდა პროგრამის შექმნა და არა აღნიშნული თანხის სესხად გაცემა და ამ გზით სარგებლის მიღება. ამდენად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი არ არსებობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი 25 000 ლარის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა, მიუღებელი ზიანის ნაწილში კი მოთხოვნას ეთქვა უარი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 364-ე მუხლით, 2591 მუხლით, მე-60 მუხლის მეორე ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ 2018 წლის 1 ნოემბერის სასამართლო სხდომას, რომელზეც გადაწყვეტილება გამოცხადდა, არ ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი, რომელმაც საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბერის გადაწყვეტილება ჩაიბარა კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადაში, კერძოდ, – 2018 წლის 30 ნოემბერს სასამართლოს შენობაში (იხ. ს.ფ 216). შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 1 დეკემბერს (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მომდევნო დღეს) და გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2018 წლის 14 დეკემბერს. სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2018 წლის 17 დეკემბერს, ანუ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით (იხ. ს.ფ 218).
12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ – საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება – სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, რომ მხარემ ამ უფლების რეალიზება უნდა მოახდინოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის საპროცესო უფლება, გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, კანონით დადგენილ ვადაში რეალიზებული არ იქნა.
13. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ უნდა იქნეს მიღებული და იგი დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
15. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სსსკ-ი ითვალისწინებს საპროცესო დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის შესაძლებლობას. შესაბამისად, ვადები, რომლებიც დადგენილი პროცესის მონაწილეთა მიერ, შესაბამისი მოქმედებების შესასრულებლად, სსსკ-ის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გასულად ჩაითვალოს თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
16. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით წარადგინა 2018 წლის 14 დეკემბერს, 3:43 საათზე, რასაც ადასტურებს „ჯორჯიან ექსპრესის“ №7709991 ზედნადები, რომელიც ერთვის კერძო საჩივარს. აღნიშნული გზავნილის ჩაბარება ზედნადებში მითითებულ მისამართზე ფოსტამ უზრუნველყო 2018 წლის 17 დეკემბერს. ამდენად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა კანონით დადგენილ ვადაში და სააპელაციო პალატამ არასწორად დატოვა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
18. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
19. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
20. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.
21. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
22. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
23. მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბერის სასამართლო სხდომას, რომელზეც გადაწყვეტილება გამოცხადდა, არ ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი, რომელმაც საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბერის გადაწყვეტილება ჩაიბარა კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადაში, კერძოდ, – 2018 წლის 30 ნოემბერს სასამართლოს შენობაში (იხ. ს.ფ 216).
24. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ვადა მართებულად აითვალა 2018 წლის 1 დეკემბრიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მომდევნო დღეს) და იგი ამოწურულად ჩათვალა 2018 წლის 14 დეკემბერს.
25. მართალია, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2018 წლის 17 დეკემბერს, თუმცა კერძო საჩივარს დაერთო „ჯორჯიან ექსპრესის“ №7709991 ზედნადები, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხემ გზავნილი საქალაქო სასამართლოში გასაგზავნად ჩააბარა 2018 წლის 14 დეკემბერს (ტომი 2, ს.ფ 2431) ანუ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცვით, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
26. სსსკ-ის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე