საქმე №ას-788-788-2018 23 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. ს-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ხ-ის ქუჩა №47, კორპუსი №1, სადარბაზო №-, ბინა №3-, საკადასტრო კოდი: №0-... (შემდგომში − „სადავო უძრავი ქონება“), მესაკუთრედ რეგისტრირებულია თ. მ. (შემდგომში − „მოსარჩელე“). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (გამოსყიდვის უფლებით), დამოწმების თარიღი: 2013 წლის 30 ოქტომბერი.
2. სადავო უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ე. ს-ი (შემდგომში − „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“).
3. 2017 წლის 15 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ, მოითხოვა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
4. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1. 2013 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელემ მოპასუხისაგან იყიდა სადავო უძრავი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო გამოსყიდვის უფლებით, მოპუხეს უფლება ჰქონდა 2014 წლის 30 აპრილამდე იგივე ფასად გამოესყიდა სადავო უძრავი ქონება. გამოსყიდვის უფლების ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული ვალდებულება მოიხსნა;
4.2. მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, მოპასუხე არ ათავისუფლებს მოსარჩელის საკუთრებას.
5. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ნამდვილად გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, თუმცა, რეალურად, იგი ზეპირად შეთანხმებული სარგებლიანი სესხის ხელშეკრულების გადასაფარად დაიდო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ იყო გამხდარი მოსარჩელის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერება, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ამონაწერის სიზუსტე.
10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის თვალთმაქცური ან/და მოჩვენებითი გარიგების გაფორმების ფაქტისა და ამ საფუძვლით უფლების დამდგენი დოკუმენტის, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობაზე სააპელაციო სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში ვერ იმსჯელებდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ მოქმედ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე (სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი) და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხეს შეეძლო საერთო სასარჩელო წესით ედავა. სააპელაციო პალატის შეფასებით, მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ აბათილებდნენ სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების კანონიერებას, რის გამოც ამ უკანასკნელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე დადგენილად უნდა ყოფილიყო მიჩნეული. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ არ იყო წარდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც უძრავ ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა, რის გამოც მოპასუხე მიჩნეულ უნდა ყოფილიყო უძრავი ნივთის არამართლზომიერ მფლობელად.
11. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა მოპასუხის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია კრედიტორის მიერ მისი უფლების ბოროტად გამოყენების მცდელობას. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების პირველ ნაწილებზე, სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველ აბზაცზე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ კრედიტორის მიერ მისი უფლების ბოროტად გამოყენებაზე მითითება უსაფუძვლო იყო მოცემული დავის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების კანონიერება საეჭვო არ იყო.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
13. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
13.1. მხარეთა შორის ნამდვილად გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, თუმცა, რეალურად, ეს იყო ზეპირად შეთანხმებული სარგებლიანი სესხის ხელშეკრულების გადასაფარად. მოსარჩელეს სარჩელის აღძვრამდე არასოდეს მოუთხოვია მოპასუხისთვის ბინის დაცლა. მოსარჩელე ითხოვდა ნასესხები თანხისა და სარგებლის სახით დარიცხული პროცენტების ანაზღაურებას, რაც მოპასუხემ ვეღარ შეძლო, ვინაიდან მოყვა ავარიაში;
13.2. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით, ისე, რომ ყურადღება არ მიაქცია კრედიტორის მიერ მისი უფლების ბოროტად გამოყენების მცდელობას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მნიშვნელოვან განმარტებას კრედიტორისა და მოვალის ურთიერთობებში კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების მოვალეობის დარღვევის შედეგად კრედიტორის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე (№ას-1338-1376-2014) და გადაწყვეტილება მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის კაზუისტიკას დააფუძნა.
14. კასატორმა იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
23. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
24. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.1. ს.ფ. 19-20), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.
25. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
27. კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება მისი მითითება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება (გამოსყიდვის უფლებით) ზეპირად შეთანხმებული სარგებლიანი სესხის ხელშეკრულების გადასაფარად დაიდო.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი საქმის დავის საგანს ნასყიდობის ხელშეკრულების (გამოსყიდვის უფლებით) კანონიერების შემოწმება არ წარმოადგენს და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ თვალთმაქცური ან/და მოჩვენებითი გარიგების გაფორმების ფაქტისა და ამ საფუძვლით უფლების დამდგენი დოკუმენტის, ნასყიდობის ხელშეკრულების (გამოსყიდვის უფლებით) ბათილობაზე მოპასუხეს შეუძლია საერთო სასარჩელო წესით იდავოს.
29. განსახილველი საქმის დავის საგნისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია კრედიტორის მიერ მისი უფლების ბოროტად გამოყენების მცდელობას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მნიშვნელოვან განმარტებას კრედიტორისა და მოვალის ურთიერთობებში კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების მოვალეობის დარღვევის შედეგად კრედიტორის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე და თავისი გადაწყვეტილება მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის კაზუისტიკას დააფუძნა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სასარჩელო წარმოების ფარგლებში შესაფასებელ საკითხს კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა და მისგან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევა-არდარღვევის განხილვა არ წარმოადგენს. რაც შეეხება არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საფუძვლების შემოწმებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წინაპირობებით.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
33. საკასაციო პალატა იმსჯელებს აგრეთვე კასატორის შუამდგომლობაზე საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლო საქმის განხილვის ფორმის გადაწყვეტაში არ არის შეზღუდული და ზეპირ მოსმენას დანიშნავს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმის სირთულიდან გამომდინარე, სხვაგვარად შეუძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირობების გამორკვევა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება და ვერც შუამდგომლობის ავტორი ასაბუთებს ზეპირი მოსმენის აუცილებლობას. შესაბამისად, კასატორს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განსახილველი დავა წარმოადგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს, რის გამოც ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ნახევრდება და შეადგენს 150 ლარს. კასატორმა საკუთარი ინიციატივით წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი) ზედმეტად გადახდილი 150 ლარი ექვემდებარება მხარისათვის დაბრუნებას. რაც შეეხება დარჩენილ 150 ლარს, ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორის ე. ს-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
3. კასატორს ე. ს-ს (პ/ნ: 0-...) დაუბრუნდეს ლ. ს-ას (პ/ნ: 0-...) მიერ 2018 წლის 4 ივნისს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 (სამასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი და დარჩენილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე