საქმე №ას-5-2019 15 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ვ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ვ. ბ. ჯ-ამ“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. მ–ისა (შემდგომ – მოპასუხე) და ო. ს–ის (შემდგომ – თავდები მოპასუხე) მიმართ მოპასუხეთათვის სოლიდარულად 19029,73 აშშ დოლარის გადახდისა და, დავალიანების გადახდევინების მიზნით, მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის შესახებ. იმ შემთხვევაში კი, თუ უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაციის გზით მოსარჩელის მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილდება, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეების კუთვნილი სხვა ქონების რეალიზაცია.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 28 თებერვალს მოსარჩელე საზოგადოების ფილიალსა და ზ. მ–ს (შემდგომ – მოპასუხის მამა, მოვალე) შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურების შესახებ, რომლითაც საკრედიტო ლიმიტიგანისაზღვრა 50 000 აშშდოლარით, 10 წლისდავით. აღნიშნულიხელშეკრულებისსაფუძველზე 2009 წლის 30 სექტემბერსგაფორმდა №4795342106 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა 30 815 აშშ დოლარის ოდენობით კრედიტი 1826 დღის ვადით. კრედიტის დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 30 სექტემბერი, საპროცენტო განაკვეთი – წლიური 30%-ით.
3. ხელშეკრულების 3.8 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა, რომ მსესხებელს კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევაში დაერიცხებოდა ერთჯერადად 10 აშშ დოლარი, ასევე დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 1%-ის ოდენობით.
4. საბანკო კრედიტი უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკით, კერძოდ, ნოტარიუსის მიერ 2008 წლის 29 თებერვალს დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის მამის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის ამჟამინდელი მესაკუთრეა მოპასუხე. იპოთეკის ხელშეკრულების გარდა, 2009 წლის 30 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა ბანკის წინაშე იკისრეს პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ბანკის მიმართ არსებული დავალიანების შესრულებისათვის. თავდები პირების მიერ ნაკისრი ვალდებულების ოდენობა განისაზღვრა 77062,83 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხეთა მიერ ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა, კერძოდ, 2016 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით მათ ბანკის მიმართ ერიცხებათ დავალიანება – 19029,73 აშშ დოლარი.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხეებმა სარჩელი 9601,28 ლარის ნაწილში ცნეს, დანარჩენი მოთხოვნის მიმართ კი წარადგინეს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა მიიჩნიეს ნაწილობრივ ხანდაზმულად. მათი განმარტებით, სესხის დაფარვის გრაფიკი დაირღვა 2010 წლიდან და ბოლოს თანხა შეტანილ იქნა 2011 წლის 30 მაისს, შესაბამისად, გასულია მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა და იგი არის ხანდაზმული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 19029,73 აშშ დოლარის გადახდა, დადგინდა იპოთეკით დატვირთული მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია, იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაციის გზით მოსარჩელის მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილდება, მოხდეს მოპასუხეების კუთვნილი სხვა ქონების რეალიზაცია, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა ლ. მ–ი (შემდგომ – მოპასუხის დედა) შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვისას მოპასუხეებმა იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე საქმეში მესამე პირად მოპასუხის დედის ჩაბმის შესახებ, რადგან იპოთეკის საგანზე, რომლის რეალიზაციასაც მოსარჩელე ითხოვს, დღეის მდგომარეობით შეცვლილია მესაკუთრე და ამჟამად მისი მესაკუთრეა გარდაცვლილი მსესხებლის, მოპასუხის მამის მემკვიდრე და მეუღლე – მოპასუხის დედა. ვინაიდან იპოთეკის საგნის მესაკუთრეს უფლება აქვს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 291-ე მუხლის თანახმად, წაუყენოს ის შესაგებელი კრედიტორს, რომლის წაყენების უფლება აქვს მხოლოდ პირად მოვალეს, მათ შორის, შესაგებელი ფულადი ვალდებულების გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო, შესაბამისად, მოპასუხის დედა უნდა ჩაერთოს საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ზემოაღნიშნულ შუამდგომლობასთან ერთად სასამართლოს წარედგინა ამონაწერი რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული ქონება მოპასუხის დედის საკუთრებაშია.
9. მოსარჩელე დაეთანხა საქმეში მოპასუხის დედის უფლებამონაცვლის სახით ჩართვის შუამდგომლობას, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მას არა მესამე პირის, არამედ მოპასუხის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 28 თებერვალს მოსარჩელე ორგანიზაციის ფილიალსა და მოპასუხის მამას შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით 10 წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2009 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის №4795342106 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 30815.00 აშშ დოლარის ოდენობით, 1826 დღის ვადით, საპროცენტო განაკვეთი წლიური 30%. კრედიტის საბოლოო დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 30 სექტემბერი. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი დაარღვევდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ გადახდებს, მსესხებელს დაერიცხებოდა ჯარიმა – 10 აშშ დოლარს დამატებული ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 1%-ის ოდენობით.
11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 28 თებერვალს გაფორმებული №19-19 საკრედიტო მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად 2008 წლის 29 თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის მამის კუთვნილი უძრავი ქონება.
12. 2009 წლის 30 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა კრედიტორსა და მოპასუხის მამას შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის. თავდებთა პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 77 062.83 აშშ დოლარით.
13. მოპასუხის მამის გარდაცვალების შემდეგ (2010 წლის 18 აპრილი) იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საკუთრებაში დაირეგისტრირა მოპასუხემ.
14. 2018 წლის 26 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა წარადგინეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის საფუძველზეც დადგენილია, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მოპასუხის დედის სახელზე (უფლების რეგისტრაციის თარიღი: 02.08.2018, დამადასტურებელი დოკუმენტი – სამკვიდრო მოწმობა, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება).
15. ამდენად, უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის იპოთეკის საგნის მესაკუთრეს წარმოადგენს არა მოპასუხე, არამედ მოპასუხის დედა, აწ გარდაცვლილი მსესხებლის – მოპასუხის მამის მეუღლე.
16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 291-ე მუხლის პირველი ნაწილით და უდავოდ დაადგინა, რომ მოპასუხის დედა მოპასუხე მხარედ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეში ჩაბმული არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან ეს გარემოება გამოვლინდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. უდავოა, რომ მან ვერ შეძლო თავისი პოზიციის დაფიქსირება, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრემ. ამდენად, რადგან სასამართლოში იხილება მისი კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის საკითხი, ეს უკანასკნელი საქმეში უნდა ჩაერთოს არა მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, როგორც ამას მოპასუხეები მოითხოვენ, არამედ მოპასუხის უფლებამონაცვლედ.
17. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 92-ე მუხლის შესაბამისად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება), სასაამრთლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან სეცვალა. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ იპოთეკით დატვირთული ქონება სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის ეკუთვნოდა მოპასუხის მამას, რაც ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდგომ შესაბამისი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა მისი მეუღლის – მოპასუხის დედის საკუთრებად, რომელმაც, თავის მხრივ, უძრავი ნივთი აჩუქა თავის ვაჟს – მოპასუხეს, რაც შესაბამისად აღირიცხა ამ უკანასკენლის საკუთრებად, თუმცა, როგორც დადგინდა, მოპასუხის დედამ გააუქმა ზემოხსენებული ხელშეკრულება და აღიდგინა უძრავ ქონებაზე მესაკუთრის სტატუსი, თუმცა ქონება დატვირთულია იმ ვალდებულებით, რაც მოპასუხის მამის, შემდგომ კი, მოპასუხის მიმართ არსებობდა. ამდენად, სადავო ქონებაზე მას გააჩნია შესაბამისი უფლება, რაც სსსკ-ის 86-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამონაწილეობის საფუძველია.
18. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიიჩნია, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მამის უფლებამონაცვლედ საქმეში დაშვებულ უნდა იქნას მოპასუხის დედა, ხოლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილში კი მიუთითა, რომ ლ. მ–ი განსახილველ საქმეზე დაშვებული უნდა იქნეს არა გარდაცვლილი მოვალის, არამედ მოპასუხის - კ. მ–ის უფლებამონაცვლედ.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხის დედამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
20. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად ჩააბა იგი მოპასუხის უფლებამონაცვლედ საქმეში. მოპასუხის დედას მოპასუხისაგან რაიმე გარიგების საფუძველზე სადავო ქონება არ მიუღია და, შესაბამისად, მასზე რაიმე უფლება-მოვალეობანი არ გადმოსულა. კერძო საჩივრის ავტორი შესაძლოა, ყოფილიყო მხოლოდ მოპასუხის მამის უფლებამონაცვლე, რადგან ამჟამად მოპასუხის მამის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა.
21. ამავდროულად, არ არსებობს არც მოპასუხის მამის უფლებამონაცვლედ მოპასუხის დედის ჩართვის წინაპირობაც, რადგან აღნიშნული საკითხის პირველი ინსტანციის წესით მოცემული საქმის განხილვისას მოსარჩელემ განმარტა, რომ თავად ირჩევს მოპასუხეს და მსესხებლის მეუღლესთან (იგივე მოპასუხის დედასთან) დავა არ სურს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს ძალაში, მიუხედავად იმისა, რომ განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
23. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ საქმეში მხარის უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის მართლზომიერება.
24. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხის მამასა და მოსარჩელეს შორის არსებობდა საკრედიტო-სამართლებრივი ურთიერთობები, რომელთა ფარგლებშიც მოპასუხის მამას, როგორც მოვალეს გააჩნდა დაუფარავი ფულადი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.
25. ზემოაღნიშნული კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის მამის ქონება. ამავდროულად, მოსარჩელემ გააფორმა თავდებობის ხელშეკრულება მოპასუხესა (რომელიც მოვალის შვილია) და თავდებ მოპასუხესთან, რომლის მიხედვითაც მოპასუხეებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ მისი ვალის საკუთარი ქონებით დაფარვის შესახებ.
26. მოვალე – მოპასუხის მამა გარდაიცვალა, რის შემდეგ იპოთეკით დატვირთული ქონება აღირიცხა მოპასუხის დედის სახელზე. ამ უკანასკნელმა უძრავი ნივთი აჩუქა მოპასუხეს, რომელიც წინამდებარე დავაში ჩაება მოპასუხედ როგორც მამის უფლებამონაცვლე და, ასევე, როგორც თავდები პირი.
27. მოპასუხეების მიერ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მოპასუხის დედამ აღრიცხა კვლავ თავის სახელზე და ზემოთ მითითებული ჩუქება გააუქმა. შესაბამისად, ამჟამად უძრავი ნივთი მოპასუხის დედის სახელზეა რეგისტრირებული.
28. დასახელებული დოკუმენტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეთა შუამდგომლობით საქმეში მოპასუხის უფლებამონაცვლედ ჩააბა მოპასუხის დედა, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეები ითხოვდნენ აღნიშნული პირის მესამე პირად საქმეში ჩართვას. მოსარჩელე დაეთანხა საქმეში მოპასუხის დედის უფლებამონაცვლის სახით ჩართვის შუამდგომლობას, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მას არა მესამე პირის, არამედ მოპასუხის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას. როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება. (იხ. დამატებით შმიტი/ რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3.)
30. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლისაქართველოსწინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece, judgment of 19 March 1997, Reports of judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“
31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიულ ლიტერატურასა და კანონმდებლობაში ცნობილია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვადასხვა საშუალება. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები ვალდებულების ჯეროვანი შესრულების საშუალებებია. ისინი იყოფიან უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებად. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებს მიეკუთვნება გირავნობა და იპოთეკა. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებების თავისებურება ისაა, რომ ისინი გარანტირებულს ხდიან ვალდებულების შესრულებას მისი დარღვევის შემთხვევაში და სწორედ ამ მიზანმიმართულებით ხასიათდებიან. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებები მთლიანად შესრულების ფუნქციით არიან დატვირთული და არ წარმოადგენენ რაიმე დამატებით საჯარიმო ხასიათის დატვირთვებს მოვალისათვის. ამიტომაცაა, რომ ისინი ყვეალაზე გავრცელებული საშუალებებია სამოქალაქო ბრუნვაში (იხ. დამატებით: ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, 44.).
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუ მოვალე არ ასრულებს, ანდა არაჯეროვნად ასრულებს ვალდებულებას, კრედიტორს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ზომის გამოყენებით აიძულოს მოვალე შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებები შეიძლება გათვალისწინებული იქნეს როგორც კანონით, ისე ხელშეკრულებით. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებათა არსებობა დამოკიდებულია რაიმე ვალდებულების არსებობაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც ისინი არსებობენ. ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფაც ხდება, წარმოადგენს მთავარ (ძირითად) ვალდებულებას, ხოლო მისი შესრულების უზრუნველყოფის საშუალებები დამატებით (აქცესორულ) ვალდებულებებს.
33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იპოთეკა უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებს განეკუთვნება. ერთი მხრივ, ის განმტკიცებულია სანივთო სამართალში, ხოლო მეორე მხრივ, წარმოადგენს რეგისტრირებულ სანივთო უფლებას ინდივიდუალიზებულ და კონკრეტულ უძრავ ნივთზე. იპოთეკა, როგორც სანივთო უფლება, აფუძნებს სანივთო პასუხისმგებლობას, რომელიც დგება მესაკუთრის ბრალის მიუხედავად. იპოთეკის შინაარსი კანონით არის დადგენილი და მისი შეცვლა მხარეებს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში შეუძლიათ.
34. იპოთეკის ლეგალური დეფინიცია მოცემულია სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმადაც, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). მაშასადამე, იპოთეკის შემთხვევაში, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს განსაზღვრული ნივთი. მაგრამ, თუკი გირავნობის დროს მოთხოვნის უზრუნველყოფა ხდება მოძრავი ნივთით ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთით, იპოთეკის დროს მოთხოვნის უზრუნველყოფა ხდება მხოლოდ უძრავი ნივთით. სსკ-ის 149-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდება სახელშეკრულებო და კანონისმიერი იპოთეკა. კანონისმიერი იპოთეკა წარმოადგენს გამონაკლისს და ის გამოიყენება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იპოთეკის უპირატესობა არა მხოლოდ იმაშია, რომ იპოთეკარს (კრედიტორს) კონკრეტული უძრავი ნივთიდან შეუძლია დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა, არამედ იმაშიც, რომ მას სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში შეუძლია მიიღოს დაკმაყოფილება.
36. საკასაციიო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. კანონის ზემომითითებული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე.
37. საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. (იხ. დამატებით: ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137.)
38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეს, თუკი იგი იმავდროულად არ არის იპოთეკარის პირადი მოვალე, მას დატვირთული ნივთის რეალიზაციის თმენის ან იპოთეკარისათვის საკუთრების გადაცემის ვალდებულება ეკისრება მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ამის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრეს აძლევს თავდაცვის შესაძლებლობას და მას ანიჭებს იპოთეკარის მიმართ ყველა იმ შესაგებლის გამოყენების უფლებას, რომლებიც პირად მოვალეს აქვს (სსკ-ის 291.1 მუხლი). მესაკუთრის შესაგებლები შეიძლება მრავალი სახის იყოს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს, თუ რომელ სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა მესაკუთრის შესაგებელი. მართალია, იპოტეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეს აქვს მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებლები, თუმცა ამისათვის საჭიროა შესაბამისი მტკიცებულებების არსებობაც.
39. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია მესაკუთრის შესაგებლების გამოყენების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების გასხვისება სასყიდლით (ნასყიდობა) თუ უსასყიდლოდ (ჩუქება). იწვევს თუ არა საკუთრების უფლების გადასვლა ავტომატურად შესაგებლების გადასვლას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის შემძენზე? იპოთეკა, როგორც რეგისტრირებული სანივთო უფლება გადადის ახალ მესაკუთრეზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შესაგებლების გამოყენების უფლება იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეს გააჩნია, ამიტომაც იპოთეკის საგნის შემძენზე (ახალ მესაკუთრეზე), ავტომატურად გადადის ის შესაგებლებიც, რომლებიც იპოთეკის საგნის წინა (ძველ) მესაკუთრეს ჰქონდა.
40. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების მოთხოვნით სარჩელი აღძრულია კ. მ–ის (მოპასუხე) და ო. ს–ს (თავდები მოპასუხე) მიმართ. მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს იპოთეკით დატვირთული – მოპასუხის - კ. მ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 0-...) იძულებითი რეალიზაცია (იხ. სარჩელი, ს.ფ. 7). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე 2018 წლის 02 აგვისტოდან გახდა მოპასუხის დედა – კერძო საჩივრის ავტორი (იხ. ს.ფ. 241) წინამდებარე განჩინების პ.30, 36., 38., 39., განვითარებული მსჯელობებიდან გამომდინარე, მოპასუხის დედა, როგორც იპოთეკის საგნის ამჟამინდელი მესაკუთრე, სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (და სხვა) ჩაბმული უნდა იქნეს საქმეში მეორე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში არა გარდაცვლილი მოვალის, არამედ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის იპოთეკის საგნის მესაკუთრე – მოპასუხის უფლებამონაცვლედ.
41. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის იმ მოსაზრებას, რომ მოცემულ დავაში სააპელაციო პალატას იგი მოპასუხის უფლებამონაცვლედ არ უნდა ჩაება, ასევე ვერ დაეთანხმება მის მითითებას, რომ თავად ვერ ჩაებმება საქმეში მოპასუხედ, რადგან მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადა მოვალის მეუღლის მიმართ დავის წარმოებაზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პოზიციის (ნების გამოვლენისას) გამოთქმისას, იპოთეკის საგანი ირიცხებოდა არა კერძო საჩივრის ავტორის, არამედ მოპასუხის სახელზე.
42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მოპასუხის სტატუსი კვლავაც გააჩნია კ. მ–ს.
43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს ძალაში, მიუხედავად იმისა, რომ განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე